ბრძანება N 25142
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25142
17 ნოემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ„-------“ (პ/ნ ---------)
(მის.:---------)
2025 წლის 26 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 7 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №93) განიხილა ი/მ ------ (ს/ნ -----) №98533/1/2025 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 21 ოქტომბრის №005-20677 შეტყობინებას საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ და მომსახურების დეპარტამენტის 2025 წლის 22 ოქტომბრის №011-23962 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ მცირე ბიზნესის ყოველთვიური დეკლარაციის (2025 წლის სექტემბრის თვის დეკლარაცია) ერთი დღის დაგვიანებით წარმოდგენის მიზეზი იყო ის, რომ იმ პერიოდში წარმოადგენდა კომპანიას დუბაიში ----- გამოფენაზე, სადაც ბევრ საერთაშორისო ვებსაიტზე, მათ შორის, საქართველოს საგადასახადო პორტალზე (eservices.rs.ge) წვდომა შეზღუდული იყო. ამ ტექნიკურმა შეზღუდვამ შეუშალა ხელი დეკლარაციის დროულად წარდგენაში. მიუთითებს, რომ დეკლარაციის წარდგენის შემდეგ გადასახდელი თანხა იყო 408.95 ლარი, რომელიც ამჟამად სრულად გადახდილი აქვს. ასევე, აღნიშნავს, რომ არასდროს დაუგვიანებია დეკლარაციების წარდგენა და სერიოზულად ეკიდება საგადასახადო ვალდებულებებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს, რომ ეს შემთხვევა ჩაითვალოს გამონაკლისად და გაუქმდეს სადავო ადმინისტრაციული აქტები.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ი/მ ----- (ს/ნ ----) 2025 წლის 21 ოქტომბრის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 406.71 ლარი, საურავი 1.22 ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, ი/მ ----- (ს/ნ ------) მთელ ქონებაზე 2025 წლის 21 ოქტომბრის №005-20677 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. აღნიშნულ შეტყობინებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 2025 წლის 26 ოქტომბერს.
მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ი/მ ----- (ს/ნ -----) მიერ საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით 2025 წლის 16 ოქტომბერს წარმოდგენილია 2025 წლის სექტემბრის თვის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია (სავადო 2025 წლის 15 ოქტომბერი).
ზემოაღნიშნულ საგადასახადო სამართალდარღვევაზე მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 22 ოქტომბერს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №011-23962. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით გადამხდელს ფინანსური სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 20.83 ლარი.
სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2025 წლის 26 ოქტომბერს.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ი/მ ----- (ს/ნ ------) 2025 წლის 7 ნოემბრის მდგომარეობით ერიცხება საგადასახადო დავალიანება 19.98 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 21 ოქტომბრის №005-20677 შეტყობინებასთან დაკავშირებით
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;
გ) ქონებაზე ყადაღის დადება;
დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;
ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. მე-6 ნაწილის შესაბამისად კი საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება უქმდება:
ა) ამ კოდექსის 242-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ, საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით რეალიზაციის შემთხვევაში;
ბ) თუ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობით განახორციელა ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაცია და ამონაგები თანხა სრულად მიმართა საგადასახადო დავალიანების დასაფარავად;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში;
დ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში;
დ1) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ე) თუ ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებით არ წარმოიშობა საგადასახადო დავალიანება;
ზ) ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ ი/მ ----- (ს/ნ ------) შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, 2025 წლის 21 ოქტომბრის მდგომარეობით, ერიცხებოდა და ერიცხება საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2025 წლის 22 ოქტომბრის №011-23962 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 93-ე მუხლზე, რომლის 11 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საგადასახადო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენა და გადასახადის გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევა, თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადამხდელის მიმართ მომსახურების დეპარტამენტის მიერ მსგავს სამართალდარღღვევაზე შედგენილი იყო 2025 წლის 22 ივლისის №011-16064 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, 2025 წლის ივნისის თვის მცირე ბიზნესის ყოველთვიური დეკლარაციის დაგვიანებით წარმოდგენისთვის.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ----- (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი ითხოვს, რომ ეს შემთხვევა ჩაითვალოს გამონაკლისად და გაუქმდეს სადავო ადმინისტრაციული აქტები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ი/მ-ს 2025 წლის 21 ოქტომბრის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 406.71 ლარი, საურავი 1.22 ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მთელ ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. ასევე, ი/მ-ის მიერ საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევით 2025 წლის 16 ოქტომბერს წარმოდგენილია 2025 წლის სექტემბრის თვის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია. აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით გადამხდელს ფინანსური სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 20.83 ლარი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ი/მ-ს 2025 წლის 7 ნოემბრის მდგომარეობით ერიცხება საგადასახადო დავალიანება 19.98 ლარი.
გადაწყვეტილება
ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:93(11); 239; 270;274;