გადაწყვეტილება №18236/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18236/2/2022
9.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ---------------- (პ/ნ -----------------)
მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --------------ის 18.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18236/2/2022).
დავის საგანი:
ქონების გადასახადისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. მომსახურების დეპერტამენტის 10.05.2022 წლის №056-924 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 6.09.2022 წლის №23060 ბრძანება.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, საჯარო რეესტრიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხულია ქონების გადასახადი, 2020-2021 წლების პერიოდზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე 510 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართზე (საკადასტრო კოდი -------------) წლიურად 122 ლარის ოდენობით 10.05.2022 წლის სავადო თარიღით.
საჯარო რეესტრის ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით: ზემოთ აღნიშნულ უძრავ ქონებაზე 3.07.2018 წელს განხორციელდა მომჩივნის საკუთრების უფლების რეგისტრაცია და დღემდე მის საკუთრებაში ირიცხება.
2020 წელზე დარიცხულ ქონების გადასახადზე 10.05.2022 წელს გამოიცა №056-924 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 6.09.2022 წლის №23060 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურის მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6, 203-ე მუხლზე, 205-ე მუხლის პირველი და 131 ნაწილებზე, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტზე, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 10.05.2022 წლის №056-924 საგადასახადო მოთხოვნა (საანგარიშო პერიოდი 2020 წელი) გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
არის პენსიონერი, სოციალურად დაუცველი რომლის სარეგისტრაციო ქულა 42 100, ამასთან არის ონკოლოგიურად დაავადებული. არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის №23060 ბრძანებას, ითხოვს გათავისუფლდეს ქონების გადასახადისგან დაბა ---------ში არსებულ 510 კვ.მ მიწის ფართზე და გაუქმდეს დარიცხული თანხა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის დარიცხვის საფუძველია საგადასახადო ორგანოსთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მიზნებისათვის. ამავე კოდექსის 205-ე მუხლის 131 ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვისას პირი თავისუფლდება მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან. ამ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების საფუძველზე პირს წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან.
მომჩივანს მიწაზე ქონების გადასახადი დაერიცხა მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე, ამასთან იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივანის არგუმენტის გათვალიწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.