ბრძანება N 10595-2
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 10595
11/04/2019
შპს -----
(მის: ქ. ---------)
სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2018 წლის 27 სექტემბერს, 2019 წლის 24 იანვარს და 14 მარტს გამართულ სხდომებზე (ოქმი N78, N3, N15) განიხილა შპს ----- ელ. საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 10 ივლისის N005-122 „საგადასახადო მოთხოვნას“.
გადამხდელი არ ეთანხმება ნაპატიები პირგასამტეხლოს დაბეგვრას და აღნიშნულის გაანგარიშების მეთოდს. წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ შემოწმების მასალებში თავად შემმოწმებელი აფიქსირებს, რომ „2015 წლის 18 ნოემბერს გაფორმებულია ოთხმხრივი ხელშეკრულება საქართველოს ------ , სსიპ „-------“, შპს -----სა და შპს -----ს შორის, რომლის მიხედვითაც შპს ----- მა მოიპოვა უძრავ ქონებებზე არსებული შპს ----- უფლება-მოვალეობები, ისე თითქოს ნასყიდობის ხელშეკრულებაში შპს ----- თავიდანვე წარმოადგენდა მხარეს“. ოთხმხრივი ხელშეკრულების მე-3 მუხლში ცალსახად არის აღნიშნული, რომ „ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან, ა) --- და „-----“ უარს აცხადებენ „ნასყიდობის ხელშეკრულების“ საფუძველზე დაკისრებულ „--”-ის პირგასამტეხლოებზე“... ბ) საქართველოს -----, საკუთარი და ნებისმიერი სამთავრობო უწყების, ------ოს, დაწესებულების... სახელით გამოუთხოვად აცხადებს უარს „---”-ს მიმართ ნებისმიერ მოთხოვნაზე, რომელიც გამომდინარეობს ან დაკავშირებულია „ნასყიდობის ხელშეკრულებასთან“ ან/და „ქონებასთან“. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ „ნასყიდობის ხელშეკრულებაში“ სახელმწიფომ ------ ჩაანაცვლა ისე, თითქოს ის თავიდანვე წარმოადგენდა მხარეს და „ნასყიდობის ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული ყველა ვალდებულება მასზე გადაიტანა. ამდენად, როგორც ფაქტობრივად, ისე სამართლებრივად პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების სუბიექტია „-----“ და არა შპს -----. ამასთან, გადამხდელი აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ შემოწმების მასალებით არ ირკვევა, თუ როგორ იქნა დათვლილი ჯარიმის თანხა 85 362 000 აშშ დოლარი. ასევე, გაურკვეველია თუ რატომ დასრულდა ჯარიმის ათვლა 2015 წლის 1 დეკემბერს და არა 18 ნოემბერს, როცა გაფორმდა „ოთხმხრივი ხელშეკრულება“. გაურკვეველია პირგასამტეხლოს გაანგარიშების მეთოდი, კერძოდ პირგასამტეხლოს დათვლა მოხდა საინვესტიციო ვალდებულების სრული ოდენობიდან თუ გათვალისწინებული იქნა შპს ----- მიერ შესრულებული საინვესტიციო ვალდებულებათა შესაბამისი ოდენობა. გადამხდელი აგრეთვე მიუთითებს, რომ 2013 წლის 15 იანვრიდან მოთხოვნა, როგორც საინვესტიციო ვალდებულების შესრულებაზე, ისე ვადის გადაცილების პირგასამტეხლოზე მთლიანად ხანდაზმულია.
საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 19 აგვისტოს №24009 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ----- კამერალური ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2018 წლის 27 ივნისს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2018 წლის 10 ივლისს გამოსცა N17650 ბრძანება და ამავე თარიღის N005-122 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლითაც გადამხდელს დამატებით დაერიცხა სულ 6 689 363.09 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 3 309 457 ლარი, ჯარიმა 1 654 828 ლარი და საურავი 1 725 078.09 ლარი.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით და შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საზოგადოების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად დგინდება, რომ 2007 წლის 15 იანვარს შპს ----- და ----- სამინისტროს შორის გაფორმებულია ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შპს ----- შეიძინა ქ.-----ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა 6 000 000 აშშ დოლარად, იმ პირობით რომ განხორციელდებოდა სასტუმროს მოწყობა განსაზღვრულ ვადებში. 2015 წლის 18 ნოემბერს გაფორმებულია ოთხმხრივი ხელშეკრულება: საქართველოს -----ს, სსიპ -----ს , შპს ----- და შპს ----- შორის, რომლის მიხედვითაც შპს -----მა" მოიპოვა უძრავი ქონებებზე არსებული შპს ----- უფლება-მოვალეობები ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, ისე თითქოს ნასყიდობის ხელშეკრულებაში შპს -----თავიდანვე წარმოადგენდა მხარეს. 2015 წლის 9 ნოემბერს გაფორმებულია შპს ----- და შპს ----- შორის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, ამასთან სახელმწიფოს მიერ ნაპატიებია შპს ----- პირველად ნასყიდობის ხელშეკრულებით დარიცხული/დასარიცხი პირგასამტეხლოს თანხა. შემოწმებით დარიცხული/ნაპატიები პირგასამტეხლოს შესახებ ინფორმაცია შესაბამისი გაანგარიშებით გამოთხოვილი იქნა სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით ინვესტიციის ვადის განხორციელების ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს დარიცხვა დაიწყო 2010 წლის 21 მარტს და დასრულდა 2015 წლის 01 დეკემბერს. დარიცხული და ნაპატიები პირგასამტეხლოს თანხა ჯამურად შეადგენს - 85 362 000 აშშ დოლარს. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შემოწმებით ნაპატიები ვალი განხილულ იქნა შპს ----- მიერ მიღებულ სარგებლად და ნაპატიები სრული თანხა ჩართულ იქნა 2015 წლის ერთობლივ შემოსავალში, ამასთან ვინაიდან 2011 წლის 1 ნოემბრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო და სხვა ჯარიმები აღირიცხება საკასო მეთოდით, შემოწმებით გამოქვითვებში გათვალისწინებული იქნა 2011 წლიდან დარიცხული პირგასამტეხლოს ხარჯი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოგების გადასახადით დაბეგრილი სხვაობა წარმოადგენს 2010 წელს დარიცხული პირგასამტეხლოს თანხას. აღნიშნული თანხის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვის უფლება საზოგადოებას ჰქონდა 2010 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაში.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საჩივარში წარმოდგენილ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს სსკ-ის მე-100 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:
ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;
ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;
გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.
სსკ-ის 136-ე მუხლის თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
2. თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გადასახადის გადამხდელი შემოსავლებისა და ხარჯების აღსარიცხავად იყენებს საკასო ან დარიცხვის მეთოდს, იმის მიხედვით, თუ რომელ მეთოდს იყენებს ბუღალტრული აღრიცხვისათვის.
13. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო და სხვა ჯარიმები აღირიცხება საკასო მეთოდით.
სსკ-ის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. სზაკ–ის 96–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქმის გამოკვლევისას მნიშვნელობა ენიჭება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული სამართლის პრინციპების დაცვის უზრუნველყოფის ხარისხს, რაც თავის მხრივ, პირდაპირ განაპირობებს ადმინისტრაციული წარმოების მხარის კანონიერ მოლოდინს, რომ ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს სწორედ სამართლით აღიარებული და კანონით განმტკიცებული პრინციპებით.
ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ დავის განმხილველი ორგანო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებულ ურთიერთობებიდან წარმოიშობიან.
როგორც უკვე აღინიშნა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს.
ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ადმინისტრაციული კანონმდებლობის იმპერატიული დანაწესი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი კუთხით დასაბუთების ვალდებულების თაობაზე ემსახურება მიღებული გადაწყვეტილების არა მომავალ დროში, არამედ საკითხის გადაწყვეტის დროისთვის არსებული მდგომარეობით დასაბუთებას. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცალსახად და არაორაზროვნად უნდა იყოს მითითებული ის კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები, რაც საფუძვლად უდევს მოთხოვნის უარყოფას და შეძლებისდაგვარად უნდა გამოირიცხოს ზოგადი ხასიათის ბუნდოვანი განმარტებები.
შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოკლებულია დასაბუთებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს სადავო აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ჯეროვნად არ განუხორციელებია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა-შეფასების პროცედურა და გადაწყვეტილება მიღებული იქნა ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე, რის გამოც სადავო აქტები საჭიროებს დამატებით შესწავლას.
აუდიტის დეპარტამენტმა ფაქტობრივი გარემოებების ჯეროვნად გამოკვლევისა და შეფასების შედეგად სამართლევბრივი დასკვნის ჩამოყალიბებამდე, თუ ეს დასკვნა საჩივრის ავტორის პოზიციის საწინააღმდეგოა, უნდა უზრუნველყოს ადმინისტრაციულ წარმოებაში გადასახდის გადამხდელის მონაწილეობა და მხარეთა პოზიციების ურთიერთშეჯერების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და საბჭოზე გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული დარიცხვის საფუძვლები საჩივარში წარმოდგენილ სადავო საკითხთან მიმართებაში საჭიროებს დამატებით შესწავლას/მოკვლევას, განსახილველი სადავო საკითხი ყოველმხრივ შესასწავლი და გამოსაკვლევია. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს, სსკ-ის 70-ე მუხლის შესაბამისად მესამე პირებისაგან, მათ შორის ------ სამინისტროსგან/სსიპ ----- სგან გამოითხოვოს ინფორმაცია (დოკუმენტებთან ერთად) „------ს“, „------ს“ და „---“-ს შორის არსებული მიმოწერების თაობაზე, რომელზე დაფუძნებითაც შედგენილია 2015 წლის 18 ნოემბრის „ოთხმხრივი ხელშეკრულება“; ამასთანავე, ყოველმხრივი შესწავლის გზით დაადგინოს ფაქტობრივი გარემოება: ----- სამინისტროსა და შპს ----- შორის 2007 წლის 15 იანვარს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში შეუსრულებელი ვალდებულებებისთვის რა ნაწილში აქვს ადმინისტრაციულ ორგანოს მოთხოვნილი პირგასამტეხლო და ასეთის არსებობის შემთხვევაში ჰქონდა თუ არა ვალის/ვალდებულების პატიების ფაქტს ადგილი. აღნიშნული მასალების, გამოთხოვილი ინფორმაციის სრულყოფილი გამოკვლევისა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს აუდიტის დეპარტამენტმა დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
ამასთან, შემოსავლების სამსახური სადავო საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებულ სანქციებთან დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 და მე-21 ნაწილებზე, რომლის თანახმად:
2. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა, ხოლო თუ შემოღებულია ან დამძიმებულია პასუხისმგებლობა, გამოიყენება ქმედების ჩადენის მომენტისათვის არსებული ნორმა.
21. თუ საგადასახადო დავის განხილვის დასრულებამდე კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, დავის განმხილველი ორგანო ვალდებულია გამოიყენოს ახალი კანონით დადგენილი ნორმა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2018 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების (ძალაში შესულია 2019 წლის 01 იანვარს) შესაბამისად სსკ-ის 272-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი: „21. საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან.“
სსკ-ის 275-ე მუხლის (2019 წლის 01 იანვრამდე მოქმედი) მიხედვით:
2. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით;
3. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ითვლება დეკლარაციაში გადასახადის შემცირებად და იწვევს ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2018 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების (ძალაში შესულია 2019 წლის 01 იანვარს) მიხედვით სსკ-ის 275-ე მუხლის თანახმად:
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
3. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირებად განიხილება და შესაბამის შემთხვევაში იწვევს ამ მუხლის პირველი−22 ნაწილებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
5. საგადასახადო შემოწმების შედეგად ამ მუხლის შესაბამისად შეფარდებული ჯარიმების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახდელად დარიცხული გადასახადების თანხების ოდენობას.
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო აღნიშნავს, რომ ვინაიდან დავის პერიოდში სანქციის განმსაზღვრელ ნორმებში განხორციელდა ცვლილებები და ახალი ნორმებით შემსუბუქებულია სანქციები ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევებისთვის, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ სსკ-ის 269-ე მუხლის მე-21-ე ნაწილის გათვალისწინებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს სსკ-ის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება (შემცირება).
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ----- საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს, სსკ-ის 70-ე მუხლის შესაბამისად მესამე პირებისაგან, მათ შორის ----- სამინისტროსგან/სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული -----სგან გამოითხოვოს ინფორმაცია (დოკუმენტებთან ერთად) „სამინისტროს“, „--------ს“ და „-----“-ს შორის არსებული მიმოწერების თაობაზე, რომელზე დაფუძნებითაც შედგენილია 2015 წლის 18 ნოემბრის „ოთხმხრივი ხელშეკრულება“; ამასთანავე, ყოველმხრივი შესწავლის გზით დაადგინოს ფაქტობრივი გარემოება: ----- სამინისტროსა და შპს ----- შორის 2007 წლის 15 იანვარს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში შეუსრულებელი ვალდებულებებისთვის რა ნაწილში აქვს ადმინისტრაციულ ორგანოს მოთხოვნილი პირგასამტეხლო და ასეთის არსებობის შემთხვევაში ჰქონდა თუ არა ვალის/ვალდებულების პატიების ფაქტს ადგილი. აღნიშნული მასალების, გამოთხოვილი ინფორმაციის სრულყოფილი გამოკვლევისა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს აუდიტის დეპარტამენტმა დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სსკ-ის 269-ე მუხლის მე-21-ე ნაწილის გათვალისწინებით შეისწავლოს სსკ-ის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება (შემცირება);
4. ამ ბრძანების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განხორციელდეს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. ამ ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. 16) ან სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება ნაპატიები პირგასამტეხლოს დაბეგვრას და აღნიშნულის გაანგარიშების მეთოდს და მიუთითებს, რომ მოთხოვნა, როგორც საინვესტიციო ვალდებულების შესრულებაზე, ისე ვადის გადაცილების პირგასამტეხლოზე ხანდაზმულია.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტის მიხედვით მომჩივანსა და სამინისტროს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გადამხდელს უნდა განეხორციელებინა სასტუმროს მოწყობა. გაფორმდა ოთხმხრივი ხელშეკრულება: რომლის მიხედვითაც უძრავ ქონებებზე მომჩივანი საწარმოს უფლება-მოვალეობები მოიპოვა სხვა საწარმომ. ამასთან სახელმწიფოს მიერ ნაპატიებია მომჩივანი საწარმოსთვის პირველად ნასყიდობის ხელშეკრულებით დარიცხული/დასარიცხი პირგასამტეხლოს თანხა. შემოწმებით ნაპატიები ვალი განხილულ იქნა მომჩივანის მიერ მიღებულ სარგებლად და ჩართულ იქნა ერთობლივ შემოსავალში, ამასთან გამოქვითვებში გათვალისწინებული იქნა 2011 წლიდან დარიცხული პირგასამტეხლოს ხარჯი. მოგების გადასახადით დაბეგრილი სხვაობა წარმოადგენს 2010 წელს დარიცხული პირგასამტეხლოს თანხას. აღნიშნული თანხის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვის უფლება საზოგადოებას ჰქონდა 2010 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაში.
გადაწყვეტილება
აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ყოველმხრივი შესწავლის გზით დაადგინოს ფაქტობრივი გარემოება ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში შეუსრულებელი ვალდებულებებისთვის რა ნაწილში აქვს ადმინისტრაციულ ორგანოს მოთხოვნილი პირგასამტეხლო და ასეთის არსებობის შემთხვევაში ჰქონდა თუ არა ვალის/ვალდებულების პატიების ფაქტს ადგილი. და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 70; 100; 105; 136