გადაწყვეტილება №19866/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19866/2/2023
14.08. 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ----- ---------ი (ს/ნ -------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----- ---------ის 4.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19866/2/2023).
დავის საგანი:
შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ მიღებული თანხების დღგ-ით დაბეგვრის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 8.12.2022 წლის №058-10 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 10.03.2023 წლის №4493 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 18 252 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 8 996
ჯარიმა - 4 498
საურავი - 4 758
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 2.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 12.04.2019 წლიდან 1.03.2021 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად გამოთხოვილი ინფორმაციის დამუშავებით დადგინდა, რომ მომჩივანს შპს „--------“-სთვის (ს/ნ --------) შესრულებული აქვს 149 180 ლარის ღირებულების სამუშაოები (----------------), რაც სრულად ანაზღაურებულია შპს „----- ------“-ის მიერ და პერიოდების მიხედვით შედგენილია მიღება-ჩაბარების აქტები, რის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელი რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად 11.12.2019 წელს, რა პერიოდისათვისაც გადააჭარბა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ზღვარს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავებით დადგინდა, რომ შესრულებულ სამუშაოებსა და მიღებულ ანაზღაურებაზე არ არის გამოწერილი შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და არც მიღებული შემოსავალია დეკლარირებული, როგორც ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მიღებული შემოსავალი, რომელიც განიხილება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. შემოწმებით, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე და 161-ე მუხლების მიხედვით, შპს „--------“-სთვის გაწეული მომსახურების ღირებულება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას. შესაბამისად დაბეგრილ იქნა შესაბამის პერიოდში (2019 წლის დეკემბრის თვე) დღგ-ით. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 8.12.2022 წლის №058-10 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 10.03.2023 წლის №4493 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, 171-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, ასევე აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ მომჩივნის მიერ შპს „-*-----“-სთვის შესრულებული სამუშაოების ღირებულება სრულად არის ანაზღაურებული, რაც დასტურდება ორივე მხარის მიერ შედგენილი შედარების აქტებით, ასევე მეორე მხარის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი საბანკო ამონაწერით. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, გადამხდელს არ განუხორციელებია ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მიღებული შემოსავლის დეკლარირება. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ მართლზომიერად განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი პოზიციის დამადასტურებელი რაიმე არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საქმიანობის სფეროს წარმოადგენს კონტრაქტების საფუძველზე საამშენებლო-სარემონტო მომსახურეობის გაწევა. ზემოთ აღნიშნულ მომსახურებებზე არ გამოწერილა საგადასახადო ანგარიშფაქტურები, შედგენილია მიღება-ჩაბარების აქტები და ფორმა-2, რის საფუძველზეც ხდება ანგარიშსწორება. შემოწმების პროცესში გამოვლინდა სხვაობები დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. შემოწმების აქტში დაფიქსირებულია, რომ „გამოვლინდა სხვაობები დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ 2019 წლების პერიოდის გათვალისწინებული ღირებულებებით“, აღნიშნული თანხებიდან გაანგარიშებული იქნა დღგ-ის თანხები და დამატებით დაერიცხა გადასახადი.
შემმოწმებელმა არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ხელშეკრულებები გააუქმა დამკვეთმა და შესაბამისად არც შეუსრულებია. ასევე, თუ საიდან და რა გაანგარიშებით გამოიყვანა დამატებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები მისთვის უცნობია, რის გამოც მოითხოვს აღნიშნული საკითხის მასთან ერთად შესწავლას და გაანალიზებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მომსახურების გაწევა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივნის მიერ სამუშაოების შესრულება და ანაზღაურების ფაქტი დადგენილია კონტრაქტორი მხარის მიერ წარდგენილი მონაცემების საფუძველზე და მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიუთითებს, რომ ვინაიდან მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არ არის მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ მიღებული თანხების დღგ-ით დაბეგვრის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობა. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად გამოთხოვილი ინფორმაციის დამუშავებით დადგინდა, რომ მომჩივანს შესრულებული აქვს სამუშაოები , რაც სრულად ანაზღაურებულია მომსახურების დამკვეთის მიერ და პერიოდების მიხედვით შედგენილია მიღება-ჩაბარების აქტები, რის საფუძველზეც გადასახადის გადამხდელი რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად 11.12.2019 წელს, რა პერიოდისათვისაც გადააჭარბა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ზღვარს.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავებით დადგინდა, რომ შესრულებულ სამუშაოებსა და მიღებულ ანაზღაურებაზე არ არის გამოწერილი შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და არც მიღებული შემოსავალია დეკლარირებული, როგორც ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მიღებული შემოსავალი, რომელიც განიხილება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. შემოწმებით, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე და 161-ე მუხლების მიხედვით, დამკვეთისთვის გაწეული მომსახურების ღირებულება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას. შესაბამისად დაბეგრილ იქნა შესაბამის პერიოდში (2019 წლის დეკემბრის თვე) დღგ-ით. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №058-10 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №4493 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიუთითებს, რომ ვინაიდან მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არ არის მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 2(2); 43(4); 70; 136(1,3); 171(1); 302(6);
(2021 წლამდე მოქმედი) 160(„ა“); 161(1„ა“„ა.ა“ );