გადაწყვეტილება №24600/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.02.2025
№ დოკუმენტი 24600/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24600/2/2025

11 თებერვალი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------ი“ (ს/ნ ---------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----------ის“ 13.01.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24600/2/2025).

 

დავის საგანი:

1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება;

2. დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 ივლისის №094-32 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 23 დეკემბრის №26949 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 31 052,10 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 18 785

ჯარიმა - 9 185

საურავი - 3 082,10

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 ივნისის №13309 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის გასვლითი თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 26 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 8 ივლისის №16107 ბრძანება და 9 ივლისის №094-32 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 31 052 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 7 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 2 სექტემბრის №19668 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 20.09.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 22.11.2024 წლის №23985/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 სექტემბრის №19668 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 2024 წლის 23 დეკემბრის №26949 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, სადავო საკითხი ყოველმხრივ შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად (მათ შორის, საგადასახადო კოდექსის XII კარის დებულებების მიხედვით) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 23 დეკემბრის №26949 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელს 2023 წლის ივლისის და აგვისტოს თვეების საანგარიშო პერიოდებში უფიქსირდება გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა მიხედვით არ აქვს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდზე საწარმოს არ აქვს დღგის ყოველთვიურ დეკლარაციაში სრულად ასახული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, დასაბეგრ ბრუნვებში ჩართულ იქნა აუსახველი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 180-ე, 43-ე მუხლებზე და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს 2023 წლის ივლისის და აგვისტოს თვეების საანგარიშო პერიოდებში უფიქსირდება გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა მიხედვითაც აღნიშნულ პერიოდზე გადასახადის გადამხდელს არ აქვს დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციაში სრულად ასახული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. კერძოდ, 2023 წლის ივლისის თვეში გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 268 297 ლარს (დღგ-ის გარეშე), აქედან ავანსის სახით წინა საანგარიშო პერიოდის მიხედვით ექვემდებარებოდა დაბეგვრას 68 378 ლარი, ხოლო 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 199 918 ლარს, 2023 წლის აგვისტოს თვეში გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 407 387 ლარს (დღგ-ის გარეშე), აქედან ავანსის სახით წინა საანგარიშო პერიოდის მიხედვით ექვემდებარებოდა დაბეგვრას 146 253 ლარი, ხოლო 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 261 133 ლარს. ამავე ინფორმაციით ირკვევა, რომ შემოწმების მიმდინარეობისას ავანსის თანხების განაშთვა განხორციელდა შესრულებული/შესასრულებელი პროექტების შესაბამისად.

გადასახადის გადამხდელი წარდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოწმებულ 01.01.2020-01.03.2023 წლებში მიღებულ ავანსზე შემოწმების მიერ დარიცხულ დღგ-ზე არ არსებობს ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც მისცემდა შესაძლებლობას შეემცირებინა დღგ შემდგომში ეტაპობრივად გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე შესრულების პროპორციულად. მიუთითებს, რომ 2023 წლის ივლისის თვეში შეუძლებელი იყო დღგ-ის თანხის შემცირება ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის არარსებობის გამო, თუმცა საგადასახადო ანგარიშფაქტურა (საჩივარში მიუთითებს კონკრეტული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ნომრებს) არ მიაბა დეკლარაციას და შესაბამისად, არც გადასახდელი და ჩასათვლელი დღგ-ის თანხა არ იქნა ასახული. ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მარტის და ივნისის თვეებში იმავე მიზეზით ვერ მოხერხდა დღგის თანხის გაქვითვა და ზედმეტად დეკლარირებულმა თანხამ შეადგინა 14 961.85 ლარი. ასევე, 2023 წლის აგვისტოს თვეში შემოწმების მიერ ამოღებულ იქნა დეკლარაციიდან გასაქვითი დღგ-ის თანხა 518.16 ლარი. ასევე, ვერ განხორციელდა დღგ-ის თანხის გაქვითვა/კორექტირება 2024 წლის თებერვლისა და მარტის თვეებში. შედეგად, მომჩივანი ითხოვს ავანსზე დარიცხული დღგ-ის თანხების გაქვითვის შესაძლებლობას. აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი საჩივარში მიუთითებს კონკრეტულ გაანგარიშებებზე.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას. კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სადავო საკითხი ყოველმხრივ შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად (მათ შორის, საგადასახადო კოდექსის XII კარის დებულებების მიხედვით) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება.

მომჩივნის არგუმენტაცია ასაჩივრებს მიზეზს, რომელმაც გამოიწვია 1.07.2023 – 1.09.2023 პერიოდის დასარიცხი-გასაქვითი თანხების დაუდეკლარირებლობა, ვინაიდან არის თვეები 2023-2024 წლების პერიოდში, სადაც შეუძლებელი იყო დღგ-ის გასაქვითი თანხების დეკლარირება იმ მიზეზით, რომ აუდიტის მიერ შემოწმებულ 1.01.2020 – 1.03.2023 წლებში მიღებულ ავანსზე დარიცხულ დღგ-ზე არ არსებობს ავანსის ფაქტურები, რომელიც შესაძლებლობას მისცემდა მომჩივანს შეემცირებინა შემდგომში ეტაპობრივად გამოწერილი შესრულების ფაქტურების დღგ ავანსის დღგ-ის პროპორციულად.

მიწოდებულია ინფორმაცია შემოწმებამდე და შემოწმების შემდგომ პერიოდებზე, სადაც გამოუვალი მდგომარეობის გამო არ მიეცათ საშუალება აუდიტის მიერ ავანსზე დარიცხული დღგ-ის თანხის გაქვითვის:

2023 წლის მარტის თვეში იმის გამო, რომ ვერსად მოიძიეს მეთოდური მითითება და აუდიტთან შეკითხვაზეც პასუხი ვერ მიიღეს - თუ როგორ შეიმცირონ აუდიტის მიერ შემოწმებისას ავანსებზე დარიცხული დღგ შემდგომ პერიოდში, რადგან არ არსებობდა ავანსის დღგ-ის ფაქტურა, 2023 წლის მარტის თვის დღგ-ის დეკლარაციაზე გადაიხადეს შესრულებების სრული დღგ გასულ პერიოდზე დარიცხული და ამ პერიოდში შესამცირებელი დღგ-ის - 11 614.44 ლარის გათვალისწინების გარეშე, კონკრეტულად არ შემცირებულა:

ანგარიშ-ფაქტურაზე ეა------- – 2 409.49 ლარი დღგ; შესამცირებელი - 722.85 ლარი დღგ.

ანგარიშ-ფაქტურაზე ეა-------- – 43.16 ლარი დღგ; შესამცირებელი - 12.95 ლარი დღგ.

ანგარიშ-ფაქტურაზე ეა------- – 36 262.14 ლარი დღგ; შესამცირებელი - 10 878.64 ლარი დღგ.

2023 წლის ივნისის თვეში ანგარიშ-ფაქტურაზე ეა------- – 11 158.05 ლარი; შესამცირებელი - 3 347.41 ლარი, რომელიც ვერ გაქვითეს იგივე ავანსის დღგ-ის ფაქტურის არ არსებობის გამო და დარჩა ზედმეტად დეკლარირებული და გადახდილი.

2023 წლის ივლისის დეკლარაციაში სწორედ ზემოთ აღნიშნული მიზეზის გამო იგივე სიტუაციაში აღმოჩნდნენ,ანგარიშ-ფაქტურაზე ეა------ – 30 575.22 ლარი დღგ; შესამცირებელი - 9 172.57 ლარი.

ანგარიშ-ფაქტურაზე ეა------- – 10 451.95 ლარი დღგ; შესამცირებელი - 3 135.58 ლარი.

რომელიც შეუძლებელი იყო შეემცირებინათ ავანსის ფაქტურის არ არსებობის გამო, ამიტომ აღნიშნული ფაქტურა არ მიაკრეს დეკლარაციას, რის გამოც არც გადასახდელი და არც ჩასათვლელი დღგის თანხა არ ასახულა. აღსანიშნავია, რომ ამ დროს წინა მარტის და ივნისის თვეებში არ მოხერხდა ავანსის ფაქტურის არ არსებობის გამო დღგ-ის თანხის გაქვითვა და ზედმეტად დეკლარირებული იყო 11 614.44 + 3 347.41 = 14 961.85 ლარი. თუ მომჩივანი მიაკრავდა ფაქტურას დეკლარაციას და ვერ გაქვითავდა ავანსის 12 307 ლარის დღგ-ს, ექნებოდათ გადასახდელი 18 268 ლარს + 12 307 ლარი დღგ-ს თანხა მარტი, ივნისის თვეების მსგავსად!

2023 წლის აგვისტოს თვეში აუდიტის მიერ ამოღებულ იქნა დეკლარაციიდან გადასახდელი თანხის გასაქვით ავანსის დღგ-ს თანხიდან 518.16 (14.26 + 503.90) ლარი, რაც არასწორად მიაჩნიათ, ვინაიდან: 14.26 ლარი დღგ-ით ნაკლები იყო გაქვითული 2023 წლის მე-6 თვეში და რადგან გრძელვადიანი აგვისტოს თვეში ამავე თვეში გაიქვითა - როგორც ავანსზე წინასწარ გადახდილი დღგ. თუ კი ამ თანხას აგვისტოს თვიდან ამოიღებთ, მომჩივანი ვერ შეძლებს გაქვითოს ის ივნისის თვის დეკლარაციის დაზუსტებისას, რადგან არ ექნება ტექნიკურად ავანსის ფაქტურის მიბმის საშუალება მასზე თანხის არ არსებობის გამო. აქაც საჭიროდ მიიჩნევენ, მიეცეთ მეთოდური მითითება.

რაც შეეხება დარჩენილ 503.90 ლარს, 2022 წლის ივლისის თვის დეკლარაციაში გაქვითულია ავანსის დღგ-დან 503.90 ლარით ნაკლები დღგ, რომელიც საბოლოო ანგარიშსწორებისას (2023 წლის აგვისტო) გაიქვითა გადასახდელი დღგ-დან და შესაბამისად დარჩენილი ავანსის დღგ-ს ფაქტურა მიება შესრულების დღგ-ს 503.90 ლარის ჩათვლით. აქაც ბიუჯეტს ზიანი არ მიუღია - პირიქით, ფაქტურები შემოწმებადია. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ 2022 წლის ივლისის თვე შემოწმებულია აუდიტის მიერ, შედგენილია აქტიც და მოუწევს ამ პერიოდის დეკლარაციის დაზუსტება, თუ კი აღნიშნულ თანხას აქ ვერ გაქვითავს!

2024 წლის თებერვლის თვეში დაკორექტირებულია ავანსის ფაქტურა დაბრუნებულ თანხაზე 201 366.29 ლარი, დღგ - 30 716.89 ლარი, რომლის დღგ სრულად ვერ გაქვითეს, რადგან გამოწერილი ავანსის ფაქტურიდან დარჩენილი იყო 27 803.24 დღგ-ის გამოსაქვითი თანხა, აუდიტის მიერ დარიცხულ ავანსის ფაქტურის არ არსებობის გამო გაუქვითავი დარჩა 2 913.65 ლარი დღგ.

2024 წლის მარტის თვეში შესამცირებელი იყო ავანსის თანხიდან უკან დაბრუნებულ 108 234.72 ლარზე 16 510.38 ლარი დღგ-ის თანხა, რაც ვერ მოახერხეს იმის გამო, რომ არ არის გამოწერილი ავანსის ფაქტურა აუდიტის მიერ ავანსზე დარიცხულ თანხაზე და აქედან გამომდინარე ვერც ავანსის კორექტირების ფაქტურა შექმნეს.

ასე რომ, აქვს გასაქვითი და ზედმეტად გადახდილი დღგ 03.2023 – 11 614.44 ლარი; 06.2023 – 3 347.41 ლარი; 07.2023 – 12 308.15 ლარი; 02.2024 – 2 913.65 ლარი; 03.2024 – 16 510.38 ლარი. ჯამში: 46 694.03 ლარი, თუ მას დავამატებთ ბარათზე არსებულ 19 756 ლარის ზედმეტობას, საკმაო თანხა დაჯდება კომპანიის ანგარიშზე.

მიუხედავად არაერთი მიმართვისა, სამჯერ წერილობით, რამდენიმეჯერ ზეპირი მიმართვით, ვერასოდეს მიიღეს ჯეროვანი პასუხი შემოსავლების სამსახურიდან, რაც გამოიყვანდათ ამ გაურკვეველი სიტუაციიდან, გარდა ბოლოს მიღებული პასუხიდან - რომ საჭიროა გამოიწეროს ავანსის ანგარიშფაქტურა აუდიტის მიერ დარიცხულ ავანსზე, მაგრამ თუ როგორ ესეც განსჯის საგანია.

მოყვანილი ფაქტები 2024 წლის 23 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე შესასწავლად გადაეცა აუდიტის დეპარტამენტს და იმედია მიაღწევენ მიმდინარე პრობლემის მოგვარებას, მაგრამ არ დაკმაყოფილდა ჯარიმა-საურავის მოხსნის საკითხი, რომელიც გამოწვეულ იქნა www.rs.ge-ზე არსებული პროგრამის არასრულფასოვანი გამართვით, რომელმაც კომპანია დააზარალა როგორც ფინანსურად (დაგროვდა გასაქვითი ავანსის დღგ), ისე მორალურად - 1 წელია ითხოვენ დახმარებას და წვალობენ უშედეგოდ.

ვინაიდან საწარმოს აქვს დაგროვილი გასაქვითი ავანსის დღგ-ს თანხები, უსამართლოდ არის დაკისრებული ჯარიმა-საურავი. მიზეზი ორივე შემთხვევაში ერთია - აუდიტის მიერ დარიცხული ავანსის დღგ-ს თანხების გაქვითვის შეუძლებლობა! მომჩივანი ითხოვს საჩივარი არა ნაწილობრივ, არამედ სრულად დაკმაყოფილდეს, რაც გულისხმობს სადავო საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმა-საურავის მოხსნას და უპირველესად დაგროვილი ავანსის დღგ-ს თანხის გაქვითვას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ ანაზღაურება სრულად ან ნაწილობრივ გადახდილია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, მიღებული ანაზღაურების შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით.

შემოწმების აქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს 2023 წლის ივლისის და აგვისტოს თვეების საანგარიშო პერიოდებში უფიქსირდება გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა მიხედვით არ აქვს საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდზე საწარმოს არ აქვს დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციაში სრულად ასახული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმებით დასაბეგრ ბრუნვებში ჩართულ იქნა აუსახველი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ.

შემოსავლების სამსახურმა გაითვალისწინა გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია და დაავალა აუდიტის დეპარტამენტს, სადავო საკითხი ყოველმხრივ შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად (მათ შორის, საგადასახადო კოდექსის XII კარის დებულებების მიხედვით) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

2. დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 ივლისის №094-32 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 31 052 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 18 785 ლარი, ჯარიმა - 9 185 ლარი და საურავი - 3 082 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დაკისრებული ჯარიმა/საურავი შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი - 22 ნაწილების თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს შემოწმების შედეგად დამატებით გამოუვლინდა საგადასახადო ვალდებულება. შესაბამისად, მომჩივანმა საგადასახადო დეკლარაციაში შეამცირა გადასახადის თანხა, რისთვისაც დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. ამასთან, დადგენილ ვადაში გადასახადის გადაუხდელობისთვის საწარმოს დაეკისრა სანქცია საურავის სახით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა პირველი დავის საგნის ნაწილში, რომლის აღსრულების შედეგად, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ასევე შემცირდება დაკისრებული ჯარიმა-საურავი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება და დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №13309 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის გასვლითი თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №16107 ბრძანება და №094-32 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 31 052 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №19668 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს №23985/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №19668 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და №26949 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი.

შემოსავლების სამსახურის №26949 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ ამ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1); 164(1); 180(1); 269(1.7);