ბრძანება N 16528
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 16528
07.07.2023
შპს „-------“-ის (ს/ნ ------)
(მის.: ------------)
2023 წლის 3 იანვრის, 17 იანვრისა და 17 თებერვლის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 ივნისის სხდომაზე (ოქმი №65) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2023 წლის 3 იანვრის №169/01, 17 იანვრის №7226/01 და 17 თებერვლის №29394/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 02 დეკემბრის №048-14 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ში, საშემოსავლო და მოგების გადასახადებში გაანგარიშებულ თანხებს, ხოლო ჯარიმა-საურავთან დაკავშირებით განმარტავს, რომ არ უნდა იქნას დარიცხული ვინაიდან კომპანია აღარ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას. მიუთითებს, რომ საგადასახადო მოთხოვნით გადასახადი არასწორადაა გაანგარიშებული და იგი არ უნდა აღემატებოდეს 38 000 ლარს. დამატებით აღნიშნავს, რომ არარეალური ფასნამატით იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. აცხადებს, რომ საწარმო კანონის ფარგლებში აწარმოებდა მასალის შესყიდვას, დამუშავებას და რეალიზაციას. ასევე, მასალა გაჰქონდა ექსპორტზე და მუშაობის პერიოდში იხდიდა გადასახადებს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 ივლისის №18461 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ის (ს/ნ ------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 7 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 29 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 2 დეკემბრის №30417 ბრძანება და ამავე თარიღის №048–14 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 104 841 ლარი, მათ შორის გადასახადი 507 647 ლარი, ჯარიმა 479 740 ლარი და საურავი 117 454 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, შპს „-------“-ის ხელმძღვანელ პირთა მიერ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე. გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა საყოფაცხოვრებო საქონლით, ხოლო დამატებით სფეროს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა ხე-ტყის მასალით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, გადამხდელს უფიქსირდებოდა როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტის გზით საქონლის შეძენა. ასევე, გადამხდელს უფიქსირდებოდა დოკუმენტური რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე და განხორციელებული ჰქონდა ექსპორტის ერთი ოპერაცია. შემოწმების პროცესში გადამხდელს არ წარუდგენია ბუღალტრული მონაცემები (პროგრამა), რომლის მიხედვითაც შესაძლებელი გახდებოდა თითოეული ოპერაციის ჭრილში საქონლის მოძრაობის ანალიზი. ვინაიდან არ ყოფილა წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვა და ვერ ხდებოდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა, კერძოდ, შეუძლებელი იყო რეალიზებული და ჩამოწერილი პროდუქციის იდენტიფიცირება და არ სრულდებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, საცალოდ რეალიზებული პროდუქციის ფასნამატის განსაზღვრისათვის შემოწმებამ გამოიყენა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები - შემოწმების მიერ მოხდა საწარმოს დოკუმენტური საშუალო შეწონილი ფასნამატის გაანგარიშება (გაიმიჯნა ხე-ტყის მასალების საშუალო შეწონილი ფასნამატი და სხვა საყოფაცხოვრებო საქონლის ფასნამატი). გადამხდელს იმპორტით უფიქსირდებოდა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საქონლის შემოტანა, რომლის ნაწილიც რეალიზებული ჰქონდა დოკუმენტურად ადგილობრივ ბაზარზე. საწარმოს დირექტორის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებით, აღნიშნული საქონლის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს აღარ გააჩნდა. შედეგად, შეძენილი და დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გათვალისწინებით, საშუალო შეწონილი ფასნამატის (11%) გავრცელების შედეგად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი ჰქონდა ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტები (ფიცარი ძელაკი, მრგვალი მორი). შემოწმებამ სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან გამოითხოვა ინფორმაცია და მასალები შპს „-------“-ის მიერ მრგვალი ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის შესახებ. წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საამქროში მრგვალი მორის გადამუშავებით მიღებული იყო სხვადასხვა სახეობის ხე-ტყის მასალა. გადამხდელმა დახერხილი მასალის ნაწილი გაიტანა ექსპორტზე, ხოლო ნაწილი (9 კუბური მეტრი) არ ფიქსირდებოდა დოკუმენტურ რეალიზაციაში. გადამხდელის ახსნა-განმარტებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სასაქონლო-მატერიალური მარაგები არ გააჩნდა. შემოწმების მიერ აღნიშნული 9 კუბური მეტრი ჩაითვალა დოკუმენტის გარეშე რეალიზებულად, რომელზეც გამოიყენა ხე-ტყის დოკუმენტური შეწონილი ფასნამატი (45%) და გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ვინაიდან გადამხდელს შემოწმების პროცესში არ წარუდგენია ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები, მათ შორის, შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, შესყიდვის აქტები, ინფორმაცია დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების შესახებ, შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე გაანგარიშდა შპს „-------“-ის ნაღდი ფულის მოძრაობა. კერძოდ, დეკლარირებული შემოსავალი ჩაითვალა სრულად მიღებულად, ხოლო დოკუმენტური ხარჯი სრულად ანაზღაურებულად. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა 1 011 534 ლარის (გროსი 1 264 417 ლარი) ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც დაკვალიფიცირდა პასუხისმგებელ პირზე (რომელიც საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული საქმის მასალებით წარმოადგენს კომპანიის ფაქტობრივ მფლობელს და ეკონომიკურ საქმიანობას ფაქტობრივად ის ახორციელებდა) გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად. შემოწმების შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი ჰქონდა ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტები (ფიცარი, ძელაკი). სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან შემოწმებამ გამოითხოვა ინფორმაცია და მასალები შპს „-------“- ის შესახებ (მ.შ. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებთან, ხე-ტყის დამზადების ბილეთებთან/ფირნიშებსა და სხვა შესაძლო დოკუმენტებთან დაკავშირებით) 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 7 ივლისამდე საანგარიშო პერიოდზე. მოწოდებული მასალების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს საქონელი, რომელიც საჭიროებდა სპეციალურ ლიცენზიას შეძენილი ჰქონდა ისეთი მომწოდებლებისგან, რომლებსაც არ გააჩნდათ შესაბამისი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი/ლიცენზია. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით, 982 მუხლის პირველი ნაწილით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტით და ვინაიდან გადამხდელის მიერ შეძენილი ხე-ტყის მასალების გარკვეულ ნაწილზე წარმოშობის დოკუმენტაცია ვერ იდენტიფიცირდებოდა, შპს „--------“-ის მიერ გაწეული ხარჯის 25% დაიბეგრა მოგების გადასახადით. შედეგად, საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდესის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადასახადის გადამხდელის საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად გაირკვა, რომ საწარმოს ბანკიდან 2022 წლის 20 იანვარს გადარიცხული ჰქონდა თანხა შპს „------თვის“ (ს/ნ არ ფიქსირდება) 22 000 ლარის ოდენობით, დანიშნულებით - „წინასწარი გადახდა ავანსი“ (საქონლის საფასური). გადამხდელს აღნიშნულ ოპერაციასთან დაკავშირებით არ მიუღია ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, არ წარუდგენია აღნიშნულ გადარიცხვასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე და 982 მუხლებით და გადახდილი თანხა დაბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
საწარმოს 2021 წლის ნოემბერისა და დეკემბრის საანგარიშო პერიოდებზე შპს „-------გან“ (ს/ნ -------) მიღებული ჰქონდა ორი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ეა-74 ------ და ეა-74 -------) ჯამში ღირებულებით 749 000 ლარი, დღგ-ის თანხა შეადგენდა 114 254 ლარს. აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გამოწერილი იყო დანიშნულებით - სარემონტო/სამონტაჟო მომსახურება. გადასახადის გადამხდელს აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული ჰქონდა დღგ-ის ჩათვლა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული საქმის მასალებით დადგინდა, რომ აღნიშნული მომსახურება არ განხორციელებულა და მიღებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები იყო ფიქტიური. შედეგად, შემოწმების მიერ შემცირდა ფიქტიური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული დღგ-ის ჩათვლა, რაზეც გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. ამასთან, გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა.
საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი რეალიზებულ საქონელს იძენდა როგორც ----------დან, ასევე -----დან. საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად გადამხდელს არარეზიდენტ მომწოდებელზე (-------) გადარიცხული ჰქონდა 150 000 დოლარი (468 930 ლარი), ხოლო სრული საინვოისო ღირებულება აღნიშნულ მომწოდებელთან შეადგენდა 204 094 დოლარს (634 991 ლარს). ------- არარეზიდენტ მომწოდებელთან საბანკო გადარიცხვა (საინვოისო ღირებულება 123 229 ლარი) არ ფიქსირდებოდა. გადამხდელის განმარტებით, ორივე შემთხვევაში სრული/დარჩენილი თანხების ანაზღაურება განხორციელებული იყო ნაღდი ანგარიშსწორებით. საგადასახადო შემოწმების ფარგლებში იმპორტირებულ საქონელზე გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია შესაბამისი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდის დოკუმენტი და არც ურთიერთშედარების აქტი. ასევე, შპს „------“-ის მხრიდან წარდგენილი არ ყოფილა ახსნა-განმარტება შეძენილი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლისთვის სრულად გადახდის თაობაზე, როგორც ნაღდი ისე უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში. შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ მეთოდური მითითების (დანართი №8) შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ სახეზე იყო ინვოისი და საბაჟო დეკლარაცია, რითიც დასტურდებოდა შესაბამისი საქონლის შეძენა-იმპორტი, იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, დარჩენილი 25% დაკვალიფიცირდა ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლებს სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახგაადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ შემოწმების პროცესში, გადამხდელს არ წარუდგენია ბუღალტრული პროგრამა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი გახდებოდა თითოეული ოპერაციის ჭრილში საქონლის მოძრაობის ანალიზი, კერძოდ, შეუძლებელი იყო რეალიზებული და ჩამოწერილი პროდუქციის იდენტიფიცირება. ამასთან, გადამხდელს შემმოწმებლისთვის არ წარუდგენია ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, შესყიდვის აქტები და ინფორმაცია დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების შესახებ.
ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საგადასახადო შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით საშუალო შეწონილი ფასნამატის გამოყენება, რამაც გამოიწვია რეალიზებული პროდუქტის და დამატებითი შემოსავლის განსაზღვრა, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, სალაროს ნაღდი ფულის ნაშთი, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით წარმოადგენს საწარმოს პასუხიმგებელ პირზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია. ამდენად, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება:
ა) ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად;
ბ) ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ხე-ტყის ან მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის შეძენასთან დაკავშირებული ხარჯი დოკუმენტურად დადასტურებულად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ხე-ტყე დამზადებულია ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის/ტყითსარგებლობის გენერალური ლიცენზიის მფლობელის მიერ.
ხე-ტყის მასალის შეძენასთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადამხდელს საქონელი (რომელიც საჭიროებდა სპეციალურ ლიცენზიას) შეძენილი ჰქონდა ისეთი მომწოდებლებისგან, რომლებსაც არ გააჩნდათ შესაბამისი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი/ლიცენზია. ასევე, საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საბანკო ამონაწერების მიხედვით, საწარმოს 2022 წლის 20 იანვარს გადარიცხული ჰქონდა თანხა შპს „---------თვის“ 22 000 ლარის ოდენობით, დანიშნულებით - წინასწარი გადახდა - ავანსი (საქონლის საფასური), თუმცა გადამხდელს აღნიშნულ ოპერაციასთან დაკავშირებით არ მიუღია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და შემმოწმებლისთვის არ წარუდგენია აღნიშნულ გადარიცხვასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში - საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 178-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც ფიქტიურ გარიგებას ან უსაქონლო ოპერაციას ასახავს.
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ოპერაცია უსაქონლოდ ან/და გარიგება ფიქტიურად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ოპერაცია ან გარიგება არ განხორციელებულა იმ პირებს შორის, რომლებიც აღნიშნულია ოპერაციის ან გარიგების დამადასტურებელ დოკუმენტებში (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, საგადასახადო დოკუმენტი, სასაქონლო ზედნადები ან სხვა).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ან ყალბი დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტით ჩათვლის განხორციელება იწვევს პირის დაჯარიმებას ჩათვლილი გადასახადის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ მასალებზე, რომლის მიხედვით, შემოწმების შედეგად, ვალდებულებები განსაზღვრულია საგამოძიებო ორგანოდან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, რომლის შესაბამისად, საწარმოს მიღებული ჰქონდა 2 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლებში დაფიქსირებული ოპერაციაც რეალურად არ განხორციელებულა და იყო ფიქტიური, რის შედეგადაც გადამხდელს შეუმცირდა ჩათვლილი დღგ.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილია, რომ საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად გადამხდელს არარეზიდენტ მომწოდებელზე (-------) გადარიცხული ჰქონდა 150 000 დოლარი (468 930 ლარი), ხოლო სრული საინვოისო ღირებულება აღნიშნულ მომწოდებელთან შეადგენდა 204 094 დოლარს (634 991 ლარს). ------- არარეზიდენტ მომწოდებელთან საბანკო გადარიცხვა (საინვოისო ღირებულება 123 229 ლარი) არ ფიქსირდებოდა. გადამხდელის განმარტებით, ორივე შემთხვევაში სრული/დარჩენილი თანხების ანაზღაურება განხორციელებული იყო ნაღდი ანგარიშსწორებით. საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, იმპორტირებულ საქონელზე გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია შესაბამისი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლისთვის გადახდის დოკუმენტი და არც ურთიერთშედარების აქტი. ასევე, შპს „--------“-ის მხრიდან წარდგენილი არ ყოფილა ახსნა-განმარტება შეძენილი საქონლის ღირებულების თანხის არარეზიდენტი მომწოდებლისთვის სრულად გადახდის თაობაზე, როგორც ნაღდი ისე უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში.
ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 25%, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს სახელფასო განაცემს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია. ამდენად, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „--------“-ის (ს/ნ -------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ში, საშემოსავლო და მოგების გადასახადებში გაანგარიშებულ თანხებს, ხოლო ჯარიმა-საურავთან დაკავშირებით განმარტავს, რომ არ უნდა იქნას დარიცხული ვინაიდან კომპანია აღარ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას. დამატებით აღნიშნავს, რომ არარეალური ფასნამატით იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, კომპანიის ხელმძღვანელ პირთა მიერ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე. გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა საყოფაცხოვრებო საქონლით, ხოლო დამატებით სფეროს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა ხე-ტყის მასალით. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს გამოუვლინდა 1 011 534 ლარის (გროსი 1 264 417 ლარი) ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც დაკვალიფიცირდა პასუხისმგებელ პირზე (რომელიც საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული საქმის მასალებით წარმოადგენს კომპანიის ფაქტობრივ მფლობელს და ეკონომიკურ საქმიანობას ფაქტობრივად ის ახორციელებდა) გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შემოწმების შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
ვინაიდან გადამხდელის მიერ შეძენილი ხე-ტყის მასალების გარკვეულ ნაწილზე წარმოშობის დოკუმენტაცია ვერ იდენტიფიცირდებოდა, კომპანიის მიერ გაწეული ხარჯის 25% დაიბეგრა მოგების გადასახადით. შედეგად, საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
გადასახადის გადამხდელის საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად გაირკვა, რომ საწარმოს ბანკიდან 2022 წლის 20 იანვარს გადარიცხული ჰქონდა თანხა შპს-თვის 22 000 ლარის ოდენობით, დანიშნულებით - „წინასწარი გადახდა ავანსი“ (საქონლის საფასური). შემოწმებამ გადახდილი თანხა დაბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, გადამხდელს დაერიცხა შესაბამისი ჯარიმა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული საქმის მასალებით დადგინდა, რომ მომჩივნის მიერ მიღებული 2 ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა იყო ფიქტიური. შედეგად, შემოწმების მიერ შემცირდა ფიქტიური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული დღგ-ის ჩათვლა, რაზეც გადამხდელს დაერიცხა დღგ და შესაბამისი ჯარიმა.
მომჩივნის მიერ იმპორტირებულ საქონელზე არარეზიდენტი მომწოდებლისთვის საინვოისო ღირებულების შესაბამისად გადასახდელი თანხის 75% ჩაითვალა ანაზღაურებულად, დარჩენილი 25% დაკვალიფიცირდა ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(3), 49(1"ე"), 43(4), 61(3), 73, 101(1), 105(2), 72(1), 154(1"ა"), 159(1"ა"), 163(1), 164(1), 96"ა", 97(1"ბ"), 982(1), 174, 175(1"ა"), 176(1"ა"), 178"ე", 270, 280(1).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N 996 ბრძანება.