გადაწყვეტილება №20993/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.12.2023
№ დოკუმენტი 20993/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20993/2/2023

15 დეკემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ "------" (ს/ნ "------")

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,7.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "------"-ის 5.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20993/2/2023).

 

დავის საგანი:

ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისისთვის დაკისრებული ჯარიმა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 28 ივნისის №CB1484096 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 აგვისტოს №20989 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 61 655 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ დანაკლისზე მომჩივანს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 28 ივნისის №CB1484096 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებილი სანქცია - ჯარიმა 61 655 ლარის ოდენობით.

აღნიშნული ოქმი 2023 წლის 12 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 25 აგვისტოს №20989 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 49-ე, 70-ე, მე-8, 269-ე, 270-ე, 286-ე მუხლებზე და საქმეში არსებული მასალების შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი წარდგენილ საჩივარს თან არ ურთავს ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე, მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

1 მ 3 ფიცრის საბაზრო სარეალიზაციო ფასი დადგენილია 900 ლარი, რაც არარეალურია, რადგან ადგილობრივი ფიცრის და თანაც ე. წ. „სამიანი ფიცრის“ მაქსიმალური ფასი შეადგენს 650 ლარს, ნაცვლად 900 ლარისა. ასევე აღსანიშნავია, რომ ე. წ. „სამიანი ფიცარი" გამოიყენება მხოლოდ ე. წ. „აპალოვკისთვის" თითქმის ერთჯერადად. გასაყიდი ფასები დასტურდება რეალიზაციის სასაქონლო ზედნადებით.

მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 601 მუხლებზე და ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები და 1 მ 3 ფიცრის საბაზრო გასაყიდ ფასად დაფიქსირდეს 650 ლარი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2023 წლის 16 მაისის №"------" წერილის და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 23 მაისის №11384 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის სასაქონლომატერიალური ფასეულობების და ძირთადი საშუალებების ინვენტარიზაცია. მეწარმისგან, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისთვის, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების განთავსების და ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებელი ობიექტების ან/და სასაწყობო მეურნეობის შესახებ, რაზეც მან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს აცნობა, რომ ინვენტარიზაციის დაწყების მდგომარეობით ეკონომიკური საქმიანობის ობიექტი ან სასაწყობე მეურნეობა არ გააჩნდა, ასევე არ გააჩნდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების ნაშთი. გადასახადის გადამხდელის მიერ შეიქმნა საინვენტარიზაციო კომისია. მომჩივნის მიერ წარდგენილ იქნა ხელწერილი, რომ ყველა ბუღალტრული საბუთი დამუშავებულია, მიღებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები აღებულია შემოსავალში, ხოლო რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩამოწერილია, აგრეთვე წარადგინა ხელწერილი იმის შესახებ, რომ იგი აწარმოებს რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების რაოდენობრივ აღრიცხვას, ასევე ინვენტარიზაციის ბრძანების ჩაბარებამდე მას სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია არ აქვს ჩატარებული და საგადასახადო ორგანოში არ აქვს ნაცნობები სასაქონლომატერიალური ფასეულობების და ძირთადი საშუალებების დანაკლისის ან/და აღურიცხავი სასაქონლომატერიალური ფასეულობების და ძირთადი საშუალებების შესახებ. მეწარმის მიერ არ იქნა წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების ნაშთის შესახებ ოქმი (დანართი №19). შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ გამოყენებული იქნა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება და საგადასახადო ორგანოში აღნიშნული გადასახადის გადამხდელის შესახებ არსებული მონაცემების საფუძველზე მოხდა დანართი №20 და №22 შევსება. ინვენტარიზაციის შედეგად სასაქონლო–მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისმა შეადგინა საბაზრო ღირებულებით 616 555 ლარი. ინვენტარიზაციის შედეგად აღურიცხავი სასაქონლომატერიალური ფასეულობები არ გამოვლინდა. მომჩივანს 2023 წლის 19 ივნისს ჩაბარდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის შედეგებზე შედგენილი ოქმის პროექტი, რომელთან დაკავშირებითაც გადასახადის გადამხდელის მიერ, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, არ იქნა წარდგენილი პოზიცია. საბოლოოდ, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი 616 555 ლარის ოდენობით საბაზრო ფასებით, რაზეც 2023 წლის 28 ივნისს შედგა №CB1484096 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, დაეკისრა ჯარიმა 61 655 ლარის ოდენობით.

მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი განმარტავს, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სარეალიზაციო ფასების განსაზღვრისას გამოყენებულ იქნა საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-3 ნაწილი. კერძოდ, სარეალიზაციო ფასები განისაზღვრა ინვენტარიზაციის განხორციელების პერიოდში იდენტურ საქონელზე ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ მომზადებული ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე დაფიქსირებული ფასებიდან გამომდინარე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 601 მუხლებზე და ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები და 1 მ3 ფიცრის საბაზრო გასაყიდ ფასად დაფიქსირდეს 650 ლარი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ დანაკლისზე მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებილი სანქცია - ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

286(9).