ბრძანება N 27909
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 27909
14 ნოემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------ - ის “ (ს/ნ "------")
(მის.: "------")
2023 წლის 25 მარტის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის პირველი ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №113) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 21 აგვისტოს №19981/2/2023 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „-------“ (ს/ნ "------") 2023 წლის 25 მარტის №79916/1/2023 და №52292/21 (წერილის ნომერი: "------") საჩივრები, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 ოქტომბრის №006-461 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნას და ითხოვს დავის დაწყებას ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს ახლად აღმოჩენილი გარემოების გათვალისწინებას და დარიცხული თანხების შემცირებას. აცხადებს, რომ 2022 წლის 29 დეკემბერს მიღებული იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №33544 ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე მეთოდური მითითების შესახებ, რომლის მე-2 მაგალითის მიხედვით, ვირტუალური ზონის პირი დაფუძნებულია ფიზიკური პირის მიერ. საინფორმაციო ტექნოლოგიები საქართველოს ტერიტორიაზე იქმნება უშუალოდ რეზიდენტი დამფუძნებლის მიერ და მათი მიწოდება ხორციელდება საქართველოს ფარგლებს გარეთ. საწარმოს არ ჰყავს დაქირავებით მომუშავე პირი შესაბამისი პროფილური განხრით. დამფუძნებელი ფიზიკური პირი შემოსავალს იღებს მხოლოდ დივიდენდის სახით. აღნიშნული მაგალითის შეფასების თანახმად, იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს დამფუძნებელი არის საქართველოს რეზიდენტი, საწარმოს საქმიანობის ადგილია საქართველო, საწარმო ქმნის საინფორმაციო ტექნოლოგიებს, ჩაითვლება, რომ მისი საქმიანობა შეესაბამება „საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის, ასევე, კოდექსის მოთხოვნებს და განსახილველ შემთხვევაში, შესრულებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნები.
მომჩივანი მიიჩნევს, რომ შპს „------ -ის “ საკითხი ზუსტად შეესაბამება ზემოხსენებული ბრძანების მე-2 მაგალითში მოყვანილ ფაქტებს. შპს „-------“ დაფუძნებულია 2019 წლის 17 სექტემბერს და ვირტუალური ზონის საწარმოს სტატუსი მინიჭებული აქვს 2019 წლის 25 ოქტომბერს. კომპანიის 100%- იანი დამფუძნებელი არის"------" (პ/ნ "------"), რომელმაც თავისი „ნოუ ჰაუ“ გადასცა თავის მიერ დაფუძნებულ კომპანიას და კომპანიაც ამის მეშვეობით აგენერირებს შემოსავალს, შესაბამისად, "------" როგორც დამფუძნებელი იღებს დივიდენდს. კომპანია სრულიად სამართლიანად სარგებლობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეღავათით და განაწილებულ მოგებას ათავისუფლებს მოგების გადასახადისგან. შესაბამისად, დამფუძნებლის მიერ მიღებული დივიდენდის ხელფასად ან მომსახურების გაწევად ჩათვლა არის უსამართლო და დაუსაბუთებელი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების გათვალისწინებას და საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 23 ივნისის №20463 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „------- -ის “ (ს/ნ "------" ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 17 სექტემბრიდან (რეგისტრაციის თარიღიდან) 2021 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 21 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2021 წლის 24 დეკემბრის №40665 ბრძანება და ამავე თარიღის №006-995 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 26 599 ლარი, მათ შორის, გადასახადი 15 427 ლარი, ჯარიმა 7 713 ლარი, საურავი 3 459 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში და განხილვის შედეგებზე გამოიცა 2022 წლის 23 მაისის №12816 ბრძანება საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 23 მაისის №12816 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2022 წლის 5 ოქტომბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირებას დაექვემდებარა სულ 6 129 ლარი, მათ შორის, გადასახადი 4 086 ლარი, ჯარიმა 2 043 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 19 ოქტომბრის №006-461 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 23 მაისის №11483 ბრძანებით საჩივრები ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. ხოლო, საჩივრები აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 ოქტომბრის №006-461 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩა განუხილველი.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 23 მაისის №11483 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 21 აგვისტოს №19981/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 23 მაისის №11483 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 21 აგვისტოს გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საბჭო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურის უფროსის 29.12.2022 წლის №33544 ბრძანებით დამტკიცებულია „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითება, ხოლო მომჩივნის მიერ შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული იქნა აუდიტის დეპარტამენტის 19.10.2022 წლის №006-461 საგადასახადო მოთხოვნა, რომელსაც გაეცნო გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 20.10.2022 წელს და საჩივარი წარდგენილი იყო 30-დღიანი ვადის გასვლის შემდგომ. შესაბამისად, საბჭო მიუთითებს მომჩივნის არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ სადავო შემთხვევაში შესაფასებელია „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითებით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სადავო აქტებით მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისობა, რა შემთხვევაშიც შესაძლოა ჩაითვალოს, რომ არსებობს ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს შესწავლას, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 23 მაისის №12816 ბრძანების აღსრულების მიზნით, ვირტუალური ზონის პირებზე მიღებული მეთოდური მითითების მიხედვით გაანგარიშდა შემოწმებით დარიცხული თანხები.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის 25.03.2022 წლის №7547 მეთოდური სახელმძღვანელოს მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია შეცვალოს სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაცია მისი ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით და დამფუძნებლის მიერ დივიდენდის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილი გადააკვალიფიციროს როგორც პროფილური განხრით დაქირავებული პირის მიერ მიღებულ ხელფასად. აღნიშნულის გათვალისწინებით, პროფილური განხრით დაქირავებულ პირზე ხელფასის სახით განაცემის ოდენობა შესაძლებელია აღებულ იქნას შესაბამისი პროფესიის მიხედვით საქართველოს შრომის ბაზარზე ხელფასის შესახებ არსებული მონაცემის მიხედვით. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან და სხვა ვირტუალური ზონის საწარმოს სტატუსის მქონე კომპანიებიდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, განსაზღვრული იქნა დასაქმებული პირების, პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებისა და ინჟინრების საშუალო ხელფასი, რომელმაც საშუალოდ შეადგინა 4 865 ლარი. შემოწმების მიერ დივიდენდის სახით დეკლარირებული შემოსავლის ნაწილი ჩაითვალა როგორც ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი, ხოლო ნაწილი განხილული იქნა როგორც დივიდენდის განაწილება. შედეგად, შემცირებას დაექვემდებარა სულ 6 129 ლარი, მათ შორის, გადასახადი 4 086 ლარი და ჯარიმა 2 043 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების ან მტკიცებულების საფუძვლით დავის დაწყების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლზე, რომლის თანახმად:
1. საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით.
6. 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით.
7. ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია 2022 წლის 19 ოქტომბერს, ხოლო შემოსავლების სამსახურის უფროსის №33544 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითება გამოცემულია 2022 წლის 29 დეკემბერს.
წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში შესაძლებელია ახლად გამოვლენილი გარემოებებით დავის დაწყება, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის უფროსის 29.12.2022 წლის №33544 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითება წარმოადგენს იმ ახლად გამოვლენილ ისეთ გარემოებას, რომელიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე. შესაბამისად, ზემოაღნიშნული დოკუმენტების/მტკიცებულებების დროულად წარმოდგენას შესაძლოა გამოეწვია მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღება.
ამდენად, წარმოდგენილი გარემოებები/მტკიცებულებები წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მიხედვით ახლად გამოვლენილი/აღმოჩენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების საფუძველს.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
„საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზანია ინვესტიციების მოზიდვა და მიმზიდველი გარემოს შექმნა იმ პირებისათვის, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას განახორციელებენ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში.
ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვირტუალური ზონის პირის დაბეგვრასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.
„საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ვირტუალურ ზონაში საქმიანობას მიეკუთვნება იურიდიული პირის მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მიმართული იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 35-ე ნაწილის თანახმად, ვირტუალური ზონის პირი არის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობას და მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოგების გადასახადის განაკვეთია 15 პროცენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება ვირტუალური ზონის იურიდიული პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ფარგლების გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება (მოგების განაწილება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირი ამ კოდექსის მიზნებისათვის იწოდება დაქირავებულად, პირი, რომელიც ანაზღაურებს ასეთი ფიზიკური პირის მიერ შესრულებულ სამუშაოს, – დამქირავებლად, ხოლო ასეთი ანაზღაურება – ხელფასად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
„ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების და ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მიმნიჭებელი პირის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №49 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის №89 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვირტუალური ზონის პირის სტატუსი უქმდება, თუ ვირტუალური ზონის პირის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სტატუსი გამოყენებულ იქნება გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების მიზნით.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ შპს „-------“ დაფუძნებულია 2019 წლის 17 სექტემბერს და ვირტუალური ზონის საწარმოს სტატუსი მინიჭებული აქვს 2019 წლის 25 ოქტომბერს. კომპანიის 100%-იანი დამფუძნებელი არის "------" (პ/ნ "------"), რომელიც ცხოვრობს საქართველოში და არის საქართველოს რეზიდენტი, დამფუძნებელი იღებს დივიდენდს. კომპანიას ჰყავს დირექტორი,"------" და ბუღალტერი,"------". აღნიშნავს, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიები საქართველოს ტერიტორიაზე იქმნება უშუალოდ რეზიდენტი დამფუძნებლის მიერ და მათი მიწოდება ხორციელდება საქართველოს ფარგლებს გარეთ.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე მეთოდური მითითების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 29 დეკემბრის №33544 ბრძანებაზე და განმარტავს შემდეგს:
- თუ ადგილი აქვს საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტის დაქირავებით მუშაობას და ხორციელდება სახელფასო განაცემის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა, საგადასახადო ორგანოს მიერ სადავო არ უნდა გახდეს მოგების გადასახადში საგადასახადო შეღავათით სარგებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა რეზიდენტია თუ არა დაქირავებული;
- თუ დამფუძნებელი რეზიდენტია, არის სპეციალისტი და შემოსავალი მიღებული აქვს დივიდენდის სახით, რომელიც დაბეგრილია წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით, შექმნილი პროგრამული პროდუქტი უნდა ჩაითვალოს საქართველოში შექმნილად და შესაბამისად, ასევე სადავო არ უნდა გახდეს მოგების გადასახადში საგადასახადო შეღავათით სარგებლობის საკითხი.
ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო შემოწმებისას ან ზოგადი ანალიტიკური პროცედურების განხორციელებისას გადასახადის გადამხდელის მიერ მოხდება საგადასახადო ანგარიშგებაში ცვლილება ან/და დამატების შეტანა იმდაგვარად, რომ დაკმაყოფილდება ზემოთაღნიშნული პირობები, მოგების გადასახადში საგადასახადო შეღავათით სარგებლობისათვის დადგენილი ნორმები ჩაითვლება შესრულებულად.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეზე არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 29 დეკემბრის №33544 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების და ზემოაღნიშნული განმარტების შესაბამისად, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------ -ის “ (ს/ნ "------") საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 29 დეკემბრის №33544 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების და ზემოაღნიშნული განმარტების შესაბამისად, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს ახლად აღმოჩენილი გარემოების გათვალისწინებას და დარიცხული თანხების შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია შეცვალოს სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაცია მისი ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით და დამფუძნებლის მიერ დივიდენდის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილი გადააკვალიფიციროს როგორც პროფილური განხრით დაქირავებული პირის მიერ მიღებულ ხელფასად. აღნიშნულის გათვალისწინებით, პროფილური განხრით დაქირავებულ პირზე ხელფასის სახით განაცემის ოდენობა შესაძლებელია აღებულ იქნას შესაბამისი პროფესიის მიხედვით საქართველოს შრომის ბაზარზე ხელფასის შესახებ არსებული მონაცემის მიხედვით. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან და სხვა ვირტუალური ზონის საწარმოს სტატუსის მქონე კომპანიებიდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, განსაზღვრული იქნა დასაქმებული პირების, პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებისა და ინჟინრების საშუალო ხელფასი.დივიდენდის სახით დეკლარირებული შემოსავლის ნაწილი ჩაითვალა როგორც ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი, ხოლო ნაწილი განხილული იქნა როგორც დივიდენდის განაწილება.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 29 დეკემბრის №33544 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების და ზემოაღნიშნული განმარტების შესაბამისად, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
8(35),12,73(9),97,98,981,99,101,154.
შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №33544 ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე მეთოდური მითითება.