გადაწყვეტილება №20730/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 16.10.2023
№ დოკუმენტი 20730/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20730/2/2023

16 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება 31.08.2023 წელს შპს „---ს“ რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20730/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №4963 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 19.05.2023 წლის №001-82 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 11.08.2023 წლის №19895 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 487 491 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 218 106

დღგ - 78 122

საშემოსავლო გადასახადი - 132 608

ქონების გადასახადი - 7 376

ჯარიმა - 106 001

საურავი - 163 384

 

პროცედურული გარემოებები

საწარმოს საქმიანობაა მეორადი საბურავების იმპორტი და ადგილობრივი საცალო/საბითუმო რეალიზაცია. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2018 პირველი იანვრიდან 2020 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება.

საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 28 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:

საწარმოს მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის, მათ შორის, ბუღალტრული პროგრამის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა, კერძოდ, არ ხდება კონტროლი ოპერაციის დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობის ნაწილში.

საწარმოს მიერ გამოწერილია სასაქონლო ზედნადებები (დაუდასტურებელი) დაბალი ფასნამატით არარეზიდენტი პირების სახელზე. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, აღნიშნულ პირებს საზღვრის კვეთის დროს - სასაქონლო ზედნადებებში მითითებული სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო ნომრების მიხედვით და მის გარეშე ტრანსპორტით გადაადგილებისას - ტრანსპორტის დატვირთულობის ტიპში მითითებულია „ცარიელი“. ასევე, საწარმოს (დაუდასტურებელი) სასაქონლო ზედნადებების ნაწილი გამოწერილი აქვს გადამხდელად არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე დაბალი ფასნამატით. ამასთან, დოკუმენტური და დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის ფასნამატები განსხვავებულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მოხდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, დოკუმენტური ფასნამატი გავრცელებულ იქნა რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე (დოკუმენტის გარეშე, არარეზიდენტ პირებსა და არარეგისტრირებული ფიზიკურ პირებზე რეალიზებული საქონელი) შესაბამისი წლის მიხედვით. შედეგად, გაიზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, საწარმოს დაერიცხა კუთვნილი დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი ჩაითვალა საწარმოს დირექტორის ხელფასად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაკავებას. საწარმოს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. შემოწმების აქტის საფუძველზე გადამხდელს წარედგინა 29.12.2021 წლის №41818 ბრძანება და №001- 503 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 7.04.2022 წლის №8668 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, ინფორმაცია საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით, ფასნამატის, წუნდებული საქონლის და დანაკარგის ოდენობის შესახებ, ასევე, არარეზიდენტი პირების ნოტარიულად დამოწმებული ცნობები ოპერაციის და ფასის ნამდვილობასთან დაკავშირებით. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეესწავლა წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, ამასთან, წუნდებულ საქონელთან მიმართებაში გაეთვალისწინებინა აუდიტის დეპარტამენტში მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული მონაცემი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 7.04.2022 წლის №8668 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოცემული 2022 წლის 4 ოქტომბრის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 13 ოქტომბრის №26043 ბრძანება და №001-184 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №4963 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ: 1. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ფასნამატის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტში ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიმართ საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი მონაცემებით, ხოლო წუნდებულ/დეფექტურ საქონელთან მიმართებით, იხელმძღვანელოს ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიმართ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დადგენილი მონაცემით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

2. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, საწარმოს დირექტორზე ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №4963 ბრძანების აღსრულების შედეგად, 2023 წლის 16 მაისის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 349 784 ლარით, მათ შორის გადასახადი 230 560 ლარით, ხოლო ჯარიმა 119 224 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 18 მაისის №11132 ბრძანება და 2023 წლის 19 მაისის №001-82 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 11.08.2023 წლის №19895 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით და მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

1. მიუხედავად ნამეტი შემოსავლის კორექტირებისა არ ეთანხმება და ასაჩივრებს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას. ფასნამატის ცვლილების მაღალი გრადაცია მიუთითებს, რომ დარიცხვაში ე.წ. მარჟის უნიფიცირება შეიცავს ცდომილების მაღალ რისკს და ამცირებს სამართლიანი საგადასახადო ტვირთის განსაზღვრის ალბათობას.

2. კონკრეტულ ვითარებაში, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას არამართლზომიერად მიიჩნევს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხის ოდენობას. კერძოდ, თვითღირებულებაზე საგადასახადო ორგანოს მიერ გამოყენებული ფასნამატით გაზრდილი სარეალიზაციო ფასი. შესაბამისად, ნამეტი ფასნამატისა და დღგის ჯამი მიჩნეულია ფიზიკური პირის მიერ (დირექტორის) ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად (ხელზე მიღებულ თანხად) და ე.წ. აგროსვის შედეგად გამოყვანილია დარიცხული ხელფასის თანხა, როგორც დასაბეგრი ბაზა და დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ფასნამატის განსაზღვრისას ეხელმძღვანელა ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტში ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიმართ საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი მონაცემებით. საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების 16.05.2023 წლის დასკვნაში აღნიშნულია, რომ გადაანგარიშების ეტაპზე გამოყენებული იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირთან დადგენილი (აუდირებული) ფასნამატი, რომელიც წლების მიხედვით 2018 წელს განსაზღვრულ იქნა 46%-ის ოდენობით, ხოლო 2019 - 2020 წლების საანგარიშო პერიოდებში შეადგენდა 45.5%-ს. როგორც მოგეხსენებათ, კონკრეტული (მეორადი საბურავების რეალიზაცია) ბიზნეს-საქმიანობის ბაზრის სეგმენტში არ აქვს ადგილი ფასების ქვოტირებას. ფასწარმოქმნის ობიექტურ შეფასებას, ასევე ართულებს თითოეული გასაყიდი საქონლის ინდივიდუალური ფიზიკური ცვეთის კონდიცია. აგრეთვე, არსებობს ინფორმაცია, რომ ანალოგიური/მსგავს საქმიანობაში გამოყენებულია სხვა უფრო დაბალი აუდირებული ფასნამატიც. ყველა ამ გარემოებათა გათვალისწინებით, მიზანშეწონილად და სამართლიანად მიაჩნია გადაანგარიშების ეტაპზე გამოყენებული იქნას მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირთან დადგენილი (აუდირებული) უმცირესი ფასნამატი.

2. არაპირდაპირი მეთოდით საშემოსავლო გადასახადის დასაბეგრი ბაზის განსაზღვრასთან მიმართებაში, მიაჩნია, რომ განსახილველ სიტუაციაში (ზოგადად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებისას) ადგილი არ ჰქონდა კონკრეტულ ვადაში წყაროსთან ხელფასის (სარგებლის) გაცემის ანუ ფაქტიურად გაცემული ანაზღაურების ფაქტს, არამედ არაპირდაპირი მეთოდით, საგადასახადო ვალდებულების დადგენის მიზნით, პირობითად განისაზღვრება გადამხდელის ნამეტი შემოსავალი და ამიტომაც არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ნამეტი შემოსავალი ხშირ შემთხვევაში ექვემდებარება კორექტირებას სხვადასხვა დამატებითი გარემოებების წარმოშობის გამო. შესაბამისად ეს მეთოდი არ არის უტყუარი ფაქტის გამოვლინების საშუალება და იდენტიფიცირებული დარიცხვის საფუძველი, არამედ პირობითად საგადასახადო ვალდებულების დადგენის საშუალებაა, ამიტომ არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულება უნდა იქნას განსაზღვრული ისე, როგორც იქნებოდა განსაზღვრული საგადასახადო კოდექსის თანახმად გადამხდელის მიერ ასეთი ფაქტის აღიარების შემთხვევაში, ბუნებრივია შესაბამისი სანქცია-საურავების დარიცხვის გათვალისწინებით. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ნამეტი შემოსავლის დადგენისას, გადასახადების დარიცხვა უნდა მოხდეს კანონმდებლობის შესაბამისად ქრონოლოგიური რიგითობის გათვალისწინებით და არა მთლიანი ნამეტი შემოსავალს პლიუს დღგ-ის ფიზიკურის პირის მხრიდან ნეტო შემოსავლად აღიარებით. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას უნდა მოხდეს ინტერპრეტაციის მინიმალიზაცია და რიგითობით განისაზღვროს ყველა საგადასახადო ვალდებულება.

1. ნამეტ მარჟას უნდა დაერიცხოს დღგ (რომელსაც მოიცავს საბაზრო ფასი);

2. ნამეტი შემოსავლის მთლიანად სახელფასო განაცემად ჩათვლის შემთხვევაში, იგულისხმება, რომ ნამეტი შემოსავლის თანხა წარმოადგენს დარიცხულ ხელფასს (ე.წ. გროს ხელფასს) და საშემოსავლო გადასახადი უნდა დაკავდეს აღნიშნული თანხიდან. ანალოგიურად, ნამეტი შემოსავალი სტატუსის გათვალისწინებით და მისი არა ნეტო შემოსავლად განხილვით, უნდა განისაზღვროს საგადასახადო ვალდებულებები. ასეთ შემთხვევაში ადგილი არ ექნება ფარული, გაზრდილი განაკვეთით გადასახადის დაკისრებას, რომლის დაფინანსების წყაროა არა ნამეტი შემოსავალი, არამედ დამატებითი გადასახადის დაკისრებით მიღებული ზარალი. საჩივარში აღნიშნული ყველა ასპექტის გათვალისწინებით მიაჩნია, რომ დამატებით გადასახდელად დაკისრებული საშემოსავლო გადასახადი ექვემდებარება შემცირებას.

 

დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №4963 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ: 1. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ფასნამატის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტში ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიმართ საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილი მონაცემებით, ხოლო წუნდებულ/დეფექტურ საქონელთან მიმართებით, იხელმძღვანელოს ანალოგიური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიმართ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დადგენილი მონაცემით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

2. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, საწარმოს დირექტორზე ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №4963 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 16 მაისის დასკვნის მიხედვით:

1. გადაანგარიშების ეტაპზე, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, შესწავლილ იქნა აუდიტის დეპარტამენტში მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირთან დადგენილი (აუდირებული) ფასნამატი, რომელიც წლების მიხედვით 2018 წელს განსაზღვრულ იქნა 46%-ის ოდენობით, ხოლო 2019 - 2020 წლების საანგარიშო პერიოდებში შეადგენდა 45.5%-ს. აღნიშნული ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლისა და შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 მარტის №4963 ბრძანების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები აღნიშნულ სადავო საკითხთან მიმართებაში შემცირდა ჯამში 286 853 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი შემცირდა 189 190 ლარით, ხოლო ჯარიმა - 97 663 ლარით. 2. გადაანგარიშების ეტაპზე შესწავლილ იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დადგენილი მონაცემები, კერძოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 10 თებერვლის №---- ექსპერტიზის დასკვნა. აღნიშნული კვლევა ჩატარებულია მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ ერთ-ერთ გადასახადის გადამხდელთან, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე ვაჭრობას ახორციელებს იმპორტირებული მეორადი საბურავებით. ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთი საბაჟო ოპერაციის გზით შემოსული პროდუქციიდან შერჩევითად აღებული 100 საბურავიდან 6 ერთეული აღმოჩნდა დაზიანებული (სარეალიზაციოდ უვარგისი), შესაბამისად ჩაითვალა, რომ საშუალოდ იმპორტირებული მეორადი საბურავების 6% არის წუნდებული.

ყოველივე ზემოხსენებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლისა და შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 15 მარტის №4963 ბრძანების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული ვალდებულებები წუნდებულ საქონელთან მიმართებაში შემცირდა ჯამში 62 931 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი - 41 370 ლარით, ხოლო ჯარიმა - 21 561 ლარით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ - 349 784 ლარით, მათ შორის გადასახადი - 230 560 ლარით, ხოლო ჯარიმა - 119 224 ლარით. საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა განაცხადა, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშების შედეგად რეალიზებულ საქონელზე ფასნამატი 2018 წელს განსაზღვრული იქნა 46%-ის ოდენობით, ხოლო 2019 - 2020 წლების საანგარიშო პერიოდებში 45.5%-ის ოდენობით. აქვს ინფორმაცია, რომ ანალოგიურ/მსგავს საქმიანობაში გამოყენებულია სხვა უფრო დაბალი აუდირებული ფასნამატიც, მაგალითად, შპს --- (ს/ნ ---) წარმოადგენს მისი მსგავსი/ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელ კომპანიას, ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით (ახალი და მეორადი საბურავების იმპორტიორი და შესაბამისად რეალიზატორი, რომელიც მდებარეობს ---ში), აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა აღნიშნული კომპანიის შემოწმება, ამ კომპანიის შემთხვევაშიც, როგორც სადავო შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და რეალიზებულ საქონელზე ფასნამატი განისაზღვრა - 34%, მზადყოფნა გამოთქვა წარმოადგინოს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებელი მტკიცებულებები და მოითხოვა განსახილველ შემთხვევაში აღნიშნული აუდირებული კომპანიის ფასნამატის გამოყენება.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დასახელებული არგუმენტების დამადასტურებელი დამატებითი ინფორმაცია/მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს წარდგენილი ინფორმაცია/მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა, შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დასახელებულ კომპანიაზე აუდირებული ფასნამატის სადავო შემთხვევაზე გავრცელება და შესაბამისად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების (მათ შორის სანქციების) კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 11.08.2023 წლის №19895 ბრძანება;

3. მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 15 კალენდარულ დღის განმავლობაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დამატებითი მტკიცებულებები;

4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს:

ა) ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, უზრუნველყოს მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა;

ბ) შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დასახელებულ კომპანიაზე აუდირებული ფასნამატის სადავო შემთხვევაზე გავრცელება და შესაბამისად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №4963 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 15.03.2023 წლის №4963 ბრძანების აღსრულების შედეგად, 2023 წლის 16 მაისის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 349 784 ლარით, მათ შორის გადასახადი 230 560 ლარით, ხოლო ჯარიმა 119 224 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 18 მაისის №11132 ბრძანება და 2023 წლის 19 მაისის №001-82 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 11.08.2023 წლის №19895 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწიულობრივ, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დასახელებული არგუმენტების დამადასტურებელი დამატებითი ინფორმაცია/მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს წარდგენილი ინფორმაცია/მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა, შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დასახელებულ კომპანიაზე აუდირებული ფასნამატის სადავო შემთხვევაზე გავრცელება და შესაბამისად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების (მათ შორის სანქციების) კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136 (3); 73(5); 49; 61; 101; 154.

2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 160; 161.