N 23070 - 29/10/2024 - დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 29.10.2024
№ დოკუმენტი 23070
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება N 23070

29 ოქტომბერი 2024

დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. „დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 17 მარტის N7536 ბრძანებაში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

ა) ბრძანების №9 დანართის მეორე ნაწილს დაემატოს მაგალითი №7:

მაგალითი №7 - ,,ლიზინგის საგნის გამცემი მხარის ჩანაცვლება“.

2. 2021 წლის 17 მარტის № 7536 ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დანართი №1- „დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია/რეგისტრაციის გაუქმება“;

ნაწილი №1 - სავალდებულო რეგისტრაციის 100 000 ლარიანი ზღვარის გადაჭარბების შემთხვევა;

მაგალითი №1 -,,სავალდებულო რეგისტრაცია’’

მაგალითი №2 - ,,დღგ-ის რეგისტრაციის ვალდებულება ვაუჩერების შემთხვევაში’’;

მაგალითი №3 - ,,დღგ-ის რეგისტრაციის ვალდებულება ვაუჩერების შემთხვევაში“;

მაგალითი №4 - ,,ავანსად ჩარიცხული თანხები“;

მაგალითი №5 - ,,ავანსად ჩარიცხული თანხები“;

მაგალითი №6 - ,,სავალდებულო რეგისტრაციის ზღვარის განსაზღვრა“;

მაგალითი №7 -,,სავალდებულო რეგისტრაციის 100’000 ლარიანი ზღვარის გადაჭარბების შემთხვევა“;

მაგალითი №8 - ,,100,000 ლარიანი ბრუნვის განსაზღვრა“;

მაგალითი №9 - ,,უცხოელი დასაბეგრი პირის რეგისტრაციის ვალდებულება“;

მაგალითი №10 -,,პირთა ჯგუფისათვის მომსახურების გაწევისას დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაცია“.

ნაწილი №2 – ,,აქციზური საქონლის წარმოების შემთხვევა’’.

მაგალითი №10 - ,,აქციზური საქონლის წარმოება“;

მაგალითი №11- ,,აქციზური საქონლის წარმოება“;

ნაწილი №3- ,,რეორგანიზაციის შემთხვევა’’.

მაგალითი №12 - „რეორგანიზაცია“;

მაგალითი №13 - ,,რეორგანიზაცია“;

მაგალითი №14 - ,,რეორგანიზაცია’’;

მაგალითი №15 - ,,რეორგანიზაცია”.

ნაწილი №4 – „საქონლის/მომსახურების კაპიტალში შეტანის შემთხვევა“;

მაგალითი №16- ,,აქტივების კაპიტალში შეტანა”.

ნაწილი №5 - ,,ფიქსირებული დაწესებულების შემთხვევა“;

მაგალითი №17 - ,,ფიქსირებული დაწესებულება”.

ნაწილი №6 - ,,გარდაცვლილი პირის საქმიანობის გაგრძელების შემთხვევა“;

მაგალითი №18 - ,,გარდაცვლილი პირის საქმიანობის გაგრძელება”.

ნაწილი №7 - ,,დღგ-ის გადამხდელად ნებაყოფლობითი რეგისტრაცია

მაგალითი №19 – ,,ნებაყოფლობითი რეგისტრაცია’’.

ნაწილი №8 - ,,დღგ-ის გადამხდელის რეგისტრაციის გაუქმება“.

მაგალითი №20 - ,,ნებაყოფლობითი რეგისტრაცია”.

 

ბ) დანართი №2-„ოპერაციები, რომლებიც არ განიხილება საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად“;

ნაწილი №1 - ,,ყველა აქტივის ან დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის მიწოდება“.

მაგალითი №1 - ,,ბიზნესის მიწოდება“;

მაგალითი №2 - ,,ბიზნესის მიწოდება“;

მაგალითი №3 - ,,ბიზნესის მიწოდება“;

მაგალითი №4 - ,,ბიზნესის მიწოდება“;

მაგალითი №5 - ,,ბიზნესის მიწოდება“;

მაგალითი №6 - ,,ბიზნესის მიწოდება“;

მაგალითი №7 - ,,ბიზნესის მიწოდება“.

ნაწილი №2 - ,,კაპიტალში აქტივების შეტანა’’.

მაგალითი №8 - ,,უფლებამონაცვლე“;

მაგალითი №9 - ,,უფლებამონაცვლე“.

 

გ) დანართი №3 -„ვაუჩერების მეშვეობით განხორციელებული ოპერაციები“;

ნაწილი №1 -,,ერთჯერადი ვაუჩერები“.

მაგალითი№1 - ,,ერთჯერადი ვაუჩერი“;

მაგალითი №2 - ,,ერთჯერადი ვაუჩერი“;

მაგალითი №3 - ,,ერთჯერადი ვაუჩერი“;

მაგალითი №4 - ,,ერთჯერადი ვაუჩერი“;

მაგალითი №5 - ,,ერთჯერადი ვაუჩერი“.

მაგალითი №6 - "საკუთარი სახელით მოქმედი დასაბეგრი პირის - აგენტის მიერ გამოცემული ერთჯერადი ვაუჩერი“.

ნაწილი №2 -,,მრავალჯერადი ვაუჩერი“.

მაგალითი №1- ,,საკუთარი სახელით მოქმედი დასაბეგრი პირის - აგენტის მიერ გამოცემული ვაუჩერი“.

 

დ) დანართი №4- „დასაბეგრი პირები“;

მაგალითი№1 -,,დასაბეგრი პირი“.

მაგალითი№2 - ,,ოპეთეკარები“;

მაგალითი №3 -,,ფიქსირებული დაწესებულება“.

მაგალითი №4 -,, ფიზიკური პირის მიერ უძრავი ქონების მიწოდების დღგ-ით დაბეგვრა’’

 

ე) დანართი N5 -დღგ-ის ჩათვლა“;

მაგალითი №1- ,,საერთო ბრუნვის განსაზღვრა“;

მაგალითი №2- ,,პროპორციული ჩათვლა“;

მაგალითი№ 3 - ,,პროპორციული ჩათვლა“;

მაგალითი№ 4 - ,,ძირითადი საშუალების პროპორციული ჩათვლა“;

მაგალითი №5 - "დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემთხვევაში ძირითადი საშუალების ჩათვლა";

მაგალითი №6 - "დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემთხვევაში ძირითადი საშუალების ჩათვლა";

მაგალითი №7 - "დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემთხვევაში ძირითადი საშუალების ჩათვლა";

მაგალითი № 8 - ,,ძირითადი საშუალების მიწოდების შემთხვევაში ჩათვლის მიღების წესი“;

მაგალითი №9 - ,,ჩათვლა ნაშთად არსებულ მარაგებზე“;

მაგალითი №10 - ,,ჩათვლის შეზღუდვა ნაშთად არსებულ მარაგებზე“.

მაგალითი №11 - ,,დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემთხვევაში, საკუთარი წარმოების ძირითად საშუალებაზე დღგ-ის ჩათვლა“.

მაგალითი №12 -,,ავანსის ჩათვლა ძირითადი საშუალების შეძენისას’’;

 

ვ) დანართი №6 -„მომსახურების გაწევის ადგილი“;

ნაწილი №1 – ,,ზოგადი ნაწილი“.

მაგალითი №1 - "მომსახურების გაწევის ადგილი - საშუამავლო მომსახურება / მომსახურების გადაყიდვა B2B";

ნაწილი №2 - ,,საშუამავლო მომსახურების გაწევა არადასაბეგრ პირზე“.

მაგალითი №1 - ,,შუამავლები B2C”;

ნაწილი №3 - ,,უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა“.

მაგალითი №1 - ,,დასაწყობების და შენახვის მომსახურება”;

ნაწილი №4 - ,,ღონისძიებაზე დასწრებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა“.

მაგალითი №1 - ,,სემინარის ჩატარება’’.

 

ზ) დანართი №7 - ,,სპეციალური სქემები“;

მაგალითი № 1- ,, მეორადი ნივთები - არადასაბეგრი პირისგან შეძენა”;

მაგალითი №2 - "მეორადი ნივთები - დასაბეგრი პირისგან გათავისუფლებული ოპერაციის ფარგლებში შეძენა".

 

თ) დანართი №8 -,,მომსახურების გაწევა“;

მაგალითი № 1 - ,,მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით”.

მაგალითი № 2 - ,, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით ფინანსური აქტივის (წილის) რეალიზაცია აუქციონის წესით’’

 

ი) დანართი №9 -,,საქონლის მიწოდება“.

ნაწილი №1 – ,,ზოგადი ნაწილი“.

მაგალითი № 1 - ,,ბონუსის დაბეგვრა”.

მაგალითი № 2 - ,, ,,მშენებარე საცხოვრებელი ფართის გადაყიდვისას დღგ-ს ნაწილში შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებები’’.

მაგალითი № 3 -,,საგარანტიო ვალდებულება’’.

ნაწილი №2– ,,საქონლის ფაქტობრივი გადაცემა იჯარის, ლიზინგის ან მსგავსი ხელშეკრულებით, გამოსყიდვის პირობით’’.

მაგალითი № 1 - ,,უცხოურ ვალუტაში განხორციელებული ოპერაციის შემთხვევაში ლიზინგის სარგებლის და დასაბეგრი თანხის განსაზღვრა’’;

მაგალითი № 2 -,,უცხოურ ვალუტაში გადახდილი ავანსის შემთხვევაში დასაბეგრი თანხის განსაზღვრა’’;

მაგალითი № 3 -,,ლიზინგის ხელშეკრულების შეწყვეტა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო’’

მაგალითი № 4 -,,გამოსყიდვის პირობა’’;

მაგალითი № 5 -,,სადაზღვევო შემთხვევა’’;

მაგალითი № 6 - ,,ლიზინგის საგნის მიმღები მხარის ჩანაცვლება’’

მაგალითი №7 - ,,ლიზინგის საგნის გამცემი მხარის ჩანაცვლება“.

 

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

ლევან კაკავა

სამსახურის უფროსი

 

დანართი №09

საქონლის მიწოდება

 

ნაწილი №1 - ზოგადი ნაწილი

შესავალი

 

საქონლის მიწოდების ცნება, ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად განხილული ცალკეული ოპერაციები, და ოპერაციები, რომლებიც არ განიხილება ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად, განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლით.

 

მაგალითი 1. (ბონუსების დაბეგვრა)

პირობა

შეთანხმების თანახმად მიმწოდებელი დასაბეგრი პირი „A“ (საბითუმო მიმწოდებელი) მიწოდებულ დღგ-ის 18%-ით დასაბეგრ პროდუქციაზე მყიდველ ასევე დასაბეგრ პირ „B“-ს (დისტრიბუტორი) სთავაზობს 20%-იან ფასდაკლებას, თუ B-ს მხრიდან ამ პროდუქციის შემდგომი რეალიზაციის მაჩვენებელი მიაღწევს გარკვეულ რაოდენობას, ან თუ B-ს მხრიდან განხორციელდება სხვადასხვა აქტივობები (მაგ. A-ს პროდუქციის თვალსაჩინო ადგილას განთავსება და ა.შ.) A-ს პროდუქციის რეალიზაციის წახალისების მიზნით.

A-ს მიერ B-ზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა 118’000 ლარზე, ხოლო თუ B - დააკმაყოფილებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფასდაკლების პირობებს:

ფასდაკლებულ თანხას 23’600 ლარს A „ბონუსის სახით“ ურიცხავს B-ს ანგარიშზე, ან აღნიშნული თანხით იმცირებს მოთხოვნას B-ს მიმართ;

 

ვარიანტი I: A - ს მიერ ფასდაკლებულ თანხასთან მიმართებაში გამოიწერება კორექტირების ანგარიშ-ფაქტურები და შესაბამისად ბონუსის ანაზღაურების ან მოთხოვნის შემცირების საანგარიშო პერიოდში/პერიოდებში 20’000 ლარით შემცირებულია დასაბეგრი ოპერაციის თანხა, შესაბამისად Bსთვის 3’600 ლარით - ჩასათვლელი დღგ-ის თანხა.

 

ვარიანტი II: მხარეების მიერ B-ს აქტივობები - პროდუქციის რეალიზაციის გაზრდის მიზნით კვალიფიცირებულია მომსახურების გაწევად A-ს მიმართ და ბონუსის თანხის ანაზღაურების ან მოთხოვნის შემცირების საანგარიშო პერიოდში/პერიოდებში B-ს მიერ A-ს მიმართ გამოწერილია მომსახურების გაწევის დამადასტურებლად ანგარიშ-ფაქტურა, რომლის საფუძველზე დასაბეგრი ოპერაციის თანხა შეადგენს 20’000 ლარს, ხოლო დარიცხული დღგ-ის თანხა 3’600 ლარს.

 

შეფასება

სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის გ) ქვეპუნქტის მიხედვით საქონლის მიწოდებად განიხილება საქონლის გადაცემა ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის მიხედვით საკომისიო ანაზღაურება ხორციელდება საქონლის შეძენის ან გაყიდვის შემთხვევაში.

სსკ-ის 1601 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საკუთარი სახელით მოქმედ დასაბეგრ პირზე ანაზღაურების სანაცვლოდ რეალიზაციის მიზნით საქონლის გადაცემა, მიუხედავად იმისა ამ პირზე გადადის თუ არა ამ საქონლის საკუთრების უფლება, განიხილება საქონლის მიწოდებად და არა საქონლის მიმღების მიერ მიმწოდებლისთვის მომსახურების გაწევად, შესაბამისად მოცემულ შემთხვევაში, B-ს მიერ მიღებული საქონლის რეალიზაციის მიზნით განხორციელებული ქმედებები წარმოადგენს A-ს მიერ B-სთვის საქონლის მიწოდების ოპერაციის შემადგენელ ნაწილს და შესაბამისად თუ ამ ქმედებისათვის A ანაზღაურებს თანხას, ან იმცირებს მოთხოვნას, აღნიშნული წარმოადგენს ანაზღაურების შემცირებით გამოწვეულ კორექტირების გარემოებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

პირველ ვარიანტში მხარეების ქმედება მართლზომიერია; მეორე ვარიანტში, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს კორექტირების გარემოება შეფასებული აქვთ ანაზღაურების სანაცვლოდ გაწეულ მომსახურების ოპერაციად, იმის გათვალისწინებით, რომ განხორციელებული საქონლის მიწოდების ოპერაცია სრულად იბეგრება დღგ-ით და ასევე მხარეების მიერ მომსახურების გაწევაც წარმოადგენს დღგ-ის 18%-ით დასაბეგრ ოპერაციას, აღნიშნული ოპერაციის მომსახურების გაწევად დაკვალიფიცირება, პირველ ვარიანტთან შედარებით არ ცვლის მხარეების საგადასახადო ვალდებულებას, შესაბამისად სსკ-ის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით ოპერაცია გადაკვალიფიცირებას არ ექვემდებარება.

 

მაგალითი N2 (მშენებარე საცხოვრებელი ფართის გადაყიდვისას დღგ-ს ნაწილში შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებები).

ფაქტობრივი გარემოება

დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულმა სამშენებლო კომპანიამ „A“ საწარმოსთან (მყიდველთან) გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება საცხოვრებელ ბინაზე. საცხოვრებელი ბინა „A“ საწარმოს უნდა ჩააბაროს ექსპლუატაციაში შესვლის მდგომარეობაში, რომლის ღირებულება დღგ-ის ჩათვლით 118 000 ლარია.

2022 წლის 8 თებერვალს მშენებარე საცხოვრებელ ბინაზე „A“ საწარმოს საკუთრების უფლება რეგისტრირებულ იქნა მარეგისტრირებელ ორგანოში.

„A“ საწარმოს მიერ, საცხოვრებელი ბინის (მშენებარე) ღირებულების ნაწილი 70 800 ლარი ავანსის სახით (ღირებულების 60%), ანაზღაურებულ იქნა იმავე (თებერვლის) თვეში. დარჩენილი ნაწილის (47 200 ლარის) გადახდა უნდა განხორციელდეს ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ.

2023 წლის სექტემბრის თვეში საცხოვრებელი ბინა (მშენებარე) „A“ საწარმოს მიერ გაიყიდა „B“ საწარმოზე 147 500 ლარად, მ.შ დღგ-22 500 ლარი. ამასთან, სამშენებლო კომპანიისათვის კონტრაქტით გათვალისწინებული დარჩენილი თანხის - 47 200 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა „B“ საწარმოს. შესაბამისად, „A“ საწარმომ „B“ საწარმოსაგან მიიღო 100 300 ლარი (147 500 ლარი – 47 200 ლარი). საცხოვრებელ ბინაზე (მშენებარე) საწარმოს საკუთრების უფლება რეგისტრირებულ იქნა მარეგისტრირებელ ორგანოში.

2023 წლის დეკემბერში საცხოვრებელი ბინა შევიდა ექსპლუატაციაში და შეთანხმებისამებრ „B“ საწარმოს მიერ დაიფარა „A“ საწარმოს სამშენებლო კომპანიის მიმართ არსებული ვალდებულების დარჩენილი თანხა - 47 200 ლარი.

 

მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმები:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის:

- 160-ე მუხლის:

პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.

მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ უძრავი ნივთის შემძენზე საკუთრების უფლება მარეგისტრირებელ ორგანოში მშენებარე ობიექტზე დარეგისტრირდა, ამ ნივთის მიწოდებასთან დაკავშირებით მისი მიმწოდებლის მიერ გაწეული სამშენებლო, სამონტაჟო ან/და სარემონტო მომსახურება უძრავი ნივთის მიწოდების ნაწილად განიხილება.

-163-ე მუხლის:

პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მე-6 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში.

 

შეფასება:

2022 წლის თებერვალში - სამშენებლო კომპანიის მიერ საცხოვრებელი ბინის (მშენებარე) საკუთრების უფლების გადაცემის (საჯარო რეესტრში რეგისტრაცია) საანგარიშო პერიოდში:

- სამშენებლო კომპანიის მიერ დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა საცხოვრებელი ბინის (მშენებარე) ღირებულების ანაზღაურებული ნაწილი - 60 000 ლარი (დღგ-ის გარეშე), შესაბამისად, აღნიშნულ მიწოდებაზე მას უფლება აქვს გამოწეროს ავანსის საფ-ი დღგ-ის თანხით - 10 800 ლარი.

- „A“ საწარმოს უფლება აქვს დადგენილი წესით ჩაითვალოს სამშენებლო კომპანიის მიერ გამოწერილი ავანსის საფ-ით კუთვნილი დღგ - 10 800 ლარი.

 

2023 წლის სექტემბერში - „B“ საწარმოსათვის საცხოვრებელი ბინის (მშენებარე) საკუთრების უფლების გადაცემის (საჯარო რეესტრში რეგისტრაცია) საანგარიშო პერიოდში: - „A“ საწარმოს მიერ დღგ-ით დაბეგვრას ექვემდებარება „B“ საწარმოსათვის საცხოვრებელი ბინის (მშენებარე) მიწოდების თანხა (დღგ-ის გარეშე) 125 000 ლარი, შესაბამისად აღნიშნულ მიწოდებაზე მას უფლება აქვს გამოწეროს საფ-ი დღგ-ის თანხით - 22 500 ლარი (125 000 ლარის 18%). - B“ საწარმოს უფლება აქვს დადგენილი წესით ჩაითვალოს აღნიშნულ თანხაზე გამოწერილი საფ-ით კუთვნილი დღგ - 22 500 ლარი.

 

2023 წლის დეკემბერში - საცხოვრებელი ბინის ექსპლუატაციაში შესვლის საანგარიშო პერიოდში:

- სამშენებლო კომპანიის მიერ „A“ საწარმოსთან მიმართებით გამოწერილი იქნება მიწოდების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა 118 000 ლარზე დღგ-ის ჩათვლით, რომლის განაშთვაც მოხდება თებერვლის თვის ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გათვალისწინებით.

- „A“ საწარმოს უფლება აქვს სამშენებლო კომპანიის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურის საფუძველზე დადგენილი წესით ჩაითვალოს დღგ - 7 200 ლარი (18 000 ლარი – 10 800 ლარი).

 

მაგალითი №3 (საგარანტიო ვალდებულება)

პირობა:

დასაბეგრი პირი A წარმოადგენს დასაბეგრი პირი B-ს მიერ წარმოებული კომპიუტერული ტექნიკის საცალო მიმწოდებელს საქართველოს ერიტორიაზე. მათ შორის არსებული ხელშეკრულების მიხედვით რეალიზებულ პროდუქციაზე ვრცელდება მწარმოებელი - დასაბეგრი პირი B-ს გარანტია. A-ს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება დასაბეგრ პირ C-სთან კომპიუტერული ტექნიკის შეკეთებაზე, მ შემთხვევაში თუ აღმოაჩნდება წუნი. A-ს მიერ მომხმარებელზე მიწოდებულია პერსონალური კომპიუტერი 5900 ლარად, რომელსაც აღმოაჩნდა წუნი. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე გავრცელდა გარანტიის პირობები და კომპიუტერი დაექვემდებარა:

ვარიანტი I: შეკეთებას, რომელიც განახორციელა C-მ 1180 ლარად (შეიცვალა დედაპლატა);

ვარიანტი II: ახალი კომპიუტერით ჩანაცვლებას, დამატებითი ანაზღაურების გარეშე. ორივე ვარიანტში გარანტიის ფარგლებში გაწეული ხარჯები აანაზღაურა მწარმოებელმა - B-მ.

 

შეფასება:

A-ს მიერ მომხმარებელზე პერსონალური კომპიუტერის მიწოდება დაიბეგრება დღგ-ით (დღგ-900 ლარი);

პირველ ვარიანტში C-ს მიერ A-ზე გაწეულია კომპიუტერის შეკეთების მომსახურება, რომელიც წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას (დღგ - 180 ლარი).

A უფლებამოსილია განახორციელოს დღგ-ის ჩათვლა 180 ლარის ოდენობით.

მეორე ვარიანტში მომხმარებელზე რეალიზებული წუნდებული კომპიუტერის ახალი კომპიუტერით ჩანაცვლება არ წარმოადგენს დამატებით დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას, რადგან აღნიშნული მიწოდება გამომდინარეობს საგარანტიო ვალდებულებიდან და მისი ღირებულება ასახულია მომხმარებელზე წუნდებული კომპიუტერის რეალიზაციასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებაში.

 

ნაწილი №2. საქონლის ფაქტობრივი გადაცემა იჯარის, ლიზინგის ან მსგავსი ხელშეკრულებით, გამოსყიდვის პირობით.

შესავალი

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1.1. 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქონლის ფაქტობრივი გადაცემა იჯარის, ლიზინგის ან მსგავსი ხელშეკრულებით, გამოსყიდვის პირობით, განიხილება საქონლის მიწოდების ოპერაციად. მოცემულ შემთხვევაში, თუ ადგილი არ აქვს თანხის სრულად ან ნაწილობრივ წინასწარ ანაზღაურებას, აღნიშნული ოპერაცია, სსკ-ის 163-ე მუხლის მე-6 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით იბეგრება საქონლის ფაქტობრივად გადაცემის მომენტში, ხოლო დღგით დასაბეგრი თანხა განისაზღვრება სსკ-ის 164-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რომლის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, ამ საქონლის ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით, გარდა ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის თანხისა.

 

შენიშვნა: „იჯარის, ლიზინგის ან მსგავსი ხელშეკრულება გამოსყიდვის პირობით“ გულისხმობს, რომ მოვლენათა ნორმალური განვითარების შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა საქონლის მიმღებზე ხორციელდება ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელების სრული გადახდის, ან დამატებით ამ საქონლის ნარჩენი ღირებულების (რომელიც როგორც წესი ატარებს უმნიშვნელო/სიმბოლურ ხასიათს) გადახდის შემთხვევაში;

გამოსყიდვის პირობად ასევე განიხილება:

· თუ იჯარის ხელშეკრულების მიხედვით ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა დამოკიდებულია მოიჯარის ნებაზე ან/და მის მიერ დამატებით პირობის შესრულებაზე და ამ უფლების გამოყენება მოიჯარისთვის წარმოადგენს ეკონომიკური თვალსაზრისით ერთადერთ რაციონალურ გადაწყვეტილებას;

· თუ ლიზინგის ხელშეკრულების მიხედვით გადაცემული საქონლის საკუთრებასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი რისკი და ეკონომიკური სარგებელი გადაცემულია საქონლის მიმღებზე და ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო გადასახდელების მიმდინარე ღირებულება პრაქტიკულად იდენტურია გადაცემის მომენტში ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის საბაზრო ფასის.

 

1.2. 179-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, უცხოური ვალუტით განხორციელებული ოპერაცია, რომელიც დაბეგვრას ექვემდებარება, საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე გადაიანგარიშება შემდეგი თანამიმდევრობით:

ა) ოპერაციის განხორციელების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის არსებობის შემთხვევაში − ამ კურსით;

ბ) ოპერაციის განხორციელების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის არარსებობის შემთხვევაში − საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული კურსით.

ამდენად, თუ სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების დადგენილ ვადაზე ადრე შეწყვეტის შედეგად ან სხვა მიზეზით ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საქონელზე საკუთრების უფლება მიმღებს არ გადაეცემა (საქონელი უბრუნდება მიმწოდებელს), სახეზე იქნება საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის კორექტირების გარემოება, რა დროსაც, განსახილველი ოპერაცია დაკვალიფიცირდება ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის მომსახურების გაწევად. ამ შემთხვევაში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით, ხოლო დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირების დრო იქნება კორექტირების გარემოების დადგომის (ხელშეკრულების შეწყვეტის) მომენტი.

 

2. გამოყენებული ტერმინები:

წინამდებარე დანართში გამოყენებული ტერმინები განმარტებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 5 თებერვლის №18/04 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის მიზნებისათვის ლიზინგის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის, საკომისიოს, ფინანსური ხარჯის, პირგასამტეხლოს ან/და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის გამოთვლის წესითა“ და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით, კერძოდ:

ა) ლიზინგი − ლიზინგი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, თუ ლიზინგის საგანი არის ამორტიზაციას დაქვემდებარებული აქტივი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით, ამავე კოდექსის 576-ე - 5808 მუხლებით გათვალისწინებული დებულებების დაცვით;

ბ) ლიზინგთან დაკავშირებული ფინანსური ხარჯი - არის ხარჯი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მოთხოვნილია ლიზინგის გამცემის მიერ და წარმოადგენს ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის საგნის მიღების, შენარჩუნების, ასევე, ლიზინგის ხელშეკრულების შესაბამისად, ლიზინგის საგნის ლიზინგის მიმღების საკუთრებაში გადაცემასთან ან ლიზინგის გამცემისათვის დაბრუნებისათვის გასაწევ აუცილებელ ხარჯს, ხოლო ფინანსურ ხარჯს არ მიეკუთვნება ის ხარჯი, რომლის გადახდაც ლიზინგის მიმღებისათვის სავალდებულო იქნებოდა იმ შემთხვევაშიც, თუ იგი ლიზინგის გარეშე თავად განახორციელებდა ლიზინგის საგნის შეძენას ან/და რომელთა გადახდაც მოსალოდნელია ლიზინგის გამოუყენებლობის შემთხვევაშიც.

გ) სალიზინგო საზღაური არის ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი შენატანის ის ნაწილი, რომელიც მოიცავს ლიზინგის დაფინანსების თანხას (მის ნაწილს) და ფინანსურ ხარჯებს.

დ) ლიზინგის რესტრუქტურიზაცია არის ლიზინგის ხელშეკრულების მიხედვით შეთანხმებული სალიზინგო საზღაურების გადახდის გრაფიკის ცვლილება, რომელიც შესაძლოა განხორციელდეს ლიზინგის მიმღებისთვის შექმნილი ფინანსური სირთულეებიდან ან ლიზინგის დაფინანსების თანხის ნაწილობრივ წინსწრებით დაფარვის მიზეზით;

ე) ლიზინგის დაფინანსების თანხა არის ლიზინგის საგნის ღირებულება, ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის საგნის სარგებლობაში მიღებასთან დაკავშირებული კაპიტალიზირებადი დანახარჯების გათვალისწინებით, ლიზინგის მიმღების თანამონაწილეობის გარეშე;

 

3. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი არის ლიზინგის მიმღების მიერ გამცემისათვის ან გამცემის სახელით მოქმედი სხვა პირისათვის გადახდილი ან გადასახდელი ლიზინგთან დაკავშირებული ფინანსური ხარჯების ჯამი;

 

მაგალითი №01 (უცხოურ ვალუტაში განხორციელებული ოპერაციის შემთხვევაში ლიზინგის სარგებლის და დასაბეგრი თანხის განსაზღვრა)

პირობა:

ლიზინგის გამცემმა დასაბეგრმა პირმა A-მ 2022 წლის 1 იანვარს (ვალუტის გაცვლითი კურსი 3.0) ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიძინა სამშენებლო ამწე. ამწეს შესყიდვის ფასი შეადგენს 85 000 აშშ დოლარს, ხოლო საქართველოში ტრანსპორტირების და მასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა დღგ-ის გარეშე შეადგინა 15 000 აშშ დოლარი (ტრანსპორტირების და მასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევის მომენტში ვალუტის გაცვლითი კურსი ასევე შეადგენს 3.0).

ლიზინგის ხელშეკრულების მიხედვით აღნიშნული აქტივი ლიზინგით უნდა გადაეცეს საბოლოო მომხმარებელს გამოსყიდვის პირობით.

აქტივი საქართველოში ჩამოვიდა და მყიდველს ფაქტობრივად გადაეცა იმავე წლის 1 ივნისს (ვალუტის გაცვლითი კურსი 3.1).

მიღება-ჩაბარების და გადახდის გრაფიკის მიხედვით, მყიდველმა სალიზინგო კომპანიას უნდა გადაუხადოს ჯამში 120 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, დღგ-ის გარეშე, საიდანაც აქტივის (ამწეს) ღირებულება არის (85 000 + 15 000)=100 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი და სხვადასხვა ფინანსური ხარჯები 20 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი (აღნიშნული ხარჯები მოიცავს: პროცენტს 10 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, დაზღვევას - 2 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, გადაფორმების ხარჯს - 200 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი და სხვა მნიშვნელოვან გადასახდელებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად - ჯამში 7 800 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი).

 

შეფასება:

მოცემულ მაგალითში, სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დაბეგვრას ექვემდებარება ამწეს შესყიდვის ღირებულებას დამატებული ტრანსპორტირების და მასთან დაკავშირებული ხარჯი, ანუ ის თანხა რომლის გადახდაც ლიზინგის მიმღებს მოუწევდა იმ შემთხვევაშიც, თუ იგი ლიზინგის ხელშეკრულების გარეშე თავად განახორციელებდა აღნიშნული ამწის შეძენას.

კერძოდ, სსკ-ის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილისა და და 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის (100 000 x 3,1) = 310 000 ლარი, ხოლო 20 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი - ანუ 62 000 ლარი, დღგ-ით დასაბეგრ თანხაში არ შეიტანება, რადგან წარმოადგენს ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარგებელს.

 

მაგალითი №02 (უცხოურ ვალუტაში გადახდილი ავანსის შემთხვევაში დასაბეგრი თანხის განსაზღვრა)

პირობა:

ლიზინგის გამცემმა დასაბეგრმა პირმა A-მ 2022 წლის 1 იანვარს (ვალუტის გაცვლითი კურსი 3.0) ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიძინა სამშენებლო ამწე. ამწეს შესყიდვის ფასი შეადგენს 85 000 აშშ დოლარს, ხოლო საქართველოში ტრანსპორტირების და მასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა დღგ-ის გარეშე შეადგინა 15 000 აშშ დოლარი (ტრანსპორტირების და მასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევის მომენტში ვალუტის გაცვლითი კურსი ასევე შეადგენდა 3.0).

ლიზინგის ხელშეკრულების მიხედვით აღნიშნული აქტივი ლიზინგით უნდა გადაეცეს საბოლოო მომხმარებელს გამოსყიდვის პირობით.

ამავე ხელშეკრულების თანახმად, მომხმარებელმა ამავე წლის 1 მარტს (ვალუტის გაცვლითი კურსი 3.2) A-ს ავანსის სახით ჩაურიცხა ლიზინგის საგნის შესყიდვის ღირებულების ნაწილი - 50 000 აშშ დოლარი.

აქტივი საქართველოში ჩამოვიდა და მყიდველს ფაქტობრივად გადაეცა იმავე წლის 1 ივნისს (ვალუტის გაცვლითი კურსი 3.1).

მიღება-ჩაბარების და გადახდის გრაფიკის მიხედვით მყიდველმა სალიზინგო კომპანიას უნდა გადაუხადოს ჯამში 120 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, დღგ-ის გარეშე, საიდანაც აქტივის (ამწეს) ღირებულება არის (85 000 +15 000 ) = 100 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი და სხვადასხვა ფინანსური ხარჯები - 20 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი.

 

შეფასება:

მოცემულ მაგალითში A ვალდებულია მიღებული ავანსი, მარტის საანგარიშო პერიოდში დაბეგროს დღგ-ით, ხოლო დღგ-ით დასაბეგრი თანხა განისაზღვრება ოპერაციის (ავანსის გადახდის) დღისათვის არსებული კურსის შესაბამისად, კერძოდ დასაბეგრი თანხა იქნება (50 000 x 3.2)/1.18 = 135 593 ლარი, ხოლო ივნისის საანგარიშო პერიოდში A, ასევე ვალდებულია ლიზინგის საგნის მომხმარებელზე ფაქტობრივი გადაცემა დაბეგროს დღგ-ით, რა დროსაც დღგ-ით დასაბეგრი თანხა შეადგენს (68 000x3.1)/1,18=178 644 ლარი.

 

მაგალითი №03 (ლიზინგის ხელშეკრულების შეწყვეტა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო)

პირობა:

ლიზინგის გამცემმა დასაბეგრმა პირმა A-მ 2022 წლის პირველ იანვარს (ვალუტის გაცვლითი კურსი 3.0) ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიძინა სამშენებლო ამწე. ამწეს შესყიდვის ფასი შეადგენს 85 000 აშშ დოლარს, ხოლო ტრანსპორტირების და მასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა დღგ-ის გარეშე შეადგინა 15 000 აშშ დოლარი (ტრანსპორტირების და მასთნ დაკავშირებული ხარჯების გაწევის მომენტში ვალუტის გაცვლითი კურსი ასევე შეადგენს 3.0)

ლიზინგის ხელშეკრულების მიხედვით აღნიშნული აქტივი ლიზინგით უნდა გადაეცეს საბოლოო მომხმარებელს გამოსყიდვის პირობით. აქტივი საქართველოში ჩამოვიდა და მყიდველს ფაქტობრივად გადაეცა იმავე წლის 1 ივნისს (ვალუტის გაცვლითი კურსი 3.1).

იმ მომენტში, როდესაც მყიდველს გადახდილი ჰქონდა თანხა 55 200 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი (მათ შორის, დღგ-ით დასაბეგრი თანხა 40’000$+დღგ-7’200$, ხოლო სარგებელი - 8’000$), ვეღარ შეძლო დარჩენილი ნაწილის გადახდა.

 

ზემოაღნიშნული საფუძვლით 2023 წლის 1 სექტემბერს (ვალუტის გაცვლითი კურსი 3.2) სალიზინგო კომპანიამ შეწყვიტა კონტრაქტი და მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო აქტივი უკან დაიბრუნა 2023 წლის 1 ოქტომბერს.

 

შეფასება:

მოცემულ მაგალითში ადგილი აქვს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის კორექტირების გარემოებას (ოპერაციამ შეიცვალა სახე), შესაბამისად კორექტირების გარემოების დადგომის მომენტში (ხელშეკრულების შეწყვეტისას) საქონლის მიწოდების ოპერაცია დაკვალიფიცირდება მომსახურების გაწევად (საქონლის დროებით სარგებლობაში გადაცემა), ხოლო მიღებული ანაზღაურება (სალიზინგო სარგებლის გამოკლებით) - მომსახურების გაწევიდან მიღებულ შემოსავლად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 2023 წლის სექტემბრის საანგარიშო პერიოდში A ვალდებულია დასაბეგრი ოპერაციის კორექტირების საფუძვლით სალდირებულად შეიმციროს დღგით დასაბეგრი თანხა 190 000 ლარით, რომელიც წარმოადგენს სხვაობას, მის მიერ 2022 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდში დაბეგრილი 310 000 ლარსა და მომსახურების გაწევიდან მიღებულ დასაბეგრ თანხას - 120 000 ლარს შორის (მიღებული 47 200$-ის ექვივალენტი ლარში, გადახდის დღისათვის არსებული ვალუტის გაცვლითი კურსების შესაბამისად. (23’600x3.1 + 23’600x2.9)/1.18)).

 

მაგალითი №04 (გამოსყიდვის პირობა)

პირობა:

მიმწოდებლის მიერ მომხმარებელზე 2022 წლის 1 იანვარს გადაცემულია სატვირთო ავტომობილი ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც არ ითვალისწინებს ამ ავტომობილის შესყიდვის უფლებას მიმღების მიერ.

ხელშეკრულება დადებულია 6 წლის ვადით, რომლის განმავლობაშიც მიმღები ვალდებულია ლიზინგის საზღაურის სახით წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით დაფაროს ჯამში 200’000 ლარი, საიდანაც ლიზინგის დაფინანსების თანხა შეადგენს 177’000 ლარს, ხოლო ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი 23’000 ლარს.

სატვირთოს გადაცემის მომენტში აღნიშნული/მსგავსი სატვირთო ავტომობილის საბაზრო ფასი არსებითად არ განსხვავდება ლიზინგის დაფინანსების ჯამური თანხისაგან.

2028 წლის 1 თებერვალს - ხელშეკრულების ვადის ამოწურვის საფუძველზე სატვირთო ავტომობილი დაუბრუნდა ლიზინგის გამცემს.

 

შეფასება:

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ხელშეკრულების ვადა და ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისიწნებული გადასახდელები სალიზინგო სარგებლის გარეშე არსებითად უთანაბრდება ლიზინგით გაცემული ნივთის ეკონომიკური მომსახურების ვადას და ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის საბაზრო ღირებულებას გადაცემის მომენტში, სახეზეა სსკ-ის 160-ე მუხლით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების ოპერაცია, რა დროსაც:

2022 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდში ლიზინგის გამცემის მიერ დღგ-ით დაბეგვრას ექვემდებარება ლიზინგის დაფინანსების თანხა დღგ-ის გარეშე 150’000 ლარი, ხოლო 2028 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდში საქონლის მიწოდების ოპერაცია ფორმალურად დაკვალიფიცირდება მომსახურების გაწევად და გამომდინარე იქედან, რომ საქონლის უკან დაბრუნებისას დამატებით თანხის ანაზღაურება ან დაბრუნება არ ხდება დამატებით საგადასახადო ვალდებულება არცერთ მხარეს არ წარმოეშვება.

 

მაგალითი №05 (სადაზღვევო შემთხვევა)

პირობა:

მიმწოდებლის მიერ მომხმარებელზე 2022 წლის 1 იანვარს გადაცემულია სატვირთო ავტომობილი იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს გამოსყიდვის პირობას.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურება შეადგენს 177 000 ლარს, რომელიც უნდა დაიფაროს წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით 5 წლის განმავლობაში.

 

2024 წლის სექტემბერში ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ავტომობილი დაზიანდა, რის გამოც დადგა სადაზღვევო შემთხვევა, რაც ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა. ამ პერიოდისათვის მომხმარებლის მიერ გადახდილი ანაზღაურება შეადგენდა (8 850x11)= 97 350 ლარს.

დაზიანებული ავტომობილი შეფასებული იქნა 20 000 ლარად და გადაეცა სადაზღვევო კომპანიას, ხოლო სადაზღვევო კომპანიის მიერ სადაზღვევო ხელშეკრულების საფუძველზე კომპენსაციის სახით მიმწოდებელზე გადახდილ იქნა 80 000 ლარი, მათ შორის დაზიანებული სატვირთოს ანაზღაურების თანხა 20 000 ლარი და მიყენებული ზიანის ანაზღაურება - 60 000 ლარი.

 

შეფასება:

მოცემულ შემთხვევაში იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტისას, ადგილი აქვს დასაბეგრი ოპერაციის კორექტირების გარემოებას და საქონლის მიწოდების ოპერაცია დაკვალიფიცირდება ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის მომსახურების გაწევად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2024 წლის სექტემბრის საანგარიშო პერიოდში, მიმწოდებელი ვალდებულია დასაბეგრი ოპერაციის კორექტირების საფუძვლით სალდირებულად შეიმციროს დღგ-ით დასაბეგრი თანხა 67 500 ლარით, რომელიც წარმოადგენს სხვაობას, მის მიერ 2022 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდში დაბეგრილი 150 000 ლარსა (177 000 / 1,18) და მომსახურების გაწევიდან მიღებულ დასაბეგრ თანხას - 82 500 ლარს შორის (97 350 / 1,18).

ასევე, მიმწოდებლის მიერ ავტომობილის სადაზღვევო კომპანიისთვის გადაცემის ოპერაცია განიხილება ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად, რა დროსაც დღგ-ით დასაბეგრი თანხა იქნება მიღებული მთლიანი კომპენსაციის თანხიდან გადაცემის მომენტისათვის დაზიანებული ავტომობილის საბაზრო ღირებულება დღგ-ის გარეშე (20 000/1,18)=16’950 ლარი. ხოლო დანარჩენი 60 000 ლარი წარმოადგენს ზარალის კომპენსაციას, რომელიც დღგ-ით არ იბეგრება რადგან არ წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის ფარგლებში მიღებულ ანაზღაურებას.

 

მაგალითი №6 (ლიზინგის საგნის მიმღები მხარის ჩანაცვლება)

პირობა:

2022 წლის იანვრის თვეში დადებული ლიზინგის ხელშეკრულებით კომპანია A-მ სატვირთო ავტომობილი ლიზინგით გადასცა დასაბეგრ პირ B-ს.

A-მ საქონლის ლიზინგით გადაცემა სსკ-ს 160-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად განიხილა დღგ-ით დასაბეგრ საქონლის მიწოდების ოპერაციად.

ლიზინგის ხელშეკრულების მიხედვით ავტომობილის ღირებულებამ სალიზინგო სარგებლის გარეშე შეადგინა 141’600 ლარი, (მათ შორის დღგ 21’600 ლარი), რაზეც A-მ B-ს გამოუწერა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და იანვრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით 120’000 ლარი დაბეგრა დღგ-თ, ხოლო B-მ დადგენილი წესით განახორციელა 21’600 ლარის დღგ-ის ჩათვლა.

2022 წლის სექტემბრის თვეში, მაშინ, როდესაც B-ს სალიზინგო სარგებლის გარეშე გადასახდელი დავალიანება შეადგენდა 35’400 ლარს, A-ს თანხმობით, ლიზინგის ხელშეკრულებაში B-ს ჩაენაცვლა დასაბეგრი პირი X, ისე რომ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა სხვა პირობა დარჩა უცვლელი.

 

შეფასება:

გამომდინარე, იქედან, რომ A-სა და B-ს შორის გაფორმებული ლიზინგის ხელშეკრულებაში განხორციელდა მიმღები მხარის ჩანაცვლება, რომლის მიხედვითაც საქონლის მიმწოდებელი დარჩა იგივე (A), ხოლო საქონლის მიმღებს წარმოადგენს X-ი, სსკ-ის 179-ე მუხლის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებით დამტკიცებული გადასახადების ადმინისტრირების შესახებ ინსტრუქციის 733 მუხლის თანახმად ადგილი აქვს საქონლის დაბრუნებით გამოწვეულ კორექტირების გარემოებას, რა დროსაც კორექტირებას ექვემდებარება B-ს, მიერ A-ს მიმართ ხელშეკრულების ცვლილების მომენტში არსებული დავალიანება (სალიზინგო სარგებლის გარეშე), შესაბამისად A ვალდებულია B-ს გამოუწეროს კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა 35’400 ლარზე (მათ შორის დღგ 5’400 ლარი), და ამავე თანხის მიხედვით X-ს გამოუწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და 2022 წლის სექტემბრის საანგარიშო პერიოდში დაბეგროს დღგ-ით.

 

მაგალითი №7 (ლიზინგის საგნის გამცემი მხარის ჩანაცვლება)

პირობა:

ივლისის თვეში დადებული ლიზინგის ხელშეკრულებით სალიზინგო კომპანიამ A-მ სატვირთო ავტომობილი ლიზინგით გადასცა დასაბეგრ პირ B ს.

ფაქტობრივ გარემოებაში იგულისხმება რომ სატვირთო ავტომობილი ლიზინგით გაცემულია გამოსყიდვის პირობით.

გარიგების ჯამურ ღირებულებამ შეადგინა 18 000 ლარი , შესაბამისად ყოველთვიური სალიზინგო გადასახადმა შეადგინა 1500 ლარი (აქტივის ღირებულების ნაწილი 1200 ლარი და სარგებლის ნაწილი 300 ლარი)

6 თვის გასვლის შემდგომ, მაშინ როდესაც B-ს გადასახდელი ვადამოუსვლელი დავალიანება Aს მიმართ შეადგენდა 9000 ლარს, ლიზინგის ხელშეკრულებაში სალიზინგო კომპანია A-ს ჩაენაცვლა სალიზინგო კომპანია X, კერძოდ A-მ მოახდინა ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ყველა უფლებისა და ვალდებულების გადაცემა/რეალიზაცია X-ზე 5000 ლარად.

ამასთან, სალიზინგო კომპანია A-მ სატვირთო ავტომობილზე საკუთრების უფლება გადასცა კომპანია X-ს.

ვარიანტი I: ხელშეკრულება გაფორმებულია 2021 წლის ივლისის თვეში.

ვარიანტი II: ხელშეკრულება გაფორმებულია 2022 წლის ივლისის თვეში.

 

შეფასება:

სსკ-ის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის მიხედვით დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა. ამასთან, სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ,,ბ’’ ქვეპუნქტის მიხედვით საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება საქონლის ფაქტობრივი გადაცემა იჯარის, ლიზინგის ან მსგავსი ხელშეკრულებით, გამოსყიდვის პირობით;

მოცემული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, რადგან ადგილი აქვს მხოლოდ ლიზინგით გაცემული სატვირთო ავტომობილის მესაკუთრის ცვლილებას და არ ხდება X-ის მიერ მისი განკარგვა, სახეზე არაა ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემის ფაქტი, შესაბამისად აღნიშნული ვერ ჩაითვლება საქონლის მიწოდებად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე A-ს მიერ X-ზე სატვირთო ავტომობილის საკუთრებაში გადაცემა განპირობებულია ხელშეკრულებაში ლიზინგის გამცემი მხარის ჩანაცვლებით, რაც წარმოადგენს მოთხოვნის დათმობის ოპერაციას (ცესიას) და სსკ-ის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლების გარეშე, როგორც ფინანსური ოპერაცია.