ბრძანება N 33584

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 28.12.2023
№ დოკუმენტი 33584
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 33584

28 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

უსფწ „შპს---------“ (ს/ნ ---------)

(მის.: ---------)

2023 წლის 6 და 7 დეკემბრის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №135) განიხილა უსფწ „ -------------“-ს (ს/ნ ----------) 2023 წლის 6 დეკემბრის №85862/1/2023 და 7 დეკემბრის №85900/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 ნოემბრის №006-563 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით დღგ-ში განსაზღვრულ ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ სამშენებლო კონტრაქტი გაფორმებულია „-----------.,“-სა და ---------- (დამკვეთს) შორის, გარკვეულ სამშენებლო სამუშაოებზე, ხოლო ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 909 024 280,62 ლარს. „------------.,“ მოელოდა, რომ სამუშაოებთან დაკავშირებით ხარჯების ნაწილის გაწევა მოუწევდა საქართველოს ფარგლებს გარეთ და ამავდროულად, ექნებოდა უცხოური ვალუტის შესყიდვის აუცილებლობა. კონტრაქტის პირობების შესაბამისად, კომპანიამ გამოიყენა უფლება და მოითხოვა მიეღო დამატებითი მომსახურება, რაც გამოიხატება იმაში, რომ გაწეული/გასაწევი მომსახურებისათვის მისაღები კომპენსაციის თანხის შესაბამისი ნაწილის (ლარის) სანაცვლოდ, „დამკვეთს“ მხარეებს შორის წინასწარ შეთანხმებული კურსით, მოეწოდებინა აშშ დოლარი. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით „გადახდის ვალუტების უწყისში“ მიეთითა ანაზღაურების შემდეგი პირობები: „სრული საკონტრაქტო ღირებულების“ 20% − ლარში, ხოლო 80%-ის სანაცვლოდ, მხარეთა შორის წინასწარ შეთანხმებული კურსით, ლარის შესაბამისად გამოანგარიშებული აშშ დოლარი. ანუ, სრული საკონტრაქტო ღირებულების, დოლარში ასანაზღაურებელი 80%-ის ნაწილში, კონტრაქტორი ხდება კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულების მონაწილე, რომლის თანახმადაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ კონტრაქტორი 685 725 868,09 ლარის სანაცვლოდ მომავალში მიიღებდა დამკვეთისგან აღნიშნული ხელშეკრულების საბაზისო აქტივს − 254 151 391,01 აშშ დოლარს, საბაზისო მაჩვენებლით, კურსით 2,6981. კონტრაქტში, მომსახურების ღირებულება ფიქსირებული სიდიდეა და განსაზღვრულია ეროვნულ ვალუტაში, შესაბამისად, მისაღები კომპენსაციის თანხა ხელშეკრულებით განსაზღვრულია და ის შეადგენს 909 024 280,62 ლარს. აქედან გამომდინარე, ხელშეკრულების შესრულების თითოეულ ეტაპზე, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა იქნება აღნიშნული კომპენსაციის თანხის ის ნაწილი, რომელიც განისაზღვრება შესრულებული სამუშაოების პროგრესის შესაბამისად. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხაა „სრული საკონტრაქტო ღირებულება“ (909 024 280,62 ლარი), ხოლო სხვაობა აღნიშნულ საკომპენსაციო თანხასა და ანგარიშსწორების დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად გაანგარიშებულ თანხებს შორის არ იწვევს დღგ-ით დასაბეგრი სრული საკონტრაქტო ღირებულების თანხის კორექტირებას და იგი წარმოადგენს წმინდა შემოსულობას/(ზარალს) უცხოური ვალუტიდან, ფინანსური ინსტრუმენტებიდან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს გაფორმებული კონტრაქტების პირობების შესაბამისად, საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 8 ნოემბრის №27569 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა უსფწ „შპს ---------“-ს (ს/ნ ---------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება აუდიტის დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ოფისის 2023 წლის 12 ოქტომბრის რისკის მიმოხილვის დასკვნით გაცემული რეკომენდაციების (საკითხების) დეკლარირების სისწორის დადგენის მიზნით 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებზე. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 10 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 14 ნოემბრის №28007 ბრძანება და ამავე თარიღის №006-563 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 6 547 135 ლარი, მათ შორის, გადასახადი 3 928 682 ლარი, ჯარიმა 1 568 709 ლარი, საურავი 1 049 744 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

უსფწ „შპს ----------“-ს ძირითად საქმიანობას განეკუთვნება ინფრასტრუქტურული სამშენებლო პროექტების განხორციელება საქართველოში. საერთაშორისო ტენდერში გამარჯვების შედეგად, კომპანია წარმოადგენს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორ კომპანიას, რომელიც ახორციელებს -------- ავტომაგისტრალის ---------- სამშენებლო სამუშაოებს. პროექტი ფინანსდება -------- მიერ. კომპანიის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებისას მოქმედებს შემდეგი პრინციპი: მომსახურების 20%-ის გადახდა ხდება ლარში, ხოლო 80%-ის - აშშ დოლარში გაცვლის ფიქსირებული კურსის (2,6981) გათვალისწინებით. გადასახადის გადამხდელი დღგ-ით დასაბეგრი თანხის გაანგარიშებას ახდენს ფიქსირებული კურსის შესაბამისი თანხის ოდენობით, ხოლო სხვაობას (ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მომენტში არსებულ კურსსა და ფიქსირებული კურსით გამოანგარიშებულ თანხას) განიხილავს ფინანსური ოპერაციიდან მიღებულ შემოსავლად და არ ბეგრავს დღგ-ით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და 164-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის საკომპენსაციო თანხა შეადგენს როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში მიღებული/მისაღები თანხების ჯამს (ვინაიდან, ქვეკონტრაქტორის მიერ გაწეული მომსახურების ფასის ფაქტობრივად გადახდა ხორციელდება ორ ვალუტაში (ლარი და უცხოური ვალუტა) და შესაბამისად, კომპანიას კონტრაქტორის მიმართ წარმოეშვა მომსახურების ნაწილის უცხოურ ვალუტაში ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, ხოლო დამკვეთს უცხოურ ვალუტაში ანაზღაურების ვალდებულება), ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრა როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში მიღებული/მისაღები ჯამური საკომპენსაციო თანხის მიხედვით ოპერაციის განხორციელების დღისთვის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად. შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში გაიზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები ჯამში 21,8 მლნ. ლარით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, უცხოური ვალუტით განხორციელებული ოპერაცია, რომელიც დაბეგვრას ექვემდებარება, საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე გადაიანგარიშება შემდეგი თანამიმდევრობით:

ა) ოპერაციის განხორციელების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის არსებობის შემთხვევაში − ამ კურსით;

ბ) ოპერაციის განხორციელების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის არარსებობის შემთხვევაში − საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული კურსით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად

შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმო წარმოადგენს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორ კომპანიას, რომელიც ახორციელებს ---------- ავტომაგისტრალის კობიქვეშეთის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს. პროექტი ფინანსდება -------- მიერ. კომპანიის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებისას მოქმედებს შემდეგი პრინციპი: მომსახურების 20%-ის გადახდა ხდება ლარში, ხოლო 80%-ის - აშშ დოლარში გაცვლის ფიქსირებული კურსის (2,6981) გათვალისწინებით. შემოწმებით, ვინაიდან დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის საკომპენსაციო თანხა შეადგენს როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში მიღებული/მისაღები თანხების ჯამს, აღნიშნულის გათვალსწინებით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრა როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში მიღებული/მისაღები ჯამური საკომპენსაციო თანხის მიხედვით ოპერაციის განხორციელების დღისთვის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად. შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში გაიზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და გადამხდელს დაერიცხა დღგ.

შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიიჩნევს, რომ ვინაიდან ქვეკონტრაქტორის მიერ გაწეული მომსახურების ფასის ფაქტობრივად გადახდა განხორციელდა ორ ვალუტაში და შესაბამისად, კომპანიას კონტრაქტორის მიმართ წარმოეშვა მომსახურების ნაწილის უცხოურ ვალუტაში ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, ხოლო დამკვეთს უცხოურ ვალუტაში ანაზღაურების ვალდებულება, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოპერაციის ორ ვალუტაში განხორციელებულ ოპერაციად განხილვა და ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა საგადასახადო შემოწმების მიერ განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ამასთან, საგადასახადო შემოწმების ფარგლებში განსაზღვრულ სანქციებთან მიმართებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, −იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, −იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, −იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, −იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, შესაბამისად, უსფწ „შპს ----------., “-ს (ს/ნ ------------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 ნოემბრის №006-563 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისათვის).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. უსფწ „შპს---------“-ს (ს/ნ -----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.უსფწ „-----------“ (ს/ნ -----------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 ნოემბრის №006-563 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისათვის);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით დღგ-ში განსაზღვრულ ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

უსფწ.შპს ძირითად საქმიანობას განეკუთვნება ინფრასტრუქტურული სამშენებლო პროექტების განხორციელება საქართველოში. კომპანიის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებისას მოქმედებს შემდეგი პრინციპი: მომსახურების 20%-ის გადახდა ხდება ლარში, ხოლო 80%-ის - აშშ დოლარში გაცვლის ფიქსირებული კურსის გათვალისწინებით.გადასახადის გადამხდელი დღგ-ით დასაბეგრი თანხის გაანგარიშებას ახდენს ფიქსირებული კურსის შესაბამისი თანხის ოდენობით, ხოლო სხვაობას განიხილავს ფინანსური ოპერაციიდან მიღებულ შემოსავლად და არ ბეგრავს დღგ-ით.დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრა როგორც ლარში, ასევე უცხოურ ვალუტაში მიღებული/მისაღები ჯამური საკომპენსაციო თანხის მიხედვით ოპერაციის განხორციელების დღისთვის ოფიციალურად დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად. შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში გაიზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:159(1);163(1,2);164(1);73(10);275