ბრძანება N 17684

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 06.08.2025
№ დოკუმენტი 17684
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 17684

06 აგვისტო 2025

ბრძანება

შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“)

(ფაქტ. მის.:„-------“)

2022 წლის 1 აგვისტოს საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 10, 17 და 24 ივლისის სხდომებზე (ოქმები №54, №56 და №59) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) 2022 წლის 1 აგვისტოს №138268/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 24 დეკემბრის №081-389 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1.გადამხდელი არ ეთანხმება ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით საცხოვრებელი ბინების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის დღგ-ით დაბეგვრას. განმარტავს, რომ აქტების უზუსტობა ხელმძღვანლის ადგილზე არ ყოფნამ და შესაბამისად ინფორმაციის არ არსებობამ განაპირობა. აცხადებს, რომ შესამოწმებელ პერიოდზე გაკეთდა გაანგარიშებები, ცხრილები, მოწესრიგებულ იქნა ბუღალტერია და დაზუსტდა საგადასახადო ვალდებულებები. მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ნაწილში გასაჩივრებული აქტი არასწორია.

2. გადამხდელი აცხადებს, რომ შემოწმებით არ იქნა გათვალისწინებული დღგ-ის თანხის ჩათვლები, რაც სულ შეადგენს 204 329 ლარს. ბინების გასაყიდ ფასებთან და დღგ-ით დასაბეგრ შემოსავლებთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ეს იყო პირველი მშენებლობა, საქმიანობისთვის არ ჰქონდა თანხები და არ ჰყავდა კვალიფიციური სპეციალისტები. თანხების მოძიება/მოზიდვა ხდებოდა სხვადასხვა გზით, მათ შორის სახლის მშენებლობის საწყის ეტაპზე ხდებოდა ბინების გაყიდვა შეღავათიან ფასში. ამას დაემატა საკურსო სხვაობები, საქონელზე ფასის ზრდა. აღნიშნავს, რომ ბინებზე ფასნამატი არ იყო მაღალი, ეს არ იყო პრემიუმ კლასის სახლი. საშუალოდ ბინების (1 კვ.მ) გასაყიდი ფასი დღგ-ის ჩათვლით შეადგენდა 500- 550 ლარს. გადამხდელი განმარტავს, რომ 2016 - 2019 წლებში ბინების რეალიზაციიდან გადასახდელი დღგ სულ ჯამში შეადგენს 460 209 ლარს. კომპანიის მიერ დეკლარირებულ ვალდებულებასა და დამუშავებულ ბუღალტერიას შორის ბიუჯეტის კუთვნილი გადასახდელი დღგ ბინების რეალიზაციიდან და მიღებული/მისაღები ჩათვლებიდან გამომდინარე შეადგენს 87 784 ლარს. მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ნაწილში გასაჩივრებული აქტი არასწორია.

3. გადამხდელი აცხადებს, რომ შემოწმების მიერ დადგენილი განკარგვადი თანხის ნაწილი - 1 485 000 ლარი არის დამფუძნებლის ფულადი შენატანი საწარმოს საწესდებო კაპიტალში. მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხით უნდა შემცირებულიყო საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი. განმარტავს, რომ კომპანიის პარტნიორის მიერ საწარმოს საწესდებო კაპიტალში 2016 წლიდან 2019 წლის ჩათვლით შეტანილია თანხები, ხოლო 2019 წლის მაისიდან 2019 წლის დეკემბრის ბოლომდე კომპანიის დამფუძნებელის მიერ საწესდებო კაპიტალიდან გატანილია (დაბრუნებულია) თანხა - 1 485 000 ლარი. გადამხდელი აღნიშნავს, რომ კომპანიის საქმიანობის განხორციელება ხდებოდა პარტნიორის ფულადი შენატანებით, რაც ასახულია გადამხდელის ბუღალტერიაში. მიუთითებს, რომ სულ 2016 წლიდან 2019 წლის ჩათვლით ანგარიშვალდებული პირების მიერ განხორციელებული შენატანები შეადგენს 2 831 091,63 ლარს, ხოლო დამფუძნებლის და ანგარიშვალდებული პირების მიერ განხორციელებული შენატანები - 4 316 091,63 ლარს. აღნიშნული თანხების გადინება კომპანიის სალაროდან მოხდა მომწოდებლების, დამფუძნებლის და სხვადასხვა სახის ვალდებულებების დაფარვის მიზნით. გარდა ამისა, 2019 წლის დეკემბრის თვეში კომპანიამ განახორციელა დამფუძნებელზე დივიდენდის გაცემა 1 045 247 ლარის ოდენობით. გადამხდელის გაანგარიშებით, კომპანიის ბინების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს 2 574 309,27 ლარს, ხოლო თვითღირებულება 1 228 726,77 ლარს, მათ შორის სხვაობა შეადგენს 1 345 582,50 ლარს. გამოსაქვითი ხარჯები 2016-2019 წლებში შეადგენს 51 158,47 ლარს. მიღებული დასაბეგრი მოგება 2019 წლის ბოლოსთვის შეადგენს 1 294 424,03 ლარს, რომელიც კომპანიამ დამფუძნებელზე გასცა 2019 წლის დეკემბერში.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 16 აპრილის №11369 და 21 აპრილის №12050 ბრძანებების საფუძველზე შპს „--------“-ის (ს/ნ „-------“) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის 1 ოქტომბრიდან 2021 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 21 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 24 დეკემბრის №40669 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №081-389 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 1 467 506 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 800 515 ლარი, ჯარიმა 400 258 ლარი და საურავი 266 733 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2022 წლის 13 სექტემბრის №23580 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2022 წლის 27 ოქტომბრის №17906/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 13 სექტემბრის №23580 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 27 ოქტომბრის №17906/2/2022 გადაწყვეტილება გაასაჩივრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 მარტის №3/161-23 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:

„1. შპს „-------“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 13 სექტემბრის №23580.

3. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 27 ოქტომბრის №17906/2/2022 გადაწყვეტილება.

4. დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტზე (სააღრიცხვო №3665/2) 21/12/2021, ბრძანებაზე №40669 24/12/2021, საგადასახადო მოთხოვნაზე №081-389 24/12/2021, შპს „--------“-ის (ს/კ „-------“) საჩივრის არსებითი განხილვა“.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 8 მაისის №ბს-1291(2კ-24) განჩინებით შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 30 სექტმებრის №3/ბ-315-24წ. განჩინება. აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 მარტის №3/161-23 გადაწყვეტილება.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

1. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. შემოწმების პროცესში, ორჯერ იქნა გაგზავნილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად წერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის გამოთხოვაზე, წერილი გადამხდელს არ ჩაბარდა და ორჯერ დაბრუნდა უკან. შემოწმების პროცესში გავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ საცხოვრებელი ბინების მყიდველებთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები. ხელშეკრულებების მიხედვით, საცხოვრებელი ბინების რეალიზაციიდან გადამხდელს ჯამურად უფიქსირდება იმაზე მეტი შემოსავალი, ვიდრე დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციების მიხედვით აქვს დეკლარირებული. შემოწმების მიერ გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მიხედვით დამატებული ღირებულების გადასახადით.

2. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს რეალიზებული აქვს საცხოვრებელი ფართები ნასყიდობა გამოსყიდვის უფლების ხელშეკრულებებით, ხელშეკრულებები დადებულია პირობა შემდგომში გამოსყიდვის უფლებით, საჯარო რეესტრის მონაცემებით დადგინდა, რომ კომპანიის მიერ უკან გამოსყიდვა არ მომხდარა და საცხოვრებელი ბინები საბოლოოდ გადავიდა კლიენტების (მომავალი მყიდველების) საკუთრებაში. „ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით“ ხელშეკრულებაში დაფიქსირებულია კლიენტის მიერ პირველად გადასახდელი თანხა და გამოსყიდვის ვადა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლით გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ კლიენტებს ბინის შეძენისას ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ბინის ფასთან შედარებით გაცილებით მეტი თანხა აქვთ გადახდილი ნაღდი ანგარიშსწორებით. საბანკო ამონაწერის (საბანკო ამონაწერი გამოთხოვილ იქნა სასამართლოს დადგენილების საფუძველზე) შესწავლით დადგინდა, რომ გადამხდელს მთლიანი დეკლარირებული შემოსავლის მხოლოდ 5% აქვს უნაღდო ანგარიშსწორებით მიღებული. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, შემოწმების მიმდინარეობისას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად ორჯერ იქნა გაგზავნილი წერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის გამოთხოვაზე, წერილი გადამხდელს არ ჩაბარდა და ორჯერ დაბრუნდა უკან. გადამხდელს არ გააჩნია სამეურნეო ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვა. გადამხდელს არ აქვს გადახდილი წინა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული გადასახადები. შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლი. შემოწმებით „უკან გამოსყიდვის უფლებით“ დადებულ ხელშეკრულებებში კომპანიის მიერ 1 კვ/მ საცხოვრებელი ფართი ჩაითვალა საშუალო საბაზრო ფასად რეალიზებულად (1 კვ/მ 720 ლარი) დაანგარიშდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრი შემოსავლები.

3. შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისათვის გამოყენებულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლი. შემოწმების მიერ დადგენილ შემოსავალს დააკლდა ხარჯები, რაც დოკუმენტების მიხედვით იქნა გაწეული ეკონომიკური საქმიანობის პროცესში. დარჩენილი თანხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით მიჩნეულ იქნა კომპანიის დირექტორებზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახდით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა შემოსავლების სამსახურში ჩანიშნული იყო 2025 წლის 10 და 17 ივლისს გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა გადამხდელმა 2025 წლის 10 ივლისის №568838 (რეგ. №108744/21) და 2025 წლის 16 ივლისის №111921/21 განცხადებებით ითხოვა საჩივრის განხილვის გადადება. ამასთან, ხელახლა საჩივრის განხილვა შემოსავლების სამსახურში ჩაინიშნა 2025 წლის 24 ივლისს 15:45 საათზე გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია საჩივრის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ამავე მუხლი მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელს ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით, საცხოვრებელი ბინების რეალიზაციიდან ჯამურად უფიქსირდება იმაზე მეტი შემოსავალი, ვიდრე დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციების მიხედვით აქვს დეკლარირებული. შემოწმების მიერ გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ამავე მუხლი მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ- ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტების მიხედვით, ჩათვლის დოკუმენტებია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და საბაჟო დეკლარაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა, რომლის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადამხდელს რეალიზებული აქვს საცხოვრებელი ფართები ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულებებით, სადაც დაფიქსირებულია კლიენტის მიერ პირველად გადასახდელი თანხა და გამოსყიდვის ვადა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის მიერ ფართების უკან გამოსყიდვა არ მომხდარა და საცხოვრებელი ბინები საბოლოოდ გადავიდა კლიენტების (მომავალი მყიდველების) საკუთრებაში. შემოწმებით დადგინდა, რომ კლიენტებს ბინის შეძენისას ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ბინის ფასთან შედარებით გაცილებით მეტი თანხა აქვთ გადახდილი ნაღდი ანგარიშსწორებით. საბანკო ამონაწერის მიხედვით, გადამხდელს მთლიანი დეკლარირებული შემოსავლის მხოლოდ 5% აქვს უნაღდო ანგარიშსწორებით მიღებული. შემოწმებით უკან გამოსყიდვის უფლებით დადებულ ხელშეკრულებებში კომპანიის მიერ 1 კვ/მ საცხოვრებელი ფართი ჩაითვალა საშუალო საბაზრო ფასად რეალიზებულად.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტთან დაკავშირებით, რომლითაც გადამხდელი აცხადებს, რომ შემოწმებით არ იქნა გათვალისწინებული დღგ-ის თანხის ჩათვლა, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების პროცესში გათვალისწინებულ იქნა ყველა მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად ჩასათვლელი დღგ-ის თანხა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, კომპანიის პარტნიორის მიერ საწარმოს საწესდებო კაპიტალში 2016 წლიდან 2019 წლის ჩათვლით პერიოდში შეტანილია თანხები, ხოლო 2019 წლის მაისიდან 2019 წლის დეკემბრის ბოლომდე კომპანიის დამფუძნებელის მიერ საწესდებო კაპიტალიდან გატანილია (დაბრუნებულია) თანხა 1 485 000 ლარის ოდენობით. აღნიშნავს, რომ კომპანიის საქმიანობის განხორციელება ხდებოდა პარტნიორის ფულადი შენატანებით, რაც ასახულია გადამხდელის ბუღალტერიაში. ასევე აღნიშნავს, რომ თანხების გადინება კომპანიის სალაროდან მოხდა მომწოდებლების, დამფუძნებლის და სხვადასხვა სახის ვალდებულებების დაფარვის მიზნით. გადამხდელის გაანგარიშებით, ბინების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს 2 574 309,27 ლარს, ხოლო თვითღირებულება 1 228 726,77 ლარს. გამოსაქვითი ხარჯები 2016-2019 წლებში შეადგენს 51 158,47 ლარს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კაპიტალის შესახებ საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ასევე ხარჯის დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------“-ის (ს/ნ „-------“) საჩივრი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კაპიტალის შესახებ საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ასევე ხარჯის დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადამხდელი არ ეთანხმება ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით საცხოვრებელი ბინების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის დღგ-ით დაბეგვრას.

2. გადამხდელი აცხადებს, რომ შემოწმებით არ იქნა გათვალისწინებული დღგ-ის თანხის ჩათვლები.

3. გადამხდელი აცხადებს, რომ შემოწმების მიერ დადგენილი განკარგვადი თანხის ნაწილი - 1 485 000 ლარი არის დამფუძნებლის ფულადი შენატანი საწარმოს საწესდებო კაპიტალში. მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხით უნდა შემცირებულიყო საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი. განმარტავს, რომ კომპანიის პარტნიორის მიერ საწარმოს საწესდებო კაპიტალში 2016 წლიდან 2019 წლის ჩათვლით შეტანილია თანხები, ხოლო 2019 წლის მაისიდან 2019 წლის დეკემბრის ბოლომდე კომპანიის დამფუძნებელის მიერ საწესდებო კაპიტალიდან გატანილია თანხა - 1 485 000 ლარი. გადამხდელი აღნიშნავს, რომ კომპანიის საქმიანობის განხორციელება ხდებოდა პარტნიორის ფულადი შენატანებით, რაც ასახულია გადამხდელის ბუღალტერიაში.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.შემოწმების პროცესში გავლილ იქნა გადამხდელის მიერ საცხოვრებელი ბინების მყიდველებთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები. ხელშეკრულებების მიხედვით, საცხოვრებელი ბინების რეალიზაციიდან გადამხდელს ჯამურად უფიქსირდება იმაზე მეტი შემოსავალი, ვიდრე დღგ-ს დეკლარაციების მიხედვით აქვს დეკლარირებული. შემოწმების მიერ გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა სსკ-ის 161-ე მუხლის მიხედვით დამატებული ღირებულების გადასახადით.

2.შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს რეალიზებული აქვს საცხოვრებელი ფართები ნასყიდობა გამოსყიდვის უფლების ხელშეკრულებებით, ხელშეკრულებები დადებულია პირობა შემდგომში გამოსყიდვის უფლებით, საჯარო რეესტრის მონაცემებით დადგინდა, რომ კომპანიის მიერ უკან გამოსყიდვა არ მომხდარა და საცხოვრებელი ბინები საბოლოოდ გადავიდა კლიენტების საკუთრებაში.კლიენტებს ბინის შეძენისას ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ბინის ფასთან შედარებით გაცილებით მეტი თანხა აქვთ გადახდილი ნაღდი ანგარიშსწორებით. საბანკო ამონაწერის შესწავლით დადგინდა, რომ გადამხდელს მთლიანი დეკლარირებული შემოსავლის მხოლოდ 5% აქვს უნაღდო ანგარიშსწორებით მიღებული. სსკ-ის 70-ე მუხლის თანახმად ორჯერ იქნა გაგზავნილი წერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის გამოთხოვაზე, წერილი გადამხდელს არ ჩაბარდა და ორჯერ დაბრუნდა უკან.გადამხდელს არ აქვს გადახდილი წინა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული გადასახადები.შემოწმებით „უკან გამოსყიდვის უფლებით“ დადებულ ხელშეკრულებებში კომპანიის მიერ 1 კვ/მ საცხოვრებელი ფართი ჩაითვალა საშუალო საბაზრო ფასად რეალიზებულად დაანგარიშდა სსკ-ის 161-ე მუხლის შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრი შემოსავლები.

3.შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისათვის გამოყენებულ იქნა სსკ-ის 73-ე მუხლი. შემოწმების მიერ დადგენილ შემოსავალს დააკლდა ხარჯები, რაც დოკუმენტების მიხედვით იქნა გაწეული ეკონომიკური საქმიანობის პროცესში. დარჩენილი თანხა სსკ-ის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით მიჩნეულ იქნა კომპანიის დირექტორებზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახდით.

 

გადაწყვეტილება

1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

3.შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კაპიტალის შესახებ საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ასევე ხარჯის დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

73(5),101,154,160,161,173.