გადაწყვეტილება №22520/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22520/2/2024
27 ივნისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 10.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22520/2/2024).
დავის საგანი:
კომპანიის დამფუძნებელი ფიზიკური პირების მიერ საწესდებო კაპიტალიდან წილის სანაცვლოდ გატანილი ქონების საბაზრო ღირებულება და აღნიშნული ოპერაციის საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. ვალის მართვის დეპარტამენტის 27.10.2023 წლის №58347/07/23 ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნა;
2. აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2023 წლის №31169 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2023 წლის №006-627 საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 20.02.2024 წლის №3494 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 506 536.82 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 274 332
დღგ - 109 525
მოგების გადასახადი - 128 421
საშემოსავლო გადასახადი - 36 386
ჯარიმა - 137 166
საურავი - 95 038.82
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა კომერციული ფართის გაქირავება. იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირების სისწორის დადგენის მიზნით აუდიტის დეპარტამენტის 20.06.2023 წლის№14058 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 22.11.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხებზე ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
- შემოწმებისას შესწავლილია შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაცია. აღნიშნულის ანალიზით დგინდება, რომ 10.12.2021 წელს პარტნიორთა გადაწყვეტილების მიხედვით დამფუძნებელ ფიზიკურ პირებს (----) კუთვნილი წილების პროპორციულად საწარმოს კაპიტალიდან გატანილი აქვთ ბალანსზე არსებული უძრავი ქონება, კერძოდ, ქ. ----ში განთავსებული 333 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი, რომელიც კაპიტალში შეტანილი იყო 20.08.1999 წელს, ღირებულებით 20 200 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.
შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 27.10.2023 წლის №58347/07/23 დასკვნის საფუძველზე, განისაზღვრა აღნიშნული ქონების საბაზრო ღირებულება. საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების თანახმად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების შედეგად დადგინდა სხვაობა საწესდებო კაპიტალიდან წილის სანაცვლოდ გაცემული ქონების საბაზრო ღირებულებასა და დამფუძნებლების მიერ კაპიტალში შეტანილი ქონების ღირებულებას შორის. საგადასახადო კოდექსის 97-ე, 981, 130-ე და 154-ე მუხლების თანახმად, კაპიტალიდან გატანილი ქონების ნამეტი ღირებულება დაექვემდებარა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრას. მომჩივანს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადი, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2023 წლის №31169 ბრძანება და ამავე თარიღის №006-627 საგადასახადო მოთხოვნა, 2024 წლის 12 იანვარს და 1 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.02.2024 წლის №3494 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველის ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის მე-12 ნაწილზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 981 მუხლის პირველ ნაწილზე, 130-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე და ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, განმარტავს, რომ საწარმოს კაპიტალიდან დამფუძნებლებზე გადაცემული უძრავი ქონების საბაზრო ფასის შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნით განსაზღვრა და დღგ-ით დაბეგვრა განხორციელდა მართლზომიერად, ხოლო შემოწმებით გაანგარიშებულ საწესდებო კაპიტალიდან წილის სანაცვლოდ გაცემული ქონების საბაზრო ღირებულებასა და დამფუძნებლების მიერ კაპიტალში შეტანილი ქონების ღირებულებას შორის სხვაობის მოგების და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა უძრავი ქონების შეფასების დასკვნა, რაც შემოსავლების სამსახურის მიერ არ იქნა გათვალისწინებული. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები არაკანონიერია მათი შინაარსობრივი უსწორობისა და კანონმდებლობასთან შეუსაბამობის გამო. შემოწმებისას დარღვეულია საგადასახადო კოდექსის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად განსაზღვრული ნორმები. შემოწმების შედეგად არასწორად იქნა გაგებული განხორციელებული ოპერაცია, რადგანაც საწარმოს დამფუძნებელი პირები --- (40%), --- (40%) და --- (20%) ფაქტობრივად შეთანხმდნენ საწარმოს რეორგანიზაციის შედეგად მის გაყოფაზე. ამდენად, ქონებები უნდა დარეგისტრირებულიყო გაყოფის შედეგად წარმოქმნილ საწარმოებზე და არა ფიზიკურ პირებზე. აღნიშნული გარემოების გამო განხორცილებული რეგისტრაციები ექვემდებარება ბათილობას და არ შეიძლება ეს გახდეს საფუძველი ქონების მიწოდებად განხილვისათვის.
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-7 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად საქონლის მიწოდებად არ განიხილება აქტივის გადაცემად საწარმოს რეორგანიზაციის მხარე პირებს შორის. ამდენად, განხორციელებული ოპერაციით დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია არ განხორციელებულა და შესაბამისად, შემოწმების შედეგად დამატებით საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არ მიაჩნია მართებულად. ვინაიდან ფიზიკურ პირებზე ქონების რეგისტრაცია ექვემდებარება ბათილობას, შესაბამისად არც ფიზიკურ პირებს მიუღიათ რაიმე შემოსავალი (ანაზღაურება). ამიტომ განხორციელებული ოპერაციის შედეგად თანხების მათზე მოგების განაწილებად ჩათვლაც არასწორია. შედეგად არ არსებობს მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრის ობიექტი.
ზემოთ როგორც აღინიშნა შემოწმებით არასწორად იქნა გაგებული განხორციელებული ოპერაციის შინაარსი, ხოლო ფორმა არ შეესაბამება შინაარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, განხორცილებული ოპერაცია განხილული უნდა იყოს მისი შინაარსი მიხედვით, რაც წარმოადგენს საწარმოს რეორგანიზაციას და ისე თითქოს პარტნიორებს შორის განაწილდა ქონება. მიუხედავად აღნიშნულისა თუ შინაარსობრივად განიხილავს შემოწმების აქტს მასში მოცემულია, რომ ქონების ღირებულება გაანგარიშებული იქნა საბაზრო ფასით, რომელიც განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 27.10.2023 წლის №58347/07/23 დასკვნის მიხედვით.
აღნიშნული დასკვნა შემოწმების აქტზე არ არის თანდართული და ჩაბარდა მოგვიანებით. მიაჩნია, რომ აღნიშნული დასკვნით ქონების შეფასება არ არის ობიექტური. მნიშვნელოვანია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე მიიღო გადაწყვეტილება გადამხდელისათვის საგადასახადო ვალდებულებების დაკისრებაზე, რომ თანხის განმსაზღვრელი დოკუმენტი გადამხდელისათვის არც კი გაუცვნია და შესაბამისად წაართვა მას მის მიმართ გამოტანილი დასკვნის გაცნობისა და გასაჩივრების უფლება, აღნიშნულით ცალსახადაა დარღვეული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, რაც ასევე წარმოადგენს სადავო აქტების ბათილობის საფუძველს.
საგადასახადო ორგანომ მოიშველია თავისივე უწყების სტრუქტურიდან ასევე საგადასახადო ორგანომ, რაც მიაჩნია არამართებულად. უკიდურეს შემთხვევაში მათ უნდა მიემართათ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროსთვის ან სხვა დამოუკიდებელი ექსპერტისათვის. შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვის დროისათვის წარდგენილა ქონების შეფასების დასკვნები შედგენილი დამოუკიდებელი სერტიფიცირებული პირის მიერ. შემოსავლების სამსახურმა მიიღო აღნიშნული დასკვნები განხილვაზე, მაგრამ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ისინი არ იქნა მხედველობაში მიღებული.
ზემოთ მოცემული გარემოებებიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არ არის კანონიერი ოპერაციის შინაარსიდან გამომდინარეც და საგადასახდო ორგანოს მიერ წარმოებული გამოკვლევის არაკანონიერებიდან გამომდინარეც.
ამდენად, არ ეთანხმება გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და ითხოვს სადავო აქტების ბათილობას, ასევე შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 27.10.2023 წლის №58347/07/23 დასკვნის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების სრული მოცულობით გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება საწარმოს ან ამხანაგობის მიერ, შესაბამისად, პარტნიორისთვის ან ამხანაგობის წევრისთვის, წილის სანაცვლოდ საქონლის საკუთრებაში გადაცემა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კოდექსის 160- ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის შესაბამისად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე; რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხებისა და ფინანსური გირავნობის შემთხვევაში გამყიდველის/გამსესხებლის მიერ მყიდველისგან/მსესხებლისგან მიღებული საკომპენსაციო თანხა, რომელიც არის ასეთი გარიგების მოქმედების პერიოდში ფასიანი ქაღალდებიდან რეალურად მიღებული დივიდენდი. ამასთანავე, დივიდენდს არ მიეკუთვნება:
ა) იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ან აქციის/წილის გამოსყიდვისას ფულადი ან ნატურალური ფორმით განხორციელებული გადახდა/განაცემი, რომელიც კაპიტალში (განთავსებულსა და საემისიოში) აქციონერის/პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას არ აღემატება;
ბ) იურიდიული პირის აქციონერზე/მოწილეზე განხორციელებული გადახდა ამავე იურიდიული პირის აქციის/წილის საკუთრებაში გადაცემით, გარდა რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული წილობრივი ფასიანი ქაღალდის გადაცემისა.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საგადასახადო კოდექსის 981 პირველი ნაწილის შესაბამისად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება. საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5 პროცენტიანი განაკვეთით. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
მომჩივანი განმარტავს, რომ არასწორად იქნა გაგებული განხორციელებული ოპერაცია, რადგანაც საწარმოს დამფუძნებელი პირები ფაქტობრივად შეთანხმდნენ საწარმოს რეორგანიზაციის შედეგად მის გაყოფაზე. ამდენად, ქონებები უნდა დარეგისტრირებულიყო გაყოფის შედეგად წარმოქმნილ საწარმოებზე და არა ფიზიკურ პირებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, განხორცილებული ოპერაცია განხილული უნდა იყოს მისი შინაარსი მიხედვით, რაც წარმოადგენს საწარმოს რეორგანიზაციას და ისე თითქოს პარტნიორებს შორის განაწილდა ქონება. შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვის დროისათვის წარდგენილია ქონების შეფასების დასკვნები შედგენილი დამოუკიდებელი სერტიფიცირებული პირის მიერ. შემოსავლების სამსახურმა მიიღო აღნიშნული დასკვნები განხილვაზე, მაგრამ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ისინი არ იქნა მხედველობაში მიღებული. საქმეში წარმოდგენილია მომჩივნის მიერ წარმოდგენილი 2024 წლის შეფასების დასკვნები, რომლითაც უძრავო ქონება შეფასებულია ოთხ ნაწილად 10.12.2021 წლის მდგომარეობით ჯამში 547 500 ლარად და წარმოდგენილია ვალის მართვის დეპარტამენტის 27.10.2023 წლის №58347/07/23 ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნა, რომლითაც უძრავი ქონება შეფასებულია ასევე, ოთხ ნაწილად 10.12.2021 წლის მდგომარეობით ჯამში 718 000 ლარად.
შემოსავლების სამსახური სადავო ბრძანებაში მიუთითებს, რომ საწარმოს კაპიტალიდან დამფუძნებლებზე გადაცემული უძრავი ქონების საბაზრო ფასის შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნით განსაზღვრა და დღგ-ით დაბეგვრა განხორციელდა მართლზომიერად, ხოლო შემოწმებით გაანგარიშებულ საწესდებო კაპიტალიდან წილის სანაცვლოდ გაცემული ქონების საბაზრო ღირებულებასა და დამფუძნებლების მიერ კაპიტალში შეტანილი ქონების ღირებულებას შორის სხვაობის მოგების და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა უძრავი ქონების შეფასების დასკვნა, რაც შემოსავლების სამსახურის მიერ არ იქნა გათვალისწინებული.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
მომჩივნის არგუმენტზე აუდიტის დეპარტამენტის 19.03.2024 წლის №25579-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ არ ყოფილა წარდგენილი არგუმენტირებული ინფორმაცია/მტკიცებულება გასაჩივრებული საკითხის შესახებ. შესაბამისად შემოწმებამ იხელმძღვანელა ფინანსთა სამინისტროს ერთიანი საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, ასევე, საჯარო და სამეწარმეო რეესტრში ასახულ პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტებით. საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, კერძოდ, კომპანიის დამფუძნებელი ფიზიკური პირების მიერ საწესდებო კაპიტალიდან წილის სანაცვლოდ გატანილი ქონების საბაზრო ღირებულება და აღნიშნულ ნაწილში საქმეში წარმოდგენილია ექსპერტიზის ორი დასკვნა ქონების საბაზრო ღირებულებასთან დაკავშირებით, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი, მომჩივნის მიერ წარმოდგენილი უძრავი ქონების შეფასების დასკვნის გაუთვალისწინებლობის საფუძვლები, საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 20.02.2024 წლის №3494 ბრძანება;
3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
კომპანიის დამფუძნებელი ფიზიკური პირების მიერ საწესდებო კაპიტალიდან წილის სანაცვლოდ გატანილი ქონების საბაზრო ღირებულება და აღნიშნული ოპერაციის საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგად დადგინდა სხვაობა საწესდებო კაპიტალიდან წილის სანაცვლოდ გაცემული ქონების საბაზრო ღირებულებასა და დამფუძნებლების მიერ კაპიტალში შეტანილი ქონების ღირებულებას შორის. საგადასახადო კოდექსის 97-ე, 981, 130-ე და 154-ე მუხლების თანახმად, კაპიტალიდან გატანილი ქონების ნამეტი ღირებულება დაექვემდებარა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრას. მომჩივანს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადი, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2023 წლის №31169 ბრძანება და ამავე თარიღის №006-627 საგადასახადო მოთხოვნა, 2024 წლის 12 იანვარს და 1 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.02.2024 წლის №3494 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საბჭოს მიაჩნია, სადავო საკითხი, მომჩივნის მიერ წარმოდგენილი უძრავი ქონების შეფასების დასკვნის გაუთვალისწინებლობის საფუძვლები, საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 160; 163; 164; 8 (12); 981; 130; 154.