გადაწყვეტილება №19744/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.07.2023
№ დოკუმენტი 19744/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19744/2/2023

18 ივლისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --------- (ს/ნ ---------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------- 19.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19744/2/2023).

 

დავის საგანი:

უძრავი ქონების მიწოდების საფუძველზე დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 19.07.2022 წლის №001-127 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 25.04.2023 წლის №8865 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 80 852 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 44 947

დღგ - 42 328

საშემოსავლო გადასახადი - 2 619

ჯარიმა - 22 474

საურავი - 13 431

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს იურიდიული მომსახურების გაწევა.

1.01.2019 წლიდან 1.01.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდებში უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისა და გამოწერილი სერია ავ-13 №-------, ეა-17 №--------, ეა-17 №------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისი საანგარიშო პერიოდების დღგ-ის და წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 13.07.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ:

გადასახადის გადამხდელი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 30.05.2019 წლიდან (2022 წლის 1 აპრილიდან გაუქმებულია ინდივიდუალური მეწარმის სტატუსი). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში რეალიზებული ჰქონდა შემდეგი უძრავი ქონებები:

1) ს/კ -------- - ქ. --------, ------- ქუჩის №---/-------- ქუჩის №----ში მდებარე 16.75 კვ.მ. ფართი (სათავსი). აღნიშნული ფართი 2020 წლის 27 იანვარს რეალიზებულია 5 000 ლარად.

2) ს/კ ---------- - ქ. ---------, ------- №---/---------- ქუჩის №----ში მდებარე 21 კვ.მ. ფართი (სათავსი). აღნიშნული ფართი 2020 წლის 5 აგვისტოს რეალიზებულია 20 000 ლარად.

3) ს/კ --------- - ქ. ---------, --------- ქუჩის №----/------- ქუჩის №----ში მდებარე 11 კვ.მ. სარაია და 11 კვ.მ. სათავსი. აღნიშნული ფართები 2020 წლის 13 თებერვალს რეალიზებულია 21 000 ლარად.

4) ს/კ --------- - ქ. --------, ------- ქუჩის №---/--------- ქუჩის №----ში მდებარე 18 კვ.მ. ფართი. აღნიშნული ფართი 2020 წლის 18 ივნისს რეალიზებულია 45 000 ლარად.

5) ს/კ --------- - ქ. --------, -------- ქუჩის №----ში მდებარე 27.26 კვ.მ. ბინა. აღნიშნული ბინა 2021 წლის 22 მარტს რეალიზებულია 111 642 ლარად.

6) ს/კ ---------- - ქ. ------ -------- ქუჩის №----ში მდებარე 62 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია შენობა-ნაგებობები. აღნიშნული ფართი 2021 წლის პირველ თებერვალს რეალიზებულია 18 000 აშშ დოლარად (59 400 ლარად).

გამომდინარე იქიდან, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი წარმოადგენს დღგის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს, აღნიშნული უძრავი ქონებების მიწოდება დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით უძრავი ქონების შეძენის და რეალიზაციის ფასები ერთმანეთს ემთხვეოდა, შესაბამისად, ამ ნაწილში საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის დამატებით საგადასახადო ვალდებულება არ გამოვლენილა. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 19.07.2022 წლის №19116 ბრძანება და ამავე თარიღის №001- 127 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები 9.08.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 21.09.2022 წლის №24241 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც 9.11.2022 და 18.11.2022 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 15.12.2022 წლის №18162/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 21.09.2022 წლის №24241 ბრძანება, საჩივრები, პირველი დავის საგნის ნაწილში, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში (საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა) საჩივრები არ დაკმაყოფილდა. მომჩივანმა წარმოადგინა -------- ნოტარიულად დამოწმებულ განცხადება, საიდანაც მისი განმარტებით, ირკვევა რომ მის მიზანს არ წარმოადგენდა ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება და ფორმალურად იყო მასზე გაფორმებული და ითხოვს აღნიშნული განცხადების შეფასებას და გათვალისწინებას სადავო საკითხის განხილვისას. აღნიშნული გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები, მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, შედეგად, გასაჩივრებული ბრძანება ამ ნაწილში გაუქმდა და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის 25.04.2023 წლის №8865 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს სადავო საკითხი და იმ შემთხვევაში სადაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელს უძრავი ქონება შეძენილი აქვს ი/მ -------- (ს/ნ --------) პირველი/მე-2 რიგის მემკვიდრეებისგან და რეალიზებულიც აქვს მისი ამავე რიგის მემკვიდრეებზე, უძრავი ქონების მიწოდების ოპერაცია შეფასდეს არაარსებითი ეკონომიკური გავლენის მქონედ და აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებაროს შემცირებას. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 25.04.2023 წლის №8865 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში წარდგენილ -------- ნოტარიულად დამოწმებულ განცხადებაზე, სადაც მითითებულია, რომ -------- მისი შვილიშვილის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება გადაუფორმა --------- იმ მიზნით, რომ ეწარმოებინა სამართლებრივი დავა მეზობელთან, ვინაიდან არ აძლევდა უფლებას გაემიჯნა მისი კუთვნილი ქონება, რომელიც გაფორმებული იყო შვილიშვილის სახელზე და რომელსაც -------- წარმოადგენს ყველგან შესაბამისი მინდობილობით. გამომდინარე იქიდან, რომ დიდხანს გაგრძელდა ეს უთანხმოება, --------- გადაწყვიტა პირადად ეწარმოებინა დავა და მისივე მითითებით --------მა კონკრეტული უძრავი ქონებები გადაუფორმა მის შვილებს (--------, -------), შვილიშვილებს (---------, --------) და თავად ---------. ამავე, განცხადების თანახმად, მასსა და ------- შორის არანაირი ფინანსური ანგარიშსწორება არ განხორციელებულა, ვინაიდან მის მიზანს წარმოადგენდა სამართლებრივი დავების დარეგულირება, რაშიც --------, როგორც იურისტი ეხმარებოდა. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ უძრავი ქონებების მიწოდება, რომელიც შეძენილი აქვს ი/მ --------- (ს/ნ --------) პირველი/მე-2 რიგის მემკვიდრეებისგან და რეალიზებულიც აქვს ამავე რიგის მემკვიდრეებზე, შესაძლებელია შეფასდეს არაარსებითი ეკონომიკური გავლენის მქონედ.

სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს სადავო საკითხი და იმ შემთხვევაში სადაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელს უძრავი ქონება შეძენილი აქვს ი/მ ------- (ს/ნ --------) პირველი/მე-2 რიგის მემკვიდრეებისგან და რეალიზებულიც აქვს მისი ამავე რიგის მემკვიდრეებზე, ქონების მიწოდების ოპერაცია შეფასდეს არაარსებითი ეკონომიკური გავლენის მქონედ და აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებაროს შემცირებას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სადავო ბრძანება არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან ყველა ფაქტობრივ გარემოებაზე აპელირების მიუხედავად შემოსავლების სამსახურმა არ გაიზიარა ის უტყუარი პოზიცია და მტკიცებულება, რომელიც წარადგინა, მისი გადამოწმება კი საკმაოდ მარტივი იყო ეჭვის შეტანის პირობებში, ამიტომ მიაჩნია რომ აღნიშნული ბრძანება უნდა გაუქმდეს და მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“, „ა.ბ“ და „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ: არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება, გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში 9.11.2022 და 18.11.2022 წელს წარდგენილი საჩივრებით მომჩივანმა წარმოადგინა -------- ნოტარიულად დამოწმებულ განცხადება, საიდანაც მისი განმარტებით, ირკვევა რომ მის მიზანს არ წარმოადგენდა ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება და ფორმალურად იყო მასზე გაფორმებული და ითხოვს აღნიშნული განცხადების შეფასებას და გათვალისწინებას სადავო საკითხის განხილვისას.

საბჭოს 15.12.2022 წლის №18162/2/2022 გადაწყვეტილებით საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები, მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, შედეგად, გასაჩივრებული ბრძანება ამ ნაწილში გაუქმდა და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის სადავო, 25.04.2023 წლის №8865 ბრძანებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს სადავო საკითხი და იმ შემთხვევაში სადაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელს უძრავი ქონება შეძენილი აქვს ი/მ ------- (ს/ნ -------) პირველი/მე-2 რიგის მემკვიდრეებისგან და რეალიზებულიც აქვს მისი ამავე რიგის მემკვიდრეებზე, უძრავი ქონების მიწოდების ოპერაცია შეფასდეს არაარსებითი ეკონომიკური გავლენის მქონედ და აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებაროს შემცირებას. ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართებულია და არ არსებობს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ამდენად, საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და შემოსავლების სამსახურის 25.04.2023 წლის №8865 ბრძანება უნდა დარჩეს ძალაში.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

უძრავი ქონების მიწოდების საფუძველზე დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.01.2019 წლიდან 1.01.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდებში უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისა და გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისი საანგარიშო პერიოდების დღგ-ის და წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. გამომდინარე იქიდან, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელი წარმოადგენს დღგის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს, აღნიშნული უძრავი ქონებების მიწოდება დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით უძრავი ქონების შეძენის და რეალიზაციის ფასები ერთმანეთს ემთხვეოდა, შესაბამისად, ამ ნაწილში საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის დამატებით საგადასახადო ვალდებულება არ გამოვლენილა. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

აღნიშნული აქტები 9.08.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 21.09.2022 წლის №24241 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც 9.11.2022 და 18.11.2022 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 15.12.2022 წლის №18162/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 21.09.2022 წლის №24241 ბრძანება, საჩივრები, პირველი დავის საგნის ნაწილში, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის 25.04.2023 წლის №8865 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შემოსავლების სამსახურის 25.04.2023 წლის №8865 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართებულია და არ არსებობს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ამდენად, საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და შემოსავლების სამსახურის 25.04.2023 წლის №8865 ბრძანება უნდა დარჩეს ძალაში.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 9(1), 159(1"ა"), 163, 164(1).

2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 160"ა", 161(1)(8).