გადაწყვეტილება №23288/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 14.08.2024
№ დოკუმენტი 23288/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23288/2/2024

14 აგვისტო 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,19.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“ -ის 18.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23288/2/2024).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 13.10.2023 წლის №20391/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 30.04.2024 წლის №094-13 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 1 171 263 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 640 471

მიწა - არასასოფლო - 18 180

საშემოსავლო გადასახადი - 605 191

ქონების გადასახადი - 17 100

ჯარიმა - 302 294

საურავი - 228 498

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა შავი და ფერადი ლითონის შეძენა და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.08.2020 წლიდან 1.07.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 30 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

- გადასახადის გადამხდელის მიერ საქონლის შესყიდვა ხდება ფიზიკური პირებისგან, როგორც დოკუმენტურად, ასევე, დოკუმენტის გარეშე. შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია ბუღალტრული აღრიცხვის, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების გაშიფვრა, საქონლის მოძრაობის შესახებ ინფორმაცია და ჯართის ფიზიკური პირებისაგან შესყიდვის აქტები, რის გამოც, საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 2023 წლის 6 მარტს შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დადგინდა გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული საქონლის რაოდენობა და ღირებულება, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატებოდა შეძენილი საქონლის რაოდენობას. ვინაიდან, გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით, საგადასახადო კოდექსის 49- ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დასაბეგრი ობიექტი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, საწყისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების განსაზღვრისათვის გამოყენებული იქნა წინა შემოწმებისათვის გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტება, სადაც მითითებული იყო, რომ 2020 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მარაგი შეადგენდა 0 ლარს. გარდა ამისა, პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის ანალიზით გამოიკვეთა, რომ რეალიზებული იყო ჯართის ის რაოდენობა, რაზეც არ ფიქსირდებოდა შესაბამისი ნაშთის ან შეძენის ფაქტი. შესაბამისად, გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა ამავე პერიოდში შეძენილად დოკუმენტური ფასნამატის გათვალისწინებით. შედეგად, განისაზღვრა ფიზიკური პირებისაგან შესყიდვის აქტების საფუძველზე შეძენილი ჯართის ღირებულებები თვის ჭრილში და საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა;

- გამოსაქვითი ხარჯები შემოწმების მიერ გაანგარიშდა 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით და ხარჯად ჩაითვალა გადასახადის გადამხდელის მიერ დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების 75%. შემოწმებით, დოკუმენტურ რეალიზაციასა და შემოწმების მიერ ხარჯად დაკვალიფიცირებულ თანხას შორის გამოვლენილი სხვაობა, ჩაითვალა განკარგვად თანხად, შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22707 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების საფუძველზე, განიხილა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 24 აპრილის №8834 ბრძანება და №094-29 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14830 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 13.10.2023 წლის №20391/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტები/მტკიცებულებები, თავის მხრივ აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა;

- ამ გადაწყვეტილების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) და შედეგების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა; - დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 13.10.2023 წლის №20391/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 29.04.2024 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 185 522 ლარით, დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 30.04.2024 წლის №094-13 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

გადასახადის გადამხდელის მიერ 2024 წლის 17 ივნისს წარდგენილი საჩივარი (რეგ. №"-------"), შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის 18.06.2024 წლის №"-------" წერილით, კუთვნილებისამებრ, საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის საფუძველზე, გამოიგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის მიმართ მეორე შემოწმებაა და არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებისას რადიკალურად განსხვავებული მიდგომები იქნა გამოყენებული წინა შემოწმებასთან შედარებით. კომპანია შავი და ფერადი ლითონების ჯართის მნიშვნელოვან ნაწილს შეისყიდის საქართველოში ფიზიკური პირებისგან. რეალიზაცია ხდება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რეალიზაცია სრულად არის დოკუმენტურად დადასტურებული (ექსპორტის დოკუმენტები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ან/და სასაქონლო ზედნადებები).

შემოწმების მიერ, დირექტორზე გაცემული ხელფასის ოდენობის დათვლა არაპირდაპირ მეთოდით მოხდა შემდეგნაირად: შემოწმებამ გამოიყენა სიტუაციური სახელმძღვანელო №0256 (25%-იანი რენტაბელობა), პირველ ეტაპზე კომპანიის მიერ დაუდეკლარირებელი შეძენები გაიანგარიშა არაპირდაპირი მეთოდით და 3%-ით დაბეგრა, ხოლო 3%-იანი გადასახადის ბაზა დაიანგარიშა შემდეგნაირად:

გაანგარიშების საწყის წერტილად აიღო კომპანიის რეალიზაცია, რომელიც მხოლოდ დოკუმენტებით ხორციელდებოდა და სადავო არც შემოწმების მიერ გამხდარა. მთლიანი რეალიზაცია შესამოწმებელ პერიოდში იყო 16 696 721.28 ლარი. შემდეგ, შემოწმებამ დაადგინა შესამოწმებელ პერიოდში მთლიანად, ფიზიკური პირებისგან შეძენილი ჯართის მთლიანი ღირებულება შემდეგნაირად: რეალიზებული საქონლის რაოდენობა გამრავლდა ამავე კატეგორიის საქონლის შეძენის დოკუმენტებში აღნიშნულ შეძენის ფასებზე შესაბამისი პერიოდების მიხედვით. ამ მეთოდით რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება ჯამში, შესამოწმებელ პერიოდში, გამოვიდა 14 538 984.72 ლარი. რეალიზაციას და შესყიდვას შორის სხვაობა 2 228 748.01 ლარი გამრავლდა 75%-ზე №0256 მანუალის გამოყენებით, რაც უდრის 1 671 561 ლარს. ამგვარად, შემოწმებით დადგინდა 1 671 561 ლარის დამატებითი შეძენა და დაიბეგრა 3%-იანი გადასახადით, ანუ თავად მის მიერ გაანგარიშებული თვითღირებულებიდან კიდევ დამატებით მიიღო 75% და ის თანხა დაბეგრა 3%-ით.

როდესაც არსებობს შეძენის დოკუმენტები პერიოდების და საქონლის დასახელების მიხედვით, №0256 მანუალის მიხედვით, 25%-იანი რენტაბელობის პრინციპით, შეძენის დათვლა სრულად არამართებულია, 25%-იანი რენტაბელობის დაშვება არის უკიდურესი გამოსავალი გადასახადის გადამხდელის სასარგებლოდ მაშინ, როდესაც კომპანიის მომგებიანობის შესახებ სხვა უფრო საიმედო ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი.

კომპანიის შემთხვევაში, შემოწმებამ უკვე დაითვალა შეძენის დოკუმენტების მიხედვით 14 538 984.72 ლარის შეძენა, არსებული შეძენის დოკუმენტების საფუძველზე, რომლის დამატებით, 75%-ზე გამრავლება არ უნდა მოხდეს და კომპანიის მიერ ჯართის ფიზიკური პირებისგან შეძენა უნდა დადგინდეს 14 538 984.72 ლარის ოდენობით, რადგან როდესაც კომპანიას შეძენის დოკუმენტები აქვს თუნდაც შეძენილი საქონლის ნაწილზე, შეძენილი დოკუმენტების ფასების მიხედვით მთლიანი შეძენების დაანგარიშება უფრო სანდო და საიმედო მეთოდია, ვიდრე 25%-იანი რენტაბელობის დაშვება მანუალის მიხედვით მითუმეტეს მაშინ, როდესაც მტკიცებულებები არსებობს, რომ კომპანიის რენტაბელობა იყო დაახლოებით 12-13%.

ითხოვს, კომპანიის უმაღლესი ფასების გამოყენებით, კომპანიის მთლიანი შეძენების დათვლა დაევალოს შემოწმებას, რადგან აღნიშნულს მოითხოვს სამართლიანობა. იმის გამო, რომ კომპანიას განადგურებული აქვს დოკუმენტაცია, ნებისმიერ შემთხვევაში ერიცხება იმაზე მეტი გადასახადის თანხა, რომლის ბაზა იმაზე მეტია, რაც კომპანიის მოგება შეიძლებოდა ყოფილიყო ყველაზე ოპტიმალურ მდგომარეობაშიც კი. ითხოვს გათვალისწინებული იქნეს ბიზნესის ზოგადი ხასიათი, ის ფაქტი, რომ დარიცხული თანხის ოდენობა ლოგიკურს სცდება (კომპანიის დოკუმენტურად დადასტურებულ შემოსავალს და ჯართის ბიზნესში არსებულ არსებული ფასნამატის გათვალისწინებით).

შემოწმებამ გადაანგარიშების პროცესში არ გაითვალისწინა კომპანიის დოკუმენტების ნაწილი და იმ ხარჯების ნაწილი, რომლებიც ბანკიდანაა გადახდილი და რომლის ბიზნეს მიზნობრიობა არ არის სადავო.

არ იქნა გათვალისწინებული რიგი დოკუმენტები, რომელიც წარედგინა გადაანგარიშებისას. პირველ რიგში, შემოწმებამ გაითვალისწინა სასაქონლო ზედნადებებით ან საგადასახადო ანგარიშფაქტურებით დადასტურებული ხარჯები (ასევე ხელფასები, სესხის პროცენტები და ბიუჯეტში გადახდები). ნაცვლად იმისა, რომ გაეთვალისწინებინა ბანკიდან გაწეული ყველა ხარჯი, რომელთა მიზნობრიობა სადაო არ იქნებოდა, მაგალითად კომპანიის ბანკიდან გადახდილია ბანკის საკომისიოები, ინვოისის საფუძველზე ხარჯები და ა.შ., რომელთა მიზნობრიობა სადავო არ უნდა იყოს.

მიაჩნია, რომ ბანკიდან გადახდილი თანხები უნდა დაჯამდეს, მიემატოს ისეთი ხარჯები, რომელზეც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ან სასაქონლო ზედნადები არსებობს, მაგრამ ბანკიდან არ არის გადახდილი (ანუ ქვემოთ ჩამოთვლილი ხარჯები) და ეს ჯამი იქნეს გათვალისწინებული შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდით კომპანიის მიერ დირექტორზე გაცემულ ხელფასის დათვლისას, ნაცვლად იმისა, რომ ყველა ხარჯის დოკუმენტურად დადასტურება მოითხოვოს. სხვა სიტყვებით, არაპირდაპირ მეთოდის გამოყენებით, ბანკიდან ხარჯისთვის თანხის გასვლა უნდა ჩაითვალოს ხარჯის დოკუმენტურად დაანგარიშების მიზნებისათვის.

ამასთან, შემოწმებამ არ გაითვალისწინა კომპანიის მიერ შპს N1 განხორციელებული 150 000 ლარზე მეტი თანხის გადახდა, რომელიც ეფუძნებოდა სასაქონლო ზედნადებებს შპს N1 -ის მიერ გამოწერილს შემოწმებამდე პერიოდში (კომპანიის მიერ აღნიშნული სასაქონლო ზედნადებები შემოწმებისათვის წარდგენილი იქნა). აღნიშნული მიზეზი იყო ის, რომ წინა შემოწმებაში, აღნიშნული სასაქონლო ზედნადებები არ ფიგურირებდა, თუმცა ეს არ შეიძლება ახალი შემოწმების ფარგლებში, კომპანიის უტყუარი მტკიცებულების უგულებელყოფის მიზეზი გახდეს.

კომპანიას შემოწმების პერიოდში, საბანკო გადარიცხვით მიღებული ავანსი აქვს დაბრუნებული კლიენტისათვის, კომპანია "-------"-ისთვის (გადარიცხვის დოკუმენტში ნათლად წერია: ავანსის დაბრუნება და ინვოისის ნომერი), აღნიშნული გადარიცხვებიც ხელფასად ჩაითვალა შემოწმების მიერ (გადაანგარიშებისას კომპანიის სასარგებლოდ არ იქნა გათვალისწინებული).

გარდა ამისა, შემოწმებამ არ გაითვალისწინა ის, რომ კომპანიის დირექტორს, ნავაჭრი თანხიდან 1 მილიონამდე ლარი შეტანილი აქვს კომპანიის საბანკო ანგარიშზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს გადაანგარიშებისას გაითვალისწინოს ბანკიდან გადახდილი ყველა ხარჯი (თავად ბანკიდან მიზნობრივად გადახდა ჩათვალოს ხარჯის დოკუმენტად), ისეთი ხარჯები რომლებიც ბანკიდან არაა გადახდილი, მაგრამ რომლებზეც სასაქონლო ზედნადები ან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არსებობს და ასევე, გაითვალისწინოს თანხის მოძრაობები.

არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მიზანი არ არის სამეწარმეო სუბიექტისთვის აუცილებლად გადასახადების დაკისრება ან დასჯა საბუღალტრო აღრიცხვის სრულყოფილად განუხორციელებლობისათვის, არამედ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მიზანია, რომ პირდაპირი მეთოდით დათვლის შესაძლებლობის არ არსებობის შემთხვევაში, არაპირდაპირი მეთოდით მაქსიმალურად ზუსტად იგივე საგადასახადო ვალდებულების დათვლა მოხდეს, რისი დათვლაც მოხდებოდა პირდაპირი მეთოდის გამოყენებისას, კომპანიას ბუღალტერია სრულფასოვნად ნაწარმოები რომ ყოფილიყო

პირდაპირ მეთოდთან შედარებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებაში სხვაობა ისაა, რომ შემოწმებას ზოგჯერ არ აქვს საკმარისი ინფორმაცია იმისათვის, რომ საგადასახადო ვალდებულებები სწორად და მათემატიკური სიზუსტით დათვალოს, ამიტომ იყენებს არასრულფასოვან ინფორმაციას, რასაც ხშირად არასწორ შედეგებამდე მივყავართ, თუმცა ეს არ უნდა გახდეს იმის მიზეზი, რომ შემოწმებამ დაბეგროს არარეალური თანხები და არ გაითვალისწინოს ის ინფორმაცია, რაზეც შეუძლია რომ ქონდეს წვდომა (რაზეც ზემოთ ისაუბრა). ამის უფლებას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება საგადასახადო ორგანოს არ აძლევს.

არაპირდაპირი მეთოდის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს როგორც არსებული ინფორმაცია, ასევე შესამოწმებელი კომპანიის ბიზნეს საქმიანობის თავისებურებები. მაგალითად, ჯართის ბიზნესში, რომელიც მუშაობს 8-13%-იან ფასნამატზე და თავად შემოწმებამაც ასეთი ფასნამატი დაადგინა. ამიტომ, გადაანგარიშებისას მაქსიმალურად უნდა მოხდეს კომპანიის ინტერესების გათვალისწინება, სხვა შემთხვევაში, არალოგიკურად დიდი ოდენობის საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვა მოხდება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები გასაჩივრდა გადასახადის გადამხდელის მიერ და შემოსავლების სამსახურის 27.06.2023 წლის №14830 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 13.10.2023 წლის №20391/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტები/მტკიცებულებები, თავის მხრივ აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილება დაეფუძნა საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელის განმარტებებს, რომ სადავოდ არ ხდის შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, არამედ სადავოდ მიიჩნევს არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშების მეთოდიკას ტექნიკურად, რაშიც არ ეთანხმება არის ის, რომ შემოწმებამ გამოიყენა მანუალი (№0256) და ისიც ნაწილობრივ და არ იქნა გათვალისწინებული დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები, ბანკში შენატანები დირექტორის მიერ და ბანკიდან გატანა, შემოსული სხვა თანხები (მაგ. იჯარის თანხა) და ა.შ, რომელიც მნიშვნელოვანია გაანგარიშების მეთოდიკაში გასათვალისწინებლად და გაცემულ ხელფასის არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებისას. კომპანიას შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის გააჩნია დებიტორული დავალიანება შპს N2-ის მიმართ, რისი არსებობა დადასტურებადია, რადგან წერილობით ადასტურებს, რომ 2022 წლის 1 ივლისის მდგომარეობით აქვს კომპანიის მიმართ კრედიტორული დავალიანება, ამასთან აღნიშნული პირი შემოწმების პროცესს გადის საგადასახადო ორგანოს მიერ. აქვს ინფორმაცია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს, მაგრამ ასევე არის ინფორმაცია, რომლის დიდი ნაწილი კომპანიის გარეშე შეეძლო შემოწმებას გამოეთხოვა ბანკიდან, ასევე არის წინა შემოწმების მასალები და მისი საბოლოო ნაშთი, ბოლო კრედიტი, რომელიც ამ შემოწმების საწყისი ნაშთი და საწყისი კრედიტია, ანუ უნდა მოხდეს ყველა კომპონენტის გათვალისწინება, რისი გათვალისწინებაც საჭიროა ხელფასის ოდენობის სწორად დასათვლელად. ამასთან, აქვს ექსელის ფორმატში ინფორმაცია, რომელიც არის სარწმუნო და ადვილად გადასამოწმებადი მეორე მხარესთან.

საბჭოს 13.10.2023 წლის №20391/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 185 522 ლარით, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 29.04.2024 წლის დასკვნაში აღნიშნულია შემდეგი:

შემოწმების აქტის შედგენამდე, გადასახადის გადამხდელის მიერ არ მომხდარა არც ბუღალტრული აღრიცხვის, არც სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების გაშიფვრის, არც საქონლის მოძრაობის შესახებ ინფორმაციისა და არც ჯართის ფიზიკური პირებისგან შესყიდვის აქტების წარმოდგენა. შემოწმებით დასაბეგრი ობიექტი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

გადაანგარიშების პერიოდში გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა საკუთარი გაანგარიშების ცხრილები, საბანკო ამონაწერები და დებიტორული დავალიანების საბოლოო ნაშთი შპს N2-თან . აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში შემოწმდა შპს N2, რომელმაც თავის მხრივ, შემოსავლების სამსახურს წარუდგინა ბუღალტრული პროგრამა, რომლის მონაცემები და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ურთიერთშედარების აქტი შესაბამისობაშია ერთმანეთთან. აქედან გამომდინარე, გადაანგარიშებისას გათვალისწინებული იქნა აღნიშნული დებიტორული დავალიანება. ასევე, გათვალისწინებულია საბანკო ამონაწერების მიხედვით გაწეული ფაქტობრივი ხარჯები. შედეგად, საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, შემცირდა შემოწმებით გაანგარიშებული განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.

მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და აღნიშნავს, რომ შემოწმებამ გადაანგარიშების პროცესში არ გაითვალისწინა კომპანიის დოკუმენტების ნაწილი და იმ ხარჯების ნაწილი, რომლებიც ბანკიდანაა გადახდილი და რომლის ბიზნეს მიზნობრიობა არ არის სადავო. არ იქნა გათვალისწინებული რიგი დოკუმენტები, რომელიც წარედგინა გადაანგარიშებისას. პირველ რიგში, შემოწმებამ გაითვალისწინა სასაქონლო ზედნადებებით ან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დადასტურებული ხარჯები (ასევე ხელფასები, სესხის პროცენტები და ბიუჯეტში გადახდები), ნაცვლად იმისა, რომ გაეთვალისწინებინა ბანკიდან გაწეული ყველა ხარჯი, რომელთა მიზნობრიობა სადაო არ იქნებოდა. მაგალითად კომპანიის მიერ ბანკიდან გადახდილია ბანკის საკომისიოები, ინვოისის საფუძველზე ხარჯები და ა.შ., რომელთა მიზნობრიობა სადავო არ უნდა იყოს. მიაჩნია, რომ ბანკიდან გადახდილი თანხები უნდა დაჯამდეს, მიემატოს ისეთი ხარჯები, რომელზეც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ან სასაქონლო ზედნადები არსებობს, მაგრამ ბაკიდან არ არის გადახდილი და ეს ჯამი იქნეს გათვალისწინებული შემოწმების მიერ, არაპირდაპირი მეთოდით კომპანიის მიერ დირექტორზე გაცემულ ხელფასის დათვლისას, ნაცვლად იმისა, რომ ყველა ხარჯის დოკუმენტურად დადასტურება მოითხოვოს. სხვა სიტყვებით, არაპირდაპირ მეთოდის გამოყენებით, ბანკიდან ხარჯისთვის თანხის გასვლა უნდა ჩაითვალოს ხარჯის დოკუმენტურად დაანგარიშების მიზნებისათვის. ამასთან, შემოწმებამ არ გაითვალისწინა კომპანიის მიერ შპს N1-ზე განხორციელებული 150 000 ლარზე მეტი თანხის გადახდა, რომელიც ეფუძნებოდა სასაქონლო ზედნადებებს, შპს N1-ის მიერ გამოწერილს შემოწმებამდე პერიოდში (კომპანიის მიერ აღნიშნული სასაქონლო ზედნადებები შემოწმებისათვის წარდგენილი იქნა). აღნიშნულის მიზეზი იყო ის, რომ წინა შემოწმებაში, აღნიშნული სასაქონლო ზედნადებები არ ფიგურირებდა, თუმცა ეს არ შეიძლება ახალი შემოწმების ფარგლებში, კომპანიის უტყუარი მტკიცებულების უგულებელყოფის მიზეზი გახდეს. კომპანიას შემოწმების პერიოდში, საბანკო გადარიცხვით მიღებული ავანსი აქვს დაბრუნებული კლიენტისათვის, კომპანია "-------"-ისთვის (გადარიცხვის დოკუმენტში ნათლად წერია: ავანსის დაბრუნება და ინვოისის ნომერი), აღნიშნული გადარიცხვებიც ხელფასად ჩაითვალა შემოწმების მიერ. გარდა ამისა, შემოწმებამ არ გაითვალისწინა ის, რომ კომპანიის დირექტორს, ნავაჭრი თანხიდან 1 მილიონამდე ლარი შეტანილი აქვს კომპანიის საბანკო ანგარიშზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს გადაანგარიშებისას გაითვალისწინოს ბანკიდან გადახდილი ყველა ხარჯი (თავად ბანკიდან მიზნობრივად გადახდა ჩათვალოს ხარჯის დოკუმენტად), ისეთი ხარჯები, რომლებიც ბანკიდან არაა გადახდილი, მაგრამ რომლებზეც სასაქონლო ზედნადები ან საგადასახადო ანგარიშფაქტურა არსებობს და ასევე, გაითვალისწინოს თანხის მოძრაობები.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტების/პოზიციების ანალოგიური გარემოებები.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მომჩივნის არგუმენტებზე განმარტა, რომ №0256 მანუალის გამოყენება მოხდა მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკური პირებიდან შეძენილი ჯართის ღირებულების და 3%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით, გათვალისწინებული იქნა ის შეძენები, რაზეც იყო სასაქონლო ზედნადები ან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. რაც შეეხება ფიზიკურ პირებისგან შეძენებს, რაზეც დოკუმენტი არ ქონდა გადასახადის გადამხდელს, გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი და გათვალისწინებული იქნა ხარჯებში 75%, რადგან იყო დოკუმენტურად დაუდასტურებელი, აღნიშნული ხარჯი რომ უნდა გაწეულიყო ეჭვი არ შეპარვიათ, ამოტომაც იქნა გამოყენებული მანუალი. რაც შეეხება შპს N1-ს , აღნიშნულზე გაწეული ხარჯი გათვალისწინებულია და მონაწილეობას იღებს გადაანგარიშების დასკვნაში. ხოლო, რაც შეეხება ავანსად გადახდილ თანხებს, წინა შემოწმების დროს დირექტორს წარდგენილი ქონდა ახსნა-განმარტება დებიტორ-კრედიტორულ დავალიანებებთან დაკავშირებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, რაც ედრება სადავო შემოწმების დასაწყისს, ფაქტურად დავალიანება არის, მაგრამ ავანსად გადახდილი თანხები მონაწილეობას არ იღებდა წინა შემოწმების დროს და იგი არ იქნა გათვალისწინებული. ბანკიდან თანხა რომ გადახდილია, არ ნიშნავს, რომ აღნიშნული უტყუარად ხარჯია, ამიტომ არ იქნა გათვალისწინებული და არ იღებს მონაწილეობას გადაანგარიშებაში.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა მოსმენის და პოზიციების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ აღსრულება განხორციელებულია დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს, კომპანიის უმაღლესი ფასების გამოყენებით, კომპანიის მთლიანი შეძენების დათვლა დაევალოს შემოწმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწყისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების განსაზღვრისათვის გამოყენებული იქნა წინა შემოწმებისათვის გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტება, სადაც მითითებული იყო, რომ 2020 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მარაგი შეადგენდა 0 ლარს. გარდა ამისა, პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის ანალიზით გამოიკვეთა, რომ რეალიზებული იყო ჯართის ის რაოდენობა, რაზეც არ ფიქსირდებოდა შესაბამისი ნაშთის ან შეძენის ფაქტი.გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა ამავე პერიოდში შეძენილად დოკუმენტური ფასნამატის გათვალისწინებით. შედეგად, განისაზღვრა ფიზიკური პირებისაგან შესყიდვის აქტების საფუძველზე შეძენილი ჯართის ღირებულებები თვის ჭრილში და საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა;

გამოსაქვითი ხარჯები შემოწმების მიერ გაანგარიშდა 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით და ხარჯად ჩაითვალა გადამხდელის მიერ დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების 75%. შემოწმებით, დოკუმენტურ რეალიზაციასა და შემოწმების მიერ ხარჯად დაკვალიფიცირებულ თანხას შორის გამოვლენილი სხვაობა, ჩაითვალა განკარგვად თანხად, შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22707 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების საფუძველზე, განიხილა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ აღსრულება განხორციელებულია დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(5),1333.