ბრძანება N 16050
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 16050
05 ივლისი 2023
შპს „---ის“ (ს/ნ ---)
(---) 2023 წლის 16 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 ივნისის სხდომაზე (ოქმი №65) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2023 წლის 16 იანვრის №78077/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 დეკემბრის №067-34 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი არ ეთანხმება ინვენტარიზაციით დადგენილ და გადამხდელის მიერ წარდგენილ ქატოს ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობის რეალიზებულად განხილვას და აღნიშნულის საფუძველზე დღგით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდას. ასევე, გამოვლენილი სხვაობის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა ექსპერტს მოსთხოვა მხოლოდ ხორბლის რაოდენობის დადგენა, თუმცა რეალურად ექსპერტისთვის, ასევე, უნდა მოეთხოვა ბუნკერებში განთავსებული ხორბლის დაფქვის თანმდევი პროდუქტის ქატოს (გამოსავლიანობის 12%) რაოდენობის დადგენაც. ექსპერტის მიერ დადგენილი ხორბლის რაოდენობა (2 285 ტონა) დაემთხვა ბუღალტრულ ნაშთებს, მაგრამ გარდა ხორბლისა, კახეთის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა აღწერეს სმფ-ები (ფქვილი და ქატო) რაოდენობრივად ცალობაში (ტომრებში), მაგრამ ვერ აღწერეს ბუნკერებში (სანახებში) არსებული ქატოს ნაშთი. მათი განმარტებით ეს შეუძლებელი იყო ვინაიდან არსებულს სჭირდებოდა ხორბლის აღწერის მსგავსად ექსპერტის მიერ გამოყენებული სპეციალური აღჭურვილობა და მეთოდები. შესაბამისად, შემოწმებამ ფიზიკურად არსებული ქატოს ნაშთები ჩათვალა დანაკლისად, რაც არამართლზომიერია. გადამხდელი აცხადებს, რომ აღნიშნულის შემდგომ აუდიტის დეპარტამენტს მიმართა წერილით, სადაც კიდევ ერთხელ ითხოვდნენ, რომ ხელმეორედ ჯეროვანი ინვენტარიზაცია განხორციელებულიყო, რაზეც მიიღო უარი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 აპრილის №9715 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 14 ივნისიდან 2022 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 28 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 29 დეკემბრის №33785 ბრძანება და 30 დეკემბრის №067–34 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 319 366 ლარი, მათ შორის გადასახადი 167 939 ლარი, ჯარიმა 131 845 ლარი და საურავი 19 582 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ხორბლის შეძენა და შემდგომი ფქვილის წარმოება. გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ინფორმაცია ფქვილის წარმოებასთან დაკავშირებით, სადაც გამოსავლიანობის ნორმად დაფიქსირებულია 87%. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში საერთო ჯამში შეძენილი აქვს 8 533 ტონა ხორბალი. წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, საწარმოო პროცესში გამოყენებულია 5 917 ტონა ხორბალი, ხოლო 2 616 ტონა 2020, 2021 და 2022 წლების შესამოწმებელი პერიოდების ბოლოსთვის დაფიქსირებულია ნაშთად. წარმოების პროცესი მიმდინარეობს ს--ს რაიონში, ქალაქ ---ში შპს „---“ (ს/ნ ---) კუთვნილებაში არსებულ ქარხანაში. ამავე ეზოში გადამხდელის განმარტებით დასაწყობებულია ხორბლის ნაშთები. ნაშთების გადამოწმების მიზნით, გადამხდელთან ჩატარდა ინვენტარიზაცია. შედეგების მიხედვით, გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილ და ინვენტარიზაციით გამოვლენილ ხორბლის ნაშთებს შორის სხვაობა არ გამოვლინდა, თუმცა სხვაობები გამოვლინდა ქატოს ნაშთებში. საერთო ჯამში, ინვენტარიზაციით დადგენილ და გადამხდელის მიერ წარდგენილ ნაშთებს შორის სხვაობის პროპორციით დაკორექტირდა შემოწმების ბოლოსთვის არსებული ქატოს ნაშთი, მიღებული სხვაობა ჩაითვალა რეალიზებულად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს 2022 წლის მარტის თვეში და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 540 250 ლარით. ამასთან, რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი ჩაითვალა კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადამხდელთან ჩატარდა ინვენტარიზაცია. შედეგების მიხედვით, გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილ და ინვენტარიზაციით გამოვლენილ ქატოს ნაშთებს შორის გამოვლინდა სხვაობა. აღნიშნული სხვაობის პროპორციით დაკორექტირდა შემოწმების ბოლოსთვის არსებული ქატოს ნაშთი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება და ინვენტარიზაციით გამოვლენილი ქატოს ნაშთის რეალიზებულად განხილვა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს (2022 წლის მარტის თვეში), მართლზომიერია. ამასთან, გამოვლენილი სხვაობის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება ინვენტარიზაციით დადგენილ და გადამხდელის მიერ წარდგენილ ქატოს ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობის რეალიზებულად განხილვას და აღნიშნულის საფუძველზე დღგით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდას.
ფაქტობრივი გარემოებები
ინვენტარიზაციით დადგენილ და გადამხდელის მიერ წარდგენილ ნაშთებს შორის სხვაობის პროპორციით დაკორექტირდა შემოწმების ბოლოსთვის არსებული ქატოს ნაშთი, მიღებული სხვაობა ჩაითვალა რეალიზებულად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს 2022 წლის მარტის თვეში და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 540 250 ლარით. ამასთან, რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი ჩაითვალა კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (2); 136 (3); 61 (3); 73 (4,5,9); 101 (1); 154 (1, ა); 43 (4).