ბრძანება N 26236

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.10.2023
№ დოკუმენტი 26236
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 26236

24 ოქტომბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ის“ (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2023 წლის 11 სექტემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №108) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2023 წლის 11 სექტემბრის №83529/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 ივლისის №006-368 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ფასნამატს, ასევე, სმფ-ების ნაშთებს. განმარტავს, რომ შპს ,,---ის” მიერ ბოლო 6 წლის განმავლობაში მთლიანმა შესყიდვამ შეადგინა 224 448 ლარი, ხოლო რეალიზაციამ 5 წელში 446 947 ლარი. აცხადებს, რომ შემოწმების მიერ გავრცელებული ფასნამატის მიხედვითაც კი, 2016 წლის შემდეგ შესყიდვა-რეალიზაციის შედეგებით, შეუძლებელია 2020 წლის დასაწყისში არსებული ნაშთი ყოფილიყო 228 450 ლარი, რაც მითითებულია 2020 წლის მარტის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციის დანართში. 2020 წლის მარტში გამოცხადებული პანდემიის პირობებში ვერ მოხერხდა ნაშთების რეალური ღირებულების აღრიცხვა და შეფასება, რომელიც როგორც საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა გამოყენებულია აუდიტორების მიერ. რაც შეეხება ფასნამატს, საქონლის გარკვეული ნაწილი განადგურებულია მღრნელების მიერ და უმეტესმა ნაწილმა დაკარგა, როგორც აქტუალურობა მოდის გამო, ასევე, მთავარი, ქსოვილმა დაკარგა ის ელასტიურობა და გარეგნული ფორმა, რაც მნიშვნელოვანია მისი რეალიზაციის დროს. აღნიშნავს, რომ ბიზნესის გადასარჩენად პროდუქციას ნაცნობ თუ უცნობ მყიდველებს გადახდილ ღირებულებაზე გაცილებით დაბალ ფასად სთავაზობდა. ასევე, განმარტავს, რომ ერთ წელზე შემოტანილ საქონელზე ფასნამატს 10%-მდე ამცირებდა, შესაბამისად, ყოველ 6 თვეზე 5%-ით მცირდებოდა. ხოლო ფასდაკლებებს ყოველ სეზონზე და საახალწლო ვაჭრობის დროს იყენებდა, რაც ასევე გასათვალისწინებელია საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას. ითხოვს 2020 წლის რეალური საწყისი ნაშთის, ასევე ფასნამატის დადგენას საჩივარში მითითებული პოზიციის გათვალისწინებით.

2. გადასახადის გადამხდელი ასევე არ ეთანხმება ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგენილი განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 მარტის №5118 და 2 მაისის №9609 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ს“ (ს/ნ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ თებერვლამდე, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისთვის 2023 წლის 16 მარტის ჩათვლით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 21 მარტის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 30 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 18 ივლისის №17477 ბრძანება და ამავე თარიღის №006-368 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 305 346 ლარი, მათ შორის, გადასახადი 167 935 ლარი, ჯარიმა 85 751 ლარი, საურავი 51 660 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. კომპანიის საქმიანობის სახეს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა ტანსაცმლით. საწარმო საქმიანობას ახორციელებს იჯარით აღებულ ფართში, რომელიც მდებარეობს ქალაქ ---ში. შესამოწმებელი პერიოდის მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. წარმოდგენილია მხოლოდ ამონაწერები საქართველოს ბანკისა და თიბისი ბანკის ანგარიშებიდან. ინფორმაცია სმფ-ების ნაშთების ოდენობის შესახებ ასახულია 2020-2021 წლის მარტის მოგების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციებში.

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის შედეგად დადგინდა, რომ 2023 წლის 16 მარტის მდგომარეობით ნაღდი ფულის ნაშთი სალაროში შეადგენს 0 (ნული) ლარს. ასევე, მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა კომპანიის სმფ-ების ფაქტობრივი აღწერა და საკონტროლო შესყიდვა /შეთავაზება, რომლის მიხედვით სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთი შეადგენს 15 685 ლარს თვითღირებულებით. ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები და საგადასახადო ვალდებულებები, შემოწმებამ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრა კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები.

საწარმოს მიერ დეკლარირებული სმფ-ების ნაშთების, განხორციელებული იმპორტის და დეკლარირებული რეალიზაციის მონაცემების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ განსაზღვრულ იქნა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებები წლების მიხედვით, რამაც შეადგინა 2020 წელს - 47 604 ლარი (დღგ-ის გარეშე), 2021 წელს - 393 758 ლარი და 2022 წელს - 10 498 ლარი. რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელებულ იქნა შემოწმებით დადგენილი აუდირებული ფასნამატი 2020-2022 წლებზე 67%.

დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების წილის პროპორციულად გაზრდილ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები 2020-2021 წლების პერიოდზე, ხოლო 2022 წელს გათვალისწინებულია გადასახადის გადამხდელის კუთვნილი საკონტროლო-სალარო აპარატის მიხედვით მიღებული თანხების ოდენობები. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის თანახმად, საწარმოს 2021 წლის 4 მარტის თარიღით განესაზღვრა დღგ-ის რეგისტრაციის ვალდებულება. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის საფუძველზე, სავალდებულო რეგისტრაციის თარიღისთვის ნაშთად არსებულ საქონელზე შემოწმებით გათვალისწინებულ იქნა კუთვნილი ჩასათვლელი დღგ-ის თანხა 26 148 ლარი, ასევე გათვალისწინებულია 2021 წელში განხორციელებული იმპორტისას გადახდილი საბაჟოს დღგ-ის თანხები.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმოს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

2. საწარმოს არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებული შემოსავლების, აგრეთვე, საბანკო ამონაწერების დამუშავებით შემოწმების მიერ განხორციელდა ფულადი სახსრების ანალიზი, შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდის მიხედვით დადგენილია გამოყენებადი თანხა, რომელიც 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 65 188 ლარს, 2021 წლის მდგომარეობით 378 913 ლარს, ხოლო 2022 წლის მდგომარეობით 14 696 ლარს. შემოწმებით დადგენილი გამოყენებადი თანხა ჩათვლილ იქნა დაქირავებულ პირზე-დირექტორზე გაცემულ ხელფასად, შესაბამისი პერიოდების მიხედვით. აღნიშნულის საფუძველზე საწარმოს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე და 291-ე მუხლებით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის შემადგენლობაში შეიტანოს თავის საკუთრებაში არსებული დამუშავებული ან ნაწილობრივ დამუშავებული საქონელი, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად, კერძოდ, ნედლეული ან/და მასალები (გარდა კაპიტალიზებადი ხარჯებისა), რომლებიც შეძენილია შემდგომი რეალიზაციისათვის ან საქონლის წარმოებისათვის/ მომსახურების გაწევისათვის.

2. დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება აკლდება, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება ემატება ერთობლივ შემოსავალს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:

1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებდა საბუღალტრო აღრიცხვას კანონდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისად, ვერ ხდებოდა კონტროლი ოპერაციის დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. შესაბამისად, შემოწმებამ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრა კომპანიის საგადასახადო ვალდებულებები. კერძოდ, დეკლარირებული სმფ-ების ნაშთების, განხორციელებული იმპორტის და დეკლარირებული რეალიზაციის მონაცემების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ განისაზღვრა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებები, ხოლო რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა შემოწმებით დადგენილი აუდირებული ფასნამატი 67%. შედეგად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, შემოწმების მიერ განხორციელდა ფულადი სახსრების ანალიზი შესამოწმებელი პერიოდების მიხედვით და გაანგარიშებული განკარგვადი თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე აუდირებული ფასნამატის გამოყენება, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა, ხოლო დადგენილი განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

ასევე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ფასნამატს, ასევე, სმფ-ების ნაშთებს.

2. გადასახადის გადამხდელი ასევე არ ეთანხმება ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად დადგენილი განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 30 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 18 ივლისის №17477 ბრძანება და ამავე თარიღის №006-368 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 305 346 ლარი, მათ შორის, გადასახადი 167 935 ლარი, ჯარიმა 85 751 ლარი, საურავი 51 660 ლარი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136; 73; 61; 8; 145; 158; 165; 159; 160; 163; 164; 174; 101; 154; 12; 43.