ბრძანება N 12711
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 12711
10 ივნისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის 9, 20 და 28 იანვრის, 25 თებერვლის,18 მარტის, 14 აპრილის, 6 და 28 მაისის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 29 იანვრის, 26 თებერვლის, 19 მარტის, პირველი აპრილის, 7 მაისის და 28 მაისის სხდომებზე (ოქმი №8, №18, №24, №28, №37 და №44) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №2196/01, №6969/21, №12462/21-11, №30756/21-11, №44241/21-11, №59243/21-11, №74773/21-11 და №88068/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 დეკემბრის №021-152 საგადასახადო მოთხოვნასთან და ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 30 დეკემბრის №021-24055 საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინებასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ ვალდებულებებს. განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურს გააჩნია უფლება განახორციელოს კონტროლი და მოახდინოს შესაბამისი დარიცხვები, თუმცა ნებისმიერი უფლების გამოყენება განსაკუთრებით სახელმწიფო ორგანოების მხრიდან და იმ შემთხვევაში, როდესაც ამ უფლების გამოყენება არა თუ ზღუდავს, შესაძლებელია, გამოიწვიოს იურიდიული პირის გაკოტრებაც კი, უნდა იყოს კანონშესაბამისი და აკმაყოფილებდეს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლს „სამართლიანი სასამართლოს“ უფლებას. აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას;
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ოქტომბრის №22447 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 25 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 26 დეკემბრის №28534 ბრძანება და №021-152 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 2 732 252 ლარი, მათ შორის, გადასახადი 1 314 076 ლარი, ჯარიმა 686 358 ლარი, საურავი 731 818 ლარი. აღნიშნული საგადასახადო დავალიანების გათვალისწინებით, საწარმოს მიმართ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 30 დეკემბერს გამოიცა №021-24055 შეტყობინება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
● შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმინაობას წარმოადგენს სამშენებლოსარემონტო საქმიანობა. კომპანია მონაწილეობას იღებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში, სადაც შემსყიდველი არის სსიპ -------. საწარმო არ აწარმოებს ბუღალტერიას. გადამხდელის მიერ წარმოდგენილია საბანკო ამონაწერები და შესამოწმებელ პერიოდში შესრულებული/შეუსრულებელი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც თანხვედრაშია სსიპ ------- გამოთხოვილ და მოწოდებულ ინფორმაცია/დოკუმენტაციასთან. შემოწმებით განხორციელდა კომპანიის საბანკო ამონაწერების და პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის (სასაქონლო ზედნადებების და საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურების) შესწავლა და ანალიზი. საბანკო ამონაწერებით და შესრულებული სამუშაოებით (ფორმა ორებით) დადგინდა, რომ კომპანიას უფიქსირდება მეტი შემოსავალი ვიდრე აქვს დეკლარირებული ან/და გამოწერილი აქვს საგადასახადო დოკუმენტაცია. შემოწმებით კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაწეული მომსახურების ნაწილში გაანგარიშდა შესრულებული სამუშაოების მიხედვით, ხოლო რეალიზებული საქონელის დღგ-ით დასაბეგრი თანხა გაანგარიშდა პირველადი დოკუმენტაციით (გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებით). შედეგად დაკორექტირდა (გაიზარდა) კომპანიის მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
● გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. კომპანიის მხრიდან წარმოდგენილია საბანკო ამონაწერები. შემოწმების მიერ საბანკო ამონაწერების შესწავლა/ანალიზით დადგინდა ანგარიშიდან თანხების გატანა სამეურნეო დანიშნულებით, რასაც არ გააჩნია შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შედეგად აღნიშნული თანხები შემოწმების მიერ ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში და საქმის ზეპირი განხილვის დროს დაფიქსირებულ პოზიციაზე, რომლის თანახმად, შპს -------, როგორც დამკვეთთან ჰქონდა 50 074 773 ლარის ხელშეკრულება, რომელიც ნაწილობრივ შეასრულეს და შეადგენდა სამშენებლო სამუშაოების 35,3%-ს. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა 2019 წლიდან, პანდემიიდან გამოწვეულმა პრობლემებმა იმოქმედა სამშენებლო სამუშაოებზე, მაგრამ მოგვიანებით 2019, 2020, 2021 წლებში გააგრძელეს სამშენებლო სამუშაოები. ამ პერიოდში მოხდა სამშენებლო მასალების და შრომის ანაზღაურების გაძვირება. წერილობით მიმართეს დამკვეთს, რომ აღნიშნული სამუშაოების დასრულებისთვის საჭირო იყო ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა 7 517 406 ლარით, მაგრამ მაშინდელმა ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა და ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება. შეწყვეტილ ობიექტებზე გამოცხადდა ახალი ტენდერი და გაფორმდა ახალი ხელშეკრულება ახალ ორგანიზაციებთან 12 060 215 ლარზე.
------- სადაზღვევო კომპანიებიდან მოითხოვა შეწყვეტილი ხელშეკრულებების საფუძველზე ჩარიცხული საავანსო თანხების დაბრუნება, რომლის დაფარვა სადაზღვევო კომპანიებიდან დაიწყო 2023 წლის 10 იანვრიდან. ასევე, შესრულებული სამშენებლო სამუშაოებიდან ------- დაკავებული ჰქონდა სარეზერვო თანხა 1 133 304 ლარი. სულ სადაზღვევო კომპანიებიდან ბიუჯეტში გადანდილი იქნა: 1. სადაზღვევო კომპანია ------- 2 646 387,81 ლარი; 2. სადაზღვევო კომპანია ------- 4 906 468,78; 3. საქართველოს ბანკი 797 000 ლარი; 4. სარეზერვო თანხა 1 133 304,96 ლარი, რაც ჯამში შეადგენს 9 483 383,55 ლარს. შესაბამისად დასაბეგრი თანხის ოდენობა რადიკალურად განსხვავდება აქტით განსაზღვრულ ოდენობაზე.
ასევე, 2022 წლის საანგარიშო პერიოდში ანგარიშვალდებულ პირს შპს-დან გატანილი ჰქონდა თანხა, რომელიც შემოსავლების სამსახურმა დაბეგრა საშემოსავლო გადასახადით. განმარატავს, რომ ეს თანხა გადახდილი იყო სადაზღვეო კომპანია ------- მიერ 2 646 387.81 ლარი 2023 წელში, ეს თანხა დაბრუნებული იქნა სადაზღვეო კომპანია ------- მიმართ საქართველოს ბანკის მეშვეობით ანგარიშვალდებული პირის მიერ, შპს „-------“ დან.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს 2025 წლის 30 დეკემბრის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 30 დეკემბრის №021-24055 შეტყობინების გაუქმების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. შემოწმებით დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული ვალდებულებები.
2. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინება.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანის საქმინაობას წარმოადგენს სამშენებლოსარემონტო საქმიანობა. კომპანია მონაწილეობას იღებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში, არ აწარმოებს ბუღალტერიას. შემოწმებით განხორციელდა კომპანიის საბანკო ამონაწერების და პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის (სასაქონლო ზედნადებების და საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურების) შესწავლა და ანალიზი. საბანკო ამონაწერებით და შესრულებული სამუშაოებით (ფორმა ორებით) დადგინდა, რომ კომპანიას უფიქსირდება მეტი შემოსავალი ვიდრე აქვს დეკლარირებული ან/და გამოწერილი აქვს საგადასახადო დოკუმენტაცია. შემოწმებით კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაწეული მომსახურების ნაწილში გაანგარიშდა შესრულებული სამუშაოების მიხედვით, ხოლო რეალიზებული საქონელის დღგ-ით დასაბეგრი თანხა გაანგარიშდა პირველადი დოკუმენტაციით (გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებით). შედეგად დაკორექტირდა (გაიზარდა) კომპანიის მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა.
შემოწმების მიერ საბანკო ამონაწერების შესწავლა/ანალიზით დადგინდა ანგარიშიდან თანხების გატანა სამეურნეო დანიშნულებით, რასაც არ გააჩნია შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შედეგად აღნიშნული თანხები შემოწმების მიერ ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154; 159; 163; 164; 239