გადაწყვეტილება №20940/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20940/2/2023
13 თებერვალი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----“ (ს/ნ --------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----“-ს 28.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20940/2/2023).
დავის საგანი:
1. სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
2. თანამშრომელთა საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ობიექტად განსაზღვრა;
3. არარეზიდენტი პირების მიერ გაწეულ სატრანსპორტო მომსახურებაზე გადახდილი თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 25.04.2023 წლის №081-64 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 6.09.2023 წლის №21768 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 564 536 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 937 145 დღგ - (-14 532)
საშემოსავლო გადასახადი - 951 677
ჯარიმა - 474 197
საურავი - 153 194
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.08.2020 წლიდან 1.02.2023 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 30 მარტის შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 25.04.2023 წლის №8936 ბრძანება და №081-64 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 6.09.2023 წლის №21768 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა
გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე, საბანკო ამონაწერებზე (1.05.2022-1.06.2022), ასევე, გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებაზე (რომ არ გააჩნია სალაროს ნაშთი და ვალდებულებები მომწოდებლების მიმართ, ხოლო მისაღები დებიტორული დავალიანება შეადგენს 13 708.30 ლარს) დაყრდნობით, გადასახადის გადამხდელის ფულადი ნაკადების მოძრაობის ანალიზის შედეგად, გაირკვა, რომ კომპანიის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შესამოწმებელ პერიოდში შეადგენს 8 940 082.49 ლარს, განხორციელებულია 3 368 834.48 ლარის შესყიდვები (მ.შ. იმპორტი 3 178 251.07 ლარი, ადგილობრივი შეძენა 190 583.41 ლარი), დეკლარირებული გადახდილი ხელფასები არის 274 728 ლარი, საბიუჯეტო გადარიცხვები 1 380 518 ლარი, არარეზიდენტის მომსახურებაზე გაწეული ხარჯი 28 224 ლარი, რომელიც შედის იმპორტირებული საქონლის ღირებულებაში, საბაჟო მოსაკრებელი 11 000 ლარი.
შემოსავლებისა და ხარჯების შეპირისპირებით, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებითა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალების მიხედვით, 2023 წლის 1 თებერვლისთვის ფიქსირდება 3 891 293.92 ლარი ნაღდი ფულის ნაშთი. კომპანიას 2022 წლის მარტიდან შეძენები და რეალიზაცია არ უფიქსირდება, 2022 წლის მაისის თვის შემდეგ ხელფასი გაცემული არ არის.
შესაბამისად, აღნიშნული ფულადი ნაშთი ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე და 101-ე მუხლების საფუძველზე. გადასახადის გადამხდელს ასევე განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე, განმარტავს, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გამოვლენილი ნაღდი ფულის ნაშთის კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია. ამასთან, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს, მიიჩნევს, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
მომჩივნის არგუმენტაცია
სადავო საკითხის ნაწილში დაერიცხა 944 321 ლარი და დარიცხვის საფუძვლად შემოწმების აქტში მითითებულია, რომ სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას გათვალისწინებულია კომპანიის მიერ განხორციელებული საქონლის შეძენები, როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტის რეჟიმში შეძენილი, ასევე რეალიზაციები და ამ მეთოდით გაანგარიშდა სალაროს ნაშთი, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
მომჩივნის მოსაზრებით აუდიტორის მიერ სწორად არ არის გაანგარიშებული გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადი და რომ მისი პოზიციის დასამტკიცებლად საჩივრის განხილვის პროცესში წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დადგენილია, რომ შემოწმებით გაანალიზდა გადასახადის გადამხდელის ფულადი ნაკადების მოძრაობა და იხელმძღვანელა შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციის, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებითა და გადასახადის გადამხდელის საბანკო ამონაწერით, ასევე, გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით, რომ არ გააჩნია, სალაროს ნაშთი და ვალდებულებები მომწოდებლების მიმართ, ხოლო მისაღები დებიტორული დავალიანება შეადგენს 13 708.30 ლარს. შემოსავლებისა და ხარჯების შეპირისპირებით, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებითა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალების მიხედვით, დაფიქსირდა ნაღდი ფულის ნაშთი, 2023 წლის 1 თებერვლისთვის, 3 891 293.92 ლარი, ამასთან, დადგინდა, რომ 2022 წლის მარტიდან შეძენები და რეალიზაცია არ ფიქსირდებოდა, ხოლო 2022 წლის მაისის თვის შემდეგ ხელფასი გაცემული არ იყო. შესაბამისად, შემოწმების მიერ დადგენილი ფულადი ნაშთი ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
მომჩივანი არ ეთანხმება დარიცხვას, აღნიშნავს, რომ მისი მოსაზრებით აუდიტორის მიერ სწორად არ არის გაანგარიშებული გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადი და რომ მისი პოზიციის დასამტკიცებლად საჩივრის განხილვის პროცესში წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს, მაგრამ, არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება და არ მოუმართავს წერილობით მტკიცებულებების წარმოდგენის შეფერხების ან/და წარმოუდგენლობის მიზეზების შესახებ.
საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ან ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
2. თანამშრომელთა საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ობიექტად განსაზღვრა
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ახდენდა თანამშრომლების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფას, კერძოდ, დაქირავებული პირებისათვის კვების მიწოდების მიზნით შეიძინა საკვები პროდუქტები და მიიღო დღგ-ის ჩათვლა. თანამშრომლებზე საკვები პროდუქტების მიწოდების ოპერაცია კომპანიამ არ განიხილა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად, ასევე, არ დაბეგრა საშემოსავლო გადასახადით. საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, ხოლო საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, საშემოსავლო გადასახადი. ამასთან, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე. მომჩივნის არგუმენტზე, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე მითითების თაობაზე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს არც შემოწმების და არც დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდება, რომ საკვებით უზრუნველყოფა ხორციელდება დამქირავებლის საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე და წარმოადგენს დაქირავებული პირის მიერ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებისთვის აუცილებელ პირობას ან/და დაქირავებული პირის საკვებით უზრუნველყოფას, დამქირავებლის უზრუნველყოფის გარეშე, საჭიროებს დაქირავებულის მიერ არაგონივრული ხარჯების გაწევას ან/და არაგონივრული დროის ხარჯვას.
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ მათი სამუშაო ადგილი განთავსებულია ბათუმის გარეუბანში, დიდი ინტერვალით დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ახლოს არ არის საზკვების ობიექტი, სადაც შესაძლებელი იქნებოდა დასაქმებულების მიერ ნორმალური საკვების მიღება. დაქირავებულები, ნორმალური კვებისა და სამუშაოზე დროულად გამოცხადების მიზნით, სასადილო შესვენებისას საჭიროებენ ტაქსის მომსახურებას, რაც იწვევდა არაგონივრულ ხარჯებს. ამასთან, კვების ხარჯები არ წარმოადგენს შრომის ანაზღაურების ნაწილს.
ამ გარემოების გათვალისწინებით, რადგან დასაქმებულებზე საკვების მიწოდება არ წარმოადგენს ერთობლივ შემოსავალს, იგი არ უნდა იქნეს განხილული, როგორც დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია და ამ გარემოებიდან გამომდინარე, დამატებით დარიცხული დღგ და საშემოსავლო გადასახადი უნდა გაუქმდეს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/ მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე საქონლის/მომსახურების თანამშრომლებისათვის მიწოდების შემთხვევაში.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად განიხილება დასაბეგრი პირის მიერ საქონლის მიწოდება მისი დაქირავებული პირის პირადი სარგებლობისთვის ან მიწოდება/გამოყენება საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“−„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის შესყიდვის ფასი ამ ან ანალოგიურ საქონელზე, ან თუ ასეთი არ არსებობს − მისი წარმოების ფასი, რომელიც შესაბამის შემთხვევებში დგინდება საქონლის გამოყენების, გასხვისების, დასაკუთრების (მფლობელობაში დარჩენის) ან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების მომენტში.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალში არ შედის დამქირავებლის მიერ დაქირავებულისთვის საცხოვრებლის სარგებლობაში გადაცემა ან/და კვების მომსახურების გაწევა ან/და ამავე მომსახურებებთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება, თუ კმაყოფილდება ყველა შემდეგი პირობა:
ვ.ა) საცხოვრებლით/საკვებით უზრუნველყოფა ხორციელდება დამქირავებლის საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე და წარმოადგენს დაქირავებული პირის მიერ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებისთვის აუცილებელ პირობას ან/და დაქირავებული პირის საცხოვრებელი ადგილით/საკვებით უზრუნველყოფა, დამქირავებლის უზრუნველყოფის გარეშე, საჭიროებს დაქირავებულის მიერ არაგონივრული ხარჯების გაწევას ან/და არაგონივრული დროის ხარჯვას;
ვ.ბ) საცხოვრებლის სარგებლობაში გადაცემა ან/და კვების მომსახურების გაწევა ან/და ამავე მომსახურებებთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება არ წარმოადგენს დამქირავებელსა და დაქირავებულ პირებს შორის არსებული შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების ნაწილს.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დადგენილა, რომ გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ახდენდა თანამშრომლების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფას, კერძოდ, დაქირავებული პირებისათვის კვების მიწოდების მიზნით შეიძინა საკვები პროდუქტები და მიიღო დღგ-ის ჩათვლა. თანამშრომლებზე საკვები პროდუქტების მიწოდების ოპერაციას გადასახადის გადამხდელი არ განიხილავს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად და ასევე, არ ბეგრავს საშემოსავლო გადასახადით.
მომჩივანი არ ეთანხმება სადავო საკითხის ნაწილში დარიცხვას და საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე მითითებით, მიიჩნევს რომ დღგ-ში და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხვა უნდა გაუქმდეს.
შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს არც შემოწმების და არც დავის წარმოების პროცესში არ წარუდგენია და მომჩივანი არც ამჟამად არ წარმოადგენს მტკიცებულებებს, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ დაქირავებულების საკვებით უზრუნველყოფა ხორციელდებოდა დამქირავებლის საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე და წარმოადგენს დაქირავებული პირის მიერ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებისთვის აუცილებელ პირობას ან/და დაქირავებული პირის საკვებით უზრუნველყოფა, დამქირავებლის უზრუნველყოფის გარეშე, საჭიროებს დაქირავებულის მიერ არაგონივრული ხარჯების გაწევას ან/და არაგონივრული დროის ხარჯვას.
საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის არგუმენტები დაუსაბუთებელია და მხოლოდ ის გარემოება, რაზეც მიუთითებს მომჩივანი საჩივარში, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების უზრუნველსაყოფად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. არარეზიდენტი პირების მიერ გაწეულ სატრანსპორტო მომსახურებაზე გადახდილი თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა ფაქტების აღწერა შემოსავლების სამსახურის
გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდებში გადასახადის გადამხდელს სატრანსპორტო მომსახურებას უწევენ არარეზიდენტი პირები. გადასახადის გადამხდელს არარეზიდენტების მომსახურებებზე გადახდილი თანხები არ აქვს გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი.
საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივი გარემოებაზე, განმარტავს, რომ შემოწმებით არარეზიდენტის მიერ გაწეულ მომსახურებაზე გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია, ამასთან, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს, მიიჩნევს, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება არარეზიდენტების მიერ გაწეული სატრანსპორტო მომსახურების გამო დამატებით 3 136 ლარის დარიცხვას და რომ საჩივრის განხილვის დროს წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, შემდეგი განაკვეთებით: საწარმოს, ორგანიზაციის ან/და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხები – 10 პროცენტით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც იხდის ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადასახდელებს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. ხოლო, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს სატრანსპორტო მომსახურებას უწევენ არარეზიდენტი პირები და რომ არარეზიდენტების მიერ გაწეულ მომსახურებებზე გადახდილი თანხები გადასახადის გადამხდელს არ აქვს დაბეგრილი გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. შემოწმებით აღნიშნულზე დარიცხული იქნა საშემოსავლო გადასახადი.
მომჩივანი არ ეთანხმება არარეზიდენტების მიერ გაწეული სატრანსპორტო მომსახურების გამო დამატებით თანხების დარიცხვას, მაგრამ არც შემოსავლების სამსახურში არ წარუდგენია და არც ამჟამად არ წარმოადგენს მტკიცებულებებს, რაც შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს შეცვლიდა და დარიცხული თანხების გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა.
საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
2. თანამშრომელთა საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ობიექტად განსაზღვრა;
3. არარეზიდენტი პირების მიერ გაწეულ სატრანსპორტო მომსახურებაზე გადახდილი თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.08.2020 წლიდან 1.02.2023 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 30 მარტის შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 25.04.2023 წლის №8936 ბრძანება და №081-64 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 6.09.2023 წლის №21768 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4. 9 ,,ბ“); 101(1.3 „ვ“); 134(1 „გ“.2„ა“.3 „ა“); 154(1 „ა“); 160(3 „გ“);161(1 „ა“ „ა.ბ.დ“ 2„გ“); 164(2 ,,ა“);