ბრძანება N 16313
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16313
10 ივლისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2024 წლის 12 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 21 ივნისის სხდომაზე (ოქმი №67) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №97863/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 16 მაისის №EL250616, №EL250621 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს და №EL11111/45 (№007-45) საგადასახადო მოთხოვნას.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში არც დამკვეთი შპს „----------“ და არც მათი კომპანიის მიზანი არ ყოფილა ტვირთის უკანონო განკარგვის მიზანი. როდესაც შპს „----------“ წარმომადგენელმა შეიტყო საქონლის დანაკლისის თაობაზე, დაუყოვნებლივ აცნობა ამის თაობაზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანოს და მოითხოვა მათი მხრიდან რეაგირება, რადგან ეგონა, რომ ადგილი ჰქონდა საქონლის მოპარვას. ფინანსთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა გაუგებრობას და საქონელი შპს „----------“ წარმომადგენლისა და მუშების დაუდევრობის გამო შემთხვევით გადაჰყვა რეექსპორტზე გასატან ტვირთს. შპს „----------“ დიდი ხანია ახორციელებს საბაჟო პროცედურებს და ასეთ შემთხვევას ადგილი ჰქონდა პირველად, რაც მისი მოსაზრებით, ცალსახად უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან იმ პირობებში, როდესაც შპს „----------“ თავად მიმართა ჯერ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს და შემდგომ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს, რათა აღმოეფხვრა ხარვეზი. საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-4 ნაწილი გამორიცხავს პასუხისმგებლობის დაკისრებას, ვინაიდან ის არ არის ქმედების ჩამდენი.
მომჩივანი ასევე მიუთითებს ამავე საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 და მე-15 ნაწილებზეც და მიაჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტს ჯარიმის ნაცვლად უნდა გამოეყენებინა გაფრთხილება.
მომჩივნის განმარტებით მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებას, ხოლო 172-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა გამოირიცხება, რადგან სახეზე არ იყო უკანონო განკარგვა. საქონელი უნდა გასულიყო და გავიდა კიდეც საბოლოოდ რეექსპორტზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული გადასახადები საერთოდ არ უნდა დარიცხულიყო.
საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს, რომ საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა უნდა მომხდარიყო გარიგების ფასის პირველი მეთოდით, რაც უპირველესად უნდა უნდა გამოყენებულიყო.
აღნიშნულზე და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე მითითებით ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 13 ივლისს შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ №---------- საქონლის საბაჟო დეკლარაციით საბაჟო საწყობის პროცედურაში მოექცა, შპს „----------“ (----------) საბაჟო საწყობში განთავსებული სხვადასხვა დასახელების ფილტრიანი სიგარეტი (1 810 ყუთი), მათ შორის 812 ყუთი (406 000 კოლოფი) ფილტრიანი სიგარეტი „----------“ (საერთო ღირებულება – 168 084 ----------).
შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 15 სექტემბრის №---------- განცხადებით გაირკვა, რომ ზემოაღნიშნული საბაჟო საწყობის დეკლარაციიდან განხორციელდა საქონლის ნაწილის რეექსპორტი (საბაჟო დეკლარაციები: №---------- (19.07.2023); №---------- (05.08.2023)), რა დროსაც რეექსპორტის დეკლარაციებში გაცხადებულ საქონელთან ერთად შეცდომით ჩაიტვირთა და გატანილ იქნა 20 ყუთი (10 000 კოლოფი) ფილტრიანი სიგარეტი „----------“. აღნიშნული ფაქტის გათვალისწინებით შპს „----------“ (ს/ნ ----------) მოითხოვა რეექსპორტის დეკლარაციების კორექტირება (№---------- საბაჟო დეკლარაცია – 18 ყუთი (9 000 კოლოფი); №---------- საბაჟო დეკლარაცია – 2 ყუთი (1 000 კოლოფი)).
გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ განხორციელდა შპს „----------“ (----------) საბაჟო საწყობში განთავსებული საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც საბაჟო საწყობში არ აღმოჩნდა №---------- საბაჟო დეკლარაციით არსებული ნაშთი – 20 ყუთი (10 000 კოლოფი; საბაჟო ღირებულება – 4140 ---------- (2911.87-ლარი)) ფილტრიანი სიგარეტი „----------“.
ვინაიდან აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის ღირებულება აღემატებოდა 2 000 ლარს, საქმის მასალები გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს (წერილი №----------).
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის №---------- წერილით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ წარდგენილი მასალების შესწავლის შედეგად არ დაწყებულა გამოძიება.
საქმის სრულყოფილად შესწავლის მიზნით 2024 წლის პირველ აპრილს საბაჟო დეპარტამენტის №---------- წერილით შპს „----------“ (ს/ნ ----------) გამოთხოვილ იქნა დამატებითი მტკიცებულებები (მიმღები კომპანიის „----------“ წერილი და მიმღები ქვეყნის (----------) საბაჟო დეკლარაცია), რაც შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი (წერილი №----------).
ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლითა და 176-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევების ჩადენას, შპს „----------“ მიერ სანებართვო პირობების დარღვევისთვის, გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 16 მაისს შედგენილი №EL250621 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით. ასევე იმავე დღეს შედგენილ იქნა №EL250611 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „----------“ შპს „----------“(ს/ნ ----------) ერთად სოლიდარულად №EL250616 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 61 351.96 ლარის (გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით.
ამასთანავე, 2024 წლის 16 მაისს გამოიცა №EL11111/45 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც შპს „----------“ იმპორტის გადასახდელის სახით დაერიცხა 61 351.96 ლარი (დღგ – 9802.95 ლარი; იმპორტის გადასახადი – 349 ლარი; აქციზის გადასახადი – 51 200 ლარი) და საურავი – 8729.32 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო ზედამხედველობა გულისხმობს საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, თუ ერთი საბაჟო ვალდებულების შესრულება რამდენიმე პირის მოვალეობაა, ისინი იმპორტის გადასახადის გადახდისთვის სოლიდარულად არიან პასუხისმგებელი.
ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „რ“ და „ქ“ პუნქტების მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია გამორიცხოს საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება და უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება.
ამავე დადგენილების მე-17 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის მფლობელი და საბაჟო საწყობის პროცედურის მფლობელი ვალდებული არიან:
ა) არ დაუშვან საბაჟო საწყობში მოთავსებული საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად;
ბ) შეასრულონ საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის დასაწყობებიდან გამომდინარე მოთხოვნები.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.
ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მე-5 ნაწილით, თუ სამართალდამრღვევი პირი ერთზე მეტია, მათ ამ კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა სოლიდარულად ეკისრებათ. მე7 ნაწილის მიხედვით კი, რამდენიმე საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას საბაჟო სანქცია თითოეული საბაჟო სამართალდარღვევისთვის ცალკე გამოიყენება. ამასთანავე, უფრო მკაცრი საბაჟო სანქცია არ შთანთქავს ნაკლებად მკაცრ საბაჟო სანქციას.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
ამავე საკანონმდებლო აქტის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია არ დაუშვას საბაჟო საწყობში მოთავსებული საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად და დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევას, რაც გამოიხატა საბაჟო საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევაში, ასევე საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევაში და ისეთ ქმედებაში, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა. აღნიშნული კი არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლისა (სოლიდარულად) და 176-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
რაც შეეხება სადავო საგადასახადო მოთხოვნის გამოცემას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.
რაც შეეხება მომჩივნის პრეტენზიას სანქციის სახით დარიცხული ჯარიმის ოდენობაზე (61 351.96 ლარი), საგულისხმოა რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში იმპორტის გადასახდელმა შეადგინა 61 351.96 ლარი და სწორედ აღნიშნული თანხა სოლიდარულად, შპს „----------“ ერთად, დაეკისრა საბაჟო სანქციის სახით.
სადავო აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევას, რაც გამოიხატა საბაჟო საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევაში, ასევე საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევაში და ისეთ ქმედებაში, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა. აღნიშნული კი არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 172; 176.