გადაწყვეტილება №21000/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.02.2024
№ დოკუმენტი 21000/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21000/2/2023

13 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ის 6.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21000/2/2023).

 

დავის საგანი:

საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 16.08.2023 წლის №EL 220184 სამართალდარღვევის ოქმი;

2. საბაჟო დეპარტამენტის 16.08.2023 წლის №EL11116/13(006-13) საგადასახადო მოთხოვნა;

3. შემოსავლების სამსახურის 5.10.2023 წლის №24555 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა 56 815.5 ლარი (16.08.2023 წლის №EL 220184 სამართალდარღვევის ოქმი).

 

დარიცხული თანხა: 56 815.5 ლარი (16.08.2023 წლის №EL11116/13(006-13) საგადასახადო მოთხოვნა).

მათ შორის:

დღგ - 35 615.5

იმპორტის გადასახადი - 21 200

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

2023 წლის 11 აგვისტოს შპს „------“-ის მიერ №------ საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დადეკლარირდა 77 363.15 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელი – ქათმის გაყინული ბარკლები და ფრთები. მითითებული საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა №------- სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით, საბაჟო გამშვები პუნქტი „------ს“ გავლით, სადაც საბაჟო დეკლარაციისთვის მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“- ის მიერ განისაზღვრა „ყვითელი დერეფანი“. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემდგომი საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქონელი და სატრანსპორტო საშუალება გაგზავნილ იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“-ის დანიშნულებით.

2023 წლის 14 აგვისტოს შპს „-------“-ის №234713/21-10-18 განცხადებით ცნობილი გახდა, რომ №------ საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლით დატვირთული სატრანსპორტო საშუალება ნაცვლად გაფორმების ეკონომიკური ზონა „------“-ის გამოცხადდა ქ. ------ში, ------ს ქუჩა №----ში მდებარე შპს „-------ს“ საწყობში, სადაც საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე განხორციელდა სატრანსპორტო საშუალებაზე არსებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა და საქონლის ჩამოტვირთვა.

2023 წლის 16 აგვისტოს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ განხორციელდა ზემოაღნიშნულ საწყობში განთავსებული საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც დეკლარირებული საქონლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.

გადასახადის გადამხდელს, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე განკარგვისათვის, 2023 წლის 16 აგვისტოს №EL220184 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 56 815.5 ლარის (გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით.

ამასთან ერთად, გაუქმდა №------ (11.08.2023) საბაჟო დეკლარაცია და 2023 წლის 16 აგვისტოს გამოიცა №EL11116/13 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა 56 815.5 ლარი (დღგ 35615.5 ლარი; იმპორტის გადასახადი 21 200 ლარი).

გადასახადის გადამხდელმა საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც 5.10.2023 წლის №24555 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 73-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 172-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-3 ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, დადგენილ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი, ნაცვლად საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილზე წარდგენისა, საბაჟო ორგანოსთან შეთანხმების გარეშე გამოცხადდა -------ს ქუჩა №----ში მდებარე საწყობში, სადაც გადმოიტვირთა და განიკარგა. აღნიშნული, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია, ხოლო ვინაიდან არსებობს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, ვალდებული პირისთვის სადავო საგადასახადო მოთხოვნის წარდგენაც მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს.

მომჩივნის არგუმენტზე, რომ ევროკავშირში წარმოებული პროდუქცია გათავისუფლებულია იმპორტის გადასახადისგან და ტვირთის დეკლარირებისას წარდგენილი იყო საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერთიფიკატი (EUR1), შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ იმპორტის გადასახადის მიზნისთვის საქონლის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაცია მიეთითება საბაჟო დეკლარაციაში, რაც მოცემულ შემთხვევაში გაუქმებულია, ვინაიდან დეკლარირებული საქონლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. შესაბამისად, არ არსებობს სადავო საგადასახადო მოთხოვნით უკანონოდ განკარგული საქონლის იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლების საფუძველიც.

რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას სადავო აქტების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება გამოცემულ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს და მიაჩნია, რომ სანქციის დარიცხვა მოხდა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე:

2023 წლის 11 აგვისტოს №------ საქონლის საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე, წინასწარ დეკლარირებული იქნა იმპორტირებული ტვირთი, ქათმის გაყინული ფრთები და ქათმის გაყინული ბარკლები. ტვირთი შემოტანილია -------ს რესპუბლიკიდან ------ში. ტვირთმა საქართველოს საბაჟო საზღვარი გადმოკვეთა --------ს გავლით. 12 რიცხვში, შაბათს მანქანა უნდა შესულიყო გეზში ყვითელი დერეფნების გამო. მძღოლი თვითნებურად წავიდა საწყობში და ტვირთი დაცალა ქ. --------, --------ს №--- მდებარე საწყობში „------“. ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ არის საქართველოს მოქალაქე და არ საუბრობს ქართულ ენაზე, შესაბამისად ტვირთი მიიტანა არა ეკონომიკური გაფორმების ზონაში, არამედ ტვირთის გადაზიდვის დოკუმენტაციაში მითითებულ მისამართზე, ქ. ------, ------ს N--- მდებარე საწყობში „------“. გადამზიდი 2023 წლის 11 აგვისტოს შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე და 2023 წლის 12 აგვისტოს დაასრულა ტრანსპორტირება, გვიან ღამით, ქ. ------, ------ს N--- მდებარე საწყობში „------“. გამომდინარე იქედან, რომ მძღოლმა მიიღო თვითნებური გადაწყვეტილება და თავისი ქმედების შესახებ არ აცნობა არც გადამზიდ კომპანიას და არც კომპანიის წარმომადგენლებს, საწყობში არ იმყოფებოდა არავინ, ვისაც შეიძლებოდა გაერკვია გაიარა თუ არა საბაჟო პროცედურები იმპორტირებულმა ტვირთმა. საწყობში დასაქმებული პერსონალისათვის (ტვირთის გადამზიდი მუშახელი) კი ცალსახად იყო ცნობილი, რომ საწყობში შემოსული ტვირთის მიმართ საბაჟო პროცედურები უკვე დასრულებულია და შესაძლებელია ტვირთის განკარგვა. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიის მიერ წინასწარ დეკლარირებული ტვირთი, საბაჟო პროცედურების გავლის გარეშე, ჩამოიტვირთა კომპანია „-------ს“ საწყობში მდებარე ქ. ------, ------ს N---.

მომჩივანი მიუთითებს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ 2023 წლის 16 აგვისტოს №EL220184 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილ იქნა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, მოცემულ შემთხვევაში კომპანიის წარმომადგენლები მოქმედებდნენ შეცდომის პირობებში, რამდენადაც მათთვის ცნობილი არ იყო განკარგული ტვირთის მიმართ საბაჟო პროცედურები განხორციელებული არ იყო. მით უმეტეს, რომ ტვირთი წინასწარ იყო დეკლარირებული და დეკლარაციაში მითითებული საქონლის რაოდენობა და ღირებულება ემთხვევა ოქმში მითითებულ მონაცემებს. კომპანიას არ დაუშვია იმპორტირებული საქონლის უკანონოდ განკარგვა, უფრო მეტიც, 2023 წლის 14 აგვისტოს წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსს და განუმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის 11 აგვისტოს № ------ საქონლის წინასწარი საბაჟო დეკლარაციით გათვალისწინებული ტვირთი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან ჩამოიცალა, იგი განთავსებულია საწყობში, მისამართზე ქ. --------, ------ს ქ. №---. სწორედ აღნიშნული განცხადებით გახდა ცნობილი საბაჟო დეპარტამენტისათვის, რომ ტვირთი განკარგულია და საბაჟო სამართალდარღვევის №EL220184 ოქმი შედგა 2023 წლის 16 აგვისტოს.

მომჩივანი ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და ამავე კოდექსის 53-ე მუხლზე, 601 მუხლზე და აღნიშნავს, რომ კომპანიის მიმართ 2023 წლის 16 აგვისტოს №EL220184 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების, კერძოდ 2023 წლის 11 აგვისტოს №------- საქონლის წინასწარი საბაჟო დეკლარაციისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის, ასევე, კომპანიის 2023 წლის 14 აგვისტოს განცხადების შესწავლის შემთხვევაში, დადგინდებოდა, რომ კომპანია მოქმედებდა საპატიო შეცდომის პირობებში, კერძოდ თავადვე შეატყობინა საგადასახადო ორგანოს დაშვებული შეცდომის შესახებ და მისი მხრიდან გადასახადების დამალვის არანაირ მცდელობას ადგილი არ ჰქონია, რაც საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველია.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ევროკავშირსა და საქართველოს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ“ შეთანხმების თანახმად, ევროკავშირში წარმოებული პროდუქცია გათავისუფლებულია იმპორტის გადასახადისგან. კომპანიის მიერ შემოტანილ ტვირთის დეკლარირებისას წარდგენილი იქნა საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერთიფიკატი (EUR1), რომელიც ადასტურებს, რომ საქონლის წარმოშობის ქვეყანა -------, ევროკავშირის წევრი ქვეყანა. აქედან გამომდინარე, იმპორტის გადასახადის, კერძოდ 21 200 ლარის დარიცხვა უკანონოდ განხორციელდა.

შემოსავლების სამსახური 5.10.2023 წლის №24555 ბრძანებაში მიუთითებს, რომ იმპორტის გადასახადის მიზნისთვის საქონლის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაცია მიეთითება საბაჟო დეკლარაციაში, რაც მოცემულ შემთხვევაში გაუქმებულია, ვინაიდან დეკლარირებული საქონლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. თუმცა, ამავდროულად საგადასახადო მოთხოვნა შედგენილი იქნა ჩვენს მიერ ტვირთის დეკლარირებისას წარდგენილი ინვოისის საფუძველზე, საქონლის იმავე ოდენობის ღირებულებითა და რაოდენობით. ვინაიდან ტვირთის დათვალიერებისას, საწყობში არსებული ტვირთი პალეტის ნომრით, წონით და რაოდენობით შესაბამისობაში იყო შეფუთვის ფურცელთან და ინვოისთან, შესაბამისად, რადგან ამ ინფორმაციის მიხედვით განახორციელა შემოსავლების სამსახურმა დარიცხვა, გამოდის თვითონაც ეთანხმება და აღიარებს იმ ფაქტს, რომ შემოსული და საწყობში მდებარე ტვირთი ერთი და იგივეა. მომჩივანი ითხოვს დარიცხული სანქციისა და იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში ეს საქონელი ექვემდებარება ისეთ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, რომლებიც, სხვა დანარჩენთან ერთად, ეფუძნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის სიჯანსაღისა და სიცოცხლის დაცვის, ხელოვნების ნიმუშისა და ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული სიმდიდრის დაცვისა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონების დაცვის აუცილებლობას, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დამრღვევი საქონლისა და ფულადი სახსრების კონტროლის ჩათვლით. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საქონელი ექვემდებარება აგრეთვე თევზსარეწების კონსერვაციისა და მართვის ღონისძიებებს და ეკონომიკური პოლიტიკის სხვა ღონისძიებებს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.

საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვალდებული პირი არის:

ა) ნებისმიერი პირი, რომელსაც მოეთხოვებოდა შესაბამისი ვალდებულების შესრულება;

ბ) ნებისმიერი პირი, რომელმაც იცოდა ან რომელსაც გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის, და რომელიც მოქმედებდა იმ პირის სახელით, რომელსაც მოეთხოვებოდა საბაჟო ვალდებულების შესრულება, ან რომელიც მონაწილეობდა ისეთ ქმედებაში, რომელმაც საბაჟო ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვია;

გ) ნებისმიერი პირი, რომელმაც შეიძინა საქონელი ან რომელიც ფლობს საქონელს და რომელმაც მისი შეძენის ან მიღების მომენტში იცოდა ან რომელსაც უნდა სცოდნოდა, რომ ამ საქონელთან დაკავშირებული საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

დადგენილია, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი, ნაცვლად საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილზე წარდგენისა, საბაჟო ორგანოსთან შეთანხმების გარეშე გამოცხადდა -------ს ქუჩა №---ში მდებარე საწყობში, სადაც მოხდა სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა და საქონლის ჩამოტვირთა. საქონლის საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე განკარგვისათვის, სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს შეეფარდა ჯარიმა. ამასთან, გაუქმდა საბაჟო დეკლარაცია და დაერიცხა იმპორტის გადასახდელები.

მომჩივანი არ ეთანხმება განხორციელებულ დარიცხვას და შემოსავლების სამსახურში წარდგენილი არგუმენტების ანალოგიურად აღნიშნავს, რომ სანქციის დარიცხვა მოხდა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე, გადამზიდი 2023 წლის 11 აგვისტოს შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე და 2023 წლის 12 აგვისტოს დაასრულა ტრანსპორტირება, გვიან ღამით, ქ. ------, -------ს №--- მდებარე საწყობში „--------“. გამომდინარე იქედან, რომ მძღოლმა მიიღო თვითნებური გადაწყვეტილება და თავისი ქმედების შესახებ არ აცნობა არც გადამზიდ კომპანიას და არც კომპანიის წარმომადგენლებს, საწყობში არ იმყოფებოდა არავინ, ვისაც შეიძლებოდა გაერკვია გაიარა თუ არა საბაჟო პროცედურები იმპორტირებულმა ტვირთმა, ხოლო საწყობში დასაქმებული პერსონალისათვის ცალსახად იყო ცნობილი, რომ საწყობში შემოსული ტვირთის მიმართ საბაჟო პროცედურები უკვე დასრულებულია და შესაძლებელია ტვირთის განკარგვა, ტვირთი, საბაჟო პროცედურების გავლის გარეშე, ჩამოიტვირთა კომპანია „--------ს“ საწყობში მდებარე ქ. -------, -------ს ქ. №---. მოცემულ შემთხვევაში, კომპანიის წარმომადგენლები მოქმედებდნენ შეცდომის პირობებში, რამდენადაც მათთვის ცნობილი არ იყო განკარგული ტვირთის მიმართ რომ საბაჟო პროცედურები განხორციელებული არ იყო, არ დაუშვია იმპორტირებული საქონლის უკანონოდ განკარგვა, უფრო მეტიც, განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს, რომ ტვირთი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან ჩამოიცალა და იგი განთავსებულია საწყობში, მისამართზე ქ. -------, ------ს ქ. №---. მიაჩნია, რომ გადასახადების დამალვის არანაირ მცდელობას ადგილი არ ჰქონია, რაც საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველია. ამასთან, მიუთითებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ“ შეთანხმებაზე და მიიჩნევს, რომ იმპორტის გადასახადის დარიცხვაც უკანონოდ განხორციელდა. ითხოვს დარიცხული სანქციისა და იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებას.

საბაჟო დეპარტამენტი 12.10.2023 წლის №№102983-21-10 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ საბჭოში წარმოდგენილ საჩივარში მომჩივნის მიერ არ არის წარმოდგენილი ახალი არგუმენტები, ხოლო თანდართულ ინფორმაციაში არ წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებაში დაფიქსირებული ინფორმაციისაგან განსხვავებულ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია სამართალდარღვევის ფაქტზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და რომ მიზანშეწონილად არ მიაჩნია მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილება.

ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელისათვის, საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის საფუძველზე, სანქციის დაკისრება მართლზომიერია, ხოლო ვინაიდან გამოცემულია საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და ამასთან, გაუქმდა №------- (11.08.2023) საბაჟო დეკლარაცია, გადასახადის გადამხდელისათვის სადავო საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე გადასახადების დარიცხვაც ასევე მართლზომიერია.

საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას მომჩივნის არგუმენტზე, ევროკავშირში წარმოებული პროდუქციის იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლებაზე და ტვირთის დეკლარირებისას საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერთიფიკატის (EUR1) წარდგენასთან დაკავშირებით, რომ იმპორტის გადასახადის მიზნისთვის საქონლის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაცია მიეთითება საბაჟო დეკლარაციაში, რაც გაუქმებულია, ვინაიდან დეკლარირებული საქონლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა და რომ შესაბამისად, არ არსებობს სადავო საგადასახადო მოთხოვნით უკანონოდ განკარგული საქონლის იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლების საფუძველი.

ამგვარად, საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანმა 2023 წლის 11 აგვისტოს საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დაადეკლარირდა 77 363.15 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელი – ქათმის გაყინული ბარკლები და ფრთები. მითითებული საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით, საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, სადაც საბაჟო დეკლარაციისთვის მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“- ის მიერ განისაზღვრა „ყვითელი დერეფანი“. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემდგომი საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქონელი და სატრანსპორტო საშუალება გაგზავნილ იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით. 2023 წლის 14 აგვისტოს მომჩივნის განცხადებით ცნობილი გახდა, რომ საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლით დატვირთული სატრანსპორტო საშუალება ნაცვლად გაფორმების ეკონომიკური ზონისა გამოცხადდა შპს-ს საწყობში, სადაც საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე განხორციელდა სატრანსპორტო საშუალებაზე არსებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა და საქონლის ჩამოტვირთვა. 2023 წლის 16 აგვისტოს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ განხორციელდა ზემოაღნიშნულ საწყობში განთავსებული საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც დეკლარირებული საქონლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. გადასახადის გადამხდელს, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე განკარგვისათვის, 2023 წლის 16 აგვისტოს №EL220184 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, დაეკისრა საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 56 815.5 ლარის (გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 70(1)(2), 73(1), 172(1).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის N257 ბრძანება.