გადაწყვეტილება №24129/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24129/2/2024
27 ნოემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------ო” (ს/ნ -------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----ოს 16.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24129/2/2024).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. არარეზიდენტ მომწოდებლებზე გადახდილი თანხის მხოლოდ 75%-ის გათვალისწინება ხარჯში;
3. მომწოდებელი კომპანიისთვის შესყიდული საქონლის საინვოისო ღირებულებაზე მეტი თანხის გადარიცხვის მოგების გადასახადით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2024 წლის №007-167 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 23.09.2024 წლის №20751 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 662 410,68 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 378 650,18
დღგ - 175 221
მოგების გადასახადი - 39 495
საშემოსავლო გადასახადი - 163 934,18
ჯარიმა - 188 280,3
საურავი - 95 480,2
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 25.06.2024 წლის აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 7.06.2021 წლიდან 1.03.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2024 წლის №007-167 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 23.09.2024 წლის №20751 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდებოდა საქონლის შესყიდვა საბაჟო ოპერაციებით. შესყიდული საქონლის თვითღირებულება საინვოისო ღირებულებით იყო 2 258 457 ლარი, ხოლო დეკლარირებული ბრუნვა - 2 216 093 ლარი. საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არ ჰქონდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი. დეკლარირებული ფასნამატი იყო (-1,8)%, ხოლო დოკუმენტური რეალიზაცია 48 839 ლარი. საწარმოს საქონლის ნაწილი შესყიდული ჰქონდა ----ის რესპუბლიკიდან, სადაც გადახდა განხორციელებული იყო ნაღდი ანგარიშსწორებით, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელს შემოწმებისათვის არ წარუდგენია. ამასთან, შემოწმების პროცესში ფასნამატის დადგენის მიზნით ჩატარდა დოკუმენტური რეალიზაციის ანალიზი. ზოგიერთი დასახელების საქონელზე გამოყენებულ იქნა აუდირებული ფასნამატი. შედეგად, კომპანიის მიერ მიღებულმა/მისაღებმა შემოსავალმა ჯამში შეადგინა 3 189 572 ლარი.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საგადასახადო კოდექსის 73-ე, 154-ე და 159-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი დაექვემდებარა დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
სააღრიცხვო დოკუმენტაცია წარდგენილი იქნა აუდიტის დეპარტამენტისთვის მოთხოვნისთანავე. აღნიშნული დოკუმენტაციით სავსებით შესაძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ადგილი არ აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას. აღნიშნული შემთხვევა არ ფიქსირდება, არც საბუღალტრო მონაცემებით არც სხვა რაიმე წყაროდან მიღებული მონაცემებით; შესამოწმებელ პერიოდში, მხოლოდ ერთი სამართალდარღვევა ფიქსირდება, რას შეიძლება ინახოს შემოსავლების სამსახურის ავტორიზებულ ვებ გვერდზე.
გამომდინარე აღნიშნულიდან, მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით, რადგან საგადასახადო კოდექსში მოყვანილი არცერთი დებულება არ კმაყოფილდება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებასთან დაკავშირებით.
ამასთან, შემოწმების აქტში ნახსენები უარყოფითი ფასნამატი გამოწვეულია სარეალიზაციო პროდუქციის თავისებურებებით. კერძოდ, გადასახადის გადამხდელი ვაჭრობს ისეთი პროდუქციით რომლის ფასი ყოველდღიურად იცვლება, რადგან ის დაკავშირებულია მოდასთან და თუ ერთი სახის ხალათი, კაბა თუ ტრიკოტაჟის სხვა ნაწარმი დღეს მოდაშია და აქვს მაღალი ღირებულება, ხვალ შეიძლება აღნიშნული საქონელი გადავიდეს მოდიდან და მისი ნიშა უფრო სხვა, მოდურმა ნაკეთობამ დაიკავოს. შესაბამისად, ამ საქონლის ფასი რამოდენჯერმე დაეცემა. სწორედ ამ მიზეზით აიხსნება ის უარყოფითი ფასნამატი, რაც აქტშია ნახსენები და სწორედ ამ მიზეზით შეწყვიტა გადასახადის გადამხდელმა ფუნქციონირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მომჩივნის არგუმენტზე, რომ სააღრიცხვო დოკუმენტაცია სრულყოფილად აქვს ნაწარმოები, გააკეთა განმარტება: მომჩივანს საბუღალტრო პროგრამაში ჰქონდა საქონლის ერთიანი ჩამოწერები, საიდანაც შეუძლებელი იყო საქონლის მოძრაობის ანალიზის ჩატარება. ამასთან, დოკუმენტური რეალიზაციის წილი მთლიან რეალიზაციასთან მიმართებით მნიშვნელოვნად მცირე იყო. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით საწარმოს ერთ წელზე მეტია შეჩერებული ჰქონდა სამეწარმეო საქმიანობა, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები კი ფაქტიურად არ გააჩნდა. 2022 წლის ბოლოს გადასახადის გადამხდელს უფიქსირდებოდა საქონლის ნაშთი, რომლის რეალიზაცია საბუღალტრო პროგრამის მიხედვით ასახული არ ჰქონდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის მიერ მოწოდებული საბუღალტრო პროგრამა ჩაითვალა არასანდოდ და საგადასახდო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმების მიერ ჩატარდა დოკუმენტური რეალიზაციის ანალიზი ფასნამატის დადგენის მიზნით, ასევე, ზოგიერთი დასახელების საქონელზე გამოყენებულ იქნა აუდირებული ფასნამატი. შემოწმების მიერ, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული შემოსავალი დაექვემდებარა დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას.
საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდით მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 23.09.2024 წლის №20751 ბრძანება ამ ნაწილში კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
2. არარეზიდენტ მომწოდებლებზე გადახდილი თანხის მხოლოდ 75%-ის გათვალისწინება ხარჯში
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მიღებული/მისაღები შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით (მათ შორის -----ის რესპუბლიკის საწარმოზე გადახდილი თანხის 75%) გაანგარიშდა სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობა და სხვაობა ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. საწარმოს დაერიცხა როგორც საშემოსავლო გადასახადი, ასევე, დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
საჩივრის დაწერის თარიღისთვის ჯერ არ არის გადაანგარიშებული (შემცირებული) დარიცხვა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
შემოსავლების სამსახურის 23.09.2024 წლის №20751 ბრძანებით ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის განმარტებით, საჩივრის დაწერის თარიღისთვის ჯერ არ არის გადაანგარიშებული (შემცირებული) დარიცხვა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.
შემოსავლების სამსახურის 23.09.2024 წლის №20751 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
3. მომწოდებელი კომპანიისთვის შესყიდული საქონლის საინვოისო ღირებულებაზე მეტი თანხის გადარიცხვის მოგების გადასახადით დაბეგვრა ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს შესყიდული საქონლის საინვოისო ღირებულებაზე 223 805 ლარით მეტი ჰქონდა გადარიცხული მიმწოდებელი კომპანიისთვის. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა და საგადასახადო კოდექსის 98-ე მუხლის გათვალისწინებით, პირს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო დადგენილ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
საჩივრის დაწერის თარიღისთვის ჯერ არ არის გადაანგარიშებული (შემცირებული) დარიცხვა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება. საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
შემოსავლების სამსახურის 23.09.2024 წლის №20751 ბრძანებით, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო დადგენილ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 23.09.2024 წლის №20751 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. არარეზიდენტ მომწოდებლებზე გადახდილი თანხის მხოლოდ 75%-ის გათვალისწინება ხარჯში;
3. მომწოდებელი კომპანიისთვის შესყიდული საქონლის საინვოისო ღირებულებაზე მეტი თანხის გადარიცხვის მოგების გადასახადით დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 25.06.2024 წლის აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 7.06.2021 წლიდან 1.03.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №007-167 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის №20751 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურის №20751 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამივე ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“.9 „ბ“); 97(1 „ბ“); 982(1 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“); 158(1); 159(1 „ა“); 163(1 და მე-2); 164(1);