ბრძანება N 24545
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24545
05 ოქტომბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------)
(ფაქტ. მის.: ----------;
იურ. მის.: ----------)
2023 წლის 7 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილების უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 14 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №95) განიხილა ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) 2023 წლის 7 თებერვლის №78926/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №001-259 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ქონების გადაცემა წარმოადგენს შეზღუდული უფლებით ქონების გადაცემას და იგი საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის დებულებათა გათვალისწინებით არ შეიძლება განხილული იყოს საქონლის მიწოდებად. აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში შესამოწმებელი პერიოდის მიხედვით მოხვედრილია ასეთი ტიპით ფართების რეალიზაციის ოთხი ფაქტი. აღნიშნულ საცხოვრებელ ფართებზე აბსოლუტური საკუთრების უფლების გადაცემა მოხდა მოგვიანებით, რაც იწვევს დასაბეგრი ოპერაციის პერიოდის ცვლილებას, რაც შესაბამისად ამცირებს გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებას. ასევე აცხადებს, რომ ფართების რეალიზაციის ოპერაციებიდან მიღებული შემოსავლის ჩართვა არ უნდა მოხდეს ფ/პ „----------“ ერთობლივ შემოსავალში და არ უნდა დაერიცხოს დამატებით საგადასახადო ვალდებულება.
2. გადამხდელი განმარტავს, რომ გამოსაქვით ხარჯებში არ არის გათვალისწინებული ისეთი ხარჯები, რომლებიც უკავშირდება ფ/პ „----------“ მიერ შემოწმებით გათვალისწინებული ფართების რეალიზაციას და რომლებიც მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე ექვემდებარება გამოქვითვას, კერძოდ, საპროცენტო ხარჯი. აცხადებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში ---------- უფიქსირდება სასესხო ვალდებულებები სანოტარო წესით გაფორმებული „სესხისა და იპოთეკის“ ხელშეკრულებების საფუძველზე. აღნიშნავს, რომ იპოთეკარები ზოგიერთ შემთხვევაში წარმოადგენენ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ ფიზიკურ პირებს და რამდენიმე შემთხვევაში იპოთეკარების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აუქციონის წესით მოხდა ქონების რეალიზება. ასევე არ არის გასათვალისწინებელი საჯარო რეესტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასური, სანოტარო მოქმედებათა შესრულებების საზღაური.
3. გადამხდელი აღნიშნავს, რომ 2019 წლის პირველ იანვარს ძალაში შევიდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებში ცვლილება, კერძოდ, ფიზიკურ პირზე (მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი სესხის უზუნველსაყოფად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს უძრავი ქონება. ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულების საფუძველზე ქონების გადაცემა წარმოადგენს ფინანსურ მომსახურებას, რაც გათავისუფლებულია დღგ-საგან ჩათვლის უფლების გარეშე. აცხადებს, რომ შემმოწმებელი ახდენს ფინანსური ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრას. დღგ-ით დაიბეგრა ნასყიდობა-გამოსყიდვის საფუძველზე იპოთეკარებისათვის გაფორმებული ოთხი საცხოვრებელი ფართი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით აღნიშნული ფართების საკუთრებაში სრულად გადასვლა მოხდა მოგვიანებით. აღნიშნული ფაქტი ზეგავლენას ახდენს და ამცირებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებას.
4. გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმებით დასაბეგრ ოპერაციად განხილულია აუქციონის წესით რეალიზებული 18 საცხოვრებელი ფართი. გადამხდელი მიუთითებს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 66² მუხლზე და მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
5. გადამხდელი აცხადებს, რომ შემმოწმებელს არ გაუთვალისწინებია დღგ-ის თანხის ჩათვლები, რომლებიც ფ/პ „----------“ უნდა მიეღო თავის მხრივ შეძენილ საცხოვრებელ ფართებზე.
6. გადამხდელი მიიჩნევს, რომ ფ/პ „----------“ და შპს „----------“ განხილვა უნდა მოხდეს ერთ ეკონომიკურ სუბიექტად, ვინაიდან რეალურად ხდება ერთი ეკონომიკური სუბიექტის შემოსავლის ორმაგი დაბეგვრა. გადამხდელი ითხოვს გაერთიანდეს ზემოაღნიშნული ორი ეკონომიკური სუბიექტისადმი არსებული საგადასახადო შემოწმების აქტები და პროცესები განხილულ იქნას შპს „----------“ საქმიანობის ჭრილში.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 ივნისის №16603 ბრძანების საფუძველზე ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდში უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 27 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №33375 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №001-259 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 1 611 886 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 796 884 ლარი, ჯარიმა 398 442 ლარი და საურავი 416 560 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ფ/პ „----------“ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას. კერძოდ, უძრავი ქონების შეძენა/რეალიზაციას. საჯარო რეესტრის ეროვნული საგანტოს მონაცემების მიხედვით, 2020 წლის საანგარიშო პერიოდში საკუთრებაში მიღებული (რეგისტრირებული) აქვს საცხოვრებელი ბინები, რომლებიც შემდგომ არის რეალიზებული. შემოწმებით ზემოაღნიშნული ოპერაციები დაიბეგრა შესაბამის საანგარიშო პერიოდებში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე, მე-80, 81-ე, მე-100, 102-ე, 156-ე, 160-ე და 161-ე მუხლების მიხედვით. შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობას არ მიეკუთვნება საქმიანობის ან/და ოპერაციების სახეები ან/და ოპერაციების ერთობლიობა, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 80-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება, საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავალი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 49-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობას არ განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ ყოველი უწყვეტი 48 თვის განმავლობაში მის საკუთრებაში არსებული 4 საცხოვრებელი ბინის (სახლის) (მათ შორის, მშენებარე) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ ფ/პ „----------“ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას. კერძოდ, უძრავი ქონების შეძენა/რეალიზაციას. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, 2020 წლის საანგარიშო პერიოდში საკუთრებაში მიღებული (რეგისტრირებული) და შემდგომ რეალიზებული აქვს საცხოვრებელი ბინები.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საკანონმდებლო ნორმებზე და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია/დოკუმენტაციაზე დაყრდნობით საგადასახადო შემოწმების მიერ მართლზომიერად იქნა განსაზღვრული პირის საგადადასახადო ვალდებულებები.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ „----------“ (პ/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ქონების გადაცემა წარმოადგენს შეზღუდული უფლებით ქონების გადაცემას და არ უნდა დაერიცხოს დამატებით საგადასახადო ვალდებულება.
2. გადამხდელი განმარტავს, რომ გამოსაქვით ხარჯებში არ არის გათვალისწინებული ისეთი ხარჯები, რომლებიც უკავშირდება მომჩივანის მიერ შემოწმებით გათვალისწინებული ფართების რეალიზაციას.
3. გადამხდელი აღნიშნავს, რომ 2019 წლის პირველ იანვარს ძალაში შევიდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებში ცვლილება, ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულების საფუძველზე ქონების გადაცემა წარმოადგენს ფინანსურ მომსახურებას, რაც გათავისუფლებულია დღგ-საგან ჩათვლის უფლების გარეშე.აცხადებს, რომ შემმოწმებელი ახდენს ფინანსური ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრას
4. გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმებით დასაბეგრ ოპერაციად განხილულია აუქციონის წესით რეალიზებული 18 საცხოვრებელი ფართი. გადამხდელი მიუთითებს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 66² მუხლზე და მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
5. გადამხდელი აცხადებს, რომ შემმოწმებელს არ გაუთვალისწინებია დღგ-ის თანხის ჩათვლები, რომლებიც თავად უნდა მიეღო თავის მხრივ შეძენილ საცხოვრებელ ფართებზე.
6. გადამხდელი მიიჩნევს, რომ თავად მისი და ერთერთი სამსენებლო კომპანიის განხილვა უნდა მოხდეს ერთ ეკონომიკურ სუბიექტად, ვინაიდან რეალურად ხდება ერთი ეკონომიკური სუბიექტის შემოსავლის ორმაგი დაბეგვრა. გადამხდელი ითხოვს გაერთიანდეს ზემოაღნიშნული ორი ეკონომიკური სუბიექტისადმი არსებული საგადასახადო შემოწმების აქტები და პროცესები განხილულ იქნას ერთერთი სამშენებლო კომპანისს საქმიანობის ჭრილში.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანი ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას. კერძოდ, უძრავი ქონების შეძენა/რეალიზაციას. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, 2020 წლის საანგარიშო პერიოდში საკუთრებაში მიღებული (რეგისტრირებული) და შემდგომ რეალიზებული აქვს საცხოვრებელი ბინები. საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საკანონმდებლო ნორმებზე და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია/დოკუმენტაციაზე დაყრდნობით საგადასახადო შემოწმების მიერ მართლზომიერად იქნა განსაზღვრული პირის საგადადასახადო ვალდებულებები. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 80(1); 81(1); 102(1„ა“); 105(1,2).
(2021 წლამდე მოქმედი): 160(ა); 161(1„ა“); 173(1).