ბრძანება N 18841-4
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 18841
11/06/2019
შპს ------------------------------
(მის: ქ. ----------------------- )
სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2019 წლის 6 ივნისს გამართულ სხდომაზე (ოქმი N37) განიხილა შპს ----- ს საჩივარი, რომლითაც გადამხდელი ითხოვს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 28 დეკემბრის №094-285 „საგადასახადო მოთხოვნის“ გაუქმებას.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში გამოყოფს შემდეგ სადავო საკითხს:
სამედიცინო საქმიანობაში გამოყენებული შენობის ქონების გადასახადისგან გათავისუფლებას ითხოვს.
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 13 აპრილის N 8522 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ---------- ს საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით 2018 წლის 27 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც გამოიცა 2018 წლის 27 დეკემბრის N38931 ბრძანება და 2018 წლის 28 დეკემბრის N094-285 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანახმად გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრა სულ 325867,13 ლარით, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 178726 ლარი, ჯარიმა 99569 ლარი, ხოლო საურავი 47572,13 ლარი.
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საჩივარში დასმულ საკითხთან მიმართებაში საგადასახადო შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ შპს ----------- მ 2015-2016 წლებში დაიწყო საკუთარი კლინიკის მშენებლობა, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა 2017 წლის აპრილის თვეში. საზოგადოებას 2015-2016 წლებში დაუმთავრებელ მშებელობაზე არ აქვს დარიცხული და გადახდილი ქონების გადასახადი.
სსკ-ის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,წ" ქვეპუნქტით ,,ქონების გადასახადისგან გათავისუფლებულია სამედიცინო საქმიანობაში გამოყენებუილი ქონება".
ვინაიდან დაუმთავრებელი მშენებლობა ვერ იქნებოდა გამოყენებული სამედიცინო საქმიანობაში, გადასახადის გადამხდელი სსკ-ის 201-ე მუხლის მიხედვით ვალდებული იყო 2015 და 2016 წლებში ქონების გადასახადით დაებეგრა დაუმთავრებელი მშენებლობა.შემოწმების მიერ გაანგარიშებული იქნა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა, რამაც 2015 წელს შეადგინა 1 161 349 ლარი და 2016 წელს - 5 023 936 ლარი.
საკითხების განხილვისას შემოსავლების სამსახური მიუთითებს, სსკ-ის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია: ა) რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე;
ამავე კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „წ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადისგან გათავისუფლებულია სამედიცინო საქმიანობისათვის გამოყენებული ქონება, გარდა მიწისა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებათა საკუთრებაშია ან ასეთ დაწესებულებებზე ლიზინგით არის გაცემული.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს სსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, სადაც განმარტებულია, რომ საგადასახადო შეღავათად ითვლება სხვა გადასახადის გადამხდელებთან შედარებით ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისათვის მინიჭებული უპირატესობა, კერძოდ, შესაძლებლობა, გადაიხადონ გადასახადი ნაკლები ოდენობით ან გათავისუფლდნენ გადასახადის გადახდისაგან.
შემოსავლების სამსახურმა გაიზიარა აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან საუბარია დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აღნიშნული ვერ იქნებოდა გამოყენებული სამედიცინო საქმიანობაში, ამდენად გადასახადის გადამხდელი სსკ-ის 201-ე მუხლის მიხედვით ვალდებული იყო 2015 და 2016 წლებში ქონების გადასახადით დაებეგრა დაუმთავრებელი მშენებლობა. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შემოწმების აქტით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და არ ექვემდებარება კორექტირებას.
ამასთან, შემოსავლების სამსახური საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებულ სანქციასთან დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 და 2¹-ე ნაწილებზე, რომელთა თანახმად:
„2. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა, ხოლო თუ შემოღებულია ან დამძიმებულია პასუხისმგებლობა, გამოიყენება ქმედების ჩადენის მომენტისათვის არსებული ნორმა.
„2¹. თუ საგადასახადო დავის განხილვის დასრულებამდე კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, დავის განმხილველი ორგანოვალდებულია გამოიყენოს ახალი კანონით დადგენილი ნორმა“.
საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2018 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების (ძალაში შესულია 2019 წლის 1 იანვარს) შესაბამისად სსკ-ის 272-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის 2¹ ნაწილი: „2¹. საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან.“
სსკ-ის 275-ე მუხლის (2019 წლის 1 იანვრამდე მოქმედი) მიხედვით: „2. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით. 3.პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ითვლება დეკლარაციაში გადასახადის შემცირებად და იწვევს ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.“ საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2018 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების (ძალაში შესულია 2019 წლის 1 იანვარს) მიხედვით სსკ-ის 275-ე მუხლის თანახმად: „2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 2 და 2² ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2¹. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2². საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, - იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
3. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირებად განიხილება და შესაბამის შემთხვევაში იწვევს ამ მუხლის პირველი-2² ნაწილებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
5. საგადასახადო შემოწმების შედეგად ამ მუხლის შესაბამისად შეფარდებული ჯარიმების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახდელად დარიცხული გადასახადების თანხების ოდენობას“.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან დავის პერიოდში სანქციის განმსაზღვრელ ნორმებში განხორციელდა ცვლილებები და ახალი ნორმებით შემსუბუქებულია სანქციები ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევებისთვის, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ სსკ-ის 269-ე მუხლის მე-2¹ ნაწილის გათვალისწინებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს სსკ-ის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება (შემცირება);
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ------------- ს საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სსკ-ის 269-ე მუხლის მე-2¹ ნაწილის გათვალისწინებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს სსკ-ის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება (შემცირება);
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5.ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში(მის:ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხვ. მე-12 კმ. N6), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს სამედიცინო საქმიანობაში გამოყენებული შენობის ქონების გადასახადისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ გადამხდელმა 2015-2016 წლებში დაიწყო საკუთარი კლინიკის მშენებლობა, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა 2017 წლის აპრილის თვეში. საზოგადოებას 2015-2016 წლებში დაუმთავრებელ მშებელობაზე არ აქვს დარიცხული და გადახდილი ქონების გადასახადი.
ვინაიდან დაუმთავრებელი მშენებლობა ვერ იქნებოდა გამოყენებული სამედიცინო საქმიანობაში, გადასახადის გადამხდელი სსკ-ის 201-ე მუხლის მიხედვით ვალდებული იყო 2015 და 2016 წლებში ქონების გადასახადით დაებეგრა დაუმთავრებელი მშენებლობა. შემოწმების მიერ გაანგარიშებული იქნა ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა, შედეგად გადამხდელს დაერიცხა ძირითადი გადასახადი, ჯარიმა და საურავი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა გაიზიარა აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია და მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შემოწმების აქტით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და არ ექვემდებარება კორექტირებას.
ამასთნ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს სსკ-ის 272-ე და 275-ე მუხლებში N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდება დაკისრებული სანქციები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება (შემცირება);
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 201; 206(1,,წ“); 269(21); 272; 275