გადაწყვეტილება №22389/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.04.2024
№ დოკუმენტი 22389/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22389/2/2024

30 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "--------" (ს/ნ "--------" )

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,4.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "--------" -ის 26.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22389/2/2024).

 

დავის საგანი:

საბაჟო დეკლარაციებით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 25.12.2023 წლის № ა 250-21-10 საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის

შემოწმების შუალედური აქტი;

2. საბაჟო დეპარტამენტის 25.12.2023 წლის №094-98 საგადასახადო მოთხოვნა;

3. შემოსავლების სამსახურის 8.02.2024 წლის №2306 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 15 120.71 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 10 584.6

დღგ - 1 614.6

იმპორტის გადასახადი - 8 970

საურავი - 4 536.11

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ 20.12.2023 წლის №32231 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა მომჩივნის №-------- (27.06.2020წ.) საბაჟო დეკლარაციით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება. აღნიშნული დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონელი (ხელოვნური გარსაცმები ძეხვეულის ნაწარმისათვის) გათავისუფლდა იმპორტის გადასახადისაგან №-------(18.06.2020წ.) წარმოშობის (გადაადგილების) სერტიფიკატის საფუძველზე. საბაჟო დეპარტამენტის მიერ "--------" (21.09.2021) სამსახურებრივი ბარათით გადამოწმდა საქონლის გადაადგილების (წარმოშობის) სერტიფიკატის ნამდვილობა და სიზუსტე წარმოშობის სერტიფიკატის გამცემ ქვეყნაში ("--------" რესპუბლიკა).

18.08.2022 წლის "-------"-ის რესპუბლიკის საბაჟო სამსახურის წერილით (შემ. №"-------") საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ №------- (18.06.2020წ.) სერტიფიკატში მითითებულ საქონელზე ექსპორტიორმა ვერ წარმოადგინა საქონლის პრეფერენციული წარმოშობის შესაბამისი მტკიცებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მითითებული საქონელი მიჩნეული იქნა გაურკვეველი წარმოშობის საქონლად და მისთვის გაუქმდა პრეფერენციული რეჟიმი. შესაბამისად, გადამხდელმა №"-------" (27.06.2020წ.) არამართლზომიერად ისარგებლა საგადასახადო შეღავათით, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, 25.12.2023 წლის საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების № ა 250-21-10 (25.12.2023) შუალედური აქტისა და №094-98 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, მომჩივანს დამატებით დაერიცხა იმპორტის გადასახდელი, სულ 15 120.71 ლარი (მათ შორის, იმპორტის გადასახადი 8 970.0 ლარი, დღგ-ი 1 614.6 ლარი), ხოლო საურავის თანხამ შეადგინა 4 536.11 ლარი.

აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 8.02.2024 წლის №2306 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილზე, 27-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტზე, 30-ე მუხლის მე-2, მე-9 და მე-10 ნაწილებზე, 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 36-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნტზე, 272–ე მუხლზე და მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ 27.06.2020 წელს წარადგინა დეკლარაცია , რომელზეც თავდაპირველად 36-ე გრაფით გათვალისწინებული პრეფერენციის უფლება არ გამოიყენა, რადან წინასწარი დეკლარირების დროს არ ქონდა წარმოშობის სერტიფიკატისა და პრეფერენციული ინვოისის ფერადი ასლები. მოგვიანებით, მიღებული ორიგინალი EUR. 1-ს სერთიფიკატები წარადგინა შემოსავლების სამსახურში (------, წერილის №"-------" 07.08.2020 წელი), რის საფუძველზეც შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილმა პირმა 36-ე გრაფაში გაუვრცელა პრეფერენცია და მომჩივანს მოეხსნა იმპორტის გადასახადი, საინვოისო ღირებულების 5%, რაც შეადგენდა 8 970 ლარს. დეკლარაციის შესაბამისი გადასახდელი მთლიანი თანხა იყო 32 291.42 ლარი.

25.12.2023 წელს საბაჟო დეპარტამენტისგან მომჩივანმა მიიღო შეტყობინება საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმების შესახებ, საიდანაც გაირკვა, რომ საბაჟო დეპარტამენტის მიერ 21.09.2021 წელს "-------"-ის რესპუბლიკაში გაიგზავნა წერილი წარმოშობის სერტიფიკატის ნამდვილობისა და სიზუსტის დასადგენად. მიღებული პასუხის საფუძველზე, საქონელი მიჩნეული იქნა გაურკვეველი წარმოშობის საქონლად და მისთვის გაუქმდა პრეფერენციული რეჟიმი. მომჩივანმა საბაჟო დეპარტამენტისგან მიიღო გაშვების შემდგომი კონტროლის შუალედური აქტი №ა 250-21-10, გადასახდელის დარიცხვისა და სანქციის დაკისრების შესახებ 27.12.2023 წლის №33119 ბრძანება და 27.12.2023 წლის №094-98 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გაასაჩივრა და მოითხოვა იმპორტის გადასახადისა და საურავის მოხსნა/გაუქმება.

ტვირთზე გავრცელებული პრეფერენციის ნამდვილობის დასადგენად, მომჩივანი დამატებით წარმოადგენს ექსპორტის დეკლარაციას, ორიგინალ პრეფერენციულ ინვოისს (სველი ხელმოწერით) და აღნიშნავს, რომ წარმოშობის სერტიფიკატი შემოსავლების სამსახურში აქვს წარდგენილი, ასევე დამატებით ელოდება მომწოდებლისგან დოკუმენტაციის წარმოდგენას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი; გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

საბაჟო კოდექსის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ საბაჟო ორგანოს შეუძლია საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელებისას შეამოწმოს:

ა) საბაჟო დეკლარაციით, დროებით შენახვის დეკლარაციით, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციით, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციით, რეექსპორტის დეკლარაციით ან რეექსპორტის შეტყობინებით დეკლარირებული მონაცემების სისწორე, აგრეთვე მისი თანმხლები დოკუმენტების არსებობა, სისწორე, ნამდვილობა და ძალაში ყოფნა;

ბ) დეკლარანტის საბუღალტრო და სხვა ჩანაწერები, რომლებიც დაკავშირებულია შესამოწმებელ საქონელთან ან მასთან დაკავშირებულ ოპერაციებთან ამ საქონლის გაშვებამდე ან გაშვების შემდეგ.

ამავე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით დადგენილია:

9. თუ საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგად გამოვლინდა პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების აუცილებლობა, საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ.

10. ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება პირს წარედგინება საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად.

საბაჟო კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის წარმოშობა განისაზღვრება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებების განხორციელების მიზნით.

ამავე მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 ნაწილების თანახმად:

5. საქონლის პრეფერენციული წარმოშობის განსაზღვრის კრიტერიუმები და წესი, აგრეთვე საქონლის პრეფერენციული წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმა და მისი შევსების წესი განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით.

6. თუ საბაჟო დეკლარაციაში/რეექსპორტის დეკლარაციაში მითითებულია ინფორმაცია საქონლის წარმოშობის ქვეყნის შესახებ, საბაჟო ორგანომ დეკლარანტს შეიძლება საქონლის წარმოშობის დადასტურება მოსთხოვოს.

7. თუ საქონლის წარმოშობის დადასტურება საქართველოს კანონმდებლობით მოითხოვება, გონივრული ეჭვის არსებობისას საბაჟო ორგანომ შეიძლება მოითხოვოს დამატებითი მტკიცებულებები იმაში დასარწმუნებლად, რომ საქონლის წარმოშობის შესახებ ინფორმაცია საქონლის წარმოშობის განსაზღვრის შესაბამისი წესების მიხედვით არის მითითებული.

საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.

საგადასახადო კოდექსის 272–ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

დადგენილია, რომ მომჩივანმა № "--------" (27.06.2020წ.) საბაჟო დეკლარაციით იმპორტირებულ საქონელზე № "--------" (18.06.2020წ.) სერტიფიკატის წარდგენითა და გამოყენებით, ისარგებლა საგადასახადო შეღავათით, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება.

მომჩივნის განმარტებით, 27.06.2020 წელს წარადგინა დეკლარაცია , რომელზეც თავდაპირველად 36-ე გრაფით გათვალისწინებული პრეფერენციის უფლება არ გამოიყენა, რადგან წინასწარი დეკლარირების დროს არ ქონდა წარმოშობის სერტიფიკატისა და პრეფერენციული ინვოისის ფერადი ასლები. მოგვიანებით მიღებული ორიგინალი EUR. 1-ს სერთიფიკატები წარადგინა შემოსავლების სამსახურში (------, წერილის № "--------" 07.08.2020 წელი), რის საფუძველზეც შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილმა პირმა 36-ე გრაფაში გაუვრცელა პრეფერენცია და მომჩივანს მოეხსნა იმპორტის გადასახადი, საინვოისო ღირებულების 5 %.

მოგვიანებით, საბაჟო დეპარტამენტისგან მიიღო შეტყობინება საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმების შესახებ, საიდანაც გაირკვა, რომ საბაჟო დეპარტამენტის მიერ 21.09.2021 წელს "-------"-ის რესპუბლიკაში გაიგზავნა წერილი წარმოშობის სერტიფიკატის ნამდვილობისა და სიზუსტის დასადგენად. მიღებული პასუხის საფუძველზე, საქონელი მიჩნეული იქნა გაურკვეველი წარმოშობის საქონლად და მისთვის გაუქმდა პრეფერენციული რეჟიმი.

სადავო საკითხზე საბაჟო დეპარტამენტის 6.03.2024 წლის № "--------" წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან დგინდება, რომ მომჩივნის მხრიდან საგადასახადო შეღავათის გამოყენების სისწორის დადგენის მიზნით, "-------"-ის რესპუბლიკიდან იმპორტირებული საქონლის წარმოშობა გადამოწმდა ექსპორტიორ ქვეყანაში.

18.08.2022 წლის "-------"-ის რესპუბლიკის საბაჟო სამსახურის საპასუხო წერილით (შემ. № "--------" ) დადგინდა, რომ № "--------" (18.06.2020წ.) სერტიფიკატში მითითებულ საქონელზე ექსპორტიორმა ვერ წარმოადგინა საქონლის პრეფერენციული წარმოშობის შესაბამისი მტკიცებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მითითებული საქონელი მიჩნეული იქნა გაურკვეველი წარმოშობის საქონლად და მისთვის გაუქმდა პრეფერენციული რეჟიმი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს დადგენილად მიაჩნია, რომ მომჩივანმა არამართლზომიერად ისარგებლა საგადასახადო შეღავათით, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება. შესაბამისად, სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს სადავო ადმინისტრაციული აქტის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ დაინიშნა მომჩივნის საბაჟო დეკლარაციით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება.აღნიშნული დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონელი გათავისუფლდა იმპორტის გადასახადისაგან.წარმოშობის სერტიფიკატის საფუძველზე. საბაჟო დეპარტამენტის მიერ სამსახურებრივი ბარათით გადამოწმდა საქონლის გადაადგილების სერტიფიკატის ნამდვილობა და სიზუსტე წარმოშობის სერტიფიკატის გამცემ ქვეყნაში.საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ სერტიფიკატში მითითებულ საქონელზე ექსპორტიორმა ვერ წარმოადგინა საქონლის პრეფერენციული წარმოშობის შესაბამისი მტკიცებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მითითებული საქონელი მიჩნეული იქნა გაურკვეველი წარმოშობის საქონლად და მისთვის გაუქმდა პრეფერენციული რეჟიმი. შესაბამისად, გადამხდელმა არამართლზომიერად ისარგებლა საგადასახადო შეღავათით, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს დადგენილად მიაჩნია, რომ მომჩივანმა არამართლზომიერად ისარგებლა საგადასახადო შეღავათით, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება. შესაბამისად, სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

13,30,49.

სსკ 272.