გადაწყვეტილება №19055/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 08.08.2023
№ დოკუმენტი 19055/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№ 19055/2/2023

08 აგვისტო 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------------“-ის 9.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19055/2/2023).

 

დავის საგანი:

დავების განხილვის საბჭოს 19.05.2022 წლის №15468/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის №001-10 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 496 380 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 169 531

დღგ - 78 601

საშემოსავლო გადასახადი - 14 495

მოგების გადასახადი - 76 435

ჯარიმა - 84 759

საურავი - 242 090

 

პროცედურული გარემოებები/ფაქტების აღწერა

გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო სამუშაოების შესრულება.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა საწარმოს 1.01.2007 წლიდან 2.11.2013 წლამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 28.06.2013 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2013 წლის №30818 ბრძანება და 5.07.2013 წლის №339 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 18.09.2013 წლის №45433 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მომჩივანს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა ეკონომიკური საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი დოკუმენტების შესწავლა და გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემების საფუძველზე, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 3.09.2014 წლის დასკვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 4.05.2016 წლის №12367 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მომჩივანს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა ეკონომიკური საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები და გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემების საფუძველზე. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 4.05.2016 წლის №12367 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2016 წლის დასკვნის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 19.07.2016 წლის №001-227 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 7.09.2016 წლის №25769 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 19.04.2019 წლის №12647/2/16, №13318/2/16 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

1. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 7.09.2016 წლის №25769 ბრძანება;

2. ნაწილობრივ გაუქმდა აუდიტის დეპარტამენტის 19.07.2016 წლის №001-227 საგადასახადო მოთხოვნა;

3. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეესწავლა შეფარდებული სანქციების საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებთან შესაბამისობის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების კორექტირება;

4. საჩივარი მე-2 და მე-3 დავის საგნების ნაწილში დარჩა განუხილველი;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 19.04.2019 წლის №12647/2/16, №13318/2/16 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 23.07.2021 წლის დასკვნის საფუძველზე საგადასახადო სანქციები არ შემცირებულა.

აღნიშნულზე გამოიცა 29.07.2021 წლის №24999 ბრძანება და №001-296 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 14.01.2022 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 19.05.2022 წლის №15468/2/2023 გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეესწავლა შეფარდებული სანქციის (საურავის) საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლში 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებთან შესაბამისობის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის (საურავის) კორექტირება (შემცირება).

საბჭოს 19.05.2022 წლის №15468/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 1.02.2023 წლის დასკვნის საფუძველზე საგადასახადო სანქცია (საურავი) არ შემცირებულა. აღნიშნულზე გამოიცა 6.02.2023 წლის №001-10 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტის მიერ საბჭოს გადაწყვეტილება არ აღსრულებულა, რაც დასტურდება იმით, რომ 29.07.2021 წ. №001-296 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახული საურავი 242 090 ლარის ოდენობით 6.02.2023 წ. №001-10 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში არ შეცვლილა. შესაბამისად, ვინაიდან მოქმედი განაკვეთის მიხედვით 3-წლიან პერიოდში დარიცხული საურავი არ უნდა იყოს მეტი 92 818 ლარზე, არც გადაანგარიშებით და არც პროგრამულად საურავი არ შემცირებულა. საურავი ასევე არ შემცირებულა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.

მეთოდური მითითების მე-16 მუხლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან.

16. ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული საურავის დარიცხვის შეზღუდვა განხორციელდეს პროგრამულად, რისთვისაც:

ა) 2019 წლის 1 იანვრიდან ყოველდღიურად განისაზღვრება ბოლო 3 წელში სავადო თარიღით დარიცხული ის თანხები, რომლებიც განიხილება დავალიანების შემადგენელ ნაწილად და მხოლოდ აღნიშნულ თანხებზე გაგრძელდება საურავის დარიცხვა. ამასთან, ბოლო 3 წელში დავა-ლიანების შემცირების ოპერაციების თანხები, ჯერ ამცირებს იმავე სავადოში იმავე გადასახადში დარიცხულ თანხებს, ხოლო შემდეგ, ისევე როგორც ამავე პერიოდში ბიუჯეტში გადახდილი თანხები, მონაწილეობს ძველი პერიოდის დავალიანების დაფარვაში;

ბ) 2016 წლის 1 იანვრამდე სავადო თარიღით დარიცხულ დავალიანებაზე საურავის დარიცხვა შეწყდება 2019 წლის 1 იანვარს (მათ შორის, ძირითად ბარათზე შემდგომ პერიოდში ასახული თანხებით წარმოშობილ დავალიანებაზე).

ამრიგად, მეთოდური მითითების მიხედვით, თუ დავალიანება წარმოშობილია 2016 წლის 1 იანვრამდე, საურავის დარიცხვა შეწყდება ამ თარიღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ ანუ 2019 წლის 1 იანვრიდან. თუმცა მოცემული დანაწესი არ ეხება შემთხვევას, როდესაც დავალიანებაზე მიმდინარეობს საგადასახადო დავა. საგადასახადო დავის შემთხვევაში, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ საგადასახადო დავის განხილვის დასრულებამდე კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, დავის განმხილველი ორგანო ვალდებულია გამოიყენოს ახალი კანონით დადგენილი ნორმა, 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდზეც საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან.

განსახილველ შემთხვევაში, მართალია, პირადი აღრიცხვის ბარათზე 2019 წლის 1 იანვრიდან საურავის დარიცხვა შეწყვეტილია, მაგრამ საურავის დარიცხვა არ შეწყვეტილა დავალიანების წარმოშობიდან 3 წლის შემდგომ - საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილის გამოყენებით (საგადასახადო დავის მიმდინარეობასთან დაკავშირებით).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს გაუქმდეს სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში გამოცემული 6.02.2023 წ. №1931 ბრძანება და №001-10 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა და აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს დარიცხული საურავის კორექტირება საგადასახადო დავალიანების წარმოშობის შემდგომ პერიოდზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საბჭოს 19.05.2022 წლის №15468/2/2023 გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეესწავლა შეფარდებული სანქციის (საურავის) საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლში 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებთან შესაბამისობის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის (საურავის) კორექტირება (შემცირება).

საბჭოს 19.05.2022 წლის №15468/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 1.02.2023 წლის დასკვნის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით გამოვლენილი დამატებით დასარიცხი თანხის (გადასახადი და სანქცია) გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის სისწორე. საგადასახადო შემოწმების შედეგების შპს „-----------“-ის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახული მონაცემები და მათი ბარათზე ასახვის თარიღები შესაბამისობაშია „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებულ მეთოდურ მითითებასთან და მასში შესულ ცვლილებასთან. ხოლო საურავის დარიცხვის შეზღუდვა 2018 წლის 27 დეკემბრის №4225 კანონით საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ხორციელდება პროგრამულად. დასკვნის შედეგად საგადასახადო სანქცია (საურავი) არ შემცირებულა.

საბჭოს აპარატის 17.05.2023 წლის №46709-03 წერილით, შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილია ინფორმაცია, საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლში 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, საურავის რა ოდენობა უნდა ერიცხებოდეს მომჩივანს ზემოაღნიშნული საგადასახადო შემოწმების შედეგად პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხულ გადასახადებზე.

შემოსავლების სამსახურის 16.06.2023 წლის №--------- წერილში მითითებულია შემდეგი: საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლში 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილება გულისხმობს ამავე კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად პირადი აღრიცხვის ბარათზე საურავის დარიცხვის შეზღუდვას, რაც რეგულირდება „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ” მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით, კერძოდ, აღნიშნული ბრძანების მე-16 მუხლის მე-15 და მე-16 პუნქტების მიხედვით:

15. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან.

16. ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული საურავის დარიცხვის შეზღუდვა განხორციელდეს პროგრამულად, რისთვისაც:

ა) 2019 წლის 1 იანვრიდან ყოველდღიურად განისაზღვრება ბოლო 3 წელში სავადო თარიღით დარიცხული ის თანხები, რომლებიც განიხილება დავალიანების შემადგენელ ნაწილად და მხოლოდ აღნიშნულ თანხებზე გაგრძელდება საურავის დარიცხვა. ამასთან, ბოლო 3 წელში დავალიანების შემცირების ოპერაციების თანხები, ჯერ ამცირებს იმავე სავადოში იმავე გადასახადში დარიცხულ თანხებს, ხოლო შემდეგ, ისევე როგორც ამავე პერიოდში ბიუჯეტში გადახდილი თანხები, მონაწილეობს ძველი პერიოდის დავალიანების დაფარვაში; ბ) 2016 წლის 1 იანვრამდე სავადო თარიღით დარიცხულ დავალიანებაზე საურავის დარიცხვა შეწყდება 2019 წლის 1 იანვარს (მათ შორის, ძირითად ბარათზე შემდგომ პერიოდში ასახული თანხებით წარმოშობილ დავალიანებაზე)“.

ამდენად, ამ ბრძანების მიხედვით გათვალისწინებულია 2016 წლის 1 იანვრამდე სავადო თარიღით დარიცხულ დავალიანებაზე მხოლოდ 2019 წლის 1 იანვრიდან საურავის დარიცხვის შეწყვეტა და ამ პროცედურის განხორციელება პროგრამულად, რაც უზრუნველყოფილია, ყველა გადასახადის გადამხდელის (მათ შორის - შპს „----------“- ის (ს/ნ ----------)) პირადი აღრიცხვის ბარათებზე საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის მიერ საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის მიერ მიწოდებული პროგრამული ლოგიკის მიხედვით. გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის მიერ ყველა გადასახადის გადამხდელის შედარების აქტში დამატებულია ღილაკი - 2019-მდე, რომლის გააქტიურების შემდეგ გამოდის ინფორმაცია, თუ რა ოდენობის საურავის დარიცხვაა შეჩერებული საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილის მიხედვით პროგრამულად ჩართული შეზღუდვის გამო, რაც შპს „----------“- ის შემთხვევაში დღეის მდგომარეობით შეადგენს 107 235,58 ლარს (339 878,07 ლარს (საურავის ოდენობა, რომელიც ექნებოდა საწარმოს, რომ არ იყოს ჩართული პროგრამულად საურავის შეზღუდვა) გამოკლებული 232 642, 49 ლარი (საურავის ოდენობა, რომელიც ერიცხება საწარმოს, პროგრამულად ჩართული საურავის შეზღუდვის გათვალისწინებით));

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის სამსახურის წერილში პირდაპირ არ არის მითითებული, თუმცა, სავარაუდოდ გულისხმობენ და ითხოვენ ინფორმაციას, საურავის რა ოდენობა უნდა ერიცხებოდეს მომჩივანს, საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილის მიხედვით განსაზღვრული საურავის დარიცხვის შეზღუდვის გათვალისწინებით, საურავის შეზღუდვა ჩართული თუ იქნებოდა 2007 წლის 1 იანვრიდან და არა 2019 წლის 1 იანვრიდან, როგორც ეს დღეის მდგომარეობითაა უზრუნველყოფილი პროგრამულად ყველა გადასახადის გადამხდელის (მათ შორის - შპს „-----------“-ის (ს/ნ ------------)) პირადი აღრიცხვის ბარათზე, რასთან დაკავშირებითაც აღნიშნულია, რომ ამ პროცედურის განხორციელება უნდა მოხდეს კვლავ პროგრამულად და ვერ მოხერხდება მექანიკურად (ხელით) შემდეგი გარემოებების გამო:

272-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად პირადი აღრიცხვის ბარათზე საურავის დარიცხვის შეზღუდვასთან დაკავშირებული საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის მიერ შემუშავებული პროგრამული ლოგიკა ითვალისწინებს 2019 წლის 1 იანვრიდან ყოველდღიურად განისაზღვროს ბოლო 3 წელში სავადო თარიღით დარიცხული თანხები, შესაბამისად, თუ ამავე ლოგიკით მოხდება ყოველდღიურად დარიცხული თანხების განსაზღვრა მექანიკურად (ხელით) 2007 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 იანვრამდე პერიოდზეც, საჭირო იქნება დამატებით ყოველ ამ დღეზე დარიცხული თანხების გამოთვლა და ანალიზი. ამ დღეების რაოდენობა 2007 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 იანვრამდე შეადგენს 4383 დღეს. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მხოლოდ 2016 წლის პირველი იანვრიდანაა ერთიანი პირადი აღრიცხვის ბარათი, ხოლო უშუალოდ „----------“-ის 2016 წლის 1 იანვრამდე უფიქსირდება ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი 10 პირადი აღრიცხვის ბარათი, დასამუშავებელი მექანიკურად ასაკრეფი ჩანაწერების რაოდენობა გაიზრდება 32870 ჩანაწერით (3287 (დღეების რაოდენობა 2007 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე) გამრავლებული ათზე (2016 წლის პირველ იანვრამდე საწარმოს პირადი აღრიცხვის ბარათების რაოდენობა)). მხოლოდ ამ მონაცემებით მექანიკურად ასაკრეფი ჩანაწერების რაოდენობა გაიზრდება და გახდება მინიმუმ 33966;

ზემოთ აღნიშნული ჩანაწერების მექანიკური აკრეფის შემდეგ, უნდა მოხდეს ანალიზი, რომელიც ითვალისწინებს ყოველდღიურად განისაზღვროს ბოლო 3 წელში სავადო თარიღით დარიცხული თანხები, გამოიყოს ცალკე ბოლო 3 წელში დავალიანების შემცირების ოპერაციების თანხები, ასევე ამავე პერიოდში ბიუჯეტში გადახდილი თანხები, რაც თავისთავად რამოდენიმეჯერ გააორმაგებს მექანიკურად ასაკრეფი ჩანაწერების რიცხვს, რომელიც, ისედაც ამის გარეშეც შეადგენს 33966-ს;

გასათვალისწინებელია ასევე, რომ „----------“-ის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საგადასახადო შემოწმების აქტი დღეის მდგომარეობით აღიარებული არაა და გადაანგარიშების შემთხვევაში, მექანიკურად (ხელით) გადაანგარიშებამდე დათვლილი საურავი, თუ საურავის გადათვლა ვერ განხორციელდება პროგრამულად, თავიდან იქნება დასათვლელი ახალი ჩანაწერების გათვალისწინებით.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ სანქციის (საურავის) გადაანგარიშება განხორციელებული არ არის საბჭოს 19.05.2022 წლის №15468/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად და უნდა დაევალოს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უზრუნველყოს საბჭოს 19.05.2022 წლის №15468/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულება ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დავების განხილვის საბჭოს 19.05.2022 წლის №15468/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო სამუშაოების შესრულება.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ სანქციის (საურავის) გადაანგარიშება განხორციელებული არ არის საბჭოს 19.05.2022 წლის №15468/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად და უნდა დაევალოს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;272(21)304(1ბ);