გადაწყვეტილება №27358/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.06.2026
№ დოკუმენტი 27358/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27358/2/2026

05 ივნისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---- ის 18.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27358/2/2026).

 

დავის საგანი:

სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისისთვის შეფარდებული ჯარიმის ოდენობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 19.03.2026 წლის №CB1884504 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 1.05.2026 წლის №9651 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: ჯარიმა - 28 104.38 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

მომჩივნის საქმიანობაა სურსათითა და შერეული საქონლით ვაჭრობა. მომჩივნის საქმიანობის ადგილზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 249 021.08 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით (12.86 % ფასნამატის გათვალისწინებით) – 281 043.8 ლარი. გამოვლენილ დანაკლისზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 19.03.2026 წლის №CB1884504 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 28 104.38 ლარის ოდენობით. აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 1.05.2026 წლის №9651 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-8 მუხლის მე-11 ნაწილით, 269-ე პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმება მოიცავდა პერიოდს, როცა მძვინვარებდა კოვიდ პანდემია, რა დროსაც, ხშირ შემთხვევაში იძულებული იყო დაეკეტა ობიექტი. ამ დროს ხშირი იყო მალფუჭებადი პროდუქტის გადაყრის შემთხვევები, თუმცა სიტუაციიდან გამომდინარე ვერ შეძლო სათანადო აქტების შედგენა. ამასთან, მოსახლეობის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო და იმის გამოც, რომ პროდუქტები არ გაფუჭებოდა, პროდუქციას მათ ატანდა ნისიად ზეპირი შეთანხმების საფუძველზე. მას შემდეგ, რაც ჩაუტარდა ინვენტარიზაცია და კომისიამ არ გაითვალისწინა კონსიგნაციით რეალიზებული საქონელი, პირებმა, რომლებსაც მის მიმართ გააჩნდათ დავალიანება, გადაუხადეს ვალი. მან აღნიშნული თანხა (100 000 ლარი) დაადეკლარირა და ბიუჯეტში შეიტანა შესაბამისი გადასახადი. მომჩივანი განმარტავს, რომ ოქმის შედგენამდე, გარდა 100 000 ლარისა, კიდევ დაადეკლარირა 70 000 ლარი და შესაბამისი გადასახადი გადაიხადა ბიუჯეტში. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი უნდა შემცირდეს მის მიერ ოქმის გამოცემამდე დადეკლარირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულებით - 100 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული წარმოადგენს პირველ შემთხვევას, არ ჰქონდა გამოცდილება, არ გააჩნდა სათანადო სამართლებრივი ცოდნა. აპელირებს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილზე, 138-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლზე, 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე. ითხოვს შემოსავლების სამსახურის 1.05.2026 წლის №9651 ბრძანების ბათილობას, სადავო ოქმის ნაწილობრივ ბათილობასა და შესაბამისად, სადავო ჯარიმის თანხის კორექტირებას (შემცირებას).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული სანქციები არ გამოიყენება, თუ, გადასახადის გადამხდელმა ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ ინფორმაცია ასახა საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და მიაწოდა საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის ან საგადასახადო შემოწმების დაწყებამდე და ამ ინფორმაციის თანახმად, ზედმეტობა აღიარებულია სარგებლად, ხოლო დანაკლისი − მიწოდებად.

სადავო საკითხზე, წარმოდგენილია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 25.05.2026 წლის №46520-21-12 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ მომჩივნის ობიექტში 14.03.2024 წელს განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების პროცედურა, რაზეც შედგენილ იქნა „საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ“ ოქმი №864641. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის დაწყებამდე, ჩაბარდა ბრძანება ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ. მან განაცხადა, რომ საქმიანობას ახორციელებდა მისამართზე: ---, სოფელი ----. ასევე განმარტა, რომ გადამხდელის საკუთრებაში არსებული სასაქონლო–მატერიალური ფასეულობები განთავსებული ჰქონდა მხოლოდ აღნიშნულ მისამართზე და სხვა სავაჭრო ობიექტი ან სათავსო არ გააჩნდა. ასევე, მის კუთვნილ ობიექტში არ ინახებოდა სხვისი კუთვნილი სასაქონლო–მატერიალური ფასეულობები. მან განმარტა, რომ ყველა შეძენილი სასაქონლო–მატერიალური ფასეულობა აღებული ჰქონდა შემოსავალში, ხოლო რეალიზებული – ჩამოწერილი გასავალში. ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასახული აქვს საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და აცნობა საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის დაწყებამდე. ინვენტარიზაცია (ფაქტიური ნაშთის აღწერა) დაიწყო 14.03.2024 წელს, ხოლო მასალების დამუშავება და შედეგების გამოყვანა დასრულდა 19.03.2026 წელს.

საინვენტარიზაციო კომისიამ მოახდინა სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთის აღწერა. ობიექტში 14.03.2024 წლის მდგომარეობით აღმოჩნდა სულ - 19 383,5 ლარის ღირებულების სასაქონლო–მატერიალური ფასეულობები საბაზრო ფასებით. შედგენილ იქნა ოქმი „სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ“. საანგარიშო პერიოდად აღებული იქნა პერიოდი 1.01.2021 წლიდან 14.03.2024 წლის ჩათვლით. საანგარიშო პერიოდის სმფ–ების საწყისი ნაშთი – 0 ლარი. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ელ/სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი სმფ-ების პირვანდელი ღირებულება – 518 829,86 ლარი.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში 1.01.2021 წლის 29.02.2024 წლის ჩათვლით, გადამხდელის მიერ განხორციელებული რეალიზაციების საბაზრო ღირებულების ანგარიშს საფუძვლად დაედო მცირე მეწარმის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციებში დაფიქსირებული ბრუნვები (282 933,15 ლარი), ხოლო 1.03.2024 წლიდან 14.03.2024 წლის ჩათვლით, პერიოდში გადამხდელის საკუთრებაში არსებულ სსა-ზე დაფიქსირებული ბრუნვა (3 362.80ლარი). ფასნამატად აღებულ იქნა 12,86%. შედარებულ იქნა ფაქტობრივად აღწერილი და ამავდროულად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული სმფ–ების საბაზრო ღირებულება.

ზემოაღნიშნული მონაცემების საფუძველზე ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 265 634.79 ლარი. აღურიცხველი სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ღირებულებამ შეადგინა 633.3 ლარი. გამოვლენილმა სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 249 021.08 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით (12,86 % ფასნამატის გათვალისწინებით) 281 043.8 ლარი. გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა შეტყობინება ინვენტარიზაციის ზემოთ აღწერილი შედეგების შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტით. იგი არ დაეთანხმა ოქმის პროექტით დასარიცხ თანხებს და 10.11.2025 წელს შემოსავლების სამსახურში წარადგინა საწინააღმდეგო წერილობითი პოზიცია.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭომ 19.11.2025 წელს მიიღო გადაწყვეტილება მისი ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს დაევალა მედიაციის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღეში კონსიგნაციით რეალიზებული სმფ-ების შესახებ მტკიცებულებების წარმოდგენა, ხოლო ინვენტარიზაციის განმახორციელებელ საგადასახადო ოფიცრებს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ინვენტარიზაციის შედეგების კორექტირება.

მომჩივანს შეეფარდა სანქცია - ჯარიმა 28 104.38 ლარი, რაზეც შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ელექტრონული ოქმი №CB1884504. გამოვლენილ აღურიცხაობაზე შეეფარდა სანქცია - ჯარიმა 200 ლარის ოდენობით, რაზეც შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ელექტრონული ოქმი №CB1884498. მომჩივნის მიერ 30.01.2026 წელს წარმოდგენილია დოკუმენტაცია კონსიგნაციის შესახებ, თუმცა წარდგენილი მასალები საინვენტარიზაციო კომისიის მიერ არ იქნა გათვალისწინებული, რადგან არ იყო სარწმუნო და სათანადოდ დადასტურებული.

მომჩივანის განცხადებით, შემოწმება მოიცავდა პერიოდს, როცა მძვინვარებდა კოვიდპანდემია, რა დროსაც, ხშირ შემთხვევაში იძულებული იყო დაეკეტა ობიექტი. ამ დროს ხშირი იყო მალფუჭებადი პროდუქტის გადაყრის შემთხვევები, თუმცა სიტუაციიდან გამომდინარე ვერ შეძლო სათანადო აქტების შედგენა. ამასთან, მოსახლეობის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო და იმის გამოც, რომ პროდუქტები არ გაფუჭებოდა, პროდუქციას მათ ატანდა ნისიად ზეპირი შეთანხმების საფუძველზე. მას შემდეგ, რაც ჩაუტარდა ინვენტარიზაცია და კომისიამ არ გაითვალისწინა კონსიგნაციით რეალიზებული საქონელი, პირებმა, რომლებსაც მის მიმართ გააჩნდათ დავალიანება, გადაუხადეს ვალი. მან აღნიშნული თანხა (100 000 ლარი) დაადეკლარირა და ბიუჯეტში შეიტანა შესაბამისი გადასახადი. მომჩივანი განმარტავს, რომ ოქმის შედგენამდე, გარდა 100000 ლარისა, კიდევ დაადეკლარირა 70 000 ლარი და შესაბამისი გადასახადი გადაიხადა ბიუჯეტში. საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი უნდა შემცირდეს მის მიერ ოქმის გამოცემამდე დადეკლარირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულებით - 100 000 ლარის ოდენობით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია ჩატარებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად, სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გამოცემულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს

 

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

დავო საკითხი

სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისისთვის შეფარდებული ჯარიმის ოდენობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის საქმიანობაა სურსათითა და შერეული საქონლით ვაჭრობა. მომჩივნის საქმიანობის ადგილზე ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 249 021.08 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით (12.86 % ფასნამატის გათვალისწინებით) – 281 043.8 ლარი. გამოვლენილ დანაკლისზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 28 104.38 ლარის ოდენობით. აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია ჩატარებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად, სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გამოცემულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს : 286 (9).