გადაწყვეტილება №24583/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24583/2/2025
07 მარტი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.01.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,-------”-ს 8.01.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24583/2/2025).
დავის საგანი:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა;
2. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაზრდა;
3. განკარგვადი ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
4. სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სხვაობის რეალიზებულად განხილვა, ასევე აღურიცხველ საქონელზე დაკისრებული ჯარიმის ოდენობა;
5. შეძენილ კომპიუტერულ მოწყობილობაზე (ფლეისთეიშენ 5) გაწეული ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა;
6. სალაროდან გატანილი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 8.10.2024 წლის №006-451 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 17.12.2024 წლის №26431 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 603 249,46 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 281 680
დღგ - 78 530
მოგების გადასახადი - 12 324
საშემოსავლო გადასახადი - 190 826
ჯარიმა - 258 657
საურავი - 62 912,46
პროცედურული გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა ადგილობრივ ბაზარზე საბითუმო ვაჭრობა ნავთობპროდუქტებით. კომპანიას ასევე უფიქსირდება აღნიშნული საქონლის იმპორტიც.
აუდიტის დეპარტამენტის 30.09.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.03.2024 წლამდე, ხოლო სმფ-ის ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 22.04.2024 წლის ჩათვლით პერიოდები. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 8.10.2024 წლის №006-451 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 17.12.2024 წლის №26431 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წარუდგინა არასრულყოფილი ბუღალტრული აღრიცხვა და სააღრიცხვო დოკუმენტაცია. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული მასალების, გამოკითხვის ოქმების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადამხდელის მიერ მოწოდებული ბუღალტრული აღრიცხვის და საგამოძიებო სამსახურიდან მოწოდებული მასალების შესწავლის შედეგად, გაიზარდა შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-8 მუხლის 22-ე ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად „კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება პირის საქმიანობის ადგილზე გაუსვლელად, საგადასახადო ორგანოში არსებული პირის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე გადასახადის გადამხდელისაგან მიღებული ახსნა-განმარტებისა და სააღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე.“ შესაბამისად, გაუგებარია საგამოძიებო სამსახურიდან მოწოდებული მასალები ამ მუხლით განსაზღვრულ, რომელ კრიტერიუმში ჯდება. ის არ წარმოადგენს საგადასახადო ორგანოში დაცულ ინფორმაციას, არც სააღრიცხვო დოკუმენტაცია და არც გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული ახსნა-განმარტება არ არის. ამასთან, ამ მასალებში რა დოკუმენტაცია არის მოცემული, გადასახადის გადამხდელისათვის უცნობია, ასევე უცნობია რის საფუძველზე, რა დარიცხვა განახორციელდა შემმოწმებლის მიერ, რატომ გაიზარდა დღგით დასაბეგრი ბრუნვა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა არასრულყოფილი ბუღალტრული აღრიცხვა და სააღრიცხვო დოკუმენტაცია. აღნიშნული დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემები არ ედრება მის დოკუმენტურ რეალიზაციას, რის საფუძველზეც შესამოწმებელ პერიოდზე გაიზარდა დღგით დასაბეგრი ბრუნვა.
მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე არსებით არგუმენტს/მტკიცებულებას, თუ რა ნაწილში განისაზღვრა მისი საგადასახადო ვალდებულებების არამართლზომიერად.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
2. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაზრდა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ბუღალტრული აღრიცხვა და საბანკო ამონაწერები. საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში წარმოდგენილი აქვს გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების ყოველთვიური დეკლარაციები. შემოწმებით დადგინდა, რომ ბუღალტრულ აღრიცხვაში და საბანკო ამონაწერებში გაცემული ხელფასები არ ემთხვევა გადამხდელის მიერ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში მითითებულ ინფორმაციას. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში მოცემული ინფორმაცია სრულად ედრება ბუღალტრულ აღრიცხვაში და საბანკო ამონაწერებში დაფიქსირებულ ხელფასის ოდენობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში წარმოდგენილი აქვს გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების ყოველთვიური დეკლარაციები, რომელშიც მითითებული ხელფასების ოდენობა არ ედრება ბუღალტრულ აღრიცხვასა და საბანკო ამონაწერებში გაცემული ხელფასების ოდენობას. აღნიშნულის გათვალისწინებით, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტზე, რომ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში მოცემული ინფორმაცია სრულად ედრება ბუღალტრულ აღრიცხვაში და საბანკო ამონაწერებში დაფიქსირებულ ხელფასის ოდენობას. თუმცა, საჩივარს არ ერთვის და მომჩივანს დავის განხილვის არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.
ამდენად, საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. განკარგვადი ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, ბუღალტრული პროგრამის და საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული გამოკითხვის ოქმების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ გადამხდელს შეძენილი აქვს ფიზიკური პირისგან (კომპანიის დირექტორი -------) საქონელი, რომლის ღირებულება ბუღალტრული ჩანაწერების მიხედვით სრულად არის დაფარული სალაროდან. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთი საქონელი (ნავთობის ბიტუმი გადამუშ. სხვა ნარჩენები) კომპანიას ფიზიკური პირისგან ნაყიდი აქვს 1 კილოგრამი 11.7 ლარად. იდენტური საქონელი სხვა პირებისგან შეძენილია 0.6 ლარად. ასევე, საწარმოს აღნიშნული პირისგან შეძენილი აქვს სხვა სასაქონლო-მატერიალური მარაგები. გამოკითხვის ოქმიდან ირკვევა, რომ ------- აღნიშნული რეალიზაცია არ განუხორციელებია.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის და სიტუაციური სახელმძღვანელოს №0256 შესაბამისად, მომჩივნის მიერ გაწეული ხარჯი გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. სალაროდან გაცემული თანხა შეძენილი საქონლის დაფიქსირებული მინიმალური ფასის გათვალისწინებით. მისი გატანის მომენტში განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ამასთან, ფულის ნაშთში გამოვლენილი სხვაობა (განკარგვადი თანხა) დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გამოკითხვის ოქმი არ წარმოადგენს სარწმუნო მტკიცებულებას. ამ დოკუმენტს ავტონომიური მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს (თუმცა არ აქვს) მხოლოდ სისხლის სამართლის პროცესისთვის, თანაც, მხოლოდ პროცესუალური უფლებათა რეალიზაციის ჭრილში, განსხვავებით კანონიერ ძალაში შესული განაჩენისაგან. აღნიშნული სისხლისსამართლებრივი პროცესუალური დოკუმენტი გამოკითხვის ოქმი) ცალკე აღებული ვერ გამოდგება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ და გადასახადის დარიცხვისთვის შესაბამის მტკიცებულებად. ამასთან, ------- მიერ იმიტომ ვერ მოხერხდა ამ რეალიზაციის გახსნება, რადგან იქ მითითებული იყო, რომ თითქოსდა ნაყიდი აქვს 1 კილოგრამი 11.7 ლარად, რაც აბსოლუტურად არარეალურია. აღნიშნული ფასი იყო შეცდომით დაფიქსირებული.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას, გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს; გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან შემოწმებისთვის მიწოდებულ იქნა სისხლის სამართლის საქმის მასალები, კერძოდ გამოკითხვის ოქმები. გადასახადის გადამხდელს შეძენილი აქვს საქონელი ფიზიკური პირისგან, კერძოდ, კომპანიის დირექტორ -------, რომლის ღირებულება ბუღალტრული ჩანაწერების მიხედვით სრულად დაფარული აქვს სალაროდან. გამოკითხვის ოქმიდან ირკვევა, რომ ------- აღნიშნული რეალიზაცია არ განუხორციელებია. შედეგად, გაწეული ხარჯი გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით, დაფიქსირებული მინიმალური ფასის გათვალისწინებით. სალაროდან გაცემული თანხა შეძენილი საქონლის მინიმალური ფასის გათვალისწინებით, მისი გატანის მომენტში განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ამასთან, ფულის ნაშთში გამოვლენილი განკარგვადი თანხა დაკვალიფიცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
მომჩივანს მიაჩნია, რომ გამოკითხვის ოქმი არ წარმოადგენს სარწმუნო მტკიცებულებას, რომელიც ცალკე აღებული ვერ გამოდგება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ და გადასახადის დარიცხვისთვის შესაბამის მტკიცებულებად. ამასთან, ------- მიერ განხორციელებული რეალიზაცია, 1 კილოგრამი 11.7 ლარად, აბსოლუტურად არარეალურია. აღნიშნული ფასი იყო შეცდომით დაფიქსირებული.
მომჩივანს არ წარმოუდგენია, რაიმე სახის მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და კომპანიის საგადასახადო ვალდებულების კორექტირების (შემცირების) საფუძველი გახდებოდა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
4. სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სხვაობის რეალიზებულად განხილვა, ასევე აღურიცხველ საქონელზე დაკისრებული ჯარიმის ოდენობა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 19.04.2024 წლის №9123 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის შედეგები აისახა 22.04.2024 წელს შედგენილ ოქმში, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდებოდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი. ინვენტარიზაციის შედეგები გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტს ექსპერტიზის ჩასატარებლად. ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნის შედეგად, საწარმოს სასაქონლომატერიალური ფასეულობები შეფასებულ იქნა 315 700 ლარად.
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით აღრიცხული საქონელი არ ედრება ბუღალტერიაში და პირველადი დოკუმენტაციით დადგენილ სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთს. სასაქონლო-მატერიალურ მარაგებში გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად, რამაც გაზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, ვინაიდან მიღებულ ფულადი შემოსავალი არ არის აღრიცხული ბუღალტრულად და შესაბამისად არ დასტურდება მისი ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ან სალაროში არსებობის ფაქტი, მიღებული შემოსავალი განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 19.04.2024 წლის №9123 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციის, ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნის, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლის შედეგად გადამხდელთან გამოვლენილ აღურიცხველ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებზე კომპანიას შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 286-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელი აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. წარდგენილი იყო სააღრიცხვო დოკუმენტაცია და ამასთან შესაძლებელიც იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. არც აქტში და არც შემდგომ გადაწყვეტილებებში არსად არ არის მითითებული არაპირდაპირ მეთოდის გამოყენების დასაბუთება. რის საფუძველზე, რა დარიცხვა განხორციელდა შემმოწმებლის მიერ.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა – იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიხედვით გადასახადის გადამხდელს უფიქსირდებოდა 315 700 ლარის ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი. ინვენტარიზაციით აღრიცხული საქონელი არ ედრება ბუღალტერიაში და პირველადი დოკუმენტაციით დადგენილ სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთს. შედეგად, სასაქონლო-მატერიალურ მარაგებში გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად, რამაც გაზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ხოლო, მიღებული შემოსავალი განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. ამასთან, აღურიცხველ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებზე, მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით.
მომჩივნის განმარტებით იგი აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. წარდგენილი იყო სააღრიცხვო დოკუმენტაცია და შესაბამისად შესაძლებელიც იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, მომჩივანს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოდან ინვენტარიზაციის თარიღამდე არ უფიქსირდება საქონლის შეძენა-რეალიზაცია.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები ამ ნაწილში განისაზღვრა მართლზომიერად და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. შეძენილ კომპიუტერულ მოწყობილობაზე (ფლეისთეიშენ 5) გაწეული ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების პროცესში გაირკვა, რომ გარკვეული მოცულობის საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული ხარჯი ეკონომიკურ საქმიანობასთან არ არის დაკავშირებული. კერძოდ, გადამხდელს კომპანია ალტასგან შეძენილი აქვს 69 840 ლარი ღირებულების კომპიუტერული მოწყობილობა (ფლეისთეიშენ 5). გადამხდელს ზემოაღნიშნულ ხარჯებთან დაკავშირებით დეკლარირება არ განუხორციელებია.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის და 982 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, აღნიშნული ხარჯები დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, მიღებული დღგ-ის ჩათვლა, დაექვემდებარა კორექტირებას. გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა ჩათვლილი დღგ-ის თანხა და დამატებით დაერიცხა დღგ. ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 174-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპიუტერული მოწყობილობას (ფლეისთეიშენ 5) შეძენილი იქნა სხვა სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად, როგორიც არის ინტერნეტ კაფე და რომლის განხორცილებასაც კომპანია აპირებს. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ერთი და იგივე კომპანიას შეუძლია განახორციელოს რამდენიმე ერთმანეთისგან რადიკალურად განსხავებული სამეწარმეო საქმიანობა და ამაში არავითარი კანონდარღვევა არ არის .გადასახადის გადამხდელის პირადი გვერდზე ფიქსირდება მხოლოდ და მხოლოდ ერთი ანგარიშ-ფაქტურა (თარიღი 9.01.2023) 708 ლარის ოდენობით, რომელიც შემდგომში გაუქმდა. შესაბამისად, გაურკევველია რომელი ოპერაციის გაუქმებასა თუ თანხის დაბეგვრაზე მიუთითებს შემმოწმებელი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.
დადგენილია, რომ მომჩივანს შეძენილი აქვს 69 840 ლარი ღირებულების კომპიუტერული მოწყობილობა (ფლეისთეიშენ 5), რომლის გამოყენება ეკონომიკურ საქმიანობაში არ დასტურდება.
მომჩივნის განმარტებით, კომპიუტერული მოწყობილობა შეძენილი იქნა სხვა სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად, როგორიც არის ინტერნეტ კაფე და რომლის განხორცილებასაც კომპანია აპირებს.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მომჩივანს სალაროდან გატანილი აქვს დაახლოებით 100 000 ლარი და შეძენილი აქვს ფლეისთეიშენები. ამასთან, ვერ წარადგინა დოკუმენტური მტკიცებულება თუ რისთვის სჭირდებოდა აღნიშნული ფლეისთეიშენები. შესაბამისად, ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი არ დგინდება. შემოწმებით, აღნიშნული ხარჯები დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო საგადასახადო ანგარიშფაქტურების საფუძველზე მიღებული დღგ-ის ჩათვლა დაექვემდებარა კორექტირებას და გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა დღგ. ამასთან, ინვენტარიზაციის შედეგად აღნიშნული ფლეისთეიშენები აღრიცხული არ არის.
ამგვარად, ვინაიდან კომპიუტერული მოწყობილობა (ფლეისთეიშენ 5), ინვენტარიზაციის შედეგად აღრიცხული არ არის, მომჩივნის არგუმენტი, რომ კომპიუტერული მოწყობილობა გამიზნული იყო ეკონომიკურ საქმიანობაში გამოსაყენებლად საფუძველს მოკლებულია.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა მართლზომიერად. შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
6. სალაროდან გატანილი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
ბუღალტრული აღრიცხვის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2023 წლის პირველ იანვარს ფიქსირდება საწარმოს სალაროდან ფულადი საშუალებების გატანა 35 100 ლარის ოდენობით, რომლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდება. ამასთან, აღნიშნულ თანხაზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა დაკორექტირდა და გაუქმდა, ხოლო ფულის დაბრუნება ბუღალტერიაში არ დგინდება. აღნიშნული თანხა მიჩნეულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. პირს, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელის პირადი გვერდზე ფიქსირდება მხოლოდ და მხოლოდ ერთი ანგარიშფაქტურა (თარიღი 09.01.2023) ისაც 708 ლარის ოდენობით, რომელიც შემდგომში გაუქმდა. შესაბამისად ჩვენთვის გაურკევველია რომელ ოპერაციის გაუქმებასა თუ თანხის დაბეგვრაზე მიუთითებს შემმოწმებელი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 1.01.2023 წელს ფიქსირდება საწარმოს სალაროდან ფულადი საშუალებების გატანა 35 100 ლარის ოდენობით, რომლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდება. ამასთან, აღნიშნულ თანხაზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა დაკორექტირდა და გაუქმდა, ხოლო ფულადი საშუალების უკან დაბრუნება ბუღალტერიაში არ დგინდება. ხოლო, მომჩივნის მხრიდან არ არის წარმოდგენილი დოკუმენტური მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა მართლზომიერად. შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება ამ ნაწილში მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა; 2. საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაზრდა; 3. განკარგვადი ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა; 4. სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სხვაობის რეალიზებულად განხილვა, ასევე აღურიცხველ საქონელზე დაკისრებული ჯარიმის ოდენობა; 5. შეძენილ კომპიუტერულ მოწყობილობაზე (ფლეისთეიშენ 5) გაწეული ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა; 6. სალაროდან გატანილი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
1. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წარუდგინა არასრულყოფილი ბუღალტრული აღრიცხვა და სააღრიცხვო დოკუმენტაცია. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული მასალების, გამოკითხვის ოქმების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადამხდელის მიერ მოწოდებული ბუღალტრული აღრიცხვის მასალების შესწავლის შედეგად, გაიზარდა შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
2. შემოწმებით დადგინდა, რომ ბუღალტრულ აღრიცხვაში და საბანკო ამონაწერებში გაცემული ხელფასები არ ემთხვევა გადამხდელის მიერ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში მითითებულ ინფორმაციას.
3. კომპანიას ფიზიკური პირისგან (კომპანიის დირექტორი) შეძენილი აქვს საქონელი - 1 კილოგრამი 11.7 ლარად. იდენტური საქონელი სხვა პირებისგან შეძენილია 0.6 ლარად. სალაროდან გაცემული თანხა, შეძენილი საქონლის დაფიქსირებული მინიმალური ფასის გათვალისწინებით, მისი გატანის მომენტში განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ამასთან, ფულის ნაშთში გამოვლენილი სხვაობა (განკარგვადი თანხა) დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
4. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულად, რამაც გაზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, მიღებული შემოსავალი განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
5. შემოწმების პროცესში გაირკვა, რომ გარკვეული მოცულობის საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული ხარჯი ეკონომიკურ საქმიანობასთან არ არის დაკავშირებული. აღნიშნული ხარჯები დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო მიღებული დღგ-ის ჩათვლა დაექვემდებარა კორექტირებას.
6. ბუღალტრული აღრიცხვის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ფიქსირდება საწარმოს სალაროდან ფულადი საშუალებების გატანა, რომლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდება. აღნიშნული თანხა მიჩნეულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.
გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ. მოგების და საშემოსავლო გადასახადები და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა მართლზომიერად. შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 982(1-ბ); 101; 154; 159; 163(1); 286(4);