გადაწყვეტილება №22495/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22495/2/2024
27 ივნისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 6.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22495/2/2024).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმება;
2. დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2023 წლის №261-28 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 7.02.2024 წლის №2286 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 28 808.98 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 17 577
ჯარიმა - 8 789
საურავი - 2 442.98
პროცედურული გარემოებები
2022 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით დღგ-ის ნაწილში აუდიტის დეპარტამენტის 15.09.2023 წლის №22747 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 5.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2023 წლის №31964 ბრძანება და 20.12.2023 წლის №261-28 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები 15.01.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 7.02.2024 წლის №2286 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების პროცესში დამუშავებულია შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, საიდანაც დგინდება, რომ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გადამხდელს მიღებული და ჩათვლილი აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა სამშენებლო მომსახურებაზე. აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა არ უფიქსირდება.
ვინაიდან, შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმებას დაექვემდებარა გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით ჩათვლილი დღგ-ის თანხა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და შემოწმების შედეგად დადგენილი ფაქტობრივ გარემოებზე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ რადგან საქონელი/მომსახურება არ არის გამიზნული და არ გამოიყენება დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისათვის, დასაბეგრ პირს არ წარმოეშვება დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლის უფლება. შესაბამისად, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს, შესამოწმებელ პერიოდში, არ უფიქსირდება დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა, შემოსავლების სამსახურს მართლზომიერად მიაჩნია საგადასახადო შემოწმების მიერ, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმება. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მისი საქმიანობაა მშენებლობა სოფლის პროექტების მხარდაჭერის ფარგლებში. აღნიშნულ საქმიანობას ახორციელებს 2019 წლიდან. ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საქმიანობის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
მომავალ პერიოდში შემოსავლის მიღების მიზნით 2022 წლის დეკემბერში გაწია ხარჯი, კერძოდ, მისი საქმიანობის ფარგლებში შეუკვეთა პროექტი შპს „----------“ (ს/ნ ----------). აღნიშნული ხარჯის გაწევის დამადასტურებელ დოკუმენტაცია ახლავს საჩივარს დანართის სახით. ოპერაციის განხორციელების პერიოდში მიღებული ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე ბუღალტერმა განახორციელა ჩათვლა. აღნიშნულის შემდგომ შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები და ასევე, გარდაიცვალა ადამიანი, რომელიც ეხმარებოდა საბუღალტრო საკითხების მოწესრიგებაში. შესაბამისად, ამ ოპერაციის შემდგომ სხვა ოპერაციების განხორციელება ვერ შეძლო და ვინაიდან ბუღალტერიის კუთხით ცოდნა არ გააჩნდა არ იცოდა თუ აღნიშნული ჩათვლის განხორციელება იყო მართლსაწინააღმდეგო ქმედება.
ითხოვს აღნიშნული გარემოებების შესწავლას და დარიცხული თანხის გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა;
გ) საქონლის იმპორტი.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
3. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
მომჩივანი საჩივარში მიუთითებს, რომ მომავალ პერიოდში შემოსავლის მიღების მიზნით 2022 წლის დეკემბერში გაწია ხარჯი, კერძოდ მისი საქმიანობის ფარგლებში შეუკვეთა პროექტი შპს „----------“. ოპერაციის განხორციელების პერიოდში მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე ბუღალტერმა განახორციელა ჩათვლა. ამ ოპერაციის შემდგომ სხვა ოპერაციების განხორციელება ვერ შეძლო და ვინაიდან ბუღალტერიის კუთხით ცოდნა არ გააჩნდა არ იცოდა თუ აღნიშნული ჩათვლის განხორციელება იყო მართლსაწინააღმდეგო ქმედება.
საჩივარს ახლავს 21.11.2022 წელს შპს „----------“ გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულება №----------და მიღება-ჩაბარების აქტი №----------.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა არ უფიქსირდება. ასევე დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელს მიღებული და ჩათვლილი აქვს სამშენებლო მომსახურებაზე გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში ასახული დღგ-ის თანხა, კერძოდ მომსახურების გამწევი კომპანია შემოწმების მომენტისათვის აღარ საქმიანობს, თუმცა აღნიშნული ოპერაცია დაბეგრილი აქვს. მომჩივანი არ თანამშრომლობდა შემოწმების პროცესში არ აქვს ნაჩვენები დასაბეგრი ოპერაციები, არ უფიქსირდება საქმიანობის გაგრძელება, თუმცა ხსენებულ ოპერაციაზე ჩათვლა მიღებული აქვს.
ზემოთ აღნიშნულიდან და მხარეთა არგუმენტებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება/გაუქმება მართებულია და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების შედეგად მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით 8 789 ლარი და აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2023 წლის №261-28 საგადასახადო მოთხოვნით საურავი 2 442.98 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
აღნიშნული საკითხი მომჩივანს შემოსავლების სამსახურში არ გაუსაჩივრებია.
მომჩივნის არგუმენტაცია
ითხოვს გათავისუფლდეს ჯარიმისა და საურავისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. ამგვარად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმება;
2. დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
1. შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა არ უფიქსირდება. ასევე დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელს მიღებული და ჩათვლილი აქვს სამშენებლო მომსახურებაზე გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში ასახული დღგ-ის თანხა, კერძოდ მომსახურების გამწევი კომპანია შემოწმების მომენტისათვის აღარ საქმიანობს, თუმცა აღნიშნული ოპერაცია დაბეგრილი აქვს. მომჩივანი არ თანამშრომლობდა შემოწმების პროცესში არ აქვს ნაჩვენები დასაბეგრი ოპერაციები, არ უფიქსირდება საქმიანობის გაგრძელება, თუმცა ხსენებულ ოპერაციაზე ჩათვლა მიღებული აქვს.
2. გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება/გაუქმება მართებულია და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 175; 176; 275.