გადაწყვეტილება №18846/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.03.2023
№ დოკუმენტი 18846/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18846/2/2023

16.03.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: სპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,16.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სპს -----------11.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18846/2/2023).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას გამოყენებული ფასნამატი და შემოწმებით განსაზღვრული ნაღდი ფულის ნაშთის გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 11.10.2022 წლის №026-6 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 20.01.2023 წლის №671 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 179 895 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 115 949

ჯარიმა - 57 975

საურავი - 5 971

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა ფარმაცევტული საქონლით სპეციალიზებულ მაღაზიებში აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 4.07.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები ისახა 30.09.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:

გადამხდელს არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, არა აქვს ნაწარმოები საქონლის ბრუნვის ინდივიდუალური აღრიცხვა. გადამხდელს გამოყენებული ჰქონდა 5%-იანი ფასნამატი და მიღებული შემოსავლიდან (საკონტროლო-სალარო აპარატში ამობეჭდილი ჩეკები) 5% ფასნამატის გათვალისწინებით ახდენდა რეალიზებული საქონლის ჩამოწერას (თვითღირებულებით). საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, შესაბამისად, დადგინდა შემოსავალი პერიოდების მიხედვით.

შემოწმების პროცესში შესწავლილია საწარმოს მიერ დოკუმენტური რეალიზაცია და დოკუმენტური საქონლის შესყიდვა. აღნიშნულის შედეგად ფასნამატი წლების მიხედვით გამოვლინდა შემდეგი: 2019 წელს 27.4%, 2020 წელს 30%, 2021 წელს 30%, 2022 წელს 27.6%.

აღნიშნულის გათვალისწინებით განხორციელდა საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლების გაანგარიშება პერიოდების მიხედვით.

ასევე, შესწავლილია ფულადი სახსრების მოძრაობა. საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის გაანგარიშების დროს მიჩნეულია, რომ შესაბამის საანგარიშო პერიოდში, საწარმოს რეალიზებული საქონლის მიხედვით საკომპენსაციო თანხა სრულად აქვს მიღებული. აღნიშნული რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯის გამოკლებით, განხილულია გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. ასევე, მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 11.10.2022 წლის №25868 ბრძანება და ამავე თარიღის №026-6 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 12.11.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 20.01.2023 წლის №671 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სალაროში არსებული ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა

შემოსავლების სამსახურის 20.01.2023 წლის №671 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაზე, რომლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით დამტკიცებულია მეთოდური მითითება „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარდგენილ განმარტებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ საწარმოს მიერ შემოსავლების აღრიცხვა ხორციელდება საკონტროლო-სალარო აპარატის და საბანკო ამონაწერში დაფიქსირებული თანხების მიხედვით. შედეგად, გადამხდელი ითხოვს ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვროს საწარმოს საბანკო მონაცემების და სააღრიცხვო დოკუმენტაციის გამოყენებით, რომელიც განხილულ უნდა იქნას ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად და დაიბეგროს მოგების გადასახადით.

სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს სალაროში არსებული ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის მიერ გამოწერილი ზედნადებებით განსაზღვრული შემოსავალი მთლიანი შემოსავლის მხოლოდ 0.5% შეადგენს, შესაბამისად აღნიშნული მონაცემიდან სარეალიზაციო ფასნამატის განსაზღვრა არ მიაჩნია მართლზომიერად. კომპანია შემოსავლებს აღრიცხავს საკონტროლო-სალარო აპარატისა და საბანკო ამონაწერში დაფიქსირებული თანხების მიხედვით. მიღებული მოგების შესაბამისად პერიოდულად გასცემს დივიდენდს. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში 2019 წელს ჩატარებულია საკონტროლო შესყიდვა, რა დროსაც სამართალდარღვევა არ გამოვლენილა. შესაბამისად საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის გაანგარიშების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს კომპანიის საკონტროლო-სალარო აპარატისა და საბანკო ამონაწერში დაფიქსირებული მონაცემები. შემოწმების მიერ დაფიქსირებული ფასნამატი, რომელიც საშუალოდ შეადგენს 29% არ შეესაბამება რეალურ სამუშაო ფასნამატს, ვინაიდან აღნიშნული მარჟის შემთხვევაში კომპანია ვერ გაუწევდა კონკურენციას ქსელურ აფთიაქებს, რომლებიც ძირითად რგოლს წარმოადგენენ აღნიშნულ ბიზნესში. შედეგად მიზანშეწონილად მიაჩნია ნაღდი ფულის ნაშთი განისაზღვროს კომპანიის საბანკო მონაცემებისა და სააღრიცხვო დოკუმენტაციის გამოყენებით.

ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას და აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს სადაო საკითხების დამატებით შესწავლა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:

4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად

მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

დადგენილია, რომ მომჩივანი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და არ ახორციელებს საქონლის ბრუნვის ინდივიდუალურ აღრიცხვას. შედეგად საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

მომჩივნის განმარტებით კომპანიის მიერ გამოწერილი ზედნადებებით განსაზღვრული შემოსავალი მთლიანი შემოსავლის მხოლოდ 0.5% შეადგენს, შესაბამისად აღნიშნული მონაცემიდან სარეალიზაციო ფასნამატის განსაზღვრა არ მიაჩნია მართლზომიერად. კომპანია შემოსავალს აღრიცხავს საკონტროლო-სალარო აპარატისა და საბანკო ამონაწერში დაფიქსირებული თანხების მიხედვით. მიღებული მოგების შესაბამისად პერიოდულად გასცემს დივიდენდს. მიაჩნია, რომ საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის გაანგარიშების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს კომპანიის საკონტროლო-სალარო აპარატისა და საბანკო ამონაწერში დაფიქსირებული მონაცემები.

შემოსავლების სამსახურის 20.01.2023 წლის №671 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სალაროში არსებული ფულის ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მომჩივანი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას დადგენილი წესით, რის გამოც შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, დადგენილი ფასნამატი და შემოწმებით განსაზღვრული ნაღდი ფულის ნაშთის გაცემულ ხელფასად განხილვა მართებულია, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების და შემოსავლების სამსახურის მიერ სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.