ბრძანება N 22193

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.09.2023
№ დოკუმენტი 22193
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 22193

13 სექტემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ„---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2023 წლის 23 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 სექტემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №91) განიხილა ი/მ ----------- (ს/ნ ------------) №83221/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 ივლისის №040-16 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. მომჩივანი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ 2022 წელს მცირე ბიზნესიდან მიღებული შემოსავალი შეადგენდა 6 834 ლარს, რომელიც დაბეგრილი და გადახდილი აქვს ყოველთვიურად, 2022 წლის განმავლობაში. აღნიშნავს, რომ ცხოვრობს და საქმიანობს ----------, რომელიც არის მაღალმთიანი ზონა და მინიჭებული აქვს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი. მიუთითებს, რომ საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის 42-ე უჯრაში შეცდომით მიუთითა მთლიანად მცირე ბიზნესიდან მიღებული შემოსავალი. მომჩივანი ითხოვს საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას დასაბეგრი შემოსავლის 6000 ლარით შემცირებას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათის გათვალისწინებით.

2. გადასახადის გადამხდელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 და მე-10 ნაწილებზე მითითებით, ითხოვს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №14092 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ ------------ (ს/ნ ------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში „საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის“ (გრაფა N42) და აღნიშნული თანხების ოდენობით „კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის“ (გრაფა N43) შემცირების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 30 ივნისის შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 14 ივლისის №17186 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №040-16 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 11 812 ლარი, მათ შორის გადასახადი 8 002 ლარი, ჯარიმა 3 417 ლარი და საურავი 393 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

ი/მ ------------ 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის 42-ე უჯრაში დეკლარირებული ჰქონდა „გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადი, რომელიც ექვემდებარება ჩათვლას“ 6 834 ლარის ოდენობით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი არასწორად იმცირებდა გადასახადს საშემოსავლო დეკლარაციის 42-ე უჯრაში ასახული თანხით. შედეგად, შემოწმების მიერ გაუქმდა აღნიშნული ჩათვლილი საშემოსავლო გადასახადი. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენს რეზიდენტი ფიზიკური პირი, რომლის შემოსავალიც არ იბეგრება საქართველოში გადახდის წყაროსთან (გარდა იმ პირისა, რომელიც საშემოსავლო გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით).

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის 42-ე უჯრაში შეიტანება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული და ბიუჯეტში გადახდილი გადასახადის თანხა, ან სხვა შემთხვევაში ამ პირის მიერ ბიუჯეტში გადახდილი საშემოსავლო გადასახადის თანხა, თუ დეკლარაცია ივსება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-4, ასევე 132-ე მუხლის მე-3 და 134-ე მუხლის მე-3 ნაწილების შესაბამისად, გადასახადის გადაანგარიშების ან დაბრუნების მოთხოვნით. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ დეკლარაციის 42-ე უჯრაში აისახება გადახდის წყაროსთან დაკავებული ის გადასახადები, რომელზეც არსებობს გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს წარდგენილ საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში არასწორად ჰქონდა შევსებული 42-ე გრაფა, კერძოდ, საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის №42 გრაფაში („გადახდის წყაროსთან დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადი, რომელიც ექვემდებარება ჩათვლას") ასახული და შემცირებული აქვს გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადი.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტთან, საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით (6 000 ლარი) სარგებლობასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის III ნაწილის 37-ე უჯრაში მიეთითება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებული დასაბეგრი შემოსავალი. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №14092 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ი/მ --------- (ს/ნ -----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლითაც შემოწმდა 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში „საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის“ (გრაფა N42) და აღნიშნული თანხების ოდენობით „კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის“ (გრაფა N43) შემცირების სისწორე.

აგრეთვე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.

ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

რაც შეეხება, საჩივარში მითითებულ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-10 ნაწილს, აღნიშნული ნორმით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2884 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ფიზიკურ პირს, რომელმაც ისარგებლა დაუბეგრავი მინიმუმის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვისა და შესაბამისი გადასახადის თანხის დაბრუნების/ჩათვლის უფლებით, ამ კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ------------- (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. ითხოვს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანს, 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის 42-ე უჯრაში დეკლარირებული ჰქონდა „გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადი, რომელიც ექვემდებარება ჩათვლას. დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი არასწორად იმცირებდა გადასახადს საშემოსავლო დეკლარაციის 42-ე უჯრაში ასახული თანხით. შედეგად, შემოწმების მიერ გაუქმდა აღნიშნული ჩათვლილი საშემოსავლო გადასახადი. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:153(1ა,4);80(7);154(1);132(3);134(3);82(2);69(1);269(1);270(1);275(2);272(1);

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტი