ბრძანება N 4796
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 4796
18 მარტი 2025
ბრძანება
ი/მ "---------"-ის (ს/ნ "---------")
(ფაქტ. მის.:"---------")
2025 წლის 25 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 7 მარტის სხდომაზე (ოქმი №19) განიხილა ი/მ "---------"-ის (ს/ნ "---------" ) 2025 წლის 25 თებერვლის №94350/1/2025 საჩივარი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 თებერვლის №083-6 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ მისთვის სს „---- ბანკის“ ევროს ანგარიშზე ჩარიცხული თანხები ნაკლებია, ვიდრე შემოწმებით გაანგარიშებული, არასწორი ფინანსური ინფორმაციის შედეგად კი დაფიქსირდა რეალურისგან განსხვავებული საგადასახადო ვალდებულება. ამასთან, აღნიშნავს, რომ იგი რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად. ითხოვს საჩივრის წარმოებაში მიღებას და აღნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ითანამშრომლებს სამსახურთან, მათ შორის, წარადგენს შესაბამის მტკიცებულებებს.
ვადის აღდგენასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანის მიმართ შედგენილი 2024 წლის 22 თებერვლის საგადასახადო შემოწმების აქტი, მის საფუძველზე გამოცემული გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2024 წლის 26 თებერვლის №4126 ბრძანება და ამავე თარიღის №083-6 საგადასახადო მოთხოვნა ი/მ "---------"-ს (ს/ნ "---------") 2024 წლის 26 თებერვალს გაეგზავნა ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge) საშუალებით, თუმცა, ვერც ელექტრონულად და ვერც საფოსტო დაწესებულების საშუალებით (გაეგზავნა 3-ჯერ) ვერ მოხერხდა დოკუმენტების ჩაბარება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, 2024 წლის 22 მაისს განხორციელდა 2024 წლის 26 თებერვლის №4126 ბრძანების და ამავე თარიღის №083-6 საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება. აღნიშნული დოკუმენტები ი/მ "---------"-ის (ს/ნ "---------") მიერ ჩაბარებულად ითვლება 2024 წლის 11 ივნისს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია. თუ გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირია, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება შესაძლებელია, თუკი შესრულებულია შემდეგი პირობები:
ა) პირს ორჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისთვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;
ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ადრესატი დოკუმენტს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია.
ამავე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ 2024 წლის 22 თებერვლის საგადასახადო შემოწმების აქტს, მის საფუძველზე გამოცემულ გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2024 წლის 26 თებერვლის №4126 ბრძანებასა და ამავე თარიღის №083-6 საგადასახადო მოთხოვნას ი/მ "---------" (ს/ნ "---------") ელექტრონულად გაეცნო შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის (www.rs.ge) საშუალებით 2025 წლის 11 თებერვალს, ხოლო საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილია - 2025 წლის 25 თებერვალს.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მართალია პირს სადავო აქტი წერილობითი ფორმით 3- ჯერ გაეგზავნა და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა, თუმცა საქმეზე არსებული მასალიდან არ დგინდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დოკუმენტების საჯაროდ გავრცელებამდე მათი ჩაბარების უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებული ყველა საშუალებები სრულყოფილად გამოიყენა, რაც სადავო დოკუმენტების საჯაროდ გავრცელების წინაპირობა და საფუძველი გახდებოდა. აღნიშნული სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის გასაჩივრების ვადა გაშვებულად არ უნდა ჩაითვალოს, ხოლო საჩივარი დაშვებულ იქნეს განსახილველად.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 დეკემბრის №32490 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ "---------"-ის (ს/ნ "---------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 22 თებერვალს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი. რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2024 წლის 26 თებერვლის №4126 ბრძანება და ამავე თარიღის №083-6 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 21 218 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 11 551 ლარი, ჯარიმა 3 422 ლარი და საურავი 6 245 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
● გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს სამშენებლო/სარემონტო მომსახურების გაწევა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით დგინდება, რომ მეწარმე არ არის დღგ-ის გადამხდელი და მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. შემოწმების მიმდინარეობისას შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაციაზე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ინფორმაცია/დოკუმენტაციასა (შესრულებული სამუშაოების ანგარიში) და საგამოძიებო სამსახურის მიერ მიღებულ მასალებზე დაყრდნობით დგინდება, რომ 2021 წლის აგვისტოდან 2022 წლის თებერვლის ჩათვლით გადასახადის გადამხდელს სარემონტო სამუშაოები შესრულებული აქვს "---------"-სთვის. შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 171 481 ლარს. აღნიშნული თანხიდან გადამხდელს მიღებული აქვს 165 826 ლარი როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების გზით. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული სარემონტო მომსახურებების ღირებულებამ შესამოწმებელ პერიოდში, უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში, გადააჭარბა 100 000 ლარს. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის გათვალისწინებით, ი/მ "---------"-ს (ს/ნ "---------") დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2021 წლის 25 ოქტომბერი, შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება - 60 686 ლარი (დღგ-ის გარეშე), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე და 1601 მუხლების შესაბამისად, დაიბეგრა დღგ-ით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. ამასთან, შემოწმების შედეგად ასევე განხორციელდა დღგ-ის რეგისტრაციის გაუქმება 2022 წლის 1 ნოემბრიდან.
● გადასახადის გადამხდელის მიერ მცირე ბიზნესის საშემოსავლო გადასახადით დეკლარირებული შემოსავალი შესამოწმებელ პერიოდში შეადგენს 95 954 ლარს. შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლით დგინდება, რომ მომჩივნის მიერ მიღებული თანხების ოდენობა დღგ-ის რეგისტრაციამდე და რეგისტრაციის შემდეგ საშემოსავლო გადასახდის მიზნებისთვის შეადგენს 160 575 ლარს. გადასახადის გადამხდელს თანხა მიღებული აქვს როგორც ნაღდი, ასევე, უნაღდო ანგარიშსწორების გზით. შემოწმების შედეგად დადგენილი სხვაობა 64 621 ლარი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის მიხედვით, დაიბეგრა მცირე ბიზნესის საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება, ამ კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად:
1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
ამავე კოდექსის 90-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3 პროცენტით, თუ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა მისმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს გადააჭარბა. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი ამ ნაწილის მიხედვით დადგენილი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500000-ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების თვის) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე.
3. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლებისაგან, გარდა ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა და ამ კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული შემოსავლის სახიდან მიღებული შემოსავლისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 93-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საგადასახადო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენა და გადასახადის გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
,,სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი შედგება:
ა) შემოსავლისგან, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას და მოიცავს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შემოსავლებისა და ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა;
ბ) შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5- ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავლებს;
გ) სხვა შემოსავლებისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 171 481 ლარს. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული სარემონტო მომსახურებების ღირებულებამ შესამოწმებელ პერიოდში, უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში, გადააჭარბა 100 000 ლარს, რის შედეგადაც ი/მ "---------"-ს დაუდგინდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება 2021 წლის 25 ოქტომბრიდან და განესაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში, მომჩივნის მიერ მცირე ბიზნესის საშემოსავლო გადასახადით დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 95 954 ლარს, თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ პირის მიერ მიღებული თანხების ოდენობა დღგ-ის რეგისტრაციამდე და რეგისტრაციის შემდეგ საშემოსავლო გადასახდის მიზნებისთვის შეადგენს 160 575 ლარს. აღნიშნულ თანხებს შორის სხვაობა დაიბეგრა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირისთვის განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის და იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული სარემონტო მომსახურებების ღირებულებამ შესამოწმებელ პერიოდში, უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში, გადააჭარბა 100 000 ლარს, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის, ასევე წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის შედეგად მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავლის დადგენა და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე არგუმენტაცია/დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ "---------"-ს (ს/ნ "---------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.ითხოვს საჩივრის წარმოებაში მიღებას და აღნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ითანამშრომლებს სამსახურთან, მათ შორის, წარადგენს შესაბამის მტკიცებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
●გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს სამშენებლო/სარემონტო მომსახურების გაწევა. 2021 წლის აგვისტოდან 2022 წლის თებერვლის ჩათვლით გადამხდელს სარემონტო სამუშაოები შესრულებული აქვს ფიზიკური პირისთვის.შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 171 481 ლარს. აღნიშნული თანხიდან გადამხდელს მიღებული აქვს 165 826 ლარი როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების გზით. შესაბამისად, გადამხდელის მიერ გაწეული სარემონტო მომსახურებების ღირებულებამ შესამოწმებელ პერიოდში, უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში, გადააჭარბა 100 000 ლარს. მომჩივანი დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განესაზღვრა 2021 წლის 25 ოქტომბერი, შემოწმების შედეგად გადამხდელის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება ,სსკ-ის 159-ე, 160-ე და 1601 მუხლების შესაბამისად, დაიბეგრა დღგ-ით. გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა სსკ-ის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. ამასთან, შემოწმების შედეგად ასევე განხორციელდა დღგ-ის რეგისტრაციის გაუქმება 2022 წლის 1 ნოემბრიდან.
● გადასახადის გადამხდელის მიერ მცირე ბიზნესის საშემოსავლო გადასახადით დეკლარირებული შემოსავალი შესამოწმებელ პერიოდში შეადგენს 95 954 ლარს. შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლით დგინდება, რომ მომჩივნის მიერ მიღებული თანხების ოდენობა დღგ-ის რეგისტრაციამდე და რეგისტრაციის შემდეგ საშემოსავლო გადასახდის მიზნებისთვის შეადგენს.გადამხდელს თანხა მიღებული აქვს როგორც ნაღდი, ასევე, უნაღდო ანგარიშსწორების გზით. შემოწმების შედეგად დადგენილი სხვაობა სსკ-ის 90-ე მუხლის მიხედვით, დაიბეგრა მცირე ბიზნესის საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
90,93,158,164,165.