გადაწყვეტილება №19658/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.06.2023
№ დოკუმენტი 19658/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19658/2/2023

22.06.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------- 10.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19658/2/2023).

 

დავის საგანი:

უძრავი ქონების უკან დაბრუნების ოპერაციის მიწოდებად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 7 ნოემბრის №006-493 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 აპრილის №7051 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 52 320 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 32 278

დღგ - 31 589

საშემოსავლო გადასახადი - 689

ჯარიმა - 9 120

საურავი - 10 922

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 ივნისის №16839 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 2 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით შეძენილი და შემდეგ უკან დაბრუნებული აქვს 32 უძრავი ქონება. აღნიშნული ქონებების ჯამური ღირებულება აღემატება 100 000 ლარს. მომჩივნის მიერ ჯამურად უძრავი ქონების უკან დაბრუნებით მიღებული შემოსავალი შეადგენს 288 268 ლარს, ხოლო დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა - 175 533 ლარს. საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის მიხედვით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა 2020 წლის 25 იანვარი. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები. საგადასახადო კოდექსის 79-ე, მე-80 და 153-ე მუხლების გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 7 ნოემბრის №27980 ბრძანება და №006-493 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 52 320 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 5 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 3 აპრილის №7051 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, იმ უძრავი ქონების მიწოდების ოპერაციები, რომელთა გამოსყიდვაც შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება, დაბეგვრის მიზნებისთვის განიხილოს სასესხო გარიგებად (ქონების უზრუნველყოფით) და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 აპრილის №7051 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, მე-2, 157-ე, 160-ე, 161-ე, 171-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 168-ე, 73-ე, 79-ე, მე-80, მე-100, 102-ე, 43-ე მუხლებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელი არ ეთანხმება უძრავი ქონების უკან დაბრუნების ოპერაციის მიწოდებად განხილვას და დღგ-ით დაბეგვრას. მიუთითებს, რომ შემმოწმებელი ვერ გაერკვა ხელშეკრულების შინაარსში, რამაც გამოიწვია დადებული ხელშეკრულების არასწორი შეფასება.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს გაფორმებული აქვს უძრავი ქონების გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებები. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში გამოსყიდვის უფლებით შეძენილი და შემდეგ უკან დაბრუნებული აქვს 32 უძრავი ქონება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, იმ უძრავი ქონების მიწოდების ოპერაციები, რომელთა გამოსყიდვაც შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება, დაბეგვრის მიზნებისთვის განიხილოს სასესხო გარიგებად (ქონების უზრუნველყოფით) და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემმოწმებელმა არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, ვინაიდან მხარეთა შეთანხმებით გამყიდველს შეუძლია გამოისყიდოს უძრავი ქონება მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში. კერძოდ, ხელშეკრულების 4.1.2 პუნქტის შესაბამისად, გამყიდველს უფლება აქვს გამოისყიდოს ნასყიდობის საგანი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში. 4.2.2 პუნქტის მიხედვით, გამყიდველი ვალდებულია გამოსყიდვის უფლების არგამოყენების შემთხვევაში, გამოსყიდვის უფლების ვადის გასვლასთან ერთად ნივთის მფლობელობა გადასცეს ნივთის მყიდველს.

აღსანიშნავია, რომ გამყიდველმა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ გამოიყენა უძრავი ნივთის გამოსყიდვის უფლება და აღნიშნული ქონების მესაკუთრე ყოველგვარი ვალდებულების გარეშე გახდა მომჩივანი. აღნიშნული მაგალითიდან ნათელია, რომ შემმოწმებელი და შემოსავლების სამსახური ვერ გაერკვა ხელშეკრულების შინაარსში, რამაც გამოიწვია მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების არასწორი შეფასება.

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლზე, სამოქალაქო კოდექსის 160-ე, 623- ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ არ არსებობს საქმეში წარდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ მხარეები რაიმე ფორმით შეთანხმდნენ სასესხო ურთიერთობაზე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის ბრძანება მოკლებულია სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძველს.

მომჩივანი ითხოვს ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 აპრილის №7051 ბრძანება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):

ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;

ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა; ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილების და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება:

ბ) გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება:

ბ) აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი.

ვ) პროცენტების სახით მიღებული შემოსავლები, გარდა ფიზიკური პირის მიერ ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე ფულადი სახსრების განთავსებიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავლისა.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს გაფორმებული აქვს ნასყიდობის ხელშეკრულებები უძრავი ქონების გამოსყიდვის უფლებით. მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში გამოსყიდვის უფლებით შეძენილი და შემდეგ უკან დაბრუნებული აქვს 32 უძრავი ქონება.

აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებით უძრავი ქონების შეძენა. მხარეთა შეთანხმებით გამყიდველს ნებისმიერ დროს შეუძლია გამოისყიდოს უძრავი ქონება, ხოლო გამოსყიდვის ვადის გასვლის შემდეგ, ურთიერთშეთანხმების შემთხვევაში მხარეები უფლებამოსილნი არიან გააგრძელონ ხელშეკრულების ვადა, რაზეც უნდა იყოს დაცული წერილობითი ფორმა და აღნიშნული ცვლილება უნდა დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში. ფაქტობრივად შესწავლილი დოკუმენტაციის მიხედვით, 20 შემთხვევაში ფიქსირდება ხელშეკრულების ვადის დარღვევა, საიდანაც მხოლოდ ერთ შემთხვევაში მიმართა მომჩივანმა საჯარო რეესტრს და განახორციელა საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შეწყვეტა. სხვა შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეაგირება არ მოჰყოლია (უძრავი ქონება უპირობოდ არ გადასულა ---------- საკუთრებაში). ნაცვლად ამისა, გარკვეული პერიოდის შემდგომ საჯარო რეესტრში მხარეების მიერ გაუქმებულია ძირითადი ხელშეკრულება უძრავი ქონების ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით და ქონება გადაცემულია გამყიდველის საკუთრებაში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მომჩივანს 2017-2018 წლებში რეგისტრირებული ჰქონდა იპოთეკის ხელშეკრულებები, ხოლო ნასყიდობა-გამოსყიდვის უფლებით ქონების შეძენა უფიქსირდება მას შემდეგ, რაც სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილში 2018 წლის 21 ივლისს შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, აგრეთვე წყლის და საჰაერო სატრანსპორტო საშუალება. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ დასადები/დადებული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფაზე.

ამასთან, მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, დაავალა აუდიტის დეპარტამენტს, იმ უძრავი ქონების მიწოდების ოპერაციები, რომელთა გამოსყიდვაც შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება, დაბეგვრის მიზნებისთვის განიხილოს სასესხო გარიგებად (ქონების უზრუნველყოფით) და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მათ შორის მოიცავს შემოსავლების მიღების ფაქტის დადგენასაც. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

უძრავი ქონების უკან დაბრუნების ოპერაციის მიწოდებად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებით უძრავი ქონების შეძენა. აღნიშნული ქონებების ჯამური ღირებულება აღემატება 100 000 ლარს.დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა 2020 წლის 25 იანვარი. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა. ასევე, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა დეკლარაციების წარუდგენლობის გამო.აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელიც ნაწილობრივ დააკმაყოფილა.შემოსავლების სამსახურის ბრძანება გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;

157(1,7);161(1);;159(1ა);163(1,2,6ბ);164(1);168(1)'73(9);80(1);100(3ბ);102(1ბ);286(4);