გადაწყვეტილება №21811/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.03.2024
№ დოკუმენტი 21811/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21811/2/2024

26 მარტი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,22.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „„-------“ -ს “ 8.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21811/2/2024).

 

დავის საგანი:

1. ქონების საბაზრო ღირებულება;

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 ოქტომბრის №024-76 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 დეკემბრის №31789 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 76 487 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 41 034

დღგ - 18 520

მოგების გადასახადი - 16 886

საშემოსავლო გადასახადი - 5 628

ჯარიმა - 20 517

საურავი - 14 936

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №14035 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 25 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 ოქტომბრის №25236 ბრძანება და №024-76 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 76 487 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 10 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 18 დეკემბრის №31789 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი საექსპერტო დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 დეკემბრის №31789 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ქონების საბაზრო ღირებულება

ფაქტების აღწერა

საჯარო რეესტრის მონაცემებით ირკვევა, რომ 2009 წელს კომპანიის დამფუძნებელი - 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი, "-------", კაპიტალში შენატანის გზით კომპანიას საკუთრებაში გადასცემს ქ. "-------"-ში , "--------" (ს/კ "--------"). 2021 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით "--------"-მ იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა ზემოაღნიშნული ქონება (კომერციული ფართი, რომელშიც ფუნქციონირებს სასურსათო მაღაზია).

აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირება კომპანიას არ მოუხდენია. შემოწმების პროცესში განისაზღვრა ზემოაღნიშნული ფართის საბაზრო ღირებულება (1 კვ.მ - 500 აშშ დოლარი) და მიწოდების თარიღისთვის, დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, ვინაიდან კაპიტალში ნატურალური ფორმით შენატანის ღირებულება არ არის მითითებული, კაპიტალში 2009 წელს შენატანის ღირებულებად განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის მიერ ამავე პერიოდში მითითებულ ქონებაზე დაფიქსირებული ღირებულება. სხვაობა, საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის საფუძველზე, დაიბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ, მოგების და საშემოსავლო გადასახადები და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 96-ე, 981 , მე-8, 130-ე, 154-ე, 159-ე, 160-ე, 163-ე, 164-ე, 157-ე, 168-ე მუხლებზე და ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, საჯარო რეესტრის მონაცემებით რეგისტრირებულია განცხადება, რომლის 2021 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით "---------" იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე საკუთრების უფლებით ირეგისტრირებს ზემოაღნიშნულ ქონებას. შემოწმების მიერ განსაზღვრულ იქნა აღნიშნული ფართის საბაზრო ღირებულება, კერძოდ, 1 კვ.მ - 500 აშშ დოლარად. შედეგად, შემოწმებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები.

წარდგენილი საჩივრით გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ კომპანიის მიერ მოხდა ქონების ღირებულების გადამოწმება და დადასტურდა, რომ აღნიშნული ფართის 1 კვ.მ-ის ღირებულება 250 აშშ დოლარია. ამასთან, მიუთითებს კომერციული ფართის კომერციულად არამომგებიან მდებარეობაზე და აღნიშნავს, რომ ადგილი არ არის მჭიდროდ დასახლებული და წარმოადგენს პერიფერიას. შესაბამისად, შემოწმებით განსაზღვრული საბაზრო ფასი არასწორია.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, უძრავი ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრის თაობაზე. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი საექსპერტო დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საწარმოს დამფუძვნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი არის "--------" (პ/ნ "---------"). მან 2009 წელს კომპანიის კაპიტალში შეიტანა 77,94 კვ.მ-ის ფართი, რომელიც მდებარეობს ქ. "--------"-ში ,"-------"-ზე, მაღაზია სიხარულის, ორი ნაბიჯის და მაგნიტის მიმდებარედ. 2021 წლის 23 სექტემბერს დამფუძნებელმა ფართი საწესდებო კაპიტალიდან გაიტანა.

აუდიტის დასკვნის საფუძველზე, 1 კვ.მ ფართის ღირებულება 500 ამერიკულ დოლარად არის შეფასებული. ამან კი განაპირობა დიდი ოდენობით გადასახადის დარიცხვა. კომპანია კეთილსინდისიერი გადამხდელია, ეთანხმებიან ფაქტს, რომ გადასახდელი გადასახადია, მაგრამ ფართის ღირებულება არაადეკვატურია. თავის დროზე ეს ფართი მეტად მიზერულ ფასებშია შეძენილი და არც დღეს აქვს დიდი ღირებულება. გასაჩივრების შედეგად მოხდა საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება. კერძოდ, მისცეს საშუალება მოიძიონ შემფასებელი და თავიდან მოხდეს გადაფასება. ამას რა თქმა უნდა ეთანხმებიან, მაგრამ ფიქრობენ უმჯობესია შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოხდეს გადაფასება და კორექტირება გადასახადის.

მომჩივნის მიერ მოხდა მაკლერებთან და უძრავი ქონების აგენტებთან გადამოწმება და დადასტურდა, რომ მაქსიმალური ღირებულება ამ ფართის 1კვ.მ არის 250 ამერიკული დოლარი (აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის უკან ამ თანხადაც არ გაიყიდა ფართი. აუცილებლი იყო მეპატრონის შვილის ოპერაცია თურქეთში, საჭირო იყო თანხების მობილიზება და შენობა საერთოდ არ გაიყიდა არა თუ კვადრატული 500 დოლარად არამედ არც 250 დოლარად, ვინაიდან ის არ მდებარეობს კომერციულად მომგებიან ადგილას). მიმდებარე ტერიტორია დატვირთულია ქსელური მაღაზიებით და როგორც სასურსათო მაღაზია ვერ მუშაობს, ასევე სხვა საქმიანობისთვისაც ტერიტორია არამომგებიანია, არ არის მჭიდროდ დასახლებული და მეტად პერიფერიას წარმოადგენს ცენტრალური ადგილებიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, 500 აშშ დოლარი მეტად არასწორი ფასია და საჭიროებს შეცვლას და თავიდან დაანგარიშებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს აუდიტის დეპარტამანეტის მიერ თავიდან მოხდეს დაანგარიშება ადეკვატური საბაზრო ღირებულებით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, განაწილებულ მოგებად არ ითვლება საწარმოს ლიკვიდაციისას ან აქციის/წილის გამოსყიდვისას ფულადი ან ნატურალური ფორმით განხორციელებული გადახდა/განაცემი, რომელიც კაპიტალში (განთავსებულსა და საემისიოში) პარტნიორის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობას არ აღემატება. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ოპერაციის განხორციელების შემდეგ საწარმოს კაპიტალის გაზრდა არ მიიჩნევა პარტნიორის მიერ კაპიტალში (განთავსებულსა და საემისიოში) განხორციელებულ შენატანად.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 12-ე ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე; რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხებისა და ფინანსური გირავნობის შემთხვევაში გამყიდველის/გამსესხებლის მიერ მყიდველისგან/მსესხებლისგან მიღებული საკომპენსაციო თანხა, რომელიც არის ასეთი გარიგების მოქმედების პერიოდში ფასიანი ქაღალდებიდან რეალურად მიღებული დივიდენდი.

საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5- პროცენტიანი განაკვეთით.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება საწარმოს ან ამხანაგობის მიერ, შესაბამისად, პარტნიორისთვის ან ამხანაგობის წევრისთვის, წილის სანაცვლოდ საქონლის საკუთრებაში გადაცემა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტის მიხედვით, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე.

საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კარის მიზნებისთვის, საბაზრო ფასი არის ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და, სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. თუ შეუძლებელია საქონლის ან მომსახურების შედარებითი ფასის დადგენა, დღგ-ის მიზნისთვის საბაზრო ფასი არის: საქონლისთვის − ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ამ ან ანალოგიური საქონლის შესყიდვის ფასზე ნაკლები, ხოლო, თუ შესყიდვის ფასი არ არსებობს, ამ საქონლის წარმოების ღირებულება მისი მიწოდების მომენტში.

საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

დადგენილია, რომ დამფუძნებლის/დირექტორის მიერ საწარმოს კაპიტალში შეტანილი და შემდეგ დაბრუნებული უძრავი ქონების (კომერციული ფართის) საბაზრო ფასის გათვალისწინებით განისაზღვრა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება დღგ-ის, მოგების და საშემოსავლო გადასახადებში.

მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საბაზრო ფასს და თვლის, რომ აღნიშნული საჭიროებს თავიდან დაანგარიშებას.

შემოსავლების სამსახურმა გაითვალისწინა გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია და მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს მისცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, უძრავი ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრის თაობაზე. ამასთან, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი საექსპერტო დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 11 ოქტომბრის №024-76 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 76 487 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 41 034 ლარი, ჯარიმა - 20 517 ლარი და საურავი - 14 936 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმა/საურავის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი ითხოვს არ დაერიცხოს ჯარიმა-საურავი, როგორც კეთილსინდისიერ გადამხდელს. ასევე, მხედველობაში იქნას მიღებული ოჯახის მძიმე მდგომარეობა (შვილის და მეპატრონის ჯანმრთელობის მდგომარეობა).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს შემოწმების შედეგად გამოუვლინდა დამატებითი საგადასახადო ვალდებულება. შესაბამისად, მომჩივანმა დეკლარაციაში შეამცირა გადასახადის თანხა, რისთვისაც შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

ამასთან, დადგენილ ვადაში გადასახადის გადაუხდელობისთვის, საწარმოს დაეკისრა შესაბამისი საურავი.

მომჩივანი ითხოვს არ დაერიცხოს ჯარიმა-საურავი, როგორც კეთილსინდისიერ გადამხდელს.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი ითხოვს აუდიტის დეპარტამანეტის მიერ თავიდან მოხდეს დაანგარიშება ადეკვატური საბაზრო ღირებულებით.

2.მომჩივანი ითხოვს არ დაერიცხოს ჯარიმა-საურავი, როგორც კეთილსინდისიერ გადამხდელს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.საჯარო რეესტრის მონაცემებით ირკვევა, რომ 2009 წელს კომპანიის დამფუძნებელი - 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი კაპიტალში შენატანის გზით კომპანიას საკუთრებაში გადასცემს ფართს.აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირება კომპანიას არ მოუხდენია. შემოწმების პროცესში განისაზღვრა ზემოაღნიშნული ფართის საბაზრო ღირებულება და მიწოდების თარიღისთვის, დაიბეგრა დღგ-ით. ამასთან, ვინაიდან კაპიტალში ნატურალური ფორმით შენატანის ღირებულება არ არის მითითებული, კაპიტალში 2009 წელს შენატანის ღირებულებად განისაზღვრა გადამხდელის მიერ ამავე პერიოდში მითითებულ ქონებაზე დაფიქსირებული ღირებულება. სხვაობა, დაიბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადით.მომჩივანს დაერიცხა დღგ, მოგების და საშემოსავლო გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა.

2.მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 76 487 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 41 034 ლარი, ჯარიმა - 20 517 ლარი და საურავი - 14 936 ლარი.

 

გადაწყვეტილება

1.საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

2.საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

97,981,130,154,159,160,164,168,269(7).