ბრძანება N 7181

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 15.04.2025
№ დოკუმენტი 7181
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 7181

15 აპრილი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ „------“(ს/ნ ------)

(მის.:---------)

2025 წლის 14 მარტის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 3 აპრილის სხდომაზე (ოქმი №25) განიხილა ფ/პ ------ (პ/ნ -------) 2025 წლის 14 მარტის №94580/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 13 თებერვლის №011-1 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. განმარტავს, რომ მის მიერ დროულად იქნა წარდგენილი მტკიცებულებები და აღნიშნული საფუძვლით უარის თქმა უსაფუძვლოა, გარდა ამისა, მტკიცებულებების წარუდგენლობის შემთხვევაშიც უარი უსაფუძვლოა, ვინაიდან, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 ივნისის №15071 ბრძანების თანახმად, ინფორმაციის წარდგენის გარეშეც უნდა გადაანგარიშებულიყო შემოწმების შედეგად საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხები. არ ეთანხმება ბინის რეალიზაციისას ნამეტი შემოსავლის (სხვა ხარჯების გამოუქვითავად) 20%-იანი განაკვეთით დაბეგვრას, ასევე მიმდინარე გადასახდელების დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 ივნისის №15071 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ფ/პ --------- (პ/ნ --------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. ფ/პ ------- (პ/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

გ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, იმსჯელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრის თაობაზე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 ივნისის №15071 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 4 თებერვალს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 13 თებერვლის №011-1 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

გადასახადის გადამხდელს აუდიტის დეპარტამენტში არ წარმოუდგენია ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები. შესაბამისად, დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

ამავე კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში ფიზიკურმა პირმა განახორციელა შეძენილი ბინების (აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით 30 ბინის) რეალიზაცია, რომელთა საერთო ღირებულებამ შეადგინა 7 180 947 ლარი. შემოწმებით დადგინდა, რომ აღნიშნულ ოპერაციებთან მიმართებით გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა შესრულებული შესაბამისი საგადასახადო ვალდებულება საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. ფიზიკური პირის მიერ 30 ბინის რეალიზაცია წარმოადგენს ეკონომიკურ საქმიანობას და აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შემოწმებით დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით.

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნით ირკვევა, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელს აუდიტის დეპარტამენტში არ წარუდგენია ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რის შედეგად საგადსაახადო შემოწმებით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, ბინის რეალიზაციისას ნამეტი შემოსავლის 20%-იანი განაკვეთით დაბეგვრასთან და მიმდინარე გადასახდელების დარიცხვასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. ამასთან, საგადასახადო შემოწმების შედეგებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, გადასახადის გადამხდელს არ უფიქსირდება მიმდინარე გადასახდელების დარიცხვა.

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმების მიერ 20%-იანი განაკვეთის გამოყენება არასწორია. ამასთან, ფიზიკურმა პირმა მოიძია ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები, თუმცა ვერ მოხერხდა ხარჯების უდიდესი ნაწილის დადასტურება (ხელოსნებზე გადახდილი თანხები). გარდა ამისა, ზოგიერთ შემთხვევაში სასაქონლო ზედნადები გამოწერილი იყო არა -------- არამედ მის შვილზე და ნათესავზე, ასევე არის უმისამართო სასაქონლო ზედნადებები. მიუხედვად ამისა, შემოწმებამ გაითვალისწინა მხოლოდ -------- გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები და გამოქვითა მათი მხოლოდ მცირე ნაწილი, რაც ემთხვეოდა ბინების მისამართებს. მიუთითებს, რომ არ არის გათვალისწინებული საბანკო კრედიტის ხარჯიც, რომელიც პირდაპირ დასტურდება იპოთეკური სესხის პირობებში. თვლის, რომ შემოწმებით მიდგომა არათანმიმდევრულია, რადგან თუ ფიზიკური პირის საქმიანობა ჩაითვალა ეკონომიკურ საქმიანობად, მაშინ უნდა გამოიქვითოს მასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი, რომელიც ამ საქმიანობასთან არის დაკავშირებული, მათ შორის ისეთიც, რომელზეც ვერ იქნა წარდგენილი სათანადო დოკუმენტი, რადგან ასეთი ხარჯები გამოიქვითება არაპირდაპირი მეთოდით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ხარჯებში გაითვალისწინოს ყველა ის სასაქონლო ზედნადები, რომელიც ფიქსირდება კონკრეტულად -------- სახელზე რეგისტრირებული ბინის მასამართზე და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ამასთან, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები (მ.შ სესხის და კომუნალურის ხარჯებთან დაკავშირებით), განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ფ/პ -------- (პ/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები (მ.შ სესხის და კომუნალურის ხარჯებთან დაკავშირებით);

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის

შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

გ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ხარჯებში გაითვალისწინოს ყველა ის სასაქონლო ზედნადები, რომელიც ფიქსირდება კონკრეტულად --------სახელზე რეგისტრირებული ბინის მასამართზე და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. არ ეთანხმება ბინის რეალიზაციისას ნამეტი შემოსავლის (სხვა ხარჯების გამოუქვითავად) 20%-იანი განაკვეთით დაბეგვრას, ასევე მიმდინარე გადასახდელების დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში ფიზიკურმა პირმა განახორციელა შეძენილი ბინების ( 30 ბინის) რეალიზაცია, რომელთა საერთო ღირებულებამ შეადგინა

7 180 947 ლარი. შემოწმებით დადგინდა, რომ აღნიშნულ ოპერაციებთან მიმართებით გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა შესრულებული შესაბამისი საგადასახადო ვალდებულება საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. ფიზიკური პირის მიერ 30 ბინის რეალიზაცია წარმოადგენს ეკონომიკურ საქმიანობას და აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შემოწმებით დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით.

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნით ირკვევა, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელს აუდიტის დეპარტამენტში არ წარუდგენია ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რის შედეგად საგადსაახადო შემოწმებით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.

 

გადაწყვეტილება

დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:81(1);73(5);100(1);102(1);105(1);