გადაწყვეტილება №20459/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20459/2/2023
26 იანვარი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-----------“ (ს/ნ --------------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---------“-ის 2.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20459/2/2023).
დავის საგანი:
1. ბეტონის წარმოების ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;
3.საწვავის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად მიჩნევა, მოგების გადასახადით დაბეგვრა და დღგ-ის ჩათვლებში გაუთვალისწინებლობა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2.06.2023 წლის №006-220 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 21.07.2023 წლის №17801 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 304 745 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 170 970
დღგ - 62 189
მოგების გადასახადი - 11 094
საშემოსავლო გადასახადი - 97 080
ქონების გადასახადი - 586
ქონების გადასახადი (სასოფლო მიწა) - 21
ჯარიმა - 84 990
საურავი - 48 785
პროცედურული გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა ბეტონის წარმოება და ღორღიანი და ქვიშოვანი კარიერების დამუშავება. კომპანია ქალაქ ------ში ახდენს ბეტონის წარმოებას და რეალიზაციას, ასევე -------სის მუნიციპალიტეტში, სოფელ -------ში აღებული აქვს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 24.07.2020 წლიდან 1.07.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 31.05.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 2.06.2023 წლის №12282 ბრძანება და №006-220 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 21.07.2023 წლის №17801 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ბეტონის წარმოების ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით
ფაქტების აღწერა
აღებული ლიცენზიის ფარგლებში კომპანია ახდენს ბალასტის მოპოვებას და სხვადასხვა ნედლეულის წარმოებას (ქვიშა, ღორღი, კენჭი, ლამი). შესამოწმებელ პერიოდში კომპანია ახორციელებს, როგორც მოპოვებული ნედლეულის რეალიზაციას, ასევე მოპოვებულ ნედლეულს იყენებს საკუთარი ბეტონის წარმოებისთვის.
შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ მიწოდებული ბუღალტრული პროგრამის მიხედვით (ორისი), კომპანიას უფიქსირდება სასაქონლო მატერიალური-ფასეულობების არარეალური ნაშთები (ცემენტი, ბეტონი), ხოლო ბეტონის საწარმოებლად ჩამოწერს არარეალური რაოდენობის ნედლეულს (ცემენტი). ასევე შესამოწმებელ პერიოდში არის ორჯერ დაჯარიმებული ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირებისათვის. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, გაანგარიშდა კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი ცემენტის რაოდენობა და თუ რა რაოდენობის ცემენტი დაჭირდებოდა ბეტონის წარმოებისთვის. ბეტონის საწარმოებლად შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მიწოდებული გადამხდელის კალკულაციები, რომელიც თანხვედრაშია (იმავე ტერიტორიულ ერთეულზე) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებულ საინჟინრო დასკვნასთან (ბეტონის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის კალკულაციებთან დაკავშირებით). ცემენტის საბოლოო ნაშთად გამოყენებულია შემოწმებით დადგენილი ცემენტის ნაშთი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და შემოწმებით განსაზღვრული გამოსავლიანობის გათვალისწინებით გაანგარიშდა საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში წარმოებული მზა ბეტონის რაოდენობა, რომელიც აღემატება გადამხდელის მიერ დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის მოცულობას. მზა ბეტონის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა თუ რომელი მარკის და რა რაოდენობის ბეტონი იქნა რეალიზებული და სმფ-ები წარმოებაში ჩართულ იქნა რეალიზებული ბეტონის სახეობების პროპორციულად.
დამატებით გამოვლენილი მზა პროდუქცია ჩაითვალა რეალიზებულად გადამხდელის დოკუმენტურად დადასტურებული ფასით. აღნიშნულის გათვალისწინებით, გაიზარდა საწარმოს დღგით დასაბეგრი ბრუნვა, აგრეთვე შემოწმებით დამატებით გამოვლენილი შემოსავალი განხილულ იქნა ანგარიშვალდებული პირის მიერ მიღებულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი, ასევე, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დადგენილი ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, 2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით, განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
გაუგებარია რა მონაცემების საფუძველზე დადგინდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ ცემენტის ნაშთი, ასე უპირობოდ, რომ არის დაფიქსირებული არარეალურ ნაშთად, ასევე ბეტონის წარმოების გაზრდა მხოლოდ ერთი პარამეტრის (ცემენტის) მიხედვით.
კომპანიის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება მიმდინარეობს საბუღალტრო პროგრამა „ორისში“, სადაც დეტალურად არის აღრიცხული საქონლის, ნედლეულის და მასალების აღრიცხვა, ასევე დადგენილია ერთეული პროდუქციის (ბეტონის) საწარმოებლად გამოსაყენებელი მასალების და ნედლეულის ნორმები, რის საფუძველზეც ხდება ბეტონის წარმოება და შესაბამისად წარმოებული ბეტონის რეალიზაცია.
აუდიტის დეპარტამენტმა რატომღაც დააფიქსირა, რომ საწარმოში არ არის ბუღალტრული აღრიცხვა, ასეთი დასკვნის უფლება მას არ ჰქონდა, ვინაიდან კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვა სრულად შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას, აქედან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტი მიზანმიმართულად აფიქსირებს ტყუილს, რომ გადავიდეს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლზე და გადასახადები გაიანგარიშოს არაპირდაპირი მეთოდით, ხოლო შემდგომ იშველიებს სამხარაულის საექსპერტო დასკვნას ბეტონის წარმოების ნორმებთან დაკავშირებით, ხოლო აღნიშნული დასკვნა არც შემოწმების აქტს არ ერთვის და სრულიად შესაძლებელია არც არსებობდეს, კომპანიის წარმოებულ ბეტონზე გამოყენებაში ჰქონდა მის მიერ დაწესებული და ნორმად დამტკიცებული მასალის ხარჯების ნორმები, რომლის მიხედვითაც მიმდინარეობს ბეტონის წარმოება, აღნიშნული ნორმებით წარმოებული ბეტონი ასახულია საბუღალტრო პროგრამაში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა; ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ: ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად: 1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 25.09.2023 წლის №95492-21-14 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ კომპანიას აქვს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია. აღებული ლიცენზიის ფარგლებში ახდენს ბალასტის მოპოვებას და სხვადასხვა ნედლეულის წარმოებას. კომპანია ახორციელებს, როგორც მოპოვებული ნედლეულის რეალიზაციას, ასევე მოპოვებულ ნედლეულს იყენებს საკუთარი ბეტონის წარმოებისთვის. შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ მოწოდებული ბუღალტრული პროგრამის მიხედვით (ორისი), კომპანიას უფიქსირდება სასაქონლო მატერიალური-ფასეულობების ცემენტის და მზა ბეტონის არარეალური ნაშთები, ხოლო ბეტონის საწარმოებლად ჩამოწერს არარეალური რაოდენობის ნედლეულს (ცემენტს). გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ორჯერაა დაჯარიმებული ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირებისათვის. შემოწმებამ იხელმძღვანელა სსკ-ის 73-ე მუხლის მიხედვით გათვალისწინებული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, გაანგარიშებულ იქნა კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი ცემენტის რაოდენობა და თუ რა რაოდენობის ცემენტი დაჭირდებოდა ბეტონის წარმოებისთვის. ბეტონის საწარმოებლად შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მოწოდებული გადამხდელის კალკულაციები, რომელიც თანხვედრაშია (იმავე ტერიტორიულ ერთეულზე) ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებულ №----- საინჟინრო დასკვნასთან (ბეტონის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის კალკულაციებთან დაკავშირებით). ცემენტის საბოლოო ნაშთად გამოყენებულ იქნა შემოწმებით დადგენილი ცემენტის ნაშთი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეძენილი სასაქონლო მატერიალური-ფასეულობებისა და შემოწმებით განსაზღვრული გამოსავლიანობის გათვალისწინებით გაანგარიშებულ იქნა საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში წარმოებული მზა ბეტონის რაოდენობა, რომელიც აღემატება გადამხდელის მიერ დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქციის მოცულობას. შემოწმების მიერ მზა ბეტონის გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა თუ რომელი მარკის რა რაოდენობის ბეტონი იქნა რეალიზებული და სმფ-ები წარმოებაში ჩართულ იქნა რეალიზებული ბეტონის სახეობების პროპორციულად. შემოწმებით დამატებით გამოვლენილი მზა პროდუქცია ჩაითვალა რეალიზებულად გადამხდელის დოკუმენტურად დადასტურებული ფასით. გაიზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, აგრეთვე შემოწმებით დამატებით გამოვლენილი შემოსავალი განხილულ იქნა ანგარიშვალდებული პირის, საწარმოს დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა ზოგადად ისაუბრა და ვერ შეძლო დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც შემოწმებისას დადგენილი ზემოაღნიშნული გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 31.05.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საწარმოს სააღრიცხვო და დეკლარირებული მონაცემების ანალიზით ირკვევა, რომ საწარმოს აქვს ძირითადი საშუალებები, კერძოდ: ბეტონის საწარმოო დანადგარები, ოფისის აღჭურვილობა და სხვა. აღრიცხული ძირითადი საშუალებები საწარმოს სრულად არ აქვს დაბეგრილი ქონების გადასახადით. საგადასახადო კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლების შესაბამისად, საწარმოს დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტით, 202-ე მუხლის პირველი ნაწილით, 205-ე მუხლის მე-2 ნაწილით და აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით, განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ამ ნაწილში არგუმენტებს არ წარმოადგენს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
შემოწმების პროცესში საწარმოს სააღრიცხვო და დეკლარირებული მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს ძირითადი საშუალებები (ბეტონის საწარმოო დანადგარები, ოფისის აღჭურვილობა და სხვა) სრულად არ აქვს დაბეგრილი ქონების გადასახადით. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 201-ე და 202-ე მუხლების საფუძველზე, საწარმოს დაერიცხა ქონების გადასახადი.
მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს ან რაიმე მტკიცებულებას, რაც შემოწმებით დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. საწვავის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად მიჩნევა, მოგების გადასახადით დაბეგვრა და დღგ-ის ჩათვლებში გაუთვალისწინებლობა
ფაქტების აღწერა
საწარმოს ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილი აქვს 492 985 ლარის (201 311 ლიტრი) საწვავი, ძირითადად დიზელი (200 890 ლიტრი), რაზეც ჩათვლილია დღგ 75 207 ლარი. შსს-დან მოწოდებული ინფორმაციით საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში რეგისტრირებული არ აქვს ავტოსატრანსპორტო საშუალება. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში პერიოდულად იჯარით აქვს აღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების და გადამხდელის სხვა ინფორმაცია-დოკუმენტაციის ანალიზით დგინდება, რომ საწვავზე გაწეული ხარჯი არსებითად შეუსაბამოა საწარმოს მიერ განხორციელებულ ოპერაციებთან. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საწვავის ჩამოწერებით კომპანია იჯარით აღებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ჩამოწერს არარეალურ საწვავს.
საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე, 97-ე და 175-ე მუხლების მიხედვით, ეკონომიკურ საქმიანობაში/დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციაში გამოყენებული საწვავის მოცულობის განსაზღვრის მიზნით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ იქნა საწარმოს საწვავის ხარჯი, იჯარით სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების განხორციელებული რეისების და ტიპის მიხედვით. გამოვლენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა არაეკონომიკურ ხარჯად და შესაბამისი საქონელი/საწვავი მიჩნეულ იქნა, რომ არ არის გამოყენებული დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში. ამ ნაწილში გაუქმდა მიღებული ჩათვლები, საწარმოს დაერიცხა დღგ, ხოლო ხარჯები რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან დაიბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით, 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1.01.2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით, განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის განცხადებით, კომპანიის მიერ თავისივე ნაწარმოები საქონელი (ბეტონი, საშენი მასალები) სატრანსპორტო გადაზიდვა შესრულებულია #--- რეისით ძირითადად -----ის რ-ნი სოფ. -----დან ------სში, აღნიშნულ გადაზიდვებზე სრულად იქნა გამოყენებული კომპანიის მიერ შეძენილი საწვავი და საწვავის გამოყენება სრულ შესაბამისობაშია ავტოტრანსპორტის ტექნიკურ მონაცემებთან, ხოლო აუდიტის დეპარტამენტმა, რის საფუძველზე მოახდინა გაანგარიშება და რის საფუძველზე დაასკვნა, რომ საწვავის ხარჯვა მიაკუთვნა არაეკონომიკურ ხარჯებს, აღნიშნულზე შემოწმების აქტში დაფიქსირებულია მხოლოდ ზეპირი მსჯელობა რომელსაც არ გააჩნია საფუძველი, აქედან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს ამ მიზეზით დამატებით დარიცხული გადასახადები.
აღნიშნულ პოზიციასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 21 ივლისის №17801 ბრძანებაში დაფიქსირებულია, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია დოკუმენტაციის მონაცემების ანალიზით საწარმოს მიერ საწვავზე გაწეული ხარჯი არსებითად შეუსაბამოა საწარმოს მიერ განხორციელებულ ოპერაციებთან, გამოვლენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა არაეკონომიკურ ხარჯად და მიჩნეულ იქნა, რომ შესაბამისი საქონელი/საწვავი არ იყო გამოყენებული დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საწარმოს მიერ შეძენილი საწვავის ნაწილის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვა და ამ საფუძვლით მოგების გადასახადით დაბეგვრა, ასევე, ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმება მართლზომიერია“. საწარმომ (ბეტონის, ნედლეულის მწარმოებელმა და გადამზიდავმა) საწვავი გამოიყენა არაეკონომიკურ საქმიანობაში? როგორ და რის საფუძველზე დადგინდა, ასეთი არალოგიკური გადაწყვეტილება, მით უმეტეს არაპირდაპირი მეთოდით გაზარდეს ბეტონის წარმოება, თუ ბეტონის წარმოება გაიზარდა მისი ტრანსპორტირებაც განხორციელდა. ასე, რომ საწვავის არაეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება წარმოადგენს არასწორ გადაწყვეტილებას და უნდა აღდგეს ყველა ჩასათვლელი დღგ და გადაანგარიშდეს ამ დარღვევაზე დამატებით დარიცხული გადასახადები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.
1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
1.01.2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
1.01.2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
დადგენილია, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში რეგისტრირებული არ აქვს ავტოსატრანსპორტო საშუალება. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში პერიოდულად იჯარით აქვს აღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და გადამხდელის სხვა ინფორმაცია-დოკუმენტაციის მონაცემების ანალიზით, საწვავზე გაწეული ხარჯი არსებითად შეუსაბამოა საწარმოს მიერ განხორციელებულ ოპერაციებთან. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საწვავის ჩამოწერებით კომპანია იჯარით აღებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ჩამოწერს არარეალურ საწვავს. ეკონომიკურ საქმიანობაში/დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციაში გამოყენებული საწვავის მოცულობის განსაზღვრის მიზნით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ იქნა საწარმოს საწვავის ხარჯი, იჯარით სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების განხორციელებული რეისების და ტიპის მიხედვით. გამოვლენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა არაეკონომიკურ ხარჯად და შესაბამისი საქონელი/საწვავი მიჩნეულ იქნა, რომ არ არის გამოყენებული დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში. ამ ნაწილში გაუქმდა მიღებული ჩათვლები, საწარმოს დაერიცხა დღგ, ხოლო ხარჯები რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან დაიბეგრა მოგების გადასახადით.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ეკონომიკურ საქმიანობისათვის შეძენილი საწვავის გათვალისწინება განხორციელდა და მხოლოდ გარკვეული, შედარებით მცირე ნაწილი ჩაითვალა არაეკონომიკურ ხარჯად, რაც დაიბეგრა შესაბამისი გადასახადებით.
მომჩივნის წარმომადგენელმა ზოგადად ისაუბრა და ვერ შეძლო დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული რაიმე სახის მტკიცებულების წარმოდგენა, რაც შემოწმებისას დადგენილი ზემოაღნიშნული გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. ბეტონის წარმოების ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;
3.საწვავის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად მიჩნევა, მოგების გადასახადით დაბეგვრა და დღგ-ის ჩათვლებში გაუთვალისწინებლობა.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 24.07.2020 წლიდან 1.07.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა №12282 ბრძანება და №006-220 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის №17801 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტების,სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“ ); 201( „ა.ა“); 205(2) ;