ბრძანება N 25913

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 19.10.2023
№ დოკუმენტი 25913
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

სხვადასხვაეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლებიხარჯები რომლებიც გამოიქვითებახარჯები, რომლებიც არ გამოიქვითებასაქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევასაქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისას დასაბეგრი დროის განსაზღვრაგარიგების საკომპენსაციო თანხადღგ-ის ჩათვლის ზოგადი პრინციპებიშემოსავლების/ხარჯების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდითსაქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევამიღებული/მისაღები ანაზღაურება (მ.შ. სუბსიდია)დღგ-ის ჩათვლის ზოგადი პრინციპებიშემოსავლის განსაზღვრა ქონების გადასახადის მიზნებისთვისდაბეგვრის ობიექტი და ღირებულებამიწაზე ფიზიკური პირის ქონების გადასახადიფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკლარირებაქონება, რომელიც არ არის გათავისუფლებული

📜 საკანონმდებლო ნორმები

ცალკეულ შემთხვევაში დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრადაბეგვრის ობიექტიგადასახადისაგან გათავისუფლებაეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლებიშემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯებიხარჯები, რომლებიც არ გამოიქვითებასაქონლის მიწოდებამომსახურების გაწევადაბეგვრის დრო საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისასდასაბეგრი თანხა საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისასდღგ-ის ჩათვლის უფლებადღგ-ის ჩათვლით სარგებლობის წესისაგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაქონების გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტიქონებაზე გადასახადის განაკვეთიმიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელი და დაბეგვრის ობიექტიმიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთიქონების გადასახადის გამოანგარიშება და გადახდაგადასახადისგან გათავისუფლება

📄 სრული ტექსტი

N 25913

19 ოქტომბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ ---ის (ს/ნ ---)

(მის.:---) 2023 წლის 2 აგვისტოს საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 28 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №101) განიხილა ი/მ ---ს (ს/ნ ---) №82805/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 ივლისის №068-13 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და ფასნამატს. აცხადებს, რომ საქონლის ცალკეულ კატეგორიებზე გავრცელებულ ფასნამატებს შორის უმაღლესი შეადგენს 25%-ს, ხოლო საგადასახადო შემოწმების აქტში შემმოწმებლის მიერ მოცემული წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის გაანგარიშების მიხედვით, პირის საშუალო ფასნამატი 2020, 2021 და 2022 წლებში შეადგენს 31%, 40% და 43 %-ს, რაც გამოწვეულია რეალიზებულად განხილული დანაკლისის თვითღირებულების გაუთვალისწინებლობით.

გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემმოწმებლის მიერ მოხდა, სოფლის მეურნეობისთვის საჭირო მასალის, კერძოდ, თუნუქის ფირფიტის სასურსათო საქონლად განხილვა და რეალიზებულად მიჩნევა, რომელიც დღემდე განთავსებულია მეწარმის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტერიტორიაზე. ამასთან, თუნუქის ფირფიტები შემოწმების მიერ შეყვანილია სასმელების კატეგორიაში. აცხადებს, რომ ისეთი საქონელი, რომლებიც თვისობრივად არ განეკუთვნება ერთი კატეგორიის საქონელს და რომლებზეც ინვენტარიზაციის შედეგებით დაფიქსირებულია რადიკალურად განსხვავებული ფასნამატები, დაჯგუფებულია ერთი კატეგორიის მიხედვით, როგორიცაა სიგარეტებისა და თამბაქოს შესახვევი ქაღალდები.

2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში მეწარმის მიერ დაქირავებულ პირებზე გაცემული ხელფასების გათვალისწინებას.

3. გადამხდელმა საჩივრის განხილვისას ზეპირსიტყვიერად ითხოვა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებული ხარჯების გამოქვითვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით.

4. გადასახადის გადამხდელი ითხოვს დღგ-ის ჩათვლას გვიან დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე. აცხადებს, რომ აღნიშნული საფ-ები შემოწმების მხრიდან არ იქნა გათვალისწინებული.

5. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადში წარმოშობილ ვალდებულებებს.

6. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის ნაწილში წარმოშობილ ვალდებულებებს. აცხადებს, რომ შემოწმების მიერ არასწორად მოხდა საანგარიშო პერიოდის განსაზღვრა.

7. გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერებაზე მითითებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 თებერვლის №1732, 27 მარტის №6079, 21 ივნისის №14294 და 22 ივნისის №14430 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა ი/მ ---ის (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება.

შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები, ამასთან წლიური საშემოსავლო გადასახადი შემოწმდა 2020, 2021, 2022 წლის საანგარიშო პერიოდები, ხოლო ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 2 თებერვლის ჩათვლით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 27 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 4 ივლისს №15719 ბრძანება და ამავე თარიღის №068-13 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 185 487 ლარი, მათ შორის, გადასახადი 108 574 ლარი, ჯარიმა 51 989 ლარი, საურავი 24 923 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1-3. მეწარმის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ---ში საცალო ვაჭრობა საკვები პროდუქტით, სასმელით, სიგარეტით და ასევე, შერეული სოფლის მეურნეობით, რომელსაც აწარმოებს თავად. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული საშუალო ფასნამატი შეადგენს 10 %-ს. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, მწარმის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 2 თებერვლის N1672 ბრძანების თანახმად, მეწარმესთან ჩატარებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით დადგენილია საშუალო შეწონილი ფასნამატი, რომელიც დაყოფილ იქნა 20 კატეგორიად და თითოეულ კატეგორიაზე განისაზღვრა ცალკე ფასნამატი. აღნიშნული გავრცელებულ იქნა ანალოგიურ კატეგორიებად დაყოფილ რეალიზებულ პროდუქციის ღირებულებაზე და დადგენილ იქნა დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვები. შემოწმებით დადგენილსა და დეკლარირებულს შორის სხვაობა ჩართულ იქნა შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დასაბეგრ ბრუნვაში. ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით გაანგარიშებულ იქნა გადასახადის გადამხდელის სმფების ნაშთი. აღნიშნულ ნაშთსა და მეწარმის დეკლარირებულ სმფ-ებს შორის გამოვლინდა სხვაობა, რომელიც ჩაითვალა რეალიზებულად. შემოწმების შედეგად დამატებით რეალიზებულად ჩათვლილ სმფების თვითღირებულებებზე გავრცელებულ იქნა ინვენტარიზაციის შედეგების საფუძველზე გაანგარიშებული საშუალო ფასნამატი. ამასთან, დადგენილ იქნა 2020-2021-2022 წლების ერთობლივი შემოსავალი, შესაბამისად, სხვაობის თანხით გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა.

ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის მიხედვით, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს 2020-2021-2022 წლების ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითული აქვს სოფლის მეურნეობის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები, ვინაიდან სოფლის მეურნეობიდან მიღებული შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს, გადამხდელს გათავისუფლებული აქვს აღნიშნული შემოსავალი საშემოსავლო გადასახადისგან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 80-ე, 81-ე, 159-ე და 2021 წლამდე მოქმედი 161-ე მუხლების თანახმად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

4. დღგ-ის ჩასათვლელ თანხებთან დაკავშირებით აქტში მსჯელობა არ არის მოცემული.

5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული ბაზების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში გააჩნია სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები ---ში, ასევე უძრავი ქონება ---ში. შესამოწმებელ პერიოდში ქონების გადასახადში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით, შემოწმების მიერ გაანგარიშებულ იქნა მეწარმის დასაბეგრი შემოსავალი, მ.შ. ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები, რომლის ანალიზის შედეგადაც პირის შემოსავალი 2020 წელს აღემატება 40 000 ლარს, ხოლო 2021 წელს 100 000 ლარს. შედეგად, პირს წარმოეშვა ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება.

შემოწმებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურში წარდგენილი აქვს ქონების გადასახადის დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზაში მითითებული აქვს 0 ლარი. შემოწმების მიერ გადასახადის ზუსტად და სწორად გაანგარიშების მიზნით შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება, რომლის საფუძველზეც მოხდა პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე, 203-ე, 202-ე და 205-ე მუხლების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

6. გადამხდელს 2017 წლის ივლისის თვეში აღებული აქვს ლიცენზია (N---) მიწისქვეშა მტკნარი წყლის (სამეწარმეო დანიშნულებით) სარგებლობაზე, რომელიც მოქმედია შესამოწმებელი პერიოდის პირველ წელს. აღნიშნული ლიცენზიის მიხედვით გადამხდელს უნდა მოეხდინა 6 თვიანი ინტერვალით მოსაკრებლის დადეკლარირება. შემოწმებით შესწავლილ იქნა აღნიშნული ლიცენზიის ფარგლებში გაცემული ათვისების გეგმა/გრაფიკები, რომელთა მიხედვით გადასახადის გადამხდელს ჰქონდა ვალდებულება 2020 წელს წარედგინა ორი გაანგარიშება.

მეწარმეს წარმოდგენილი აქვს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული ერთი ნულოვანი გაანგარიშება. შემოწმების მიერ ლიცენზიის ვადისა და წლიური მოპოვების ნორმების მიხედვით გაანგარიშებული იქნა დასადეკლარირებელი მოსაკრებლის ოდენობები. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის XXVI თავის თანახმად, გადამხდელს დაერიცხა მოსაკრებელი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274- ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ, მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის თანახმად საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

ამავე კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება;

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის ,,ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება:

ა) ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან.

დ) მოგების გადასახადის ან საშემოსავლო გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებული შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები, გარდა ამ მუხლის შენიშვნით გათვალისწინებული შემთხვევისა.

შენიშვნა: ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირს უფლება აქვს, გამოქვითოს გათავისუფლებული შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები. ამ უფლების გამოყენების შემთხვევაში პირი ვალდებულია საშემოსავლო გადასახადით დაბეგროს ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ლ“ ქვეპუნქტების შესაბამისად საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებული შემოსავალი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ პუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება 2023 წლის 1 იანვრამდე სასოფლოსამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ მეწარმის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საცალო ვაჭრობა საკვები პროდუქტით, სასმელით, სიგარეტით და ასევე შერეული სოფლის მეურნეობით, რომელსაც აწარმოებს თავად. შესამოწმებელ პერიოდში პირის მიერ დეკლარირებული საშუალო ფასნამტი შეადგენს 10 %-ს. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა კანონმდებლობით დადგენილი წესით, შედეგად მეწარმის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, სმფ-ების ინვენტარიზაციით დადგენილი საშუალო შეწონილი ფასნამატი დაყოფილ იქნა კატეგორიებად და თითოეულ კატეგორიაზე განისაზღვრა ცალკე ფასნამატი.

ამასთან, ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით გაანგარიშებულ სმფ-ების ნაშთსა და გადასახადის გადამხდელის დეკლარირებულ სმფ-ებს შორის გამოვლინილი სხვაობა ჩაითვალა რეალიზებულად, რომლის თვითღირებულებებზე გავრცელებულ იქნა ინვენტარიზაციის შედეგების საფუძველზე გაანგარიშებული საშუალო ფასნამატი.

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შემმოწმებლის მიერ მოხდა, სოფლის მეურნეობისთვის საჭირო მასალის, კერძოდ, თუნუქის ფირფიტის სასურსათო საქონლად განხილვა და რეალიზებულად მიჩნევა, რომელიც დღემდე განთავსებულია მეწარმის სასოფლოსამეურნეო დანიშნულების ტერიტორიაზე. ამასთან, თუნუქის ფირფიტები შეყვანილია სასმელების კატეგორიაში. აცხადებს, რომ ისეთი საქონელი, რომლებიც თვისობრივად არ განეკუთვნება ერთი კატეგორიის საქონელს და რომლებზეც ინვენტარიზაციის შედეგებით დაფიქსირებულია რადიკალურად განსხვავებული ფასნამატები, დაჯგუფებულია ერთი კატეგორიის მიხედვით, როგორიცაა სიგარეტებისა და თამბაქოს შესახვევი ქაღალდების ერთი კატეგორიისთვის მიკუთვნება.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ კატეგორიების მიხედვით ჩაშლილი ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი ჯგუფების მიხედვით. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ ერთობლივი შემოსავლიდან ხარჯების გამოქვითვის ნაწილში არ არის გათვალისწინებული მეწარმის მიერ გაცემული ხელფასები. ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს გაცემული ხელფასების ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში გათვალისწინების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს 2020-2021-2022 წლების ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითული აქვს სოფლის მეურნეობის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები. გამომდინარე იქიდან, რომ სოფლის მეურნეობიდან მიღებული შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს, გადამხდელს გათავისუფლებული აქვს აღნიშნული შემოსავალი საშემოსავლო გადასახადისგან. შემოსავლების სამსახური მომჩივნის პოზიციასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საშემოსავლო გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებული შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები, გადასახადის გადამხდელმა შესაძლებელია გამოქვითოს იმ შემთხვევაში, თუ პირი ბეგრავს საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებულ შემოსავალს, ხოლო განსახილველ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ამ სახის შემოსავლები არ აქვს დაბეგრილი.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ: შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის დოკუმენტებია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, საწარმოს არ უფიქსირდება შესამოწმებელ პერიოდზე გამოწერილი დღგ-ის ჩათვლის დამადასტურებელი საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომელთა საფუძველზეც არ აქვს მიღებული ჩათვლა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „გ.ა“ ქვეპუნქტებზე, რომლის მიხედვით ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის მიხედვით მიწაზე მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:

ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;

ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;

გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი.

ამავე მუხლის მე-12 და მე-14 ნაწილების მიხედვით, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელის შემოსავალი 2020 წელს აღემატება 40 000 ლარს, ხოლო 2021 წელს 100 000 ლარს. შედეგად, პირს წარმოეშვა ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება.

გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში გააჩნია სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები --ში, ასევე უძრავი ქონება ---ში. შემოწმებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურში წარდგენილი აქვს ქონების გადასახადის დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზაში მითითებული აქვს 0 ლარი.

შემოწმების მიერ გადასახადის ზუსტად და სწორად გაანგარიშების მიზნით შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება, რომლის საფუძველზეც მოხდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვროს ი/მ ---ს (ს/ნ ---) საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული ქონების გადასახადის (გარდა მიწისა) კორექტირება (შემცირება).

 

მე-6 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე6 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისათვის – სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მიღების შემდეგ, სასარგებლო წიაღისეულის (გარდა მინერალური წყლებისა, მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლებისა და ნახშირორჟანგისა) შემთხვევაში − 6 თვეში ერთხელ, მაგრამ არა უგვიანეს მე-6 თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, მინერალური წყლებისა და მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლების შემთხვევაში − არა უგვიანეს ყოველი კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ნახშირორჟანგის (გაზი CO2 ) შემთხვევაში − ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ასათვისებელ მოცულობას, − ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 107-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტის თანახმად, იმ სასარგებლო წიაღისეულზე, რომლის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიით პირდაპირ არის განსაზღვრული მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ჯამური, წლიური მაქსიმალური ან დღიური ოდენობა (გარდა მინერალური წყლებით, მიწისქვეშა მტკნარი ჩამოსასხმელი წყლებით და ნახშირორჟანგისა) – 6 თვის განმავლობაში ლიცენზიის შესაბამისად დამტკიცებული სასარგებლო წიღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიური ასათვისებელი მოცულობა, თანაბარ ნაწილებად, წლიური გეგმის ½-ის ოდენობით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება წლიური გეგმის ½-ს, შეიტანება ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზია მოიცავს არასრულ წელს (დაიწყო, დასრულდა, გასხვისდა წლის შიგნით), გეგმური მოცულობა განისაზღვრება თვის ლიმიტის მიხედვით, ხოლო თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება თვიურ ლიმიტს, შეიტანება ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადამხდელს 2017 წლის ივლისის თვეში აღებული აქვს ლიცენზია მიწისქვეშა მტკნარი წყლების (სამეწარმეო მიზნით) სარგებლობაზე, რომელიც მოქმედია შესამოწმებელი პერიოდის პირველ წელს. აღნიშნული ლიცენზიის მიხედვით გადამხდელს უნდა მოეხდინა 6 თვიანი ინტერვალით მოსაკრებლის დადეკლარირება.

შემოწმებით შესწავლილ იქნა აღნიშნული ლიცენზიის ფარგლებში გაცემული ათვისების გეგმა/გრაფიკები, რომელთა მიხედვით გადასახადის გადამხდელს ჰქონდა ვალდებულება 2020 წელს წარედგინა ორი გაანგარიშება. შემოწმების მიერ ლიცენზიის ვადისა და წლიური მოპოვების ნორმების მიხედვით გაანგარიშებული იქნა დასადეკლარირებელი მოსაკრებლის ოდენობები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს .

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-7 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1.საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევა, თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევა, თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს აღემატება, იწვევს დაჯარიმებას ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში.

შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ ---ის (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი ჯგუფების მიხედვით;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს გაცემული ხელფასების ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში გათვალისწინების საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

4. მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვროს ი/მ ---ის (ს/ნ ---) საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული ქონების გადასახადის (გარდა მიწისა) კორექტირება (შემცირება);

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და ფასნამატს.

2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში მეწარმის მიერ დაქირავებულ პირებზე გაცემული ხელფასების გათვალისწინებას.

3. გადამხდელმა საჩივრის განხილვისას ზეპირსიტყვიერად ითხოვა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებული ხარჯების გამოქვითვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით.

4. გადასახადის გადამხდელი ითხოვს დღგ-ის ჩათვლას გვიან დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე. აცხადებს, რომ აღნიშნული საფ-ები შემოწმების მხრიდან არ იქნა გათვალისწინებული.

5. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადში წარმოშობილ ვალდებულებებს.

6. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ბუნებრივი რესურსების მოსაკრებლის ნაწილში წარმოშობილ ვალდებულებებს. აცხადებს, რომ შემოწმების მიერ არასწორად მოხდა საანგარიშო პერიოდის განსაზღვრა.

7. გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერებაზე მითითებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 თებერვლის №1732, 27 მარტის №6079, 21 ივნისის №14294 და 22 ივნისის №14430 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა მეწარმის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება.

შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები, ამასთან წლიური საშემოსავლო გადასახადი შემოწმდა 2020, 2021, 2022 წლის საანგარიშო პერიოდები, ხოლო ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 2 თებერვლის ჩათვლით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 27 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 4 ივლისს №15719 ბრძანება და ამავე თარიღის №068-13 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 185 487 ლარი, მათ შორის, გადასახადი 108 574 ლარი, ჯარიმა 51 989 ლარი, საურავი 24 923 ლარი.

 

გადაწყვეტილება

პირველ და მეორე სადავო საკითხებთან დაკავშირებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები;

მე-3, მე-4, მე-6 და მე-7 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვრო მეწარმის საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული ქონების გადასახადის (გარდა მიწისა) კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136; 49; 61; 73 (5); 79; 80; 100; 102; 105; 106; 82; 2; 175; 176; 201; 202; 203; 205; 206; 43; 270; 272; 275; 269 (7).

2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 161; 173; 174.