ბრძანება N 4310
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 4310
07.03.2023
ი/მ "----------" (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2022 წლის 23 დეკემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №16) განიხილა ი/მ "----------" (ს/ნ ----------) №18514/2/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 ნოემბრის №006-526 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აცხადებს, რომ მის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. განმარტავს, რომ 2019 წლის 20 დეკემბერს (პარასკევი) 13:09 სთ-ზე დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამი შეადგენდა 76 713 ლარს. ამავე დღეს, 22:03 სთ-ზე განხორციელდა 23 701 ლარის სასაქონლო ოპერაცია და დასაბეგრი ბრუნვა გადასცდა 100 000 ლარს 414 ლარით. 2019 წლის 23 დეკემბერს, ორშაბათს, სსიპ შემოსავლების სამსახურში გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის განცხადება. იმავე დღეს, შემოსავლების სამსახურმა ი/მ "----------" მიანიჭა დღგ-ის გადამხდელის სტატუსი. აცხადებს, რომ არ დარღვეულა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმა. რაც შეეხება ოპერაციას, რომლის საფუძველზეც გადააჭარბა ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს, ეს არის 414 ლარი, რომელიც დაბეგრილია და გადახდილია ბიუჯეტში. ამასთან, გადამხდელი განმარტავს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეული იყო შეცდომით (გადამხდელის მიერ დაცული იქნა შეცდომით აღქმული 100 000 ლარიანი ზღვარი). შეცდომაში შეიყვანა, ასევე, ფაქტმა, რომ დღგ-ის გადამხდელის სტატუსი მიენიჭა არა 2019 წლის 20 დეკემბრიდან, არამედ 23 დეკემბრიდან. აღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი მორის დანაკლისის, მასალის სახით რეალიზებულად განხილვას. აცხადებს, რომ აუქციონის გზით შეძენილი 7,209 მ 3 . მორი, ღირებულებით 1 607,35 ლ., გამოდგა დაბალი ხარისხის, გადასამუშავებლად უვარგისი და გადაზიდული იქნა ---------- სავარაუდო გაყიდვის მიზნით. გარკვეული პერიოდის შემდეგ მორზე ფირნიშები დაიკარგა. აღნიშნული მორი იმის გამო, რომ ვერ გადამუშავდებოდა და ვერც გაიყიდა, გამოყენებული იქნა გადამხდელის მიერ შეშად. შესაბამისად, აღნიშნული მორის მასალაში წარმოსახვა და მისი რეალიზებულად განხილვა არასწორია, ვინაიდან წარმოადგენს მორის დანაკლისს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 3 ივნისის №13772 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა ი/მ "----------" (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 18 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 29 ნოემბრის №29782 ბრძანება და ამავე თარიღის №006-526 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 8 256 ლარი, მათ შორის გადასახადი 4 778 ლარი, ჯარიმა 1 818 ლარი და საურავი 1 660 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
1. ი/მ "----------" დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2019 წლის 23 დეკემბერს. შემოწმებით დადგინდა, რომ 2019 წლის 20 დეკემბერს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამმა შეადგინა 76 713 ლარი და ამავე დღეს რეალიზებულია 23 701.7 ლარის საქონელი, რომლითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამი აჭარბებს 100 000 ლარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის თანახმად, განხორციელდა ამ მიწოდების დღგ-ით დაბეგვრა. ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადი შეადგენს 3 552 ლარს. ასევე, გადამხდელი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით, რადგან დარღვეულია დღგ-ის გადამხდელის რეგისტრაციის ვალდებულება.
2. 2022 წლის 16 მაისს ჩატარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია. მეწარმეს წარმოდგენილი აქვს სმფების მოძრაობა და მათი ნაშთი 2022 წლის 1 მაისის მდგომარეობით. ამ თარიღიდან 16 მაისამდე შეძენა/რეალიზაცია არ ფიქსირდება. შესაბამისად, 7.209 მ 3 . მორი და 1 მ 3 . მორი რეალიზებულია 2022 წლის 1 მაისამდე, რადგან ისინი, ინვენტარიზაციის მასალების თანახმად, ადგილზე არ აღმოჩნდა. მეწარმის მიერ წარმოდგენილი გამოსავლიანობის და ბოლო საბაზრო ფასების მიხედვით (ინვენტარიზაციის მონაცემებით) დადგინდა მორიდან მიღებული მასალის და ძელის ღირებულება, რამაც შეადგინა 5 531 ლარი. შემოწმებით, აღნიშნული საქონელი ჩაითვალა რეალიზებულად. საგადასახადო შემოწმებით გამოვლენილი დამატებითი შემოსავალი ასევე დაიბეგრა მცირე ბიზნესის საშემოსავლო გადასახადით (1%-ით). პირს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საშემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა – იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას), ხოლო იმ შემთხვევაში თუ პირი მოქმედებდა თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით, არ შეიძლება გათავისუფლდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომით, მიაჩნდა, რომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღიდან კანონმდებლობით დადგენილ ვადაში მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და არცოდნით 2019 წლის 20 დეკემბრის ნაცვლად დარეგისტრირდა 2019 წლის 23 დეკემბერს, ამასთან, დღგ-ით დაბეგრა თანხის ის ნაწილი, რა რაოდენობითაც გადააჭარბა 100 000 ლარიან ზღვარს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში და ი/მ "----------" (ს/ნ ----------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 ნოემბრის №006-526 საგადასახადო მოთხოვნით ამავე კოდექსის 282-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრული ჯარიმისგან.
მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 90-ე მუხლის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 პროცენტით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 93-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საგადასახადო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენა და გადასახადის გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ,,სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ №999 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავალი შედგება:
ა) შემოსავლისგან, რომელიც ექვემდებარება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას და მოიცავს საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, გარდა ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული შემოსავლებისა და ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებისა;
ბ) შემოსავლისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით და მოიცავს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №5-ით განსაზღვრული შემოსავლების სახეების მიხედვით მიღებულ ერთობლივ შემოსავლებს;
გ) სხვა შემოსავლებისგან, რომელიც იბეგრება ჩვეულებრივი რეჟიმით, გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემოსავლებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების დროს გამოვლინდა მორის დანაკლისი, რომლიდანაც გაანგარიშებული იქნა (გამოსავლიანობის მიხედვით) მასალის ღირებულება. გადამხდელის მიერ საჩივართან ერთად წარმოდგენილია აღნიშნული 7,209 კბ.მ. მორის ფირნიშები, ანუ დაკონკრეტებულია დანაკლისი მორის წარმოშობის დოკუმენტები, სულ 10 ფირნიში. ამათგან, 9 ფირნიშზე გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის სისტემაში ფიქსირდება სტატუსი „გატანილია“, ხოლო 1 შემთხვევაში სტატუსია „გადამუშავებული“ (---------- ფირნიში). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კანონიერად მოქმედ სახერხში 9 ფირნიშში ასახული მორის დამუშავება არ განხორციელებულა. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერი განმარტებით, გადასახადის გადამხდელს ხე-ტყის სხვა მასალებთან ერთად უფიქსირდება ასევე მორის რეალიზაცია.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი მორის შემოწმების მიერ მასალის სახით გადამუშავებულად და რეალიზებულად განხილვა დაუსაბუთებელია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი საქონელი (მორი), რომლის გადამუშავება არ დასტურდება, განიხილოს მორის სახით რეალიზებულად და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ "----------" (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ი/მ "----------" (ს/ნ ----------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 ნოემბრის №006-526 საგადასახადო მოთხოვნით ამავე კოდექსის 282-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრული ჯარიმისაგან;
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი საქონელი (მორი), რომლის გადამუშავება არ დასტურდება, განიხილოს მორის სახით რეალიზებულად და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.