ბრძანება N 23159
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 23159
20 სექტემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: ----------)
2023 წლის 20 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 14 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №95) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2023 წლის 20 იანვრის №78244/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 დეკემბრის №059-8 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება მიწაზე ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ შემოწმების აქტში მითითებული მიწის ნაკვეთი (ს.კ -------) წარმოადგენს შპს „-------“ საკუთრებას და მასზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით მოწყობილია კერძო სასაფლაო, რომელიც ფუნქციონირებს 2003 წლიდან. კომპანიის შემოსავალს წარმოადგენს სასაფლაოს ტერიტორიაზე საფლავისთვის მიწის გამოყოფის სანაცვლოდ მიღებული ანაზღაურება, რომელიც არის ერთჯერადი შემოსავალი, ხოლო სხვა შემოსავალი კომპანიას არ გააჩნია. გადამხდელი მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტზე და მიაჩნია, რომ ვინაიდან საწარმოს საკუთრებაში არსებულ მიწაზე მოწყობილია სასაფლაო, მასზე ვრცელდება აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული შეღავათი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 4 ნოემბრის №27884 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 19 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 20 დეკემბრის №32082 ბრძანება და ამავე თარიღის №059-8 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 71 339 ლარი, მათ შორის, გადასახადი 34 982 ლარი, ჯარიმა 17 491 ლარი, საურავი 18 866 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს სარიტუალო მომსახურება, დამკრძალავი ბიუროს ორგანიზება და მათთან დაკავშირებული სამუშაოები. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული ინფორმაციის მიხედვით, საწარმოს საკუთრებაში ფიქსირდება 100 000 კვ.მ არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. საწარმოს მიერ 2019 წლის საანგარიშო პერიოდზე არ არის შესრულებული მიწაზე ქონების გადასახადის ვალდებულება. შემოწმების შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის პირველი ნაწილის და 204-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საწარმოს საკუთრებაში არსებული 100 000 კვ.მ მიწაზე პირს დაერიცხა მიწაზე ქონების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს 203-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:
ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;
ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;
გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გაიანგარიშება შემდეგი წესით:
ა) გადასახადის საბაზისო განაკვეთი დგინდება წელიწადში მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე 0.24 ლარის ოდენობით;
ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი საბაზისო განაკვეთი მრავლდება ტერიტორიულ კოეფიციენტზე. ამასთანავე, ტერიტორიული კოეფიციენტი არ შეიძლება იყოს 1,5-ზე მეტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველის ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია ბუნებრივი პარკებით, ბოტანიკური და დენდროლოგიური ბაღებით, კულტურისა და დასვენების მუნიციპალური პარკებით, სასაფლაოებით, ზოოლოგიური ბაღებით ან/და პარკებით, ოკეანარიუმებით, სკვერებით, ხეივნებით, დაცული ტერიტორიებით, სატყეო ორგანიზაციებით, აგრეთვე ღია საუწყებო პარკებით, ბაღებითა და ტყე-ბაღებით დაკავებული მიწები, გარდა ამ ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ნაკვეთებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული ინფორმაციის მიხედვით, საწარმოს საკუთრებაში ფიქსირდება 100 000 კვ.მ არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც საწარმოს მიერ 2019 წლის საანგარიშო პერიოდზე არ არის შესრულებული საგადასახადო ვალდებულება. შემოწმების შედეგად, აღნიშნული მიწაზე პირს განესაზღვრა ვალდებულება და დაერიცხა გადასახადი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს შემოწმების პროცესში და დავის წარმოების ეტაპზე არ აქვს წარმოდგენილი მისი პოზიციის შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი არ ეთანხმება მიწაზე ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს სარიტუალო მომსახურება, დამკრძალავი ბიუროს ორგანიზება და მათთან დაკავშირებული სამუშაოები. საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული ინფორმაციის მიხედვით, საწარმოს საკუთრებაში ფიქსირდება 100 000 კვ.მ არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც საწარმოს მიერ 2019 წლის საანგარიშო პერიოდზე არ არის შესრულებული საგადასახადო ვალდებულება. შემოწმების შედეგად, აღნიშნული მიწაზე პირს განესაზღვრა ვალდებულება და დაერიცხა გადასახადი.
გადაწყვეტილება
სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 203(1); 204(2); 206; 275