გადაწყვეტილება №26366/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 26366/2/2025
25 მაისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ----- (ს/ნ ----- )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 01.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----- 23.12.2025 და 26.03.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის N 26366/2/2025 და 27004/2/2026).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 ივნისის N 13433 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 12.09.2025 წლის N 25450/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 12 სექტემბრის N 001-201 და 2026 წლის 23 თებერვლის N 001- 29 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 3 დეკემბრის N 26609 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 105 478.05 ლარი (2025 წლის 17 სექტემბრის №001-201 საგადასახადო მოთხოვნა)
მათ შორის:
გადასახადი - 61 942.91 ლარი;
საშემოსავლო გადასახადი - 33 990,20 ლარი;
მოგების გადასახადი - 318 ლარი;
დღგ - 27 634,71 ლარი;
ჯარიმა - 29 010,70 ლარი;
საურავი - 14 524,44 ლარი;
დარიცხული თანხა: 110 335.33 ლარი (2026 წლის 23 თებერვლის N 001-29 საგადასახადო მოთხოვნა)
მათ შორის:
გადასახადი - 61 942.91 ლარი;
საშემოსავლო გადასახადი - 33 990,20 ლარი;
მოგების გადასახადი - 318 ლარი;
დღგ - 27 634,71 ლარი;
ჯარიმა - 29 010,70 ლარი;
საურავი - 19 381.72 ლარი;.
პროცედურული გარემოებები:
მომჩივნის საქმიანობაა გენერატორების, ძრავების, კომპრესორების, ტუმბოს და ა.შ. იმპორტი და საცალო რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე. საქმიანობას ახორციელებს იჯარით აღებულ ფართში ----- ტერიტორიაზე.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველი იანვრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის პირველი აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
1. მომჩივანს სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქონელი იმპორტირებული აქვს -----. ადგილობრივ ბაზარზე უფიქსირდება მხოლოდ ერთი (1 725 ლარი დღგ-ის ჩათვლით) შეძენა.
გადასახადის გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. არ აქვს ჩანაწერები ექსელის ცხრილების სახით მიღებული/რეალიზებული საქონლის შესახებ, არ აქვს ნაწარმოები საქონლის მოძრაობის რაოდენობრივი აღრიცხვა. არ ფლობს ინფორმაციას სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების რაოდენობრივი ნაშთის შესახებ შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისათვის. წარმოდგენილი აქვს ცნობა ბანკებიდან ანგარიშების შესახებ, შესაბამისი ანგარიშებიდან ამონაწერები, საბაჟო დეკლარაციები და ინვოისები, ინფორმაცია სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების საბოლოო ნაშთის შესახებ (შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის), ასევე ახსნა - განმარტება დებიტორული/კრედიტორული დავალიანების და სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის არარსებობის შესახებ 31.12.2024 წლის მდგომარეობით.
გადასახადის გადამხდელს არასწორად აქვს აღრიცხული შესყიდული საქონლის თვითღირებულება. საქონელი არ აქვს ჩაშლილი დეტალურად სახეობების მიხედვით (საბაჟო დეკლარაციებზე თანდართულ ინვოისებში მითითებული დასახელებების მიხედვით). არ აქვს აღრიცხული რეალიზებული საქონელი სახეობებისა და რაოდენობის მიხედვით. ჩანაწერები ნაწარმოებია კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით. დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 21%-ს. დოკუმენტური რეალიზაცია - მთლიანი დეკლარირებული ბრუნვის 88.47%-ს.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა და გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ:
2022-2024 წლების შემოსავლის გაანგარიშებისას გამოყენებული იქნა დოკუმენტური ფასნამატი. შესყიდული საქონელი დაჯგუფებულ იქნა 12 ჯგუფად. დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატები გავრცელდა რეალიზებულ საქონელზე ჯგუფების მიხედვით. შესამოწმებელ პერიოდში 2022-2024 წლებში შესყიდულია 627 243 ლარის საქონელი (დღგ-ის გარეშე). საწყისი სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ნაშთი შეადგენს - 86 452 ლარს. საბოლოო სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ნაშთი - 56 185 ლარს. რეალიზებული საქონლის თვითღირებულება - 657 510 ლარს.
შემოწმების შედეგად გავრცელებული საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 43.94%-ს, (მათ შორის 2022 წელს - 37.86%, 2023 წელს - 46.90%, 2024 წელს - 55.93%). აღნიშნული ფასნამატით გაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მიღებული შემოსავალი, რამაც გაზარდა 2022-2024 წლების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
2. არაპირდაპირი მეთოდით საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებამ გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისა და ფულადი შემოსავლის გაზრდა. პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, გაანგარიშდა ნაღდი ფულის მოძრაობა.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა ჩატარებულია 2025 წლის 10 თებერვლის მდგომარეობით. საწარმოს, სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ ერიცხება. საბანკო ანგარიშებზე რიცხული ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არის 7 028 ლარი. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში 2022-2024 წლებში ხელფასის გაცემა არ უფიქსირდება. შემოწმებით გამოვლენილი აღურიცხავი ფულის ნაშთი 135 961 ლარის ოდენობით დებიტორულ/კრედიტორული ნულოვანი ნაშთების გათვალისწინებით, მიჩნეულ იქნა სალაროზე პასუხისმგებელ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. გადასახადის გადამხდელს ასევე შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 ივნისის N 13433 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:
- სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს 2025 წლის 15 აპრილის N 001-53 საგადასახადო მოთხოვნაში დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება;
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 ივნისის N 13433 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 12.09.2025 წლის 25450/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის შესაბამისად, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განხორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 ივნისის N 13433 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 9 სექტემბრის დასკვნის საფუძველზე დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 17 სექტემბრის N 001-201 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 3 დეკემბრის N 26609 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 12.09.2025 წლის N 25450/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 16.02.2026 წლის დასკვნა, რის საფუძველზეც, გადასახადის გადამხდელს 2025 წლის 1 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 23.02.2026 წლის N 001-29 საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 3 დეკემბრის N 26609 ბრძანება და საბჭოს 12.09.2025 წლის N 25450/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 23.02.2026 წლის N 001-29 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივრებში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საგადასახადო შედეგების გადაანგარიშების შესახებ გამოცემულ დასკვნაში აუდიტის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ცხრილის მიხედვით არასწორად იყო განსაზღვრული რეალიზებული საქონლის თვითღირებულება რიგი დასახელების პროდუქციაზე. ასეთი საქონლის რაოდენობა იყო სულ რამდენიმე და არაარსებითი ცვლილების გამოწვევა შეეძლო მთლიან ფასნამატზე. ასევე აღნიშნავს, რომ ცხრილში სრულად არ იყო აღრიცხული შესყიდული - იმპორტირებული საქონელი. ამასთან დაკავშირებითაც აღნიშნა, რომ გამორჩენილი იყო 2 საბაჟო დეკლარაცია, რომელიც ასევე არ ახდენდა გავლენას ფასნამატის დადგენისას სრული სურათის წარმოჩენაზე.
მთავარი საკითხი ფასნამატის გაანგარიშების საკითხში მდგომარეობს შემდეგში: აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენილ ცხრილში გამოყენებული იყო მედიანის პრინციპი რაც გულისხმობს შემდეგს:
• დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშებისას გამოყენებულია საშუალო შეწონილი ღირებულება, რომელიც დადგენილია კონკრეტული კატეგორიის შეძენილი ღირებულება გაყოფილია ამავე კატეგორიის შეძენილ რაოდენობაზე;
• იმის გათვალისწინებით რომ სხვადასხვა კატეგორიაში მინიმალური რეალიზაციის ფასის მინიმალური შეძენის ფასთან შეფარდება, ასევე მაქსიმალური რეალიზაციის ფასი შეფარდებული მაქსიმალური შეძენის ფასთან სხვადასხვა კატეგორიაში მერყეობს 40%-დან 80%-მდე.
• ზემოაღნიშნული მოცემულობის გათვალისწინებით აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენილ ცხრილში ზედა ზღვარი განსაზღვრულ იქნა 200%-ის ოდენობით.
• აღნიშნულიდან გამომდინარე დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშებისას მონაწილეობა მიიღო 600 000 ლარზე მეტი ღირებულების ზედნადებებმა, მაგრამ როგორც აუდიტის დეპარტამენტი თავის დასკვნაში აღნიშნავს გაშიფრული ზედნადებების მოცულობა შეადგენს 63%-ს.
• აქვე ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს ზემოაღნიშნული მტკიცებულებების არ გამოყენების საფუძველი. ითხოვს, აუდიტის დეპარტამენტს მიეცეს პირდაპირი დავალება ფასნამატის გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნეს აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენილი მტკიცებულებები, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მოხდეს ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრა და დამატებული ღირებულების გადასახადისა და საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშება.
მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ - სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლებამოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას.
ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს.
ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია, შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ადმინისტრაციული კანონმდებლობის იმპერატიული დანაწესი ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი კუთხით დასაბუთების ვალდებულების თაობაზე ემსახურება მიღებული გადაწყვეტილების არა მომავალ დროში, არამედ საკითხის გადაწყვეტის დროისთვის არსებული მდგომარეობით დასაბუთებას. ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტში ცალსახად და არაორაზროვნად უნდა იყოს მითითებული ის კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები, რაც საფუძვლად უდევს მოთხოვნის უარყოფას და შეძლებისდაგვარად უნდა გამოირიცხოს ზოგადი ხასიათის ბუნდოვანი განმარტებები.
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით.
ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა - გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა.
მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილზე მითითებით, დავის განმხილველ ორგანოს ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევისათვის იგი უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და მისი ჩადენა უნდა მოხდეს ბრალეულად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
ითხოვს გაუქმდეს, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 3 დეკემბრის N 26609 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 სექტემბრის N 001-201 საგადასახადო მოთხოვნა თანმდევი ნორმატიული აქტებით და შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაევალოს პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება ძირითადი გადასახადისა და სანქციის (ჯარიმა - საურავი) სახით დარიცხული თანხების შემცირებით.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის მე-21 ნაწილის შესაბამისად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
1. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 ივნისის N 13433 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ), ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მასალების და 2025 წლის 15 აპრილის N 001-53 საგადასახადო მოთხოვნაში დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 ივნისის N 13433 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 9 სექტემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც, ირკვევა შემდეგი:
ფასნამატის პროცენტთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ, რომლის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ:
• გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ცხრილის მიხედვით არასწორად იყო განსაზღვრული რეალიზებული საქონლის თვითღირებულება რიგი დასახელების პროდუქციაზე. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მონაცემებით შესყიდული საქონლის თვითღირებულება დამატებითი ხარჯის გათვალისწინებით იყო გაზრდილი - აღემატებოდა საქონლის საინვოისო ღირებულებას (გავლენას ახდენს - ამცირებდა ფასნამატს);
• ცხრილში სრულად არ იყო აღრიცხული შესყიდული - იმპორტირებული საქონელი;
• არასწორად იყო დაჯგუფებული რეალიზებული საქონელი ჯგუფების მიხედვით, რაც ამცირებდა კონკრეტული ჯგუფის საქონლის სარეალიზაციო ღირებულებას და ფასნამატს;
• გადამხდელის მიერ წარდგენილი ცხრილით, შესამოწმებელ პერიოდში 2022-2024 წლებში, სასაქონლო ზედნადებით რეალიზებულია 1 655 280 ლარის საქონელი დღგ-ის ჩათვლით. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი კალკულაციით ფასნამატის განსაზღვრაში მონაწილეობს დოკუმენტური რეალიზაციის 37% ღირებულებით 612 218 ლარის ოდენობით (დღგ-ის ჩათვლით). შერჩეულია დაბალი სარეალიზაციო ფასის მქონე პროდუქცია. ფასნამატის განსაზღვრაში არ ღებულობს მონაწილეობას მაღალი ფასით რეალიზებული საქონელი 1 043 062 ლარის ოდენობით (დღგ-ის ჩათვლით). რაც მთლიანი დოკუმენტური რეალიზაციის 63% პროცენტს შეადგენს. აღნიშნული გავლენას ახდენს, ამცირებს ერთეული პროდუქციის სარეალიზაციო ფასს და ფასნამატს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება/შემცირება არ განხორციელდა.
2. დავების განხილვის საბჭოს 12.09.2025 წლის 25450/2/2025 გადაწყვეტილებით, საბჭომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდეს შემდეგი პრინციპით: დოკუმენტური რეალიზაცია გამოირიცხოს ჯამური რეალიზაციიდან და მასზე არ გავრცელდეს ფასნამატი (უცვლელი დარჩეს დოკუმენტში დაფიქსირებული ფასი), ხოლო არადოკუმენტურ რეალიზაციასა და საწყის და საბოლოო ნაშთებს შორის სხვაობაზე გავრცელდეს დოკუმენტური ფასნამატი. აღნიშნულის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტმა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატების შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განხორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭოს 12.09.2025 წლის 25450/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შედგენილია აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა საიდანაც ირკვევა შემდეგი:
გადასახადის გადამხდელის ვალდებულების განსაზღვრა განხორციელდა შემდეგი პრინციპით. დოკუმენტური რეალიზაცია გამოირიცხა ჯამური რეალიზაციიდან და მასზე არ გავრცელდა ფასნამატი (უცვლელი დარჩა დოკუმენტში დაფიქსირებული ფასი). ხოლო არადოკუმენტურ რეალიზაციასა და საწყის და საბოლოო ნაშთებს შორის სხვაობაზე გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი.
საწარმოს საწყისი სასაქონლო მატერიალური ფასეულობების თანხობრივი ნაშთი (01.01.2022 წლისათვის) შეადგენს 86 452 ლარს (რაოდენობრივი ნაშთი გადამხდელმა შემოწმების პროცესში ვერ წარმოადგინა ბუღალტრული ჩანაწერების არარსებობის გამო). შესამოწმებელ პერიოდში 2022-2024 წლებში შესყიდულია 627 243 ლარის საქონელი (დღგ-ის გარეშე). საბოლოო სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთი არის 56 185 ლარი. რეალიზებული საქონლის თვითღირებულება შეადგენს 657 510 ლარს. სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებულია 704 381 ლარის საქონელი (დღგ-ის გარეშე). შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 946 542 ლარს. ხოლო არადოკუმენტურ რეალიზაციასა და საწყის და საბოლოო ნაშთებს შორის სხვაობაზე გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი. რაც იდენტურია შემოწმებით დადგენილ ფასნამატთან 43.94%.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხის შესწავლის შედეგად სათანადო საფუძვლების არ არსებობის გამო მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ ფინანსთა სამინისტროს N 25450/2/2025 გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განესაზღვრა შემდეგი პრინციპით: დოკუმენტური რეალიზაცია გამოირიცხოს ჯამური რეალიზაციიდან და მასზე არ გავრცელდეს ფასნამატი (უცვლელი დარჩეს დოკუმენტში დაფიქსირებული ფასი), ხოლო არადოკუმენტურ რეალიზაციასა და საწყის და საბოლოო ნაშთებს შორის სხვაობაზე გავრცელდეს დოკუმენტური ფასნამატი. არსებულ მოცემულობაში, სადაც საწყისი ნაშთი დაფიქსირებულია 86 452 ლარი, ხოლო საბოლოო ნაშთი დაფიქსირებულია 56 185 ლარი და ნაშთებს შორის სხვაობა შეადგენს 30 267 ლარს, ხოლო საცალო რეალიზაცია შეადგენს დაახლოებით 92 000 ლარს, გაურკვეველია როგორ შეიძლება ერთობლივი შემოსავალი გამხდარიყო 245 000 ლარი, მაშინ როცა აუდიტის დეპარტამენტს, 2022 წელს დადგენილი აქვს 37,86%, 2023 წლისთვის დადგენილი აქვს 46,9% და 2024 წელს დადგენილი აქვს 55,93% ფასნამატი. 2026 წლის 16 თებერვლის დასკვნაში აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხის შესწავლის შედეგად სათანადო საფუძვლების არ არსებობის გამო მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ დავების განხილვის საბჭოს 12.09.2025 წლის N 25450/2/2025 გადაწყვეტილების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, მომჩივანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა 15 კალენდარული დღის განმავლობაში დოკუმენტური ფასნამატის სრული გაშიფვრის და გამიჯვნის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, რითაც შესაძლებელი იქნება შეძენილი და რეალიზებული პროდუქციის დაკავშირება, რომ დოკუმენტური რეალიზაცია გამოირიცხოს ჯამური რეალიზაციიდან და მასზე არ გავრცელდეს ფასნამატი (უცვლელი დარჩეს დოკუმენტში დაფიქსირებული ფასი), ხოლო არადოკუმენტურ (საცალო) რეალიზაციასა და საწყის და საბოლოო ნაშთებს შორის სხვაობაზე გავრცელდეს დოკუმენტური ფასნამატი. აღნიშნულის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტმა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განხორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
რაც შეეხება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის საფუძველზე სანქციებისაგან გათავისუფლების მიზანშეწონილობას, აღნიშნულზე საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 ივნისის N 13433 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 12.09.2026 წლის N 25450/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების მართლზომიერების საკითხები - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილებები აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 23 თებერვლის N 001-29 საგადასახადო მოთხოვნა;
3. მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი მტკიცებულებები;
4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის შესაბამისად, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 ივნისის N 13433 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 12.09.2025 წლის N 25450/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ მომჩივანს აღრიცხვა ხარვეზებით ჰქონდა წარმოებული, რის გამოც საგადასახადო ორგანომ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა გადასახადები და ჯარიმები. გადაწყვეტილება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და შემდეგ დავების საბჭოში, დაინიშნა დამატებითი შესწავლა, თუმცა დარიცხვები საბოლოოდ არსებითად არ შემცირებულა.
გადაწყვეტილება:
საბჭოს მიაჩნია, რომ საკითხი დამატებით შესწავლას საჭიროებს, ხოლო სანქციებისგან გათავისუფლების საკითხი განხილვის საგანს არ წარმოადგენს.
დასაბუთება:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 275; 304(21); 269(1);.