ბრძანება N 10570

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.05.2023
№ დოკუმენტი 10570
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 10570

10.05.2023

შპს „-----------“ (ს/ნ ----------)

(მის: ქ. --------------)

2023 წლის 18 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 მაისის სხდომაზე (ოქმი №49) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ---------) №80424/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 7 მარტის №ა33-21-10 საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტს, გადასახდელის დარიცხვისა და სანქციის დაკისრების შესახებ 16 მარტის №5139 ბრძანებას და 2023 წლის 17 მარტის №007-47 საგადასახადო მოთხოვნას.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორის განმარტებით, არ გასცნობია ადმინისტრაციულ მასალებს და მისთვის არ არის ცნობილი რის საფუძველზე მოხდა თანხების დამატებით დარიცხვა. მომჩივანი ასევე მიუთითებს, რომ არაგონივრულია 2021 წლის დოკუმენტზე, 2023 წელს მოახდინოს რეაგირება ადმინისტრაციულმა ორგანომ, რაც მისი მოსაზრებით ბადებს დამატებით კითხვებს. შესაბამისად მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი არ შეესაბამება ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მოთხოვნებს. მიაჩნია, რომ უნდა ჩაჰბარდეს სრული მასალა, რის საფუძველზეც მოხდა დამატებით თანხების დარიცხვა, რათა სრულფასოვნად შეძლოს პოზიციის დაცვა.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს გაუქმდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნა, დაევალოს საბაჟო ორგანოს ჩაატაროს სრულფასოვანი მოკვლევა.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საბაჟო დეპარტამენტის №4138 (06/03/2023) ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს ,,-----------“ (ს/ნ ----------) სახელზე გაფორმებული №11116/C-11262 (21/12/2020წ) საბაჟო დეკლარაციის საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება.

შპს ,,-----------“ (ს/ნ ----------) აღნიშნული დეკლარაციით განახორციელა (ხახვის) იმპორტი თურქეთის რესპუბლიკიდან და გაფორმების დროს გამოიყენა პრეფერენციული გადაადგილების (წარმოშობის) სერტიფიკატი EUR-1 NO EU 0214865 14.01.2021წ, რომლის საფუძველზეც საქონელი გათავისუფლებულია იმპორტის გადასახადისგან. აღნიშნული სერტიფიკატის გაცემის სისწორე და მასში მოცემული ინფორმაციის ნამდვილობა გადამოწმდა თურქეთის საბაჟო სამსახურში.

2022 წლის 28 თებერვალს თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროდან შემოვიდა №35252/21 წერილი, რომლითაც საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ გადაადგილების სერტიფიკატი EUR-1 NO EU 0214865 14.01.2021წ დამუშავებულია ხოფას საბაჟო დირექტორატის მიერ, თუმცა შეფასდა უარყოფითად ვინაიდან, YGM (ავტორიზებული საბაჟო ბროკერი) ანგარიში მათი კანონმდებლობის პირობების თანახმად არ ყოფილა წარმოდგენილი ექსპორტიორის მიერ, რაც სავალდებულოა განხორციელებული პროცესის შესაფასებლად. შესაბამისად, უარყოფითი აღნიშვნა იქნა გაკეთებული გადაადგილების (წარმოშობის) სერტიფიკატის მე-14 გრაფაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შპს „---------“ (ს/ნ ----------) მიერ პრეფერენციული გადაადგილების (წარმოშობის) სერტიფიკატი EUR-1 NO EU 0214865 14.10.2021 არასწორად იქნა გამოყენებული, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება.

შემოწმების შედეგად შედგენილი იქნა №ა 33-21-10 (07/03/2023წ) საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტი, №5139 (16/03/2023წ) ბრძანება გადასახდელის დარიცხვისა და სანქციის დაკისრების შესახებ და №007-47 (17/03/2023) საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც შპს ,,---------“(ს/ნ ---------) №11116/C-11262 (21/12/2020წ) საბაჟო დეკლარაციაზე დაერიცხა სულ იმპორტის გადასახდელი 3 547,08 ლარი (მათ შორის დღგ 541,08 ლარი, იმპორტის გადასახადი 3 006 ლარი), ხოლო საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სანქცია ჯარიმის სახით შეეფარდა 3 547,08 ლარი.

აღნიშნულ მასალები მომჩივანს გაეგზავნა მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით, რომლებსაც გაეცნო 2023 წლის 17 მარტს.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

ამავე კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის განახორციელოს საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საბაჟო ორგანოს შეუძლია საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელებისას შეამოწმოს: საბაჟო დეკლარაციით, დროებით შენახვის დეკლარაციით, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციით, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციით, რეექსპორტის დეკლარაციით ან რეექსპორტის შეტყობინებით დეკლარირებული მონაცემების სისწორე, აგრეთვე მისი თანმხლები დოკუმენტების არსებობა, სისწორე, ნამდვილობა და ძალაში ყოფნა.

ამავე მუხლის მე-9 და მე-10 ნაწილებით, თუ საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგად გამოვლინდა პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების აუცილებლობა, საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ. ამათან, ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება პირს წარედგინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ საგადასახადო მოთხოვნასთან (შემდგომ − საგადასახადო მოთხოვნა) ერთად.

ამავე კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის წარმოშობა განისაზღვრება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებების განხორციელების მიზნით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი არის საქონლის აღწერის განსაზღვრული ფორმის დოკუმენტი, რომლითაც მისი გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანო ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ საქონელი, რომელზეც გაცემულია ეს სერტიფიკატი, წარმოშობილია მოცემული ქვეყნიდან.

პრეფერენციული წარმოშობის სერთიფიკატი ადგენს გარკვეულ სატარიფო უპირატესობებს, რაც გულისხმობს შემცირებულ ან ნულოვან განაკვეთს საქონლისთვის, რომელიც ვაჭრობის საგანს წარმოადგენს პრეფერენციული ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოთა შორის. აქედან გამომდინარე, პრეფერენციული წარმოშობის წესები უფრო მკაცრია და პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის წესები, პრეფერენციული წარმოშობის კრიტერიუმები განსაზღვრულია შესაბამისი სართაშორისო ხელშეკრულებებით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა“ პუნქტი ადგენს, რომ იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

ამავე კოდექსის 272-ე მუხლის მიხედვით კი, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)– იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

დადგენილია, რომ შპს „-----------“ (ს/ნ ---------) მიერ EUR-1 NO EU 0214865 14.10.2021 პრეფერენციული გადაადგილების (წარმოშობის) სერტიფიკატი №11116/C-11262 (21/12/2020წ) საბაჟო დეკლარაციით საქონლის გაფორმებისას არასწორად იქნა გამოყენებული, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებას, არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო აქტით დასკირებული ჯარიმა, საურავი და დარიცხული ვალდებულება მართლზომიერია.

მომჩივნის არგუმენტზე, რომ საქმის მასალები არ ჩაბარებია, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნულ მასალები მომჩივანს გაეგზავნა მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით, რომლებსაც გაეცნო 2023 წლის 17 მარტს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „---------“ (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

საჩივრის ავტორის განმარტებით, არ გასცნობია ადმინისტრაციულ მასალებს და მისთვის არ არის ცნობილი რის საფუძველზე მოხდა თანხების დამატებით დარიცხვა. მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი არ შეესაბამება ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მოთხოვნებს.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს გაუქმდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნა, დაევალოს საბაჟო ორგანოს ჩაატაროს სრულფასოვანი მოკვლევა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

კომპანიამ განახორციელა (ხახვის) იმპორტი თურქეთის რესპუბლიკიდან და გაფორმების დროს გამოიყენა პრეფერენციული გადაადგილების (წარმოშობის) სერტიფიკატი, რომლის საფუძველზეც საქონელი გათავისუფლებულია იმპორტის გადასახადისგან. აღნიშნული სერტიფიკატის გაცემის სისწორე და მასში მოცემული ინფორმაციის ნამდვილობა გადამოწმდა თურქეთის საბაჟო სამსახურში. 2022 წლის 28 თებერვალს თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროდან შემოვიდა წერილი, რომლითაც საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ გადაადგილების სერტიფიკატი დამუშავებულია ხოფას საბაჟო დირექტორატის მიერ, თუმცა შეფასდა უარყოფითად ვინაიდან, YGM (ავტორიზებული საბაჟო ბროკერი) ანგარიში მათი კანონმდებლობის პირობების თანახმად არ ყოფილა წარმოდგენილი ექსპორტიორის მიერ, რაც სავალდებულოა განხორციელებული პროცესის შესაფასებლად. შესაბამისად, უარყოფითი აღნიშვნა იქნა გაკეთებული გადაადგილების (წარმოშობის) სერტიფიკატის მე-14 გრაფაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომპანიის მიერ პრეფერენციული გადაადგილების (წარმოშობის) სერტიფიკატი არასწორად იქნა გამოყენებული, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება. გადამხდელს დაერიცხა იმპორტის გადასახდელი და შესაბამისი სანქცია ჯარიმის სახით.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 13, 27(1"თ"), 30, 36(1), 49(1"თ"), 167(1).