გადაწყვეტილება №19552/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.08.2023
№ დოკუმენტი 19552/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19552/2/2023

07 აგვისტო 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 28.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19552/2/2023).

 

დავის საგანი:

1. დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე გაცემული უპროცენტო სესხის 21.6%-იანი განაკვეთით გაანგარიშება;

2. იურიდიულ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხთან მიმართებაში პროცენტის თანხის გაანგარიშების პერიოდი;

3. სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 20.09.2022 წლის №075-6 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7039 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 103 001 ლარი.

მათ შორის:

მოგების გადასახადი - 49 642

ჯარიმა - 32 492

საურავი - 20 867

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 31.08.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 19.09.2022 წლის №24109 ბრძანება და 20.09.2022 წლის №075-6 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7039 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე გაცემული უპროცენტო სესხის 21.6%-იანი განაკვეთით გაანგარიშება

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშიდან შესამოწმებელ პერიოდში კაპიტალის შემცირების შინაარსით დამფუძნებელ ფიზიკურ პირთან გადარიცხულია 1 014 000 ლარი. წარდგენილი პირველადი ბუღალტრული პროგრამის მიხედვით, აღნიშნული ოპერაციები გატარებულია ასევე კაპიტალის შემცირების შინაარსით.

შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარადგინა წერილობითი ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვითაც განმარტა, რომ როგორც საბანკო, ასევე ბუღალტრული გატარებების შინაარსის დაფიქსირებისას დაშვებულია ტექნიკური ხარვეზი. მისი განმარტებით აღნიშნული თანხიდან 500 000 ლარი წარმოადგენს დამფუძნებლის (-------) მიერ შპს ------- სახელით შპს ------- (ს/ნ -------) სესხის გასაცემად გატანილ თანხას, ხოლო 260 000 ლარი დამფუძნებლის მიერ გატანილ იქნა კომპანიიდან პირადი სესხის სახით. შპს ------- დირექტორმა ასევე განმარტა, რომ 90 000 ლარი, რომელიც კომპანიის სალაროს ანგარიშზე შემოტანილი იყო კაპიტალის შევსების შინაარსით, წარმოადგენდა ------- გაცემული სესხის დაბრუნების ოპერაციას და ექვემდებარებოდა მოგების გადასახადში ჩათვლას. შპს ------- დირექტორის მიერ წარდგენილია, როგორც შპს -------, ასევე ------- დადებული სასესხო ხელშეკრულებები, კორექტირებული ბუღალტრული პროგრამა და შპს ------- გაფორმებული შედარების აქტი. ორივე სესხი წარმოადგენს უპროცენტო სესხს. გადასახადის გადამხდელის მიერ ფიზიკურ პირზე უპროცენტო სესხის გაცემის ოპერაცია არ არის დაბეგრილი მოგების გადასახადით.

საგადასახადო კოდექსის 97-ე, 981 და 982 მუხლების გათვალისწინებით, ფიზიკურ პირ ------- გაცემული სესხი, 260 000 ლარის ოდენობით, შესაბამის საანგარიშო პერიოდში, დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას, ხოლო აღნიშნული თანხიდან 90 000 ლარი 2021 წლის მაისის საანგარიშო პერიოდში დაექვემდებარა ჩათვლას. გამომდინარე იქიდან, რომ გაცემული სესხი წარმოადგენდა უპროცენტო სესხს, ხოლო 2020 წლის მაისის საანგარიშო პერიოდში ეროვნული ბანკის მიერ ფიზიკურ პირზე გაცემული სესხის შემთხვევაში საბაზრო საპროცენტო განაკვეთი განსაზღვრული იყო 21,6%-ის ოდენობით, საბაზრო საპროცენტო განაკვეთით გაანგარიშებული თანხა ცალკეულ საანგარიშო პერიოდებში სრულად დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. შედეგად, დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-8 ნაწილით, 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის განმარტებით, სესხის ტიპის დადგენა უნდა მომხდარიყო სესხის შინაარსის გათვალისწინებით და მომხდარიყო მსგავსი ტიპის სესხის საპროცენტო განაკვეთის აღება, თუმცა საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა ზოგადად ფიზიკურ პირზე გაცემული სესხის საბაზრო საპროცენტო განაკვეთით, რომლის განაკვეთიც ყველაზე მაღალია (21.6%) მაშინ, როდესაც ეროვნული ბანკის მიერ დადგენილია სხვა საპროცენტო განაკვეთები სხვადასხვა კატეგორიებზე, კერძოდ, უზრუნველყოფილ სესხებზე, სამომხმარებლო სესხებზე და სამომხმარებლო გრძელვადიან სესხებზე აღნიშნული პროცენტი ბევრად დაბალია. ამიტომ დარიცხული მოგების გადასახადი ამ ნაწილში უნდა შემცირდეს სესხის საბაზრო საპროცენტო განაკვეთის შემცირების გზით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის (1.01.2022 წლამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საგადასახადო კოდექსის კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს: გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობას, თუ გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 29.05.2023 წლის №49979-21-14 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ საგადასახადო კოდექსის 97-ე, 981 და 982 მუხლების გათვალისწინებით, დამფუძნებელ ფიზიკურ პირ ------- გაცემული სესხი, 260 000 ლარის ოდენობით, შესაბამის საანგარიშო პერიოდში, დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას, ხოლო აღნიშნული თანხიდან 90 000 ლარი 2021 წლის მაისის საანგარიშო პერიოდში დაექვემდებარა ჩათვლას. გამომდინარე იქიდან, რომ გაცემული სესხი წარმოადგენდა უპროცენტო სესხს, ხოლო 2020 წლის მაისის საანგარიშო პერიოდში ეროვნული ბანკის მიერ ფიზიკურ პირზე გაცემული სესხის შემთხვევაში საბაზრო საპროცენტო განაკვეთი განსაზღვრული იყო 21,6%-ის ოდენობით, საბაზრო საპროცენტო განაკვეთით გაანგარიშებული თანხა ცაკლეულ საანგარიშო პერიოდებში სრულად დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. ფიზიკურ პირ ------- გაფორმებულ სესხის ხელშეკრულებაში არ არის განსაზღვრული სესხის ტიპი. საგადასახადო ორგანომ სესხის პროცენტის განსაზღვრის მიზნით იხელმძღვანელა ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული მონაცემებით (არა რომელიმე კონკრეტული ტიპის სესხზე, არამედ ზოგადად ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხზე დადგენილი საპროცენტო განაკვეთით).

მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს კონკრეტულ არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ რაიმე სახის მტკიცებულებას, რაც მისი არგუმენტების გათვალისწინების და შესაბამისად, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების გაცნობის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მომჩივნის მიერ დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე გაცემული უპროცენტო სესხის 21.6%- იანი განაკვეთით გაანგარიშების შესახებ მართებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. იურიდიულ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხთან მიმართებაში პროცენტის თანხის გაანგარიშების პერიოდი

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება 1 020 000 ლარის ოდენობით გაცემული უპროცენტო სესხი. სესხის მიმღები არის შპს -------. საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად, მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა. საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, რომელიც 2020 წლის 14 ივლისის №6817 საქართველოს კანონის საფუძველზე ამოქმედდა, მოგების გადასახადით არ იბეგრება უსასყიდლოდ საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ან/და ფულადი სახსრების გადაცემა იმ პირისთვის, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად შესაბამის პერიოდზე გაანგარიშებულ იქნა სესხის პროცენტი ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული საბაზრო საპროცენტო განაკვეთით, რომელიც 2020 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდში შეადგენდა 12.1 %-ს. დადგენილი პროცენტის საბაზრო ღირებულება დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას, რაზეც დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილით „გ“ ქვეპუნქტით, 983 მუხლის პირველი ნაწილით, 2020 წლის 22 ივლისიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის განმარტებით, სესხის გაცემა მოხდა 2020 წლის 28 აპრილს 23.04.2020 ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო საგადასახადო ორგანოს მიერ სესხის გაცემის თარიღად მიჩნეულია ხელშეკრულების გაფორმების თარიღი - 23.04.2020. შესაბამისად ფაქტიურად უნდა მომხდარიყო არა 7 დღის გაანგარიშება აპრილის თვეში, არამედ 2 დღის გაანგარიშება. შესაბამისად ამ ნაწილშიც დარიცხული მოგების გადასახადი უნდა შემცირდეს. გასაჩივრებულ ბრძანებაში არაფერია ნათქვამი აღნიშნულის შესახებ, თუ რატომ არ მოხდა აღნიშნული პოზიციის გათვალისწინება შემოსავლების სამსახურის მიერ. მხოლოდ ნათქვამია, რომ არ არის წარმოდგენილი შესაბამისის დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, მაშინ როდესაც წარდგენილია სესხის ხელშეკრულება და ასევე დოკუმენტაცია, სადაც ჩანს, რომ სესხის გაცემა მოხდა 2020 წლის 28 აპრილს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის (1.01.2022 წლამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საგადასახადო კოდექსის კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2020 წლის 14 ივლისის №6817-რს საქართველოს კანონის საფუძველზე განხორციელებული ცვლილებებით საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-3 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: მოგების გადასახადით არ იბეგრება უსასყიდლოდ საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ან/და ფულადი სახსრების გადაცემა იმ პირისთვის, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით.

აუდიტის დეპარტამენტის 29.05.2023 წლის №49979-21-14 წერილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდებოდა 1 020 000 ლარის ოდენობით გაცემული უპროცენტო სესხი. სესხის მიმღები არის შპს -------. საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის მიხედვით, საგადასახადო შემოწმებით 2020 წლის 30 აპრილიდან 2020 წლის 14 ივლისამდე პერიოდში გაანგარიშებულ იქნა სესხის პროცენტი ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული საბაზრო საპროცენტო განაკვეთით, რომელიც 2020 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდში შეადგენს 12.1 %-ს. დადგენილი პროცენტის საბაზრო ღირებულება დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას.

მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს დასახელებული არგუმენტის დამადასტურებელ რაიმე სახის მტკიცებულებას, რომ სესხის გაცემა ნამდვილად 2020 წლის 28 აპრილს მოხდა, რაც მისი არგუმენტების გათვალისწინების და შესაბამისად, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ იურიდიულ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხთან მიმართებაში პროცენტის თანხის გაანგარიშების პერიოდის - 2020 წლის 23 აპრილის განსაზღვრა მართებულია და არ არსებობს მომჩივნის არგუმნენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 20.09.2022 წლის №075-6 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას სანქციის სახით განესაზღვრა: ჯარიმა - 32 492 ლარი და საურავი - 20 867 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აღნიშნული გადასახადების გადაუხდელობა გამოწვეული იყო შეცდომებით, რაც ცხადად გამოიკვეთა საგადასახადო შემოწმების დროს. აღნიშნული პერიოდი დაემთხვა პანდემიას, შესაბამისად რიგი გარიგებებისა სწორად ვერ გატარდა. ჩვენი განზრახვა არასოდეს ყოფილა აღნიშნული გადასახადების გადაუხდელობა, შესაბამისად, მოითხოვს სანქციებისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

მომჩივანი არ ეთანხმება დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე გაცემული უპროცენტო სესხის 21.6%-იანი განაკვეთით გაანგარიშებას; იურიდიულ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხთან მიმართებაში პროცენტის თანხის გაანგარიშების პერიოდს; ითხოვს სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშიდან შესამოწმებელ პერიოდში კაპიტალის შემცირების შინაარსით გადარიცხულია თანხა. გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული თანხიდან ნაწილი წარმოადგენს შპს-თვის სესხის გასაცემად გატანილ თანხას, ხოლო ნაწილი დამფუძნებლის მიერ გატანილ სესხს. ორივე სესხი წარმოადგენს უპროცენტო სესხს, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის დაბეგრილი მოგების გადასახადით. საგადასახადო შემოწმების შედეგად შესაბამის პერიოდზე დაანგარიშებულ იქნა სესხის პროცენტი ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული საბაზრო საპროცენტო განაკვეთით.

გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება შპს-ზე გაცემული უპროცენტო სესხი. მომჩივნის განმარტებით, სესხის გაცემა მოხდა 2020 წლის 28 აპრილს 23.04.2020 ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო საგადასახადო ორგანოს მიერ სესხის გაცემის თარიღად მიჩნეულია ხელშეკრულების გაფორმების თარიღი - 23.04.2020. შესაბამისად ფაქტიურად უნდა მომხდარიყო არა 7 დღის გაანგარიშება აპრილის თვეში, არამედ 2 დღის გაანგარიშება.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მომჩივნის მიერ დამფუძნებელ ფიზიკურ პირზე გაცემული უპროცენტო სესხის 21.6%-იანი განაკვეთით გაანგარიშების შესახებ მართებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი; იურიდიულ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხთან მიმართებაში პროცენტის თანხის გაანგარიშების პერიოდის განსაზღვრა მართებულია და არ არსებობს მომჩივნის არგუმნენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი; მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 97; 981(4-ა.ა); 982(3-ზ); 983(3-ზ); 269(7); 275