ბრძანება N 19638
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 19638
09 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „--------“ (ს/ნ --------)
(მის.: ---------)
2022 წლის 30 დეკემბრისა და 2023 წლის 6 თებერვლის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 ივლისის სხდომაზე (ოქმი №76) განიხილა შპს „-------ს“ (ს/ნ -------) 2022 წლის 30 დეკემბრის №77725/1/2022 და 2023 წლის 6 თებერვლის №78851/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 2 დეკემბრის №081-242 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. მომჩივანი არ ეთანხმება უძრავი ქონების (სადაც ფიქსირდება გამრიცხველიანება და ზოგიერთ შემთხვევაში საქონლის/მომსახურების: წყლის, გაზისა და ელექტროენერგიის მოხმარება) ფ/პ -------სა და ფ/პ --------ზე მიწოდებად განხილვას და დღგ-ით დაბეგვრას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება მის საკუთრებაში არსებული კომერციული ფართებისა და სარდაფის ქონების გადასახადით დასაბეგრ აქტივად განხილვას. აცხადებს, რომ აღნიშნული ფართები წარმოადგენს სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 ივნისის №15374 და 7 ივლისის №17753 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ --------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 2 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 30 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 2 დეკემბრის №30263 ბრძანება და ამავე თარიღის №081–242 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 102 601 ლარი, მათ შორის გადასახადი 48 982 ლარი, ჯარიმა 37 501 ლარი და საურავი 16 118 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივრებში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. შპს „--------ს“ საქმიანობაა ქალაქ -------ში, ------ დასახლება №---ში მდებარე მიწაზე (ს/კ -------) მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა და მისი შემდგომი რეალიზაცია. საგადასახადო შემოწმების პროცესში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული და გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს მიერ 2018 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში გაფორმებული იყო წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები: 1) ფ/პ -------თან (პნ --------), სადაც ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა 2 საცხოვრებელი ფართის სამომავლო საკუთრებაში გადაცემა (ს/კ -------- და ს/კ --------), 2) ფ/პ -------თან (პ/ნ --------), სადაც ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა საცხოვრებელი ფართის სამომავლო საკუთრებაში გადაცემა (ს/კ --------). შემოწმებით დადგინდა, რომ ფ/პ -------- წარმოადგენდა შპს „---------ს“ დამფუძნებლისა და დირექტორის ფ/პ --------ს (პ/ნ --------) ურთიერთდამოკიდებულ პირს, ხოლო ფ/პ -------- 2018 წლის საანგარიშო პერიოდში იყო შპს „--------ს“ დაქირავებული პირი. ასევე, შემოწმებით დადგინდა, რომ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმების შემდგომ, აღნიშნული პიროვნებების მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი თანხები გადახდილი არ ყოფილა. საგადასახადო ვალდებულებების სრულყოფილად განსაზღვრის მიზნით, შემოწმებამ სს „---------გან“, შპს „---------სა“ და შპს „---------გან“, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, გამოითხოვა ქალაქ --------ში, ------- დასახლება №---ში (ს/კ --------) მდებარე ფართში რეგისტრირებული აბონენტებისა და მათ მიერ მოხმარებული საქონლის/მომსახურების შესახებ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული ფიზიკური პირების მიერ შესაბამის ფართებში გამრიცხველიანება და ზოგიერთ შემთხვევაში საქონლის/მომსახურების (წყალი, გაზი, ელექტროენერგია) მოხმარება განხორციელებული იყო 2020 წლის საანგარიშო პერიოდიდან. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილით, ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით, ჩაითვალა, რომ განხორციელდა ხსენებულ ფიზიკურ პირებზე უძრავი ქონების მიწოდება, რაც დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას ხელშეკრულებებში დაფიქსირებული ფასით გამრიცხველიანების თარიღში, შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161- ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 134 880 ლარით. ასევე, გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2. შპს „--------ს“ მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი ქონების გადასახადის დეკლარაციების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ პირის მიერ დეკლარირებული მონაცემები განსხვავდებოდა ბალანსზე რიცხული მონაცემებისგან. გარდა ამისა, გადამხდელის საკუთრებაში იყო კომერციული ფართი 151 კვ.მ. და მის ქვემოთ მდებარე სარდაფი 366 კვ.მ. საგადასახადო შემოწმების პროცესში, ობიექტების დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ ფართებში განთავსებული იყო მასალები და ძირითადი საშუალებები, მათ შორის შპს „--------ს“ საკუთრებაში არსებული ხარაჩოები, ამწეკრანის ნაწილები და სხვ. ამასთან, კომერციულ ფართზე, რომელიც სარდაფის ზემოთ მდებარეობდა, განთავსებული იყო განცხადება ,,ქირავდება“. ასევე, 2020 წლის ნოემბერში გადამხდელს ურთიერთდამოკიდებული პირისგან შეძენილი ჰქონდა 126 კვ.მ კომერციული ფართი გვერდზე მდებარე შენობა-ნაგებობაში (ს/კ ---------), რომელშიც განთავსებული იყო სხვადასხვა ნივთი. გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული ფართები წარმოადგენდა საქონელს და ასახული იყო ბუღალტრულ აღრიცხვაში მათი შემდგომი გაყიდვის მიზნით. შემოწმებით დაკორექტირდა პირის მიერ დეკლარირებული მონაცემები და გასწორდა დასაბეგრი ქონების საწყისი და საბოლოო ღირებულებები. შედეგად, ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა აღნიშნულ ნაწილში შემცირდა 6 632 ლარით. ამასთან, შპს „--------ს“ საკუთრებაში არსებული კომერციული ფართები და სარდაფი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, ჩაითვალა ქონების გადასახადით დასაბეგრ აქტივად. შემოწმების შედეგად, მშენებლობაზე გაწეული დანახარჯების მიხედვით გაანგარიშდა დაუმთავრებელი მშენებლობის საწყისი და საბოლოო ღირებულებები შესაბამისი პერიოდების გათვალისწინებით. აღნიშნული გაანგარიშების მიხედვით, ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა გაიზარდა 741 838 ლარით. გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე - ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს მიერ 2018 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში გაფორმებული იყო წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები ფ/პ --------სა და ფ/პ ------თან, სადაც ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა საცხოვრებელი ფართების სამომავლო საკუთრებაში გადაცემა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის თანახამად, მომჩივანი არ ეთანხმება უძრავი ქონების (სადაც ფიქსირდება გამრიცხველიანება და ზოგიერთ შემთხვევაში საქონლის/მომსახურების: წყლის, გაზისა და ელექტროენერგიის მოხმარება) ფ/პ -------სა და -------ზე მიწოდებად განხილვას და დღგ-ით დაბეგვრას. აცხადებს, რომ აღნიშნული ფიზიკური პირების მიერ ჯერ არ მომხდარა თანხის გადახდა და შესაბამისად, არ განხორციელებულა საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემაც.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ იმ უძრავ ქონებებზე, რომლებზეც არ დასტურდება ფიზიკური პირების საკუთრებაში გადაცემის ფაქტი, შემოწმების მიერ ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა და მიწოდებად განხილვა დაუსაბუთებელია. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლისა და უძრავი ქონებების მიწოდებად განხილვის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შპს „--------ს“ მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი ქონების გადასახადის დეკლარაციების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ პირის მიერ დეკლარირებული მონაცემები განსხვავდებოდა ბალანსზე რიცხული მონაცემებისგან. გარდა ამისა, გადამხდელის საკუთრებაში იყო კომერციული ფართი 151 კვ.მ. და მის ქვემოთ მდებარე სარდაფი 366 კვ.მ. საგადასახადო შემოწმების პროცესში, ობიექტების დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ ფართებში განთვსებული იყო მასალები და ძირითადი საშუალებები, მათ შორის შპს „--------ს“ საკუთრებაში არსებული ხარაჩოები, ამწე კრანის ნაწილები და სხვ. ამასთან, კომერციულ ფართზე, რომელიც სარდაფის ზემოთ მდებარეობდა, განთავსებული იყო განცხადება ,,ქირავდება“. ასევე, 2020 წლის ნოემბერში გადამხდელს შეძენილი ჰქონდა 126 კვ.მ კომერციული ფართი გვერდზე მდებარე შენობა-ნაგებობაში, რომელშიც განთავსებული იყო სხვადასხვა ნივთი.
ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, შპს „--------ს“ საკუთრებაში არსებული კომერციული ფართები და სარდაფი, წარმოადგენს ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს და მისი ქონების გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია. ამდენად, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--------“ (ს/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლისა და უძრავი ქონებების მიწოდებად განხილვის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. მომჩივანი არ ეთანხმება უძრავი ქონების (სადაც ფიქსირდება გამრიცხველიანება და ზოგიერთ შემთხვევაში საქონლის/მომსახურების: წყლის, გაზისა და ელექტროენერგიის მოხმარება) ფ/პ -ებზე მიწოდებად განხილვას და დღგ-ით დაბეგვრას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება მის საკუთრებაში არსებული კომერციული ფართებისა და სარდაფის ქონების გადასახადით დასაბეგრ აქტივად განხილვას. აცხადებს, რომ აღნიშნული ფართები წარმოადგენს სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. მომჩივნის საქმიანობაა მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა და მისი შემდგომი რეალიზაცია. შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ საწარმოს მიერ 2018 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში გაფორმებული იყო წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები ორ ფიზიკურ პირთან. აქედან ერთი წარმოადგენდა შპს-ს დამფუძნებლისა და დირექტორის ურთიერთდამოკიდებულ პირს, ხოლო მეორე 2018 წლის საანგარიშო პერიოდში იყო შპს -ს დაქირავებული პირი. ასევე, შემოწმებით დადგინდა, რომ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმების შემდგომ, აღნიშნული პიროვნებების მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი თანხები გადახდილი არ ყოფილა. დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული ფიზიკური პირების მიერ შესაბამის ფართებში გამრიცხველიანება და ზოგიერთ შემთხვევაში საქონლის/მომსახურების (წყალი, გაზი, ელექტროენერგია) მოხმარება განხორციელებული იყო 2020 წლის საანგარიშო პერიოდიდან. შემოწმებამ ჩათვალა, რომ განხორციელდა ხსენებულ ფიზიკურ პირებზე უძრავი ქონების მიწოდება, რაც დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას ხელშეკრულებებში დაფიქსირებული ფასით გამრიცხველიანების თარიღში. შედეგად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 134 880 ლარით. ასევე, გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2. მომჩივნის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი ქონების გადასახადის დეკლარაციების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ პირის მიერ დეკლარირებული მონაცემები განსხვავდებოდა ბალანსზე რიცხული მონაცემებისგან. შემოწმებით დაკორექტირდა პირის მიერ დეკლარირებული მონაცემები და გასწორდა დასაბეგრი ქონების საწყისი და საბოლოო ღირებულებები. შემოწმების შედეგად, მშენებლობაზე გაწეული დანახარჯების მიხედვით გაანგარიშდა დაუმთავრებელი მშენებლობის საწყისი და საბოლოო ღირებულებები შესაბამისი პერიოდების გათვალისწინებით. აღნიშნული გაანგარიშების მიხედვით, ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა გაიზარდა 741 838 ლარით. გამოვლენილ სხვაობაზე გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლისა და უძრავი ქონებების მიწოდებად განხილვის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, მომჩივნის საკუთრებაში არსებული კომერციული ფართები და სარდაფი, წარმოადგენს ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს და მისი ქონების გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია. ამდენად, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(3), 43(4), 73(9"ბ"), 201(1), 202(1), 205(2).
2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსი: 161(1)(8), 171(1).