გადწყვეტილება №20754/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20754/2/2023
30 იანვარი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ს 4.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20754/2/2023).
დავის საგანი:
შემოწმების მიერ დადგენილი არაგონივრული ნაშთის ოდენობა და აღნიშნული თანხის ჩათვლა საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2022 წლის №005-188 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2.08.2023 წლის №18905 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 750 718 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 364 976
მოგების გადასახადი - 194 550
საშემოსავლო გადასახადი - 170 122
ქონების გადასახადი - 304
ჯარიმა - 188 750
საურავი - 196 992
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საყოფაცხოვრებო ტექნიკით საცალო ვაჭრობა.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.03.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 25.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ:
შესამოწმებელ პერიოდზე განხორციელებული სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად, 1.01.2019 წლის მდგომარეობით საწარმოს უფიქსირდება საწყისი ნაშთი 658 724 ლარის ოდენობით, ხოლო პერიოდის ბოლოს 17.02.2022 წლის მდგომარეობით 1 102 444 ლარი. შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების“ დანართი №9-ის შესაბამისად, განისაზღვრა გონივრული ნაშთის ოდენობა თვეების ჭრილში, ხოლო არაგონივრული ნაშთი შემოწმების მიერ ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ყოველი მომდევნო კალენდარული თვის ბოლოს იზრდება ან მცირდება (ითვლება შესაბამისი პირის მიერ სალაროდან გატანილად ან სალაროში დაბრუნებულად) ამავე კალენდარული თვეების გონივრული ნაშთის შესაბამისად, ხოლო სესხზე მისაღები პროცენტები (წლიური 20%-ის ოდენობით) ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 და მე-8 ნაწილების და 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადამხდელს დაერიცხა მოგების, საშემოსავლო გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლებით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 20.12.2022 წლის №31992 ბრძანება და ამავე თარიღის №005- 188 საგადასახადო მოთხოვნა, რომლებიც 21.01.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2.08.2023 წლის №18905 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ შესამოწმებელ პერიოდზე განხორციელებული სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად, საწარმოს არაგონივრული ნაშთი ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო სესხზე მისაღები პროცენტები - საწარმოს დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად. რაც შეეხება მომჩივნის პოზიციას, რომ ყოფილმა დირექტორმა ------- მიითვისა კომპანიის კუთვნილი თანხა და მის მიმართ მიმდინარეობს სასამართლო დავა, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე დავა მიმდინარეობს სააპელაციო სასამართლოში და არ არის დასრულებული. შესაბამისად, შედეგებიც არ არის ცნობილი. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, საქართველოს მთავრობის 14.11.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, შემოსავლების სამსახურის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებულ „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების“ პირველი ნაწილის მე2 და მე-3 პუნქტებზე და განმარტავს, რომ უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს შემდეგი გარემოებები:
კომპანიის მიერ თავადვე მოხდა მისი კუთვნილი თანხების უკანონოდ მიტაცების ფაქტის გამოვლენა, რაზეც ყოფილი დირექტორს მიმართ აღძრულია და მიმდინარეობს სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივი დავები; აღნიშნული განხორციელებულია საგადასახადო შემოწმების შესახებ შეტყობინების მიღებამდე 2,5 წლით ადრე; სადავო თანხა მოთხოვნად თავად კომპანიას აქვს დარიცხული და აღიარებული; სადავო საკითხებზე არ არის დამდგარი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება.
4.07.2022 წლის სასამართლოს გადაწყვეტილებით ყოფილი დირექტორი დამნაშავედ არის ცნობილი 2015-2018 წლების პერიოდში 640 000 ლარის კომპანიიდან დივიდენდის სახით გატანილ თანხებზე, რომელიც დამფუძნებლისთვის არ გადაუცია.
კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადენს საყოფაცხოვრებო ნივთების რეალიზაცია. იგი დაფუძნებულია 23.08.2011 წელს. აღნიშნული თარიღიდან 28.01.2019 წლამდე კომპანიის დირექტორი იყო ------- (პ/ნ -------). 28.01.2019 წლიდან კომპანიის დირექტორია ------- (პ/ნ -------).
შემოწმების შედეგად კომპანიაზე განხორციელებული დარიცხვები უკავშირდება ყოფილი დირექტორის, ------- მიმართ 1430 საბუღალტრო ანგარიშზე კომპანიის მიერ დაფიქსირებულ მოთხოვნას - 1 102 444 ლარს. აღნიშნული თანხა ყოფილი დირექტორის მიერ 28.01.2019 წლამდე არაკეთილსინდისიერად იქნა მითვისებული. 2019 წელს ჩატარებულმა აუდიტორულმა შემოწმებამ გამოავლინა ყოფილი დირექტორის მიერ 2015 წლიდან მნიშვნელოვანი თანხების კომპანიიდან გატანის ფაქტები. მათ შორის 2015-2017 აღნიშნულის გამოვლენისთანავე (საკუთარი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და კომპანიის კუთვნილი 1 102 444 ლარის მითვისების გამო), ------- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და მის მიმართ კომპანიამ დაიწყო ქონებრივი და სისხლისსამართლებრივი დავა. ქონებრივი დავის ნაწილში კომპანია ყოფილი დირექტორისგან ითხოვს 1 957 300 ლარის ანაზღაურებას, რომელშიც შედის ზემოთ ხსენებული 1 102 444 ლარი. საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ კომპანიას შეტყობინება გაეგზავნა 13.04.2022 წელს. კომპანიის მიერ ყოფილი დირექტორის წინაშე თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქონებრივი დავის ნაწილში) სარჩელი შეტანილია 2019 წელს.
შემოწმების აქტით დასტურდება, რომ შემმოწმებლისთვის ცნობილი იყო მიმდინარე ქონებრივი და სისხლისსამართლებრივი დავის შესახებ, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად შემოწმების აქტი დაიწერა და დარიცხვები განხორციელდა ისე, რომ აღნიშნულ გარემოებაზე ყურადღება საერთოდ არ გამახვილდა. აღნიშნული ძალიან მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს და სრულად ცვლის შემოსავლების სამსახურის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანების (ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე) №9 დანართის (მეთოდური მითითება სალაროში ნაღდი ფულის შესახებ) გამოყენების საფუძველს. სადავო არ არის, რომ აუდიტის დეპარტამენტის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციის განმახორციელებელი სუბიექტის, მიზანს/თვითმიზანს არ წარმოადგენს გადამხდელისთვის დამატებითი გადასახადის და სანქციის დაკისრება. პირველ რიგში, გარემოება/ფაქტი/ოპერაცია უნდა შეფასდეს მისი რეალური ეკონომიკური შინაარსის მიხედვით და მხოლოდ ამის შემდგომ დაედოს იურიდიული საფუძველი. ადგილი აქვს შემთხვევას, როდესაც ყოფილი დირექტორის მიერ ფინანსურად უკიდურესად დაზარალებულ კომპანიას, არაკეთილსინდისიერად მითვისებული თანხის გამო, რომელიც თავადვე გამოავლინა შემოწმების დაწყებამდე 3 წლით ადრე და აღძრა ქონებრივი და სისხლისსამართლებრივი დავა, საგადასახადო ორგანო დამატებით არიცხავს 750 384 ლარს. სუბიექტური არ იქნება, თუ მოცემულ შემთხვევაში ჩათვლის, რომ კანონმდებლის მიზანი და საგადასახადო სამართალი აღნიშნული ქმედებით აღსრულებულად ვერ ჩაითვლება. საქმეზე მიმდინარეობს სამოქალაქო დავა, ყოფილი დირექტორის ქონებებზე გავრცელებულია საკუთრების გასხვისების შესაძლებლობის შეზღუდვა. სამართლის აღსრულების შემთხვევაში, კომპანია მიიღებს დაკარგულ ფულად სახსრებს სრულად ან ნაწილობრივ. ყოფილი დირექტორის დამნაშავედ ცნობის და გადახდისუუნაროდ გამოცხადების შემთხვევაშიც, სარგებელი რომელიც შეიძლება დაიბეგროს გადასახადებით, მიიღო ყოფილმა დირექტორმა ------- - მითვისებული ფულადი სახსრების ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტს და 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებს, რომელიც გამოყენებულია დარიცხვის საფუძვლად, აქვს კონკრეტული მიზანი: სსკ-ის 982 მუხლის შემთხვევაში - დაზღვეული იყოს უფლებამოსილი პირის/პირების მიერ კომპანიიდან ფულადი სახსრების დაუბეგრავად გატანის რისკი; საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შემთხვევაში - სამართლიანად დაიბეგროს ხელფასი/ხელფასთან გათანაბრებული განაცემი. საგადასახადო შემოწმებით კი დგება ფაქტი, როდესაც არაკანონიერად მითვისებული, მოპარული თანხა, ე.წ. უპროცენტო სესხის ნაწილში, ჩაითვალა მოქმედი დირექტორის ხელფასად, ხოლო მოგების გადასახადის ნაწილში კი ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით „შემოსავალი გადასახადით იბეგრება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მისი კანონიერება სადავოა“.
კიდევ ერთხელ აღსანიშნია, რომ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვის ობიექტი (უშუალოდ ფულადი სახსრების მითვისების ან/და სარგებელი ფულადი სახსრებით უპროცენტოდ სარგებლობისთვის), რომელიც მოცემული ოპერაციის ფარგლებში შესაძლოა წარმოიშვას, უნდა მიეკუთვნოს ყოფილ დირექტორს - -------. ზემოთ მოცემული ოპერაციის მოგების და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის, ე.ი. კვალიფიკაციის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი საგადასახადო ორგანოს აქვს/ექნება/ექნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იარსებებს დასაბუთებული მტკიცებულება იმისა, რომ აღძრული სამოქალაქო და სისხლის სამართის საქმეები ფიქტიურია.
ითხოვს ზემოთ მოცემულ სამართლებრივ საფუძვლებზე, მოსაზრებაზე და წარდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოხდეს უსაფუძვლოდ დარიცხული გადასახადის და სანქციების გაუქმება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის და მე-8 ნაწილის შესაბამისად:
3. მოგების გადასახადით იბეგრება: ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.
8. თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით:
1. ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება ქვემოთ მითითებული თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით:
ბ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
2. გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს.
3. პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია: ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენლმა განმარტა, რომ კომპანიის მიერ თავადვე მოხდა მისი კუთვნილი თანხების უკანონოდ მიტაცების ფაქტის გამოვლენა, რაზეც ყოფილი დირექტორს მიმართ აღძრულია და მიმდინარეობს სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივი დავები. აღნიშნული განხორციელებულია საგადასახადო შემოწმების შესახებ შეტყობინების მიღებამდე 2,5 წლით ადრე. სადავო საკითხებზე არ არის დამდგარი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება. სადავო თანხა მოთხოვნად თავად კომპანიას აქვს აღიარებული და დარიცხული. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტს და 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებს, რომელიც გამოყენებულია დარიცხვის საფუძვლად, აქვს კონკრეტული მიზანი: საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის შემთხვევაში - დაზღვეული იყოს უფლებამოსილი პირის/პირების მიერ კომპანიიდან ფულადი სახსრების დაუბეგრავად გატანის რისკი; საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შემთხვევაში - სამართლიანად დაიბეგროს ხელფასი/ხელფასთან გათანაბრებული განაცემი. საგადასახადო შემოწმებით კი დგება ფაქტი, როდესაც არაკანონიერად მითვისებული, მოპარული თანხა, ე.წ. უპროცენტო სესხის ნაწილში, ჩაითვალა მოქმედი დირექტორის ხელფასად, ხოლო მოგების გადასახადის ნაწილში კი ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად.
მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, შემოწმების მიმდინარეობისას ყოფილი დირექტორის მიმართ ბრალი დამტკიცებული არ იყო და როგორც მომჩივანი განმარტავს, ამ ეტაპზე დავა მიმდინარეობს სასამართლოში და არ არის დასრულებული. ასევე, მნიშვნელოვანია რომ დირექტორი არის პირი, რომელიც ვალდებულია კომპანიაში ფულადი სახსრების განკარგვაზე, შესაბამისად, ის თანხა რომელიც მასზე საქვეანგარიშოდ გაიცა და დღემდე არ არის დაბრუნებული, საგადასახადო მიზნებისთვის კვალიფიკაციის შეცვლით ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად და შესაბამისად, სესხზე მისაღები პროცენტები ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად.
ზემოთ აღნიშნული გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს შემოწმების მიერ დადგენილი არაგონივრული ნაშთის ოდენობა და აღნიშნული თანხის ჩათვლა საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ:
შესამოწმებელ პერიოდზე განხორციელებული სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად, საწარმოს უფიქსირდება საწყისი და საბოლოო ნაშთი. შემოწმების შედეგად განისაზღვრა გონივრული ნაშთის ოდენობა თვეების ჭრილში, ხოლო არაგონივრული ნაშთი შემოწმების მიერ ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო სესხზე მისაღები პროცენტები (წლიური 20%-ის ოდენობით) ჩაითვალა საწარმოს დირექტორის მიერ მიღებულ სარგებლად.
საგადასახადო კოდექსის თანახმად, გადამხდელს დაერიცხა მოგების, საშემოსავლო გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რომლებიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. 2.08.2023 წლის №18905 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73; 982(3, 8); 101; 154; 275