გადაწყვეტილება №24838/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24838/2/2025
26 მარტი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---ის 28.02.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24838/2/2025).
დავის საგანი:
გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის განულება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. მომსახურების დეპარტამენტის 1.11.2024 წლის №21-11/81554 წერილი;
2. შემოსავლების სამსახურის 20.11.2024 წლის №24437 ბრძანება.
სადავო თანხა:
1 417 ლარი.
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათების შესწავლით დადგინდა, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი 2008-2012 წლების საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებით ბიუჯეტიდან შესამცირებლად გამოანგარიშებულია 3142 ლარი, რაც ნაწილობრივ გამოყენებულია შემდგომი პერიოდის ვალდებულების დასაფარად, ხოლო 01.01.2024 წლისთვის ზედმეტად გადახდილმა თანხამ შეადგინა 1417 ლარი.
ამასთან, 01.01.2021 წლიდან 01.01.2024 წლამდე პერიოდში ----ის პირადი აღრიცხვის ბარათზე არ ფიქსირდება გატარებული ოპერაცია, გარდა ნულოვანი ჩანაწერისა.
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების მე-4 მუხლის მე-20 პუნქტის საფუძველზე, განხორციელდა 2023 წლის 31 დეკემბრისთვის რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხის (1417 ლარი) ჩამოწერა. აღნიშნულის თაობაზე გადასახადის გადამხდელს ეცნობა მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 1 ნოემბრის N21-11/81554 წერილით, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 20.11.2024 წლის №24437 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, მე-4 მუხლზე, შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე და ყურადღებას ამახვილებს, რომ 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე პერიოდში მომჩივანს პირადი აღრიცხვის ბარათზე არ უფიქსირდება გატარებული ოპერაცია, გარდა ნულოვანი ჩანაწერებისა. ამდენად, ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, თადარიგის პოლკოვნიკი, ღირსების ორდენისა და ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის კავალერი, ასევე არაერთი უწყებრივი მედლის მქონე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და ავღანეთის სამშვიდობო მისიების მონაწილე. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან სარგებლობდა საგადასახადო შეღავათებით, რის გამოც შემოსავლების სამსახურის მიერ წინა წლებში ჩატარებული შემოწმების შედეგად პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა ზედმეტად გადახდილი საშემოსავლო გადასახადი. აღნიშნულ ზედმეტობას წლების მანძილზე იყენებდა ქონების გადასახადის მიზნებისთვის და 2023 წლის 31 დეკემბრისთვის ზედმეტობად უფიქსირდებოდა 1417 ლარი.
მომჩივანი განმარტავს, რომ 2024 წელს ქონების გადასახადის დეკლარაციით გადასახდელად დაერიცხა 800 ლარი, რომელიც დაფარული უნდა იქნეს 2024 წლის 15 ნოემბრამდე. დეკლარაციის წარდგენის დღეს შემთხვევით აღმოაჩინა, რომ ზედმეტობა იყო განულებული. აღნიშნული ზედმეტობის განულება განხორციელდა არასამართლიანად, რადგან თავის დროზე უარი ეთქვა საგადასახადო ორგანოს მხრიდან ზედმეტობის დაბრუნებაზე.
ამასთან, ზედმეტობის განულება განხორციელდა ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, იგი როგორც არა მეწარმე ფიზიკური პირი, პროფესიით სამხედრო, არ არის ვალდებული, ყოველწუთიერად ეცნობოდეს შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებულ მეთოდურ მითითებებს. ითხოვს პირადი აღრიცხვის ბარათზე აისახოს ჩამოწერილი ზედმეტობა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რომელიც აითვლება ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის დაბრუნების უფლების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.
საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) უფროსი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების მიზნით გამოსცემს ბრძანებებს, შიდა ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს საგადასახადო ორგანოების მიერ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე.
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების მე-4 მუხლის მე-20 პუნქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს უუქმდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ყოველი წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხა, რომელზეც მომდევნო წლის პირველი იანვრის მდგომარეობით გასულია საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის 3 ვადა, თუ მას გაუქმების ოპერაციის გატარების თარიღამდე ბოლო 3 წლის განმავლობაში არ უფიქსირდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე (მათ შორის, დროებითი აღრიცხვის ბარათზე) გატარებული ოპერაცია.
ამ მიზნით, მხედველობაში არ მიიღება ოპერაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ჩასათვლელი თანხა დარიცხული თანხის ტოლია).
სადავო საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილია მომსახურების დეპარტამენტის 6.03.2025 წლის №17060-21-11 წერილი, სადაც მითითებულია, რომ შესწავლილია გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათი, რითაც დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ წარდგენილი 2008-2012 წლების საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებით ბიუჯეტიდან შესამცირებლად გამოანგარიშებულია 3142 ლარი. აღნიშნული თანხა ნაწილობრივ გამოყენებულია შემდგომი პერიოდის ვალდებულების დასაფარად, ხოლო 1.01.2024 წლისთვის ზედმეტად გადახდილმა თანხამ შეადგინა 1417 ლარი. ამასთან, მომჩივანს 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე პერიოდში პირადი აღრიცხვის ბარათზე არ უფიქსირდება გატარებული ოპერაცია, გარდა ნულოვანი ჩანაწერებისა.
შესაბამისად, ავტომატურ რეჟიმში 3.01.2024 წელს, „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების მე-4 მუხლის მე-20 პუნქტის შესაბამისად, განხორციელდა 2023 წლის 31 დეკემბრისთვის რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხის, 1417 ლარის ჩამოწერა. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანს ბოლო სამი წლის განმავლობაში პირადი აღრიცხვის ბარათზე არ უფიქსირდება გატარებული ოპერაციები, გარდა ნულოვანი ჩანაწერებისა, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ზედმეტად რიცხული თანხის ჩამოწერასთან დაკავშირებით, მართლზომიერია.
ამდენად, საქმეში არსებული მასალების და ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის განულება.
ფაქტობრივი გარემოებები:
გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათების შესწავლით დადგინდა, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი 2008-2012 წლების საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებით ბიუჯეტიდან შესამცირებლად გამოანგარიშებულია 3142 ლარი, რაც ნაწილობრივ გამოყენებულია შემდგომი პერიოდის ვალდებულების დასაფარად, ხოლო 01.01.2024 წლისთვის ზედმეტად გადახდილმა თანხამ შეადგინა 1417 ლარი.
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების მე-4 მუხლის მე-20 პუნქტის საფუძველზე, განხორციელდა 2023 წლის 31 დეკემბრისთვის რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხის (1417 ლარი) ჩამოწერა. აღნიშნულის თაობაზე გადასახადის გადამხდელს ეცნობა მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 1 ნოემბრის N21-11/81554 წერილით, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 20.11.2024 წლის №24437 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება:
საქმეში არსებული მასალების და ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 4 (8).