ბრძანება N 16841

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 12.07.2023
№ დოკუმენტი 16841
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 16841

12.07.2023

შპს „--------“-ის (ს/ნ --------)

(მის.: -----------)

2023 წლის 20 იანვრის და 28 თებერვლის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის პირველი ივნისის სხდომაზე (ოქმი №59) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2023 წლის 20 იანვრის №78277/1/2023 და 28 თებერვლის №79395/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 დეკემბრის №056-57 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1. გადამხდელი არ ეთანხმება საქართველოს ტერიტორიაზე სატრანსპორტო (გადაზიდვის) მომსახურების გაწევიდან მისაღები შემოსავლების გაზრდას და შესაბამისად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აღნიშნულთან დაკავშირებით საჩივარში მითითებულია არგუმენტები:

 საჩივრის მიხედვით გადამხდელი არ ასაჩივრებს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, თუმცა აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება უშუალოდ სატრანსპორტო (გადაზიდვის) მომსახურების ფასის დადგენის მეთოდს. კერძოდ, მიუთითებს, რომ შემოწმებამ ფასი დაადგინა საშუალო არითმეტიკულით და ერთი ერთეული სატრანსპორტო მომსახურების საშუალო ფასი გამოიყვანა დოკუმენტური რეალიზაციით დადგენილი მაქსიმალური სატრანსპორტო მომსახურების ფასისა (900 ლარი) და მინიმალური სატრანსპორტო ფასის (300 ლარი) საშუალო არითმეტიკულით, რასაც არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მხედველობაშია მისაღები, თუ რა რაოდენობის სატრანსპორტო მომსახურების გაწევა მოხდა შესამოწმებელ პერიოდში მაქსიმალური მომსახურების ტარიფით და რა რაოდენობის მომსახურების - მინიმალური ტარიფით. შესაბამისად, გადამხდელი მიუთითებს, რომ სატრანსპორტო მომსახურების საშუალო ფასი უნდა დადგინდეს შეწონილი მეთოდის მიხედვით.

 მომჩივნის პოზიციით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება არ უნდა მოხდეს დოკუმენტურ რეალიზაციაზე, რადგან აღნიშნული დოკუმენტების დადასტურებით (მ.შ. ელექტრონულად) მომსახურების მიმღები თავად ადასტურებს შეძენილი სატრანსპორტო მომსახურების ფასს;

 გადამხდელი მიიჩნევს, რომ რიგ შემთხვევებში ერთიდაიგივე სატრანსპორტო მომსახურებისას საწარმოს საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება ორ სასაქონლო ზედნადებში ხვდებოდა, პირველად ავტოსატრანსპორტო საშუალება ხვდებოდა გამყიდველების მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებში (სადაც მითითებული იყო, რომ სატრანსპორტო ხარჯის გაწევა ხდება მყიდველის მიერ) მყიდველზე რეალიზაციის მომენტში. ამ დროს ხორბლის მიტანა ხდებოდა მყიდველის ტერიტორიაზე, შემდეგ კი ხორბლის შემოწმების და აწონვის მერე აღნიშნული მყიდველი გადაყიდდა ხორბალს და გამოწერდა დოკუმენტს სხვა მყიდველზე, ამ დროს ხდებოდა კვლავ ზედნადების გამოწერა, რომელშიც გადამზიდავად, ასევე, ეთითებოდა კომპანიის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება.

 გადამხდელი საჩივარში აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ სატრანსპორტო მომსახურების რაოდენობაში ჩართულია ისეთი ზედნადები, რომელშიც საქონლის გამყიდველს შპს „-------“-ის ავტოსატრანსპორტო საშუალება სავარაუდოდ შეცდომით აქვს მითითებული და აღნიშნულ კომპანიასთან (გამყიდველთან) შესამოწმებელ პერიოდში ავტოსატრანსპორტო მომსახურების გაწევაზე რაიმე სახის გარიგება არ არის გაფორმებული.

2. გადამხდელი ასაჩივრებს შემოწმების მიერ საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურებიდან მისაღები შემოსავლების გაზრდას. მომჩივნის პოზიციით, საგადასახადო ორგანომ მხედველობაში არ მიიღო, რომ რიგ შემთხვევებში (კერძოდ, 60 საზღვრისკვეთა) ავტოსატრანსპორტო საშუალებებმა საზღვარი გადაკვეთეს კომპანიის მიერ ---------ის ტერიტორიაზე შეძენილი საქონლის საქართველოში ტრანსპორტირების მიზნით.

გადამხდელი დამატებით აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სატრანსპორტო მომსახურებას უწევდა ერთადერთ იურიდიულ პირს - რეზიდენტ კომპანია შპს „---------“-ს, აღნიშნულ მომსახურებებზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ხოლო 2 გადაზიდვაზე, რომელზეც არ არის გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა, გადაზიდვების თანხები ასახულია საწარმოს ბუღალტრულ აღრიცხვაში.

3. გადამხდელი მიუთითებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში არარეზიდენტ კომპანია ------- - თან უფიქსირდება გადახდილი ავანსის თანხა, რომელიც საგადასახადო ორგანოს მიერ ჩაითვალა არარეზიდენტ კომპანიაზე გაცემულ სესხად. გადამხდელი აცხადებს, რომ არარეზიდენტ მომწოდებელზე ავანსის გაცემა განხორციელდა მასთან დადებული გარიგების შესაბამისად, რომლის მიხედვითაც, მომწოდებელი არარეზიდენტი კომპანია გადახდილი ავანსის თანხების საშუალებით ახდენს სხვადასხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირებისგან ხორბლის მოსავლის შესყიდვას და მის შპს „-------“-სთვის მოწოდებას. აღნიშნული არარეზიდენტი მომწოდებელი საწარმოს უმეტესწილად ხორბალს აწვდის საბითუმო საბაზრო შესყიდვის ფასზე 10%-მდე ნაკლები ფასით, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან ფასდაკლებას აღნიშნულ სექტორში.

4. გადასახადის გადამხდელი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სანქციებისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 აპრილი №10196 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ის (ს/ნ --------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 15 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 21 დეკემბრის №32181 ბრძანება და ამავე თარიღის №056-57 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 325 979 ლარი, მათ შორის, გადასახადი 165 665 ლარი, ჯარიმა 103 876 ლარი, საურავი 56 438 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

 შემოწმების შედეგად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის შესწავლით გამოვლინდა, რომ საწარმოს კუთვნილი სატვირთო ავტომობილები ფიქსირდება სხვადასხვა ზედნადებებში (არც გამყიდველი და არც შემსყიდველი პირი არ არის შპს „-------“), როგორც სატრანსპორტო საშუალება. გარდა აღნიშნულისა გადამხდელის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება, ასევე, ფიქსირდება საერთაშორისო გადაზიდვებშიც (საზღვრის კვეთებში). შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს სატრანსპორტო (ტვირთის გადაზიდვის) მომსახურებების გაწევიდან არასრულად აქვს დეკლარირებული მიღებული შემოსავლები (გარკვეულ ნაწილზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რაც ასახულია დეკლარაციებში). ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების შედეგად განსაზღვრული იქნა დამატებით გაწეული სატრანსპორტო მომსახურებების (როგორც ადგილობრივი, რაც დაიბეგრა დღგ-ით, ასევე საერთაშორისო, რაც დაექვემდებარა დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრას) რაოდენობა, რაზეც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად გაანგარიშდა დამატებით მიღებული შემოსავლები. თითოეულ ასეთ რეისზე შემოსავლები გაანგარიშებული იქნა გადამხდელის მიერვე დეკლარირებული მონაცემებიდან (გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში ასახული მონაცემების გათვალისწინებით) და ასევე გადამხდელის მოწოდებული ახსნა-განმარტების (გაწეული სატრანსპორტო, ტვირთის გადაზიდვის, მომსახურების ღირებულებების შესახებ) მიხედვით. მიღებული შემოსავლებიდან გამომდინარე საწარმოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის (2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის) თანახმად დამატებით განესაზღვრა დღგ. ამასთანავე, დამატებით მიღებული თანხები ჩაითვალა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაექვემდებარა დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით.

 წარმოდგენილი სააღრიცხვო მონაცემების მიხედვით შესამოწმებელ პერიოდში კომპანია ახდენს ხორბლის შეძენას სხვადასხვა არაარეზიდენტი კომპანიისგან. ---------ის შემთხვევაში კომპანია ბუღალტრულად ნაღდი ფულის გატანას და გადახდას იწყებს 2021 წლის 16 ივლისიდან, ხოლო აღნიშნული არარეზიდენტი კომპანიისგან შეძენები დაწყებული აქვს 2021 წლის 14 ოქტომბრიდან. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ შეძენების დაწყებიდან ოპერაციები (შეძენილი საქონლის ღირებულება და გადახდილი თანხის ოდენობა) თანხობრივად შეესაბამება ერთმანეთს, ხოლო თავდაპირველი გატანილი თანხები მუდმივად აღრიცხული აქვს წინასწარ გადახდილად. შემოწმებისას საწარმომ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები აღნიშნული თანხების გადახდის მიზნობრიობის შესახებ. შესაბამისად, შემოწმების შედეგად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ" პუნქტის შესაბამისად, ზემოაღნიშნული გადახდილი თანხები განხილული იქნა არარეზიდენტ კომპანიაზე გაცემულ უპროცენტო სესხად, რაც დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო უკან დაბრუნებულ სესხის ძირითად თანხაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 -ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად გაანგარიშებული იქნა ჩასათვლელი მოგების გადასახადის თანხა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 სატრანსპორტო (გადაზიდვის) მომსახურების ფასის დადგენასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტში ასახულ გარემოებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმების მიერ შემოსავლები გაანგარიშდა გადამხდელის მიერვე დეკლარირებული მონაცემებიდან (გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში ასახული მონაცემების გათვალისწინებით) და ასევე, გადამხდელის მიერ მიწოდებული ახსნა-განმარტების (გაწეული სატრანსპორტო, ტვირთის გადაზიდვის, მომსახურების ღირებულებების შესახებ) მიხედვით.

ზემოაღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ სატრანსპორტო (გადაზიდვის) მომსახურების ფასის დადგენის მეთოდი შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან და გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 არაპირდაპირი მეთოდის დოკუმენტურ რეალიზაციაზე გამოყენებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის მიხედვით, დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში მომსახურების მიმღები თავად ადასტურებს სატრანსპორტო მომსახურების ფასს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეზე არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

 სატრანსპორტო მომსახურებისას საწარმოს საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ორ სასაქონლო ზედნადებში მითითების საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გამოვლინდა, რომ საწარმოს კუთვნილი სატვირთო ავტომობილები ფიქსირდება სხვადასხვა ზედნადებებში და საწარმოს სატრანსპორტო (ტვირთის გადაზიდვის) მომსახურებების გაწევიდან არასრულად აქვს დეკლარირებული მიღებული შემოსავლები. შემოწმების შედეგად განსაზღვრული იქნა დამატებით გაწეული სატრანსპორტო მომსახურებების რაოდენობა, რის მიხედვითაც გაანგარიშდა დამატებით მიღებული შემოსავლები.

ზემოაღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად სადავო საკითხის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი განსახილველ საკითხთან მიმართებაში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 სასაქონლო ზედნადებში შპს „--------“-ის ავტოსატრანსპორტო საშუალების შეცდომით მითითებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომლის მიხედვით, ერთ-ერთ ზედნადებში საქონლის გამყიდველი კომპანიის მიერ შეცდომით არის მითითებული გადამხდელის ავტოსატრანსპორტო საშუალება და აღნიშნულ კომპანიასთან (გამყიდველთან) შესამოწმებელ პერიოდში ავტოსატრანსპორტო მომსახურების გაწევაზე რაიმე სახის გარიგება არ არის გაფორმებული.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეზე არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 25-ე ნაწილის მიხედვით, საერთაშორისო გადაზიდვა არის ავტოსატრანსპორტო საშუალებით ან სარკინიგზო ტრანსპორტით, საზღვაო, სამდინარო ან საჰაერო ხომალდით მგზავრთა, საქონლის (მათ შორის, ფოსტის) სხვადასხვა სახელმწიფოში, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოა, მდებარე ორ პუნქტს შორის ნებისმიერი გადაზიდვა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია:

დ) მგზავრთა და ბარგის გადაზიდვის მომსახურებისა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა იმ პირობით, რომ გაგზავნის ან დანიშნულების პუნქტი მდებარეობს საქართველოს ფარგლების გარეთ და ასეთ გადაზიდვაზე გაფორმებულია ერთიანი სატრანსპორტო დოკუმენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია მგზავრთა და ბარგის გადაზიდვის მომსახურებისა და ამ გადაზიდვასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურების გაწევა იმ პირობით, რომ გაგზავნის ან დანიშნულების პუნქტი მდებარეობს საქართველოს ფარგლების გარეთ და ასეთ გადაზიდვაზე გაფორმებულია ერთიანი სატრანსპორტო დოკუმენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი ახორციელებს, ასევე, საერთაშორისო გადაზიდვებს. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომლის მიხედვით, რიგ შემთხვევებში (კერძოდ, 60 საზღვრისკვეთა) ავტოსატრანსპორტო საშუალებებმა საზღვარი გადაკვეთეს კომპანიის მიერ --------ს ტერიტორიაზე შეძენილი საქონლის საქართველოში ტრანსპორტირების მიზნით, თუმცა აღნიშნული შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეზე არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საერთაშორისო გადაზიდვების მომსახურების დაბეგვრის მართლზომიერების დადგენის მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის. ასევე, უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ" ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელი არარეზიდენტი კომპანიის --------ისთვის ნაღდი ფულის გადახდას (ნაღდი ფულის გატანა ანგარიშებიდან) იწყებს 2021 წლის 16 ივლისიდან, ხოლო აღნიშნული არარეზიდენტი კომპანიისგან შეძენები დაწყებული აქვს 2021 წლის 14 ოქტომბრიდან. შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, საიდანაც ირკვევა, რომ შეძენების დაწყების შემდეგ შეძენილი საქონლის ღირებულება და გადახდილი თანხის ოდენობა თანხობრივად შეესაბამება ერთმანეთს, ხოლო თავდაპირველი გატანილი თანხები გადამხდელს აღრიცხული აქვს წინასწარ გადახდილად და ამასთან, საწარმომ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები აღნიშნული თანხების გადახდის მიზნობრიობის შესახებ.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 და 22 ნაწილების თანახმად:

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ --------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს არაპირდაპირი მეთოდის დოკუმენტურ რეალიზაციაზე გამოყენების საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

ბ) ზედნადებში შპს „-------“-ის ავტოსატრანსპორტო საშუალების შეცდომით მითითებასთან მიმართებით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

გ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება შემცირება;

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

1. გადამხდელი არ ეთანხმება საქართველოს ტერიტორიაზე სატრანსპორტო (გადაზიდვის) მომსახურების გაწევიდან მისაღები შემოსავლების გაზრდას და შესაბამისად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2. გადამხდელი ასაჩივრებს შემოწმების მიერ საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურებიდან მისაღები შემოსავლების გაზრდას.

3. გადამხდელი მიუთითებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში არარეზიდენტ კომპანიასთან უფიქსირდება გადახდილი ავანსის თანხა, რომელიც საგადასახადო ორგანოს მიერ ჩაითვალა არარეზიდენტ კომპანიაზე გაცემულ სესხად.

4. გადასახადის გადამხდელი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სანქციებისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს სატრანსპორტო (ტვირთის გადაზიდვის) მომსახურებების გაწევიდან არასრულად აქვს დეკლარირებული მიღებული შემოსავლები (გარკვეულ ნაწილზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რაც ასახულია დეკლარაციებში). ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმების შედეგად განსაზღვრული იქნა დამატებით გაწეული სატრანსპორტო მომსახურებების (როგორც ადგილობრივი, რაც დაიბეგრა დღგ-ით, ასევე საერთაშორისო, რაც დაექვემდებარა დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრას) რაოდენობა, რაზეც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად გაანგარიშდა დამატებით მიღებული შემოსავლები. მიღებული შემოსავლებიდან გამომდინარე საწარმოს დამატებით განესაზღვრა დღგ. ამასთანავე, დამატებით მიღებული თანხები ჩაითვალა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაექვემდებარა დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით.

წარმოდგენილი სააღრიცხვო მონაცემების მიხედვით შესამოწმებელ პერიოდში კომპანია ახდენს ხორბლის შეძენას სხვადასხვა არაარეზიდენტი კომპანიისგან. ერთ-ერთის შემთხვევაში კომპანია ბუღალტრულად ნაღდი ფულის გატანას და გადახდას იწყებს 2021 წლის 16 ივლისიდან, ხოლო აღნიშნული არარეზიდენტი კომპანიისგან შეძენები დაწყებული აქვს 2021 წლის 14 ოქტომბრიდან. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ შეძენების დაწყებიდან ოპერაციები (შეძენილი საქონლის ღირებულება და გადახდილი თანხის ოდენობა) თანხობრივად შეესაბამება ერთმანეთს, ხოლო თავდაპირველი გატანილი თანხები მუდმივად აღრიცხული აქვს წინასწარ გადახდილად. შემოწმებისას საწარმომ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები აღნიშნული თანხების გადახდის მიზნობრიობის შესახებ. შესაბამისად, შემოწმების შედეგად ზემოაღნიშნული გადახდილი თანხები განხილული იქნა არარეზიდენტ კომპანიაზე გაცემულ უპროცენტო სესხად, რაც დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო უკან დაბრუნებულ სესხის ძირითად თანხაზე გაანგარიშებული იქნა ჩასათვლელი მოგების გადასახადის თანხა.

 

გადაწყვეტილება

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საერთაშორისო გადაზიდვების მომსახურების დაბეგვრის მართლზომიერების დადგენის მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურმა მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(3), 43(4), 73, 101(1), 154(1"ა"), 158(1), 159(1), 163(1)(2), 164(1), 8(25), 172(1"ი"), 97(1), 982(3)(8), 269(1)(7), 270(1), 272(1), 275.

2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის: 160"ა", 161(1"ა"), 168(4"დ").