გადაწყვეტილება №25846/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.10.2025
№ დოკუმენტი 25846/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25846/2/2025

15 ოქტომბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,2.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------- -ს “ 12.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25846/2/2025).

 

დავის საგანი:

1. დანაკლისის მიწოდებად ასახვა;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის №006-201 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 27.08.2025 წლის №19048 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 57 134 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 38 089

დღგ - 21 094 ლარი

მოგების გადასახადი - 16 995

ჯარიმა - 19 045

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა კომპიუტერული მოწყობილობებით და პროგრამული უზრუნველყოფით. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2007 წლის 14 ივნისიდან, დღგ-ის გადამხდელად - 2007 წლის პირველი ივლისიდან.

აუდიტის დეპარტამენტი 17.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 26 ოქტომბრის №26401 ბრძანების საფუძველზე, მომჩივნის კუთვნილი სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის (საბაზრო ღირებულებით 113 640,29 ლარი) შესაბამისი პერიოდის დღგ-ის და მოგების გადასახადის დეკლარაციებში ასახვის სისწორე.

შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სმფ-ების დანაკლისი, გადასახადის გადამხდელს ასახული არ ჰქონდა შესაბამის საგადასახადო დეკლარაციებში. შემოწმების შედეგად, დანაკლისი, მისი აღმოჩენის მომენტში განხილულ იქნა მიწოდებად და დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდის დღგ-ის და მოგების გადასახადის დეკლარაციები. ამასთან, საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის მომჩივანს შეეფარდა საგადასახდო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე 30.06.2025 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №14099 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №006-201 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 27.08.2025 წლის №19048 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დანაკლისის მიწოდებად ასახვა

ფაქტების აღწერა

მომჩივნის კუთვნილი სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სმფ-ების დანაკლისი (საბაზრო ღირებულებით 113 640,29 ლარი) მისი აღმოჩენის მომენტში განხილულ იქნა მიწოდებად და ასახულ იქნა შესაბამისი პერიოდის დღგ-ის და მოგების გადასახადის დეკლარაციებში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 983 205 ლარის საბაზრო ღირებულების დანაკლისი, რაზეც შედგენილ იქნა 2024 წლის 20 მარტის №CB1602908 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. გადასახადის გადამხდელი არ დაეთანხმა ინვენტარიზაციის შედეგებს და საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში. დავის შედეგების მიხედვით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა, დაეწყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით ყოველმხრივ შეესწავლა სადავო საკითხი გადამხდელის არგუმენტების, ფინანსთა სამინისტროს სისტემაში წარდგენილი მტკიცებულებების მიხედვით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა სანქციის კორექტირება (შემცირება).

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სმფ-ების (მაინერები და სხვა) ექსპერტიზის დასკვნების და ინვენტარიზაციის მასალების დამატებით შესწავლის შედეგად დაკორექტირდა ინვენტარიზაციის შედეგები, კერძოდ: სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა საბაზრო ღირებულებით ნაცვლად 983 205.26 ლარისა შეადგინა 113 640.29 ლარი.

ყოველივე აღნიშნულიდან გადმომდინარე დაკორექტირებული ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით, გამოვლენილი სმფ-ების დანაკლისი მისი აღმოჩენის მომენტში განხილული იქნა მიწოდებად და დაიბეგრა შესაბამისი პერიოდის დღგ-ის და მოგების გადასახადის დეკლარაციებში.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვალდებული იყო დანაკლისი აესახა დანაკლისის გამოვლენის საანგარიშო პერიოდის მოგების და დღგ-ის დეკლარაციებში. განსახილველ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს შესაბამის საანგარიშო პერიოდში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისზე არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამდენად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დანაკლისად განხილული საქონელი რეალურად ამოღებული იქნა 2020 წლის 22 იანვარს, „---------“-ის რაიონის სოფელ „---------“-ში, ფ/პ „---------“-ს (პ/ნ „---------“) საცხოვრებელი სახლიდან საგამოძიებო სამსახურის მიერ სისხლის სამართლის №058220120001 საქმის გამოძიების ფარგლებში. (იხ. დანართი 1. ამოღების ოქმი). ამოღებული მაინერები წარმოადგენს შპს „------- -ს “ საკუთრებას, რაც დასტურდება შემდეგი ფაქტობრივი გარემოებით და მტკიცებულებებით:

1) შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადებებით , 2019 წლის განმავლობაში შპს „---------“-ის (ს/კ „---------“) მიერ „---------“-ის რაიონში გადაზიდულია მაინერები/სერვერები 177 ცალი (იხ. დანართი 2 - სასაქონლო ზედნადებების რეესტრი).

2) ფ/პ „---------“ ახსნა-განმარტებით. ვინაიდან ზემოთ აღნიშნული საქონელი შენახული და ამოღებული იქნა ფ/პ „---------“-ს (პ/ნ „---------“) საცხოვრებელი ბინიდან. (იხ. დანართი 3. )

3) 2020 წლის 22 იანვარს სს „ენერგოპრო ჯორჯიას“ მიერ ფიზიკურ პირ „---------“-ს (პ/ნ „---------“) მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით (იხ. დანართი 4), რომლითაც დასტურდება, რომ „---------“-ს მიერ „---------“-სი რაიონის, სოფელი „---------“-ში ტრანსფორმატორზე უკანონოდ დაერთებული იყო 410 ცალი მაინერი.

ზუგდიდის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 5 ივლის გადაწყვეტილებით ფ/პ „---------“ (პ/ნ „---------“), რომელსაც ბრალი ედებოდა ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარებაში, გამართლებული იქნა საქმეზე N058220120001, ანუ ბრალი არ დადასტურდა (იხ. დანართი 5. ზუგდიდის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 5 ივლის გადაწყვეტილება) სასამართლოს მიერ დამდგარი გამამართლებელი განაჩენის საფუძველზე „---------“-სგან ამოღებული მაინერები ექვემდებარება უკან დაბრუნებას. შესაბამისად, კომპანიას გააჩნია სამართლიანი მოლოდინი, რომ კუთვნილი აქტივები მიუხედავად გაუფასურებისა საგამოძიებო ორგანოს მიერ დაუბრუნდება კანონიერ მესაკუთრეს.

შემოსავლების სამსახური 2025 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვალდებული იყო დანაკლისი აესახა დანაკლისის გამოვლენის საანგარიშო პერიოდის მოგების და დღგ-ის დეკლარაციებში და მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელს შესაბამის საანგარიშო პერიოდში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისზე არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები.

ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და მტკიცებულებების გათვალისწინებით საერთოდ სამსჯელოა დანაკლისად განხილული საქონელი წარმოადგენს თუ არა არსებული საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად დანაკლისს. ვინაიდან საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრულია დანაკლისის განმარტება. მიუხედავად იმისა, რომ შემოწმების პროცესში ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლებისთვის მიწოდებული იქნა ყველა მტკიცებულება საგამოძიებო მოქმედების შედეგად კომპანიის კუთვნილი მატერიალური ფასეულობების ამოღებასთან დაკავშირებით, ინვენტარიზაციის შედეგებში აღნიშნული გათვალისწინებული არ ყოფილა. შემმოწმებლის მიერ იგი მიჩნეული იქნა დანაკლისად, რამაც გამოიწვია დამატებით საგადასახადო ვალდებულებების წარმოქმნა როგორც გადასახადის ნაწილში, ასევე სანქცია ნაწილში. კომპანიამ თავის საჩივრებში აღნიშნული ფაქტი სადაო და მტკიცებულებები წარუდგინა დავის განმხილველ ორგანოებს. კომპანიამ სადაო გახადა ასევე საგამოძიებო ორგანოს მიერ ამოღებული მაინერების ღირებულებაც, რაც დავის წარმოების მომენტში გათვალისწინებული იქნა.

ზემოთ აღწერილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემმოწმებლის მიერ ინვენტარიზაციის პროცესში გამოვლენილი დანაკლისი უკავშირდება საგამოძიებო მოქმედების შესრულებას, ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლების მიერ ამოღებულია საქონელი, რისი მტკიცებულებებიც წარდგენილია როგორც შემმოწმებლისთვის, ასევე დავის განმხილველი ორგანოსთვის. შპს „---------“-ის მიერ დაშვებული იქნა შეცდომა, რაც გამოიხატა მაინერების ამოღების მომენტში რეალური მესაკუთრის არ დაფიქსირებით. კომპანიის ხელმძღვანელობას დღემდე გააჩნია რწმენა და მოლოდინი, რომ კუთვნილი აქტივები სასამართლო დავის დასრულების შემდეგ დაუბრუნდება უკან, შესაბამისად არ განიხილავს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამოღებულ აქტივებს დანაკლისად, და აქედან გამომდინარე არ მოუხდენია მისი დეკლარირება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა.

საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ.

საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისი.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენის მომენტში.

ამავე კოდექსის 164-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე.

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის ოდენობის არსებობის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელი ვალდებული იყო დანაკლისი აესახა დანაკლისის გამოვლენის საანგარიშო პერიოდის მოგების და დღგ-ის დეკლარაციებში. შესაბამისად, არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება

ფაქტების აღწერა

საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის მომჩივანს შეეფარდა საგადასახდო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საჩივარში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით დგინდება, რომ კომპანია არ ეთანხმება შემმოწმებლის მიერ დანაკლისის გამოვლენის ფაქტს და თავის საჩივრებში სადაოდ ხდის მას. შესაბამისად, არ ახდენს დანაკლისის დეკლარირებას. აქედან გამომდინარე ვთვლით, რომ კომპანია მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის ფარგლებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. უფრო მეტიც, თავს დაზარალებულად მიიჩნევს, ვინაიდან კომპანიის აქტივები 869 565,23 ლარით გაუფასურდა (983205,52 ლარისა შეადგინა 113640,29 ლარი.) გარდა ამისა, კომპანიამ წლების განმავლობაში დაკარგა შემოსავლის მიღების შესაძლებლობა. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენის მომენტში და მიმდინარე პერიოდშიც გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება ზედმეტობა. რაც იმაზე მიანიშნებს, რომ გადასახადის გადამხდელის მიზანი არ ყოფილა გადასახადის თავიდან აცილება. ის წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელს. „გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას. გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით).

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არსებობს აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძვლები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას.

2.მომჩივანი მიუთითებს სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არსებობს აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძვლები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.მომჩივნის კუთვნილი სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სმფ-ების დანაკლისი მისი აღმოჩენის მომენტში განხილულ იქნა მიწოდებად და ასახულ იქნა შესაბამისი პერიოდის დღგ-ის და მოგების გადასახადის დეკლარაციებში.

2.საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის მომჩივანს შეეფარდა საგადასახდო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია.

 

გადაწყვეტილება

1.საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის ოდენობის არსებობის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელი ვალდებული იყო დანაკლისი აესახა დანაკლისის გამოვლენის საანგარიშო პერიოდის მოგების და დღგ-ის დეკლარაციებში. შესაბამისად, არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

2.საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

982,163,164,286(9).