გადაწყვეტილება №27325/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27325/2/2026
03 ივნისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 11.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27325/2/2026).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 19 მაისის №9956 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2026 წლის №068-10 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 8.05.2026 წლის №10298 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 308 788,25 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 165 699,34
დღგ - 95 799,09
საშემოსავლო გადასახადი - 69 900,25
ჯარიმა - 82 985,53
საურავი - 60 103,38
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საწარმოს საქმიანობაა საცალო და საბითუმო ვაჭრობა საპოხი, საცივებელი პროდუქტებით და სხვა საავტომობილო სათბობით. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის 8 ივნისს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად - 2021 წლის 7 ივლისს. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენას ძირითადად ახორციელებს თურქეთიდან იმპორტით.
აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ აღრიცხავს სასაქონლომატერიალურ ფასეულობებს რაოდენობრივ და თანხობრივ ჭრილში, ამასთან, არ ხდება რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების განსაზღვრა. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით საწარმოს არ აქვს ბუღალტრული პროგრამა, საქონლის ჩამოწერა ხდება ერთიანი ფასნამატით, ამასთან კომპანიის საქმიანობა შესამოწმებელ პერიოდში იყო არამომგებიანი. 2022 წლის მაისსა და ნოემბრის თვეში გადამხდელის მიერ განხორციელდა საქონლის ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე, რაზეც სსკ-ის 286-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად შეეფარდა შესაბამისი სანქცია. შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 10 თებერვალს გადასახადის გადამხდელის საქმიანობის ფაქტიურ მისამართზე (-------, -------) ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა, რომლის მიხედვით გამოვლინდა საბაზრო ღირებულებით 660 163 ლარის საქონლის ნაშთი.
წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციისა და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტური რეალიზაციის წილი შეადგენს დეკლარირებული მთლიანი ბრუნვის 67%-ს. რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება დაჯგუფდა სახეობების მიხედვით შეძენებში მათი წილის პროპორციულად. დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა დოკუმენტური რეალიზაციის ანალიზით დადგენილი ფასნამატი. შედეგად გაიზარდა 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე თვეების საანგარიშო პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, მიეცა რეკომენდაცია ინვენტარიზაციის ჩატარების თარიღის მდგომარეობით დადგენილ ბუღალტრულ ნაშთსა და ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილს ნაშთს შორის სხვაობის საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულებაზე. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის (5 101 ლარი) ოდენობით.
სსიპ - შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის, საბანკო ამონაწერების მონაცემისა და საგადასახადო შემოწმების პროცესში არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი მონაცემების ანალიზის საფუძველზე გაანგარიშდა ფულადი სახსრების მოძრაობა. შემოსავლების სამსახური 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №5-ის მიხედვით, სალაროს ნაშთი შესაბამის პერიოდებში ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 15.04.2025 წლის №068-3 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 19.05.2025 წლის №9956 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
გ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საწვავის ხარჯები განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით (მ.შ. ცალკეული მარკის სატრანსპორტო საშუალების საწვავის ხარჯვის ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით) და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 19.05.2025 წლის №9956 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 19 მარტის დასკვნის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული თანხები, სულ 23 345,57 ლარით, მათ შორის, გადასახადი 15 563,6 ლარი, ჯარიმა 7 781,97 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 30 მარტის №068-10 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 7.04.2026 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 8.05.2026 წლის №10298 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში ფაქტობრივად გახარჯული საწვავი გაანგარიშდა სასაქონლო-ზედნადებებში მითითებული მისამართების, ცალკეული მარკის სატრანსპორტო საშუალების/სპეც. ტექნიკის საწვავის ხარჯვის ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით. შესაბამისად, ფულადი სახსრების გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საწვავის ხარჯის ოდენობა და აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციაზე, რომ საწარმოს მიერ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე სხვა ისეთი მტკიცებულება, რომელიც დამატებით თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა არ არის წარმოდგენილი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავოდ მითითებული აქვს ისეთი საკითხები, რაც შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 19 მაისის №9956 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ან/და თავდაპირველ საჩივარში სადავოდ არ გაუხდია, შესაბამისად, არ ყოფილა შესასრულებლად დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
1. საკითხი - საწვავისა და მივლინების ხარჯები
როგორც გადაანგარიშების შესახებ დასკვნით დგინდება, აუდიტის დეპარტამენტმა დავების დეპარტამენტის დავალებით მოახდინა საწვავის ხარჯების სსკ-ის 73-ე მუხლის მიხედვით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშება, კერძოდ, საწვავი გაანგარიშდა სასაქონლო ზედნადებებში მითითებული მისამართების მიხედვით გავლილი მანძილის შესაბამისად. მომჩივანი არ ეთანხმება აღნიშნული მეთოდის გამოყენებას და ითხოვს საწვავის ხარჯების გაანგარიშება მოხდეს მათ მიერ ტექდათვალიერების ცენტრიდან („-------“) მიღებული ზუსტი ოფიციალური ოდომეტრის ჩვენების (გარბენის) მონაცემების მიხედვით, აღნიშნულ დოკუმენტებში დროის კონკრეტულ თარიღში, კერძოდ ტექდათვალიერების გავლის მომენტში ცალკეული ავტომობილების მიხედვით, ფიქსირდება ოდომეტრის ჩვენება (გარბენი) (იხ. თანდართული დოკუმენტაცია). ვინაიდან სასაქონლო ზედნადებებში არ იდენტიფიცირდება დისტრიბუციის ზუსტი მარშრუტი და ზედნადებებში მისამართად მითითებულია მხოლოდ ქალაქის დასახელება და არ ჩანს კონკრეტული ქუჩა და ნომერი, ასევე, დაუდგენელია ქალაქის შიგნით ქუჩებზე სიარულის მარშრუტი, აუდიტის დეპარტამენტს როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლო ტექდათვალისერების ცენტრიდან მოეხდინა გაცილებით სწორი მონაცემების გამოთხოვა და აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით გაეანგარიშებინა განვლილი მანძილის მონაცემები. თანაც იმის გათვალისწინებით, რომ საწვავის ხარჯი კომპანიისთვის წარმოადგენს ძალიან არსებით ხარჯს, რადგან კომპანია საქონლის დისტრიბუციას ახორციელებს მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვაობა „-------“ და ზედნადებებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ დათვლით გავლილ მანძილებს შორის შეადგენს 83 146 კილომეტრს. როგორც ზემოთ აღინიშნა, გაცილებით რელევანტურია განვლილი მანძილის გაანგარიშება მოხდეს არა ზედნადებებში დაფიქსირებული მისამართებით, არამედ ტექდათვალიერების ცენტრის ოფიციალურ დოკუმენტში დაფიქსირებული ზუსტი ოდომეტრის ჩვენებების საფუძველზე. გარდა ზემოაღნიშნულისა, მომჩივნის მიერ აუდიტის დეპარტამენტისვე გამოყენებული არარელევანტური მეთოდის მიხედვით, გაანგარიშებული საწვავის ხარჯები განსხვავებულია შემოწმებით დადგენილი მონაცემებისგან, მათ მიერ გაანალიზდა როგორც აუდიტის დეპარტამენტის მიერ განგარიშებული დახარჯული საწვავის მონაცემები, ასევე საქონლის დისტრიბუციაზე გამოწერილ ქვეზედნადებებში დაფიქსირებული ტრანსპორტირების დაწყებისა და დასრულების წერტილების მიხედვით გაანგარიშდა საწვავის დანახარჯები. (იხ. თანდართული დანართი) მათი ანალიზით სრულად ითვალისწინებს ყველა კერძო შემთხვევას, კერძოდ, საქონლის მიწოდების თითოეულ მარშრუტზე მხედველობაში მიიღება მხოლოდ ყველაზე შორს მდებარე პუნქტსა და ტრანსპორტირების დაწყების წერტილს შორის მანძილი, ასევე, დისტრიბუციის ზედნადებისა და ქვეზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირებით ზედნადებით მიწოდების დროს მძღოლის, ტრანსპორტირების დაწყების დროისა და მანქანის ნომრის მიხედვით გაანალიზებულია მანძილის ორმაგად გაანგარიშების საკითხი. ყოველივე ზემოაღნიშნული საკითხის სრულყოფილი ანალიზის შედეგად მათ მიერ ზედნადებების მეშვეობით სწორად გაანგარიშდა საწვავის ხარჯვის მაჩვენებელი, დანართად მტკიცებულების სახით წარმოადგენენ მათ მიერ და აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაანგარიშებულ საწვავის ხარჯვის ცხრილებს (იხ. თანდართული დანართი). ცხრილის მიხედვით, მათ მიერ გაანგარიშებული დაფარული მანძილი შეადგენს 191 206 კილომეტრს, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის მონაცემებით კი 167 335 კილომეტრს, შესაბამისად სხვაობას წარმოადგენს 23 871 კილომეტრი, რომელთა მიმართებითაც დახარჯული საწვავის (დიზელის) ოდენობა შეადგენს 2 865 ლიტრს. გარდა ზემოაღნიშნულისა, გაანგარიშებული დიზელის ფასები ეყრდნობა ბენზინგასამართი სადგურების მიერ წლების და თვეების მიხედვით არსებულ ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც ასევე განსხვავებულია აუდიტის დეპარტამენტის მონაცემებისგან. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაანგარიშებული 20 080 ლიტრი საწვავის ჯამური ფასი შეადგენს 62 255 ლარს, რომელიც გამოხატულია 1 ლიტრზე 3.1 ლარით, რაც 2022-2024 წლებში არსებული სტანდარტული ხარისხის დიზელის ფასს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მათი აზრით რელევანტურია მათ მიერ ტექდათვალიერების ცენტრში დაფიქსირებული ოდომეტრის მონაცემებით გაანგარიშებული საწვავის ხარჯების გამოყენება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აუდიტის დეპარტამენტისვე მეთოდით დათვლილი ხარჯები ასევე არ არის სწორი.
რაც შეეხება დავების დეპარტამენტის მიერ აუდიტის დეპარტამენტისთვის მიცემულ დავალებას, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მოეხდინა პირის მივლინებისა და სატრანსპორტო საშუალებების სარემონტო ხარჯების გათვალისწინება, აუდიტის დეპარტამენტმა მხედველობაში არ მიიღო როგორც მივლინების ფარგლებში გაწეული თანამშრომელთა სადღეღამისო, ისე, საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ხარჯები. როგორც მოგვეხსენება, პირი უფლებამოსილია ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის უქონლობის მიუხედავად, მოახდინოს დაქირავებულ პირზე გაცემული სადღეღამისო ნორმის გამოქვითვა, მათ მიერ შესამოწმებელ პერიოდზე გაანგარიშებული სადღეღამისო ხარჯების ოდენობა შეადგენს 76 500 ლარს.
ამასთანავე, ვინაიდან როგორც ზედნადებებში დაფიქსირებული თარიღებითა და მისამართებით, ისე კომპანიის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ეჭვქვეშ ვერ დადგება მივლინების დროს თანამშრომელთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფაქტი, ლოგიკურია ზედნადებების ანალიზის საფუძველზე მოხდეს მინიმალური ღირებულებებით საცხოვრებელთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშება, რომელიც მათი დათვლებით შეადგენს 51 100 ლარს.
რაც შეეხება შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 8 მაისის №10298 გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით მათ მოთხოვნაზე „-------“ ოდომეტრის ოფიციალური მონაცემებით მომხდარიყო საწვავის ხარჯის განსაზღვრა და ამასთანავე მივლინებაში ყოფნის დღეების მიხედვით სადღეღამისო ხარჯის გათვალისწინება, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს: „შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციაზე, რომ საწარმოს მიერ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე სხვა ისეთი მტკიცებულება, რომელიც დამატებით თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა არ არის წარმოდგენილი. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავოდ მითითებული აქვს ისეთი საკითხები, რაც შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 19 მაისის №9956 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ან/და თავდაპირველ საჩივარში სადავოდ არ გაუხდია, შესაბამისად, არ ყოფილა შესასრულებლად დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.“ მაშასადამე, შემოსავლების სამსახური არ ასაბუთებს თუ რა მიზეზით არ მოხდა ტექდათვალიერების ცენტრის ოფიციალური მონაცემებით საწვავის ხარჯის გაანგარიშება, ხოლო მივლინების ხარჯებთან დაკავშირებით კი ამბობს არ მომხდარა მტკიცებულების მიწოდება, მაშინ როცა შემოსავლების სამსახურის წინა გადაწყვეტილებით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ყოველგვარი ინფორმაციის მიწოდების გარეშე მოეხდინა არაპირდაპირი მეთოდით საწვავის ხარჯის გაანგარიშება (იხ. ფრაგმენტი 2025 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებიდან) აუდიტის დეპარტამენტს კი შეეძლო ზედნადებების დანიშნულების წერტილების ნაცვლად საწვავის ხარჯი გაეაგანგარიშებინა გაცილებით ზუსტი ტექდათვალიერების მონაცემებით, ვინაიდან როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება ჰქონდა ტექდათვალიერების ცენტრიდან გამოეთხოვა აღნიშნული ინფორმაცია და ჩაეტარებინა ანალიტიკური პროცედურები. რაც შეეხება მივლინების სადღეღამისო ხარჯებს, აღნიშნულს არ ჭირდება ხარჯის დოკუმენტი და ზედნადებებში არსებული წერტილებით და ტრასპორტირების თარიღებით ეჭვქვეშ ვერ დადგება აღნიშნული ხარჯების რეალურობა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, დაევალოს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს მოახდინოს საკითხის ხელახალი და სიღრმისეული შესწავლა მათთან ერთად და რაც მთავარია შემმოწმებელმა უზრუნველყოს შესაბამისი თანამშრომლობა გადამხდელთან. შედეგად კი, შეუმცირდეთ არასწორად დარიცხული ძირითადი გადასახადისა და სანქციის თანხები. 2. საკითხი - დისტრიბუციის ხარჯები და სხვაობა საწყობიდან და დისტრიბუციით რეალიზებული საქონლის ფასნამატებს შორის.
როგორც შემოწმების მონაცემების ანალიზით დგინდება, შემოწმების მიერ დადგენილი შესამოწმებელი პერიოდის, 2022-2024 წლების, საწარმოს შემოსავალი შეადგენს დღგ-ის გარეშე 1 674 851 ლარს, ხოლო კომპანიის მიერ ზედნადებებით რეალიზებული საქონლის ღირებულება შეადგენს 761 053 ლარს, მთლიანი რეალიზაციების 45%-ს. დისტრიბუციის ქვეზედნადებებითა და ტრანსპორტირების ზედნადებებით მიწოდებული საქონლის ღირებულება კი შეადგენს 631 422 ლარს, რაც შეადგენს რეალიზაციების 38%-ს. ამასთანავე, როგორც ცნობილია კომპანიის მიერ რეალიზაციების დიდი ნაწილი ხორციელდებოდა საწარმოს საწყობიდან, რომელთა ხვედრითი წილი აუდიტის დეპარტამენტისვე გაანგარიშებით მთლიან რეალიზაციაში შეადგენს 55%-ს, კერძოდ 913 798 ლარს. შესაბამისად, იმ ლოგიკური დაშვებით, რომ კომპანია დისტრიბუციასთან დაკავშირებული ხარჯების გათვალისწინებით, მყიდველის მისამართზე მიტანილ საქონელს ყიდდა მნიშვნელოვნად ძვირად, მათი აზრით სამართლიანია კომპანიის საწყობიდან რეალიზებული საქონლის ფასი შემცირდეს ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობით, თავის მხრივ დავების დეპარტამენტმა დაავალა აუდიტის დეპარტამენტს შეესწავლა ტრანსპორტირებასთან და საქონლის დისტრიბუციასთან დაკავშირებული ხარჯების გავლენა კომპანიის საგადასახადო ვალდებულებებზე. შესაბამისად, მათი აზრით ლოგიკურია კომპანიის საწყობიდან რეალიზებული საქონლის სარეალიზაციო ფასი შემცირდეს ტრანსპორტირების ხარჯებით. ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული სარეალიზაციო ფასები მოიცავს ყველა ხარჯს, რადგან კომპანიის მიერ გამოწერილი ზედნადებები სატრანსპორტო ხარჯს პირდაპირ აკუთვნებს საქონლის სარეალიზაციო ფასს, არ ხდება სატრანსპორტო ხარჯის გამოყოფა და შემდგომში ანგარიშ-ფაქტურაში ტრანსპორტირების მომსახურების საქონლის ღირებულებისგან გამოყოფა, აღნიშნული შესაძლოა მარტივად გადამოწმდეს ერთ კონკრეტულ მიწოდებაზე გამოწერილი ანგარიშფაქტურისა და ზედნადების ურთიერთშედარებით.
ამასთანავე, როგორც აუდიტის დეპარტამენტის გაანგარიშების ცხრილის ანალიზით დადგინდა, აუდიტის დეპარტამენტმა არ მოახდინა კომპანიის მთლიანი რეალიზაციების წილში 33% წილის მქონე საქონლის კატეგორიზაცია და აღნიშნული საქონლის თვითღირებულებაზე გადაავრცელა დანარჩენ კატეგორიებად დაყოფილ საქონელზე გადავრცელებული ფასნამატის მიხედვით დადგენილი საშუალო ფასნამატი. კერძოდ, შესყიდული 1 736 858 ლარის საქონელიდან არ მოხდა 579 036 ლარის საქონელის კატეგორიად დაყოფა, რაც არსებითაც ცვლის სურათს. შესაბამისად, მათი თხოვნაა მიეცეთ გონივრული ვადა მოვახდინოთ საქონლის კატეგორიებად დაყოფა და შესაბამისი ფასნამატის განსაზღვრა.
გარდა ზემოაღნიშნულისა, კომპანიის დირექტორთან და ბუღალტერთან კომუნიკაციის შედეგად დაადგინეს, რომ საქონლის გარკვეულ ნაწილზე, რომლის რეალიზაციაც განხორციელდა კომპანიის საწყობიდან ელექტრონული დოკუმენტაციის გამოწერის გარეშე, კომპანიის ხელმძღვანელობა სალარო აპარატში ამოღებული ქვითრებისა და რეალიზაციაზე პასუხისმგებელი პირების დახმარებით აპირებს შემძენი პირებთან გააფორმოს ნოტარიულად დადასტურებული მიღება-ჩაბარებისა და შესყიდვის აქტები, რათა დაადასტუროს საქონლის განსხვავებულ ფასად რეალიზაციის ფაქტი. ვინაიდან კომპანიის სპეციფიკიდან გამომდინარე, საქონლის გარკვეული პარტია იყიდებოდა მინიმალურ ფასნამატით, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავებულია სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული საქონლის ფასებისაგან.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, დაევალოს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს მოახდინოს საკითხის ხელახალი და სიღრმისეული შესწავლა მათთან ერთად და რაც მთავარია შემმოწმებელმა უზრუნველყოს შესაბამისი თანამშრომლობა გადამხდელთან. შედეგად კი, შემცირებულ იქნას არასწორად დარიცხული ძირითადი გადასახადისა და სანქციის თანხები. 3. საკითხი - სანქციები.
გამომდინარე იქიდან, რომ შემოწმების შედეგად თანხების დარიცხვა მოხდა პირველად და მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია მიზანმიმართულად გადასახადებისგან თავის არიდებას, ამასთან, კომპანიას დაფუძნების დღიდან არ უფიქსირდება არცერთი სამართალდარღვევის ოქმი, შეუმცირდეთ ზემოთ ხსენებული თანხის მოხსნის შემდეგ დარჩენილი სანქციის თანხები, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 19.05.2025 წლის №9956 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
გ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საწვავის ხარჯები განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით (მ.შ. ცალკეული მარკის სატრანსპორტო საშუალების საწვავის ხარჯვის ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით) და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 19.05.2025 წლის №9956 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 19 მარტის დასკვნის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დარიცხული თანხები, შეუმცირდა სულ 23 345,57 ლარით.
აღნიშნულ დასკვნაში მითითებულია, რომ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის დაზუსტების მიზნით, შესამოწმებელ პერიოდში ფაქტობრივად გახარჯული საწვავი გაანგარიშდა სასაქონლო-ზედნადებებში მითითებული მისამართების, ცალკეული მარკის სატრანსპორტო საშუალების/სპეც ტექნიკის საწვავის ხარჯვის ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №8 მეთოდური მითითების შესაბამისად, ფულადი სახსრების გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საწვავის ხარჯის ოდენობა. აღნიშნულიდან გამომდინარე აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას). ამასთან საწარმოს მიერ საჩივარში მითითებულ სხვა საკითხების ირგვლივ არ არის წარმოდგენილი ისეთი შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებები კომპანიის საკუთრება არ არის.
მომჩივნის განმარტებით, აუდიტის დეპარტამენტმა არ მოახდინა კომპანიის მთლიანი რეალიზაციების წილში 33% წილის მქონე საქონლის კატეგორიზაცია და აღნიშნული საქონლის თვითღირებულებაზე გადაავრცელა დანარჩენ კატეგორიებად დაყოფილ საქონელზე გადავრცელებული ფასნამატის მიხედვით დადგენილი საშუალო ფასნამატი. კერძოდ, შესყიდული 1 736 858 ლარის საქონელიდან არ მოხდა 579 036 ლარის საქონელის კატეგორიად დაყოფა, რაც არსებითაც ცვლის სურათს. შესაბამისად, მისი თხოვნაა მიეცეს გონივრული ვადა, რომ მოახდინოს საქონლის კატეგორიებად დაყოფა და შესაბამისი ფასნამატის განსაზღვრა, ასევე, მივლინების ხარჯების გათვალისწინება. მომჩივანი ასევე ითხოვს დაკისრებული სანქციებისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხებზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 19.05.2025 წლის №9956 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ, შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს, ამასთან, შემოსავლების სამსახურის 19.05.2025 წლის №9956 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს არ დავალებია აღნიშნული საკითხების შესწავლა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მომჩივანმა ვერ შეძლო სადავო საკითხებთან დაკავშირებით მოპასუხე ორგანოს საპირწონე არგუმენტების/მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც მისი არგუმენტების გათვალისწინების, შემოწმებით დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი გახდებოდა, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 19.05.2025 წლის №9956 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 19 მაისის №9956 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 19.05.2025 წლის №9956 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 19 მარტის დასკვნის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დარიცხული თანხები, შეუმცირდა სულ 23 345,57 ლარით. აღნიშნულ დასკვნაში მითითებულია, რომ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის დაზუსტების მიზნით, შესამოწმებელ პერიოდში ფაქტობრივად გახარჯული საწვავი გაანგარიშდა სასაქონლო-ზედნადებებში მითითებული მისამართების, ცალკეული მარკის სატრანსპორტო საშუალების/სპეც ტექნიკის საწვავის ხარჯვის ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით. ფულადი სახსრების გაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საწვავის ხარჯის ოდენობა. აღნიშნულიდან გამომდინარე აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას). ამასთან საწარმოს მიერ საჩივარში მითითებულ სხვა საკითხების ირგვლივ არ არის წარმოდგენილი ისეთი შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მომჩივანმა ვერ შეძლო სადავო საკითხებთან დაკავშირებით მოპასუხე ორგანოს საპირწონე არგუმენტების/მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც მისი არგუმენტების გათვალისწინების, შემოწმებით დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი გახდებოდა, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 19.05.2025 წლის №9956 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 159; 101; 154;