ბრძანება N 6313
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 6313
22 მარტი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
სს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2023 წლის 12 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 29 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №21) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული სს „----------“ (ს/ნ ----------) №77995/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №094-109 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადის ნაწილში დარიცხულ თანხებს. მიუთითებს, რომ უძრავი ქონება, რომელიც შემოწმების მიერ მიჩნეულ იქნა დაბეგვრის ობიექტად, ბასს-ის მიხედვით ბანკის ბალანსზე აღრიცხულია სხვა ქონებად (გასაყიდად გამიზნული აქტივები). აცხადებს, რომ ბანკი სახელშეკრულებო ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში დასაკუთრებული ქონების უდიდეს ნაწილს აღრიცხავდა საინვესტიციო ქონებად, ხოლო მცირე ნაწილი განსხვავებული მოლოდინების, შეფასებებისა და კრიტერიუმების გათვალისწინებით, დაკვალიფიცირდა სხვა აქტივად და შესაბამისად მათი აღრიცხვა რეგულირებულ იქნა საინვესტიციო ქონების მარეგულირებელი სტანდარტისგან განსხვავებული სტანდარტით. მიუთითებს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში დასაკუთრებულ ,,სხვა ქონებად’’ კლასიფიცირებული უძრავი ქონება ქონების გადასახადით დაბეგვრას დაექვემდებარა საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2020 წელს შესული ცვლილების საფუძველზე. აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში შემმოწმებელი ფაქტობრივად ადგენს, რომ აუდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში არის ხარვეზი და ეს აქტივები საინვესტიციო ქონებად უნდა იქნეს აღიცხული, რაც ერთის მხრივ სცდება საგადასახადო კანონმდებლობის რეგულირების სფეროს და მეორეს მხრივ არ შეესაბამება რეალობას. აცხადებს, რომ აუდიტორის მიერ არ იქნა შესწავლილი თუ რას ეფუძნება დასაკუთრებული ქონების აღრიცხვის კრიტერიუმები და ბანკში არსებული პოლიტიკა, რის საფუძველზე და რა კრიტერიუმებით იქნა კონკრეტულ ქონებებთან მიმართებით აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული, იყო თუ არა ეს კრიტერიუმები ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო №5 სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში. მიუთითებს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო №5 სტანდარტით დადგენილ აღიარების კრიტერიუმებზე და აცხადებს, რომ სწორედ აღნიშნული კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ ბანკის ფინანსური აღრიცხვის და დასაკუთრებული ქონების მართვის დეპარტამენტები აქტივის კლასიფიკაციისას. აღნიშნული კრიტერიუმების ფაქტობრივ გარემოებებთან შესაბამისობას ამოწმებს შემდგომ უკვე დამოუკიდებელი აუდიტორი და ხდება კონკრეტული აქტივისთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭება.
ფაქტების აღწერა:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 დეკემბრის №31726 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 19 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 26 დეკემბრის №32752 ბრძანება და ამავე თარიღის №094-109 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 2 094 767 ლარი, მათ შორის, გადასახადი 1 832 205 ლარი, ჯარიმა 216 735 ლარი და საურავი 45 827 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 31 ივლისის №18594 ბრძანებით სს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 22 იანვრის №20535/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 ივლისის №18594 ბრძანება და საჩივარი, მე-3 დავის საგნის ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 22 იანვრის №20535/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის შესასწავლია არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები, აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 31.07.2023 წლის №18594 ბრძანება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
სს „----------“ 2019 წელს ფინანსურ ანგარიშგებაში უფიქსირდება „გასაყიდად გამიზნული აქტივები’’ 36 285 000 ლარის ღირებულების. ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, ,,გრძელვადიან აქტივებსა და გასასხვისებელ აქტივებს ბანკი იმ შემთხვევაში მიაკუთვნებს, თუ მათი საბალანსო ღირებულების ამოღება ძირითადად გაყიდვის ოპერაციიდან და არა მათი უწყვეტი გამოყენებით მოხდება. გასაყიდად გამიზნულად კლასიფიცირების კრიტერიუმი დაკმაყოფილებულად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ, თუ გაყიდვის მაღალი ალბათობა არსებობს და აქტივი ან გასასხვისებელი აქტივების ჯგუფი არსებულ მდგომარეობაში ხელმისაწვდომია დაუყოვნებლივ გასაყიდად. გაყიდვის გარიგების შესასრულებლად საჭირო ნაბიჯები იმაზე უნდა მიანიშნებდეს, რომ არ არის მოსალოდნელი გაყიდვაში ცვლილებების შესვლა ან გაყიდვის გადაწყვეტილების შეცვლა. ხელმძღვანელობას გადაწყვეტილი უნდა ჰქონდეს აქტივის გაყიდვა და აქტივი უნდა გაიყიდოს კლასიფიკაციიდან ერთი წლის განმავლობაში.’’ კომპანიას აღნიშნულ აქტივებში უფიქსირდება შენობა-ნაგებობები 30 883 517 ლარის ღირებულების, აღნიშნული ქონებიდან 2021 წლის ბოლომდე რეალიზებულია 13 188 933 ლარის ქონება, რომლის რეალიზაციაც განხორციელდა 2020-2021 წლებში. აღნიშნული ქონების რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 19 478 512 ლარი. ბუღალტრული აღრიცხვის მე-40 საერთაშორისო სტანდარტის თანახმად, საინვესტიციო ქონება არის მიწა ან შენობა ან შენობის ნაწილი, რომელიც გამიზნულია საიჯარო შემოსავლის მისაღებად ან კაპიტალის ღირებულების ზრდისთვის და რომელსაც ბანკი არ იყენებს. საინვესტიციო ქონებას არ მიეკუთნება ქონება, რომელიც გამოიყენება ისეთი მიზნით, როგორიცაა: ა) გამოყენება საქონლის წარმოების ან მიწოდების, მომსახურების გაწევის ან ადმინისტრაციული მიზნებისათვის; ბ) გაყიდვა ჩვეულებრივი საქმიანობის პროცესში. სს „----------“ 2018 წლამდე დასაკუთრებული უძრავი ქონება კვალიფიცირებული აქვს საინვესტიციო ქონებად, ხოლო 2018 წლიდან ნაწილი აქტივები კვალიფიცირებულია „გასაყიდად გამიზნულ გრძელვადიან აქტივებად". კომპანიის მიერ დასაკუთრებული ქონება, რომელიც გამიზნულია მომავალში გაზდილი ღირებულებით გასაყიდად, რაც არ წარმოადგენს საწარმოს ჩვეულებრივ საქმიანობის ნაწილს, ქონების გადასახადის მიზნებისთვის, მიჩნეულ უნდა იქნას ქონების ფლობად კაპიტალის ღირებულების გაზდის მიზნით. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, დასაკუთრებული ქონება, რომელიც განკუთნილია საწარმოს არასაოპერაციო საქმიანობის ფარგლებში მომავალში გასაყიდად, ქონების გადასახადის მიზნებისთვის განხილულ უნდა იქნას საინვესტიციო ქონებად. საქართველოს სგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის გათვალისწინებით, 2019 წლის საანგარიშო პერიოდზე ზემოაღნიშნული აქტივები წარმოადგენს ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს და დაექვემდებარა ქონების გადასახადით დაბეგვრას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:
ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;
ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;
გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;
დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, – ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრი ქონების ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასება არ ვრცელდება:
ა) საწარმოზე, თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას გადაფასების მეთოდის გამოყენებით აღრიცხავს და აქვს აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება. ამასთანავე, აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ 4 წლის ვადით;
ბ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო საწარმოებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ურთიერთობების რეგულირებისას ამ კოდექსში გამოყენებული საქართველოს კანონმდებლობის ტერმინები და ცნებები გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობაც მათ აქვთ შესაბამის კანონმდებლობაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები (შემდგომში – ბასს) არის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების კომისიის მიერ დამტკიცებული და საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილებით სამოქმედოდ შემოღებული სტანდარტები.
ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 40-ის თანახმად, საინვესტიციო ქონება არის ქონება (მიწა ან შენობა, ან შენობის ნაწილი ან ორივე), რომელსაც ფლობენ (მესაკუთრე ან მოიჯარე ფინანსური იჯარის პირობებში) საიჯარო შემოსავლების მიღების ან ღირებულების ზრდის ან ორივე მიზნით, გარდა ისეთი მიზნებისა, როგორიცაა:
ა) გამოყენება საქონლის წარმოების ან მიწოდების, მომსახურების გაწევის ან ადმინისტრაციული მიზნებისათვის;
ბ) გაყიდვა ჩვეულებრივი საქმიანობის პროცესში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
წარმოდგენილ საჩივარში გადამხდელი განმარტავს, რომ ბანკი სახელშეკრულებო ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში დასაკუთრებული ქონების უდიდეს ნაწილს აღრიცხავდა საინვესტიციო ქონებად, ხოლო მცირე ნაწილი განსხვავებული მოლოდინების, შეფასებებისა და კრიტერიუმების გათვალისწინებით, დაკვალიფიცირდა სხვა აქტივად და შესაბამისად მათი აღრიცხვა რეგულირებულ იქნა საინვესტიციო ქონების მარეგულირებელი სტანდარტისგან განსხვავებული სტანდარტით. მიუთითებს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო №5 სტანდარტით დადგენილ აღიარების კრიტერიუმებზე და აცხადებს, რომ სწორედ აღნიშნული კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ ბანკის ფინანსური აღრიცხვის და დასაკუთრებული ქონების მართვის დეპარტამენტები აქტივის კლასიფიკაციისას. აღნიშნული კრიტერიუმების ფაქტობრივ გარემოებებთან შესაბამისობას ამოწმებს შემდგომ უკვე დამოუკიდებელი აუდიტორი და ხდება კონკრეტული აქტივისთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭება.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ სს „----------“ 2019 წელს ფინანსურ ანგარიშგებაში უფიქსირდება 36 285 000 ლარის ღირებულების „გასაყიდად გამიზნული აქტივები’’. კომპანიას აღნიშნულ აქტივებში უფიქსირდება 30 883 517 ლარის ღირებულების შენობა-ნაგებობები, აღნიშნული ქონებიდან 2021 წლის ბოლომდე რეალიზებულია 13 188 933 ლარის ქონება, რომლის რეალიზაციაც განხორციელდა 2020-2021 წლებში. ამასთან, გადამხდელს 2018 წლამდე დასაკუთრებული უძრავი ქონება კვალიფიცირებული აქვს საინვესტიციო ქონებად, ხოლო 2018 წლიდან ნაწილი აქტივები კვალიფიცირებულია „გასაყიდად გამიზნულ გრძელვადიან აქტივებად’’. კომპანიის მიერ დასაკუთრებული ქონება, რომელიც გამიზნულია მომავალში გაზრდილი ღირებულებით გასაყიდად, რაც არ წარმოადგენს საწარმოს ჩვეულებრივ საქმიანობის ნაწილს, ქონების გადასახადის მიზნებისთვის, შემოწმებით მიჩნეულ იქნა ქონების ფლობად კაპიტალის ღირებულების გაზდის მიზნით. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, დასაკუთრებული ქონება, რომელიც განკუთვნილია საწარმოს არასაოპერაციო საქმიანობის ფარგლებში მომავალში გასაყიდად, ქონების გადასახადის მიზნებისთვის ჩაითვალა საინვესტიციო ქონებად და საწარმოს განესაზღვრა კუთვნილი საგადასახადო ვალდებულება.
საქმეში არსებულ მასალებსა და ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, ასევე ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური სადავო საკითხთან დაკავშირებით იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და აღნიშნავს, რომ დასაკუთრებული ქონება, რომელიც განკუთვნილია საწარმოს არასაოპერაციო საქმიანობის ფარგლებში მომავალში გასაყიდად, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით წარმოადგენს საინვესტიციო ქონებას, ხოლო, ვინაიდან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, საგადასახადო შემოწმების მიერ ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა განხორციელდა საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. სს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადის ნაწილში დარიცხულ თანხებს.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანს 2019 წელს ფინანსურ ანგარიშგებაში უფიქსირდება 36 285 000 ლარის ღირებულების „გასაყიდად გამიზნული აქტივები’’. კომპანიას აღნიშნულ აქტივებში უფიქსირდება 30 883 517 ლარის ღირებულების შენობა-ნაგებობები, აღნიშნული ქონებიდან 2021 წლის ბოლომდე რეალიზებულია 13 188 933 ლარის ქონება, რომლის რეალიზაციაც განხორციელდა 2020-2021 წლებში. ამასთან, გადამხდელს 2018 წლამდე დასაკუთრებული უძრავი ქონება კვალიფიცირებული აქვს საინვესტიციო ქონებად, ხოლო 2018 წლიდან ნაწილი აქტივები კვალიფიცირებულია „გასაყიდად გამიზნულ გრძელვადიან აქტივებად’’. კომპანიის მიერ დასაკუთრებული ქონება, რომელიც გამიზნულია მომავალში გაზრდილი ღირებულებით გასაყიდად, რაც არ წარმოადგენს საწარმოს ჩვეულებრივ საქმიანობის ნაწილს, ქონების გადასახადის მიზნებისთვის, შემოწმებით მიჩნეულ იქნა ქონების ფლობად კაპიტალის ღირებულების გაზდის მიზნით. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, დასაკუთრებული ქონება, რომელიც განკუთვნილია საწარმოს არასაოპერაციო საქმიანობის ფარგლებში მომავალში გასაყიდად, ქონების გადასახადის მიზნებისთვის ჩაითვალა საინვესტიციო ქონებად და საწარმოს განესაზღვრა კუთვნილი საგადასახადო ვალდებულება.
გადაწყვეტილება
საქმეში არსებულ მასალებსა და ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, ასევე ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური სადავო საკითხთან დაკავშირებით იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და აღნიშნავს, რომ დასაკუთრებული ქონება, რომელიც განკუთვნილია საწარმოს არასაოპერაციო საქმიანობის ფარგლებში მომავალში გასაყიდად, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით წარმოადგენს საინვესტიციო ქონებას, ხოლო, ვინაიდან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, საგადასახადო შემოწმების მიერ ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა განხორციელდა საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 201(1„ა“); 202(1).