გადაწყვეტილება №22443/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22443/2/2024
27 ივნისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს -------------ი (ს/ნ -----------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,6.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------ის 2.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22443/2/2024).
დავის საგანი:
1. მიღებული ავანსის ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმება;
2. სასტუმროს მომსახურებაზე გადახდილი თანხის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად მიჩნევა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 20.12.2023 წლის №081-327 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 1.03.2024 წლის №4618 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 874 511.01 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 520 983
დღგ - 35 140
მოგების გადასახადი - 3 465
საშემოსავლო გადასახადი - 478 460
ქონების გადასახადი - 3 918
ჯარიმა - 255 149
საურავი - 98 379.01
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო მომსახურების გაწევა.
აუდიტის დეპარტამენტის 4.05.2023 წლის №9817 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.04.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 18.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 19.12.2023 წლის №32054 ბრძანება და 20.12.2023 წლის №081-327 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები 2024 წლის 22 და 30 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 1.03.2024 წლის №4618 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- პირველ სადავო საკითხთან (არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ გაწეულ სატრანსპორტო მომსახურებაზე გადახდილი თანხის გადახდის წყაროსთან დაბეგვრასთან) დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (რეზიდენტობის ცნობები);
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევლა, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმების და წარდგენილი მტკიცებულებების (მ.შ საჩივარზე თანდართული) გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- მე-4 სადავო საკითხთან (ფულადი სახსრების მოძრაობის შედეგად განსაზღვრულ სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის დადგენილ ოდენობასთან) დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №8) გათვალისწინებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 1.03.2024 წლის №4618 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. მიღებული ავანსის ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2020 წლის იანვარსა და თებერვალში გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს ორი ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურა შპს „--------გან“ (ს/ნ --------) ჯამური ღირებულებით 216 355.5 ლარი. შემოწმების პროცესში ამ კომპანიისგან სხვა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლითაც მოხდებოდა ავანსის ანგარიშფაქტურების განაშთვა მიღებული არ არის. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თანხის გადახდა საბანკო ამონაწერის მიხედვით მომსახურების მომწოდებელზე არ ფიქსირდება. შემოწმების მიერ განხორციელდა აღნიშნული ავანსის ანგარიშ-ფაქტურებით, ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედ საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ პირს მიღებული და ჩათვლილი აქვს ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით განსაზღვრული დღგ-ის თანხა, რომლებზეც არ არის გამოწერილი საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ასევე საბანკო ამონაწერის მიხედვით არ დასტურდება გამომწერი საწარმოსთვის თანხის გადახდის ფაქტი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით განხორციელდა ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება.
იმის ფაქტის გათვალისწინებით, რომ პირს მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა მომსახურებაზე, რომლის მიღება არ დასტურდება, შემოსავლების სამსახურს მართლზომიერად მიაჩნია ჩათვლილი დღგის თანხის გაუქმება. ამასთან, გადასახადის გადამხდელი წარდგენილ საჩივრებში, ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივრები ამ ნაწილებში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საწარმოს 2020 წლის იანვარ-თებერვლის თვეში შპს „-------გან“ მიღებული აქვს 2 ავანსის ანგარიშფაქტურა 216 355.5 ლარის ღირებულების, ვინაიდან არ მოხდა აღნიშნული ავანსის ანგარიშ-ფაქტურების განაშთვა საწარმოს გაუუქმდა მიღებული ჩათვლები.
აღნიშნულ ნაწილში დარიცხვა ექვემდებარება გაუქმებას, ვინაიდან საწარმოს მიერ გადახდილია ანგარიშ-ფაქტურებში მითითებული თანხები, რაც დასტურდება საჩივრისთვის დართული სალაროს გასავლის და შემოსავლის ორდერებით, თუმცა შპს „-----ის“ მიერ არ იქნა შესრულებული მომსახურება, სწორედ ამიტომ არ იქნა გამოწერილი საბოლოო ანგარიშ-ფაქტურა, რის გამოც მხარეებს შორის მიმდინარეობს სასამართლო დავა, სასამართლოს საქმის მასალები, კერძოდ 25.02.2020 წლის შეთანხმების აქტი 1 და 24.02.2020 წლის ვალის აღიარების აქტი, საიდანაც დგინდება სადავო მომსახურება. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები ექვემდებარება სრულად გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით:
1. დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. ჩათვლის დოკუმენტია: საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად: 1. დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის, დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე;
2. დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ, საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
2. დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
3. დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
დადგენილია და არც გადამხდელი უარყოფს, რომ 2020 წლის იანვარსა და თებერვალში გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს ორი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა შპს „-----გან“ ჯამური ღირებულებით 216 355.5 ლარი. შემოწმების პროცესში ამ კომპანიისგან სხვა საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რომლითაც მოხდებოდა ავანსის ანგარიშ-ფაქტურების განაშთვა მიღებული არ არის. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თანხის გადახდა საბანკო ამონაწერის მიხედვით მომსახურების მომწოდებელზე არ ფიქსირდება.
მომჩივანი განმარტავს, რომ საწარმოს მიერ გადახდილია ანგარიშ-ფაქტურებში მითითებული თანხები, რაც დასტურდება საჩივრისთვის დართული 16.01.2020 წლის სალაროს გასავლის და შემოსავლის ორდერებით და ინვოისით, თუმცა შპს „-----ის“ მიერ არ იქნა შესრულებული მომსახურება, სწორედ ამიტომ არ იქნა გამოწერილი საბოლოო ანგარიშ-ფაქტურა, რის გამოც მხარეებს შორის მიმდინარეობს სასამართლო დავა, საჩივარს ერთვის სასამართლოს საქმის მასალები, კერძოდ 25.02.2020 წლის შეთანხმების აქტი №1 და 24.02.2020 წლის ვალის აღიარების აქტი, საიდანაც დგინდება სადავო მომსახურება. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები ექვემდებარება სრულად გაუქმებას.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
2. სასტუმროს მომსახურებაზე გადახდილი თანხის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად მიჩნევა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაციის ანალიზის შედეგად, დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს გადახდილი აქვს სასტუმრო მომსახურების ღირებულება. ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო მომსახურების გაწევა, ხოლო აღნიშნული მომსახურების ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი ვერ დასტურდება, შემოწმების მიერ განხორციელდა სასტუმრო მომსახურებაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩათვლილი დღგ-ის შემცირება და ასევე მოგების გადასახადის დარიცხვა.
შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი, მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსი 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საწარმოს მიღებული ჰქონდა ჩათვლა სასტუმროს მომსახურებაზე, რომლის ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი ვერ დადასტურდა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით განხორციელდა ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება და მოგების გადასახადის დარიცხვა.
იმის ფაქტის გათვალისწინებით, რომ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებლობის საფუძვლით სასტუმროს მომსახურებაზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის გაუქმება და გაწეული ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, გადასახადის გადამხდელი წარდგენილ საჩივრებში, ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივრები ამ ნაწილებში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საწარმოს გადახდილი აქვს სასტუმროს მომსახურების ღირებულება. შემმოწმებელმა ვერ დაადგინა აღნიშნული მომსახურების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება და გააუქმა მიღებული ჩათვლა და ასევე, გადარიცხული თანხები დაიბეგრა მოგების გადასახადით.
აღნიშნული სასტუმროს მომსახურება, სასტუმროს ნომრის დაქირავება წარმოადგენს ე.წ. „დღიურ იჯარას“, კერძოდ ვინაიდან შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას არ ჰქონდა ოფისი, დირექტორი იძულებულ იყო თანამშრომლებთან, მათ შორის საწარმოს ბუღალტერთან საქმიანი შეხვედრისთვის დღიურად დაექირავებინა სასტუმროს ნომრები, შესაბამისად სასტუმროს/იჯარის მომსახურება არის პირდაპირ კავშირში საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობასთან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს გადახდილი აქვს სასტუმრო მომსახურების ღირებულება. ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო მომსახურების გაწევა, ხოლო აღნიშნული მომსახურების ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი ვერ დასტურდება, შემოწმების მიერ განხორციელდა სასტუმრო მომსახურებაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩათვლილი დღგ-ის შემცირება და ასევე, მოგების გადასახადის დარიცხვა.
მომჩივნის განმარტებით, ვინაიდან შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას არ ჰქონდა ოფისი, დირექტორი იძულებულ იყო თანამშრომლებთან, მათ შორის საწარმოს ბუღალტერთან საქმიანი შეხვედრისთვის დღიურად დაექირავებინა სასტუმროს ნომრები, შესაბამისად სასტუმროს/იჯარის მომსახურება არის პირდაპირ კავშირში საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობასთან.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 1.03.2024 წლის №4618 ბრძანება;
3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მიღებული ავანსის ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმება და სასტუმროს მომსახურებაზე გადახდილი თანხის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად მიჩნევა.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის №9817 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.04.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №32054 ბრძანება და წლის №081-327 საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ :
მომჩივანის მიერ შესამოწმებელ პერიოდში არარეზიდენტზე გადარიცხულია სატრანსპორტო მომსახურების თანხები. პირს, აღნიშნულ არარეზიდენტ ფიზიკურ პირზე გადახდილი თანხა, საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი აქვს მხოლოდ 2020 წლის აგვისტოს თვეში, თუმცა გადახდები განხორციელებულია სხვა პერიოდებშიც. შესაბამისად, შემოწმების მიერ, ფიზიკურ პირზე გადარიცხული თანხები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის შესაბამისად, დაიბეგრა წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის 10%-იანი განაკვეთით. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
2020 წლის იანვარსა და თებერვალში გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს ორი ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურა . შემოწმების პროცესში ამ კომპანიისგან კიდევ სხვა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლითაც მოხდებოდა ავანსის ანგარიშფაქტურების განაშთვა მიღებული არ არის. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თანხის გადახდა საბანკო ამონაწერის მიხედვით მომსახურების მომწოდებელზე არ ფიქსირდება. შემოწმების მიერ განხორციელდა აღნიშნული ავანსის ანგარიშ-ფაქტურებით, ჩათვლილი დღგ-ის თანხის შემცირება. შესაბამისად, პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
გადასახადის გადამხდელს გადახდილი აქვს სასტუმრო მომსახურების ღირებულება. ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო მომსახურების გაწევა,ხოლო აღნიშნული მომსახურების ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი ვერ დასტურდება, შემოწმების მიერ განხორციელდა სასტუმრო მომსახურებაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩათვლილი დღგ-ის შემცირება და ასევე მოგების გადასახადის დარიცხვა. შედეგად, შემოწმებით, პირს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი, მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსი 275-ე მუხლის მიხედვით.
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №4618 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.რომლის ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“); 982(1 „ბ“); 173(1.2 „ა“); 174(1 „ა“.2 „ა.ა“.3); 175(1 „ა“) ; 176(1 „ა“);